"მისმა ტკივილმა გამანადგურა, ოჯახმა ყველა რესურსი ამოვწურეთ" - 7 წლის ბარბარეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"მისმა ტკივილმა გამანადგურა, ოჯახმა ყველა რესურსი ამოვწურეთ" - 7 წლის ბარბარეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ძალიან რთულია დედისთვის უყურებდე შენს შვილს როგორ იტანჯება, როგორ სტკივა, როგორ გთხოვს დახმარებას თვალებით და ვერ ეხმარები", - ამბობს 7 წლის ბარბარე აბაშიძის დედა, ხატია ჩხაპელია და საუბრის გაგრძელება უჭირს. თვალები ცრემლით აევსო. სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და ძალიან გაუჭირდა საუბარი.

ახალგაზრდა დედა რამდენიმე დღეა საზოგადოებას შვილის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. მას დღეს ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს.

"მეგობრებო, ვინც მიცნობს ყველას გიკვირთ ჩემი პოსტი, ამ დრომდე ისიც არ იცოდით, ბავშვი ისევ კლინიკაში რომ მყავდა, არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ცხოვრება. ძალიან მიმძიმდა პოსტის დადება და დიდხანს ვფიქრობდი საერთოდ დამედო თუ არა, მაგრამ... ეს ის მომენტია, როცა საქმე ეხება ჩემთვის ყველაზე ძვირფასს, ჩემი შვილის, ბარბარეს სიცოცხლეს, ამ დროს სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. 5 წლამდე ბაბიმ ექიმი რა იყო არ იცოდა, 2 წელია თითქმის საავადმყოფოშია, აქ გაიზარდა, ამ დროისთვის ბაბის მდგომარეობა მძიმეა, იმდენად არაპროგნოზირებადი მდგომარეობა აქვს, ნებისმიერ დროს შეძლება შეიცვალოს სიტუაცია... ყველაზე უარესი კი ისაა, რომ არც კი ვიცით საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, რატომ იტანჯება ასეთი ტკივილებისგან. რატომ კარგავს გონებას...

ვინც მიცნობს, იცის, ჩემთვის ეს სიტყვები რისი ტოლფასია, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა, ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ და გადამაყვანინეთ ბაბი თურქეთში. იმისათვის, რომ ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს, სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული... მართლა ძალიან ძნელია უყურებდე ამ მდგომარეობაში შენს შვილს და არაფრის გაკეთების ძალა არ გქონდეს, შვილის ტანჯვას რომ უყურებ ადამიანი, ნადგურდები, ეს ჯოჯოხეთია, მისმა ტკივილმა გამანადგურა, ოჯახმა ყველა რესურსი ამოვწურეთ", - ამ შინაარსის სტატუსი ხატიამ თავის ფეისბუქის გვერდზე დადო და მისი ვიდეო მიმართვაც გავრცელდა, რაც ძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.

7 წლის ბარბარეს გადარჩენა ახლა თითოეულ ადამიანს შეგვიძლია. პატარა ბარბარეს მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ამ დღეებში გონება რამდენჯერმე დაკარგა, სასოწარკვეთილი დედა წარამარა მიმეორებდა, რომ მისი შვილის გადასარჩენად ყოველი დღე, საათი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინტერვიუს დაბეჭდვამდე შევიტყვე, რომ ბარბარეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა ახლა და მართლა დრო არ ითმენს. ოჯახს დღეს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. ბევრჯერ გადაარჩინა ქართველების ერთად დგომამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე და იმედია ახლაც ყველას ერთად დგომით, აბაშიძეების ოჯახიც შეძლებს ბარბარეს თურქეთში წაყვანას და მის დიაგნოსტირებას, მის გამოჯანმრთელებას.

- ხატია, როდის დაეწყო ბარბარეს ჯანმრთელობის პრობლემები?

- ბარბარე საკეისრო კვეთით დაიბადა, არანაირი გართულება არ ჰქონია. ორსულობა, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და მისმა დაბადებამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ორი თვის ასაკში ბავშვს ყივანახველა დაემართა, აცრის გაკეთება ვერ მოვასწარით. მაშინ ოჯახი ბათუმში ვცხოვრობდით და ბავშვი ცუდად რომ გახდა, სასწრაფოდ თბილისში ჩამოვიყვანეთ. ბათუმში ვერ მიხვდნენ რა სჭირდა, თბილისშიც ბევრი კვლევის შემდეგ თქვეს, რომ ყივანახველა ჰქონდა. ორი კვირა რეანიმაციაში ვიწექით. კლინიკაში გამაფრთხილეს, რომ წლამდე მისთვის აცრის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ყივანახველა დიდი ინფექციაა. ყველაფერმა გადაუარა და დავბრუნდით ბათუმში. ექიმის რჩევით 8 თვის ასაკში გავუკეთე გეგმური პირველი აცრა. მერე ჩვეულებრივად ვუკეთებდი გეგმურად აცრებს და წლინახევრის ასაკის აცრა რომ გავუკეთე, მეორე დღეს ბავშვი ცუდად გახდა. ამ აცრის მერე დღე ეძინა, ღამე ეღვიძა. მანამდე ყველაფერს ჭამდა და ბავშვმა ჭამაც მიატოვა, მხოლოდ ამოჩემებული საკვები ჰქონდა და იმას ჭამდა. ძალიან ცუდად იყო, ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამის მიზეზი.

დამყავდა ექიმებთან, უცვლიდნენ დამამშვიდებლებს. მაშინ არც ის ვიცოდი, აუტიზმი რას ნიშნავდა. ყველაფერი იცოდა, სიტყვებსაც ამბობდა, ძალიან აქტიური იყო. 2 წლის და 10 თვის ასაკში კი ბარბარეს დაუსვეს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი. ექიმმა მითხრა კარგ დროს მოიყვანე და თერაპიებში ჩავრთოთო. მას მერე 5 წლამდე ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

5 წლის ასაკში ისევ ვირუსი დაემართა და უცებ დაეწყო კოჭლობა. მაშინ კოვიდის პიკი იყო, 2022 წელი, ყველანი შეშინებულები ვიყავით და ცხვირიდან ყოველ გამონადენზე ვუკეთებდი ბავშვს კოვიდის ტექსტს. ჩვენ, ოჯახის წევრებს არ გვქონია კოვიდი, არც ბარბარეს ჰქონდა ვირუსი. სხვადასხვანაირი ანალიზი გავუკეთე და მეუბნებოდნენ, რომ ანალიზები წესრიგში იყო. ვირუსმა რომ გადაირია, დაიწყო კოჭლობა, მაგრამ იმდენად აქტიური ბავშვია, რომ მაინც მოძრაობდა და თამაშობდა. აუტიზმი მსუბუქ ფორმაში ჰქონდა, ახლაც ხომ ძალიან მძიმედ არის, მაგრამ ყველაფერს სწავლობს. გავუკეთე კვლევები, მაგრამ ვერა და ვერ გავიგეთ, ბავშვი რატომ კოჭლობდა. მერე წონაში კლება დაეწყო, ძალიან უჭირდა ფიზიკურად გადადგილება. ერთ დღეს წაიქცა და ამის შემდეგ საერთოდ აკრძალა სიარული. 2 თვე ხელით დამყავდა, ჭამაც შეწყვიტა, ფერი მისდიოდა, ცუდად ხდებოდა. ბუნებრივია, მიზეზის დადგენას ვცდილობდი. მართლა კლინიკა არ დამიტოვებია, სადაც მყავდა, ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ყველა ანალიზი წესრიგში იყო. უცებ მოულოდნელად დილით ბავშვმა დაკარგა გონება, ოღონდ მანამდე სუნთქავდა სასწაულად. არაამქვეყნიური სუნთქვა იყო, ისე ჩქარა სუნთქავდა, ყურიდან არ ამომდის ამდენი ხნის მერეც ეს ხმა. ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში სასწრაფოდ წავიყვანე, მაგრამ იქიდან გადმოგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში.

რადგან ბავშვი კოჭლობდა, ელოდებოდნენ რევმატოლოგის მოსვლას. მეორე დღემდე არ იქნებაო მითხრეს და დაგვაწვინეს კლინიკაში. არადა ვხედავდი ბავშვი სარეანიმაციო იყო. თურმე მთელი პროცესები მიდის ბავშვის ორგანიზმში. გამთენიას ისე დამძიმდა, რომ ბავშვს გული გაუჩერდა. შველას ვითხოვდი, რეანიმაციამდე ძლივს მიასწრეს, გული ხელოვნური მასაჟებით ძლივს აუმუშავეს. უმძიმესია ამაზე საუბარი დედისთვის. ხელში გიჭირავს შვილი და ვეღარ შველი. ძალიან მძიმედ იყო ბავშვი. მიზეზს ვერც მაშინ მიხვდნენ, ამბობენ, რომ რაღაც სისტემური სჭირს ბავშვს. ოღონდ ვერ ადგენენ რა იწვევს ამ ყველაფერს. ფეხების ტკივილით იწყება და მთელ ორგანიზმს ითრევს. მაშინაც დიდხანს რეანიმაციაში იყო ბავშვი, გადარჩენის მინიმალური შანსები ჰქონდა, გამოვძვერით ამ სიტუაციიდან. ეს იყო პირველი ეტაპი პრობლემის, ისევ ვერ დადიოდა ბავშვი ფეხზე და რატომ ხდება, ამ დრომდე არ ვიცით. რეაბილიტაციებზე დაგვყავდა, მერე დაიწყო სიარული, მაგრამ მოულოდნელად ამჯერად გულყრა დაემართა, რაც მანამდე არასოდეს ჰქონია.

- მაინც რას გეუბნებოდნენ მიზეზად?

- იმ პერიოდში ეს ყველაფერი კოვიდს მიაწერეს, მითხრეს, ბავშვს ალბათ უსიმპტომოდ გადატანილი აქვს კოვიდი და ამან გამოიწვია მის სინდრომი - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, ასე ეძახიან ექიმები. მას შემდეგ გულყრები დაეწყო, ძალიან მძიმედ იყო, ისევ გაუჩერდა გული. ამდენჯერ გულყრის შედეგად ბარბარეს ჩამოუყალიბდა ეპილეფსია. როგორც კი ოდნავ დასტაბილურდა ბავშვის მდგომარეობა და მისი გადაყვანა გახდა შესაძლებელი, ბარბარე თურქეთში, ტრაპიზონში გადავიყვანეთ, მაგრამ იქაც ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ. 2 წელია სულ კლინიკაში ვართ. წელს, 3 იანვარს ისევ დაიწყო კოჭლობა, სიარული ისევ შეზღუდა და იმ დღიდან მოყოლებული ბავშვს სიცხეები დღემდე აქვს. მიზეზს ვერ ადგენენ, ვერც იმას იგებენ მაღალი ტემპერატურა რატომ აქვს. ხან რას აბრალებენ, ხან რას, არადა ბავშვი დღითი დღე მძიმდება, საშინელი ტკივილი აქვს, შველას მთხოვს და ვეღარ ვშველი. ვერ მოძრაობს, სულ ზის, ან წევს. თავის კვლევა ჩავუტარეთ და ამდენჯერ განვითარებულმა გულყრამ ატროფიული ჰიდროცეფალია განავითარა. ბავშვი ფსიქოლოგიურადაც განადგურებულია, საშინელ სტრესშია, ტკივილებს ვეღარ უძლებს, მერე ნერვიულობს და ცუდად ხდება. სიცხეც მოქმედებს გულყრებზე. არ არის საშველი.

ამდენი წელია ვწვალობთ და დიაგნოზი ვერ დაუსვეს. იანვრიდან იაშვილის კლინიკიდან არ გამოვსულვართ, ახლა მომცეს დასკვნა, დიაგნოზს ვერ უსვამენ და წასაყვანია საზღვარგარეთ. სტამბულში გადავაგზავნე სამედიცინო კვლევები. იქიდან მარტო ემერჯენსში შესვლისთვის საჭირო კალკულაცია მოვიდა იქიდან, მერე დამატებით რა დაგვჭირდება ესეც არ ვიცით. არადა ძირფესვიანი კვლევა სჭირდება ბარბარეს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იაშვილის კლინიკიდან ვერ გავდივართ, დრო და დრო მძიმდება მდგომარეობა. იქაც სულ კლინიკაში უნდა ვიყოთ, მუდმივი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. არ ვიცი როგორ გავუმკლავდე, იქ რა გამოიკვეთება იმის ხარჯებიც რა იქნება არც კი ვიცი. ოჯახმა ყველა რესურსი ამოვწურეთ. ოქროული რაც მქონდა გავყიდე, შემოსავალი გვქონდა, ბათუმში ბიზნესები და ეს ყველაფერი გავყიდეთ. აღარაფერი აღარ დაგვრჩა.

ჯერ ის ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვი ასეთ დღეში მეყოლებოდა და მერე ის ხომ საერთოდ, რომ მომიწევდა ხალხისთვის დახმარების თხოვნა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი, მაგრამ მე სხვა გზა აღარ დამრჩა, როცა ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობას ვუყურებ, მხოლოდ ეს გზა არის ახლა გამოსავალი, ხალხის დახმარება. ძალიან გთხოვთ ყველას, გულთან მიიტანეთ ჩვენი მდგომარეობა და დამეხმარეთ, რომ ბავშვის კიდევ მეტად დამძიმებამდე შევძლო როგორმე თურქეთში, სტამბულში მისი ჩაყვანა. იქნებ იქ იპოვონ გამოსავალი, იქნებ სულ პატარა რამე სჭირდება, იქნებ დიაგნოზს მიაგნონ და გადამირჩინონ ჩემი შვილი. შვილი, რომელიც დაღლილია ამდენი ტკივილისგან. შვილი, რომელიც ვეღარ უძლებს ამდენ ტანჯვას. დრო არ ითმენს, ყოველ დღე მძიმდება მდგომარეობა და ამის ყურება წარმოუდგენელია დედისთვის.

ვიცი, სოციალურ ქსელშიც ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას, მაგრამ ისიც ვიცი ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია ხალხის გვერდში დგომას, მადლიერი დედების სტატუსებიც ბევრი შემხვედრია. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია ამ დროს. იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარებაც. მთელი ცხოვრება ყველა ადამიანის მადლობელი ვიქნები. თქვენი გაღებული თითოეული ლარი უკან ათასად დაგიბრუნდებათ. ყოველი წუთი გადამწყვეტია და ახლა მხოლოდ იმის კეთილი ადამიანების იმედად ვარ. მარტო აუტიზმი რომ იყოს პრობლემა, ამის გამო ხალხს არ შეგაწუხებდით. თან მას მსუბუქი ფორმა ჰქონდა, არა, ჩემს შვილს გული ორჯერ გაუჩერდა და აუმუშავეს, ძალიან ხშირად აქვს გულყრები, მაღალი სიცხეები მუდმივად, გაუსაძლისი ტკივილი ფეხის და ამ ყველაფრის მიზეზი არ ვიცით. დამეხმარეთ ადამიანებო, გადამირჩინეთ ჩემი საყვარელი ბარბარე.

თიბისი ბანკი: #GE44TB7261345064300054

საქართველოს ბანკი: #GE89BG0000000155154200

მიმღები ნათია ჩხაპელია, ბავშვის დეიდა.