"ვატყუებდი. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ჩემი დანაშაული ვაღიარე" - კვირის პალიტრა

"ვატყუებდი. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ჩემი დანაშაული ვაღიარე"

სახელი, გვარი: ნიკოლოზ ხარაძე. საზოგადება იცნობს ფსევდონიმით - ნიკოლოზ ქართველი.

ასაკი: 36 წლის.

განათლება: გეოგრაფი, ჰიდროლოგი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მომღერალი.

ჰობი: ფეხბურთი.

ცხოვრების დევიზი: "გაუმარჯოს საქართველოს!"

- ნიკო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- სარკეში ჩახედვისას მამაჩემს მინდა ვხედავდე. საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ მისი ნახევრის ნახევარი მაინც ვარ, რადგან მამაჩემი დღემდე ძალიან უყვართ. მაგარი ადამიანი, საყვარელი კაცი იყო. "ყოვლისმცოდნეს" ეძახდნენ, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა - ძალიან ნაკითხი, განათლებული გახლდათ. ამაში მას ვერ შევეჯიბრები... ისეთი წესიერი და უბოროტო იყო, რომ მართლა არ მოიძებნება ადამიანი, ვინც მასზე რაიმე უარყოფითს იტყვის. ამიტომ ვცდილობ, მას მივბაძო, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი რამ ისე არ გამომდის, როგორც მას გამოსდიოდა... პროფესიით ინჟინერი გახლდათ, მაგრამ - ყველა სფეროში აბსოლუტურად გათვითცნობიერებული. გადაცემიდან - "ვის უნდა 20 ათასი" მოთამაშეები დახმარებისთვის მამაჩემს ხშირად ურეკავდნენ, შეკითხვაზე რომ პასუხი გაეცა (იღიმის)... 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მაშინ 18 წლის ვიყავი...

- ცხოვრების ამ ეტაპზე შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- რა თქმა უნდა - შვილს, ჩემს ოჯახს... მგონია, რომ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არ არსებობს.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?

- სალომესგან. გუშინ მითხრა, - ძალიან დიდხანს წევხარ, დროს უაზროდ კარგავო (იცინის).

- ცხოვრების ასეთი რეჟიმი რატომ გაქვს?

- იმიტომ, რომ კვირაში 2 დღე გვიან ღამით ვმუშაობ, დანარჩენ დღეებში კი - ღამის 12 საათამდე. გუშინ ღამის 3 საათამდე ვიმუშავე...

- დღე-ღამის განმავლობაში, რამდენი საათი გძინავს?

- 7-8 საათი.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ყველანაირ სიზმარს ვხედავ, სამწუხაროდ, უფრო შავ-თეთრს. ხშირად ის ადამიანები მესიზმრებიან, ვინც ძალიან მენატრება.

- ძირითადად, ვინ არიან ის ადამიანები?

- დედაჩემი, დიდი ხნის უნახავი მეგობრები...

- რამ შეიძლება ემოციებზე კონტროლის უნარი დაგაკარგვინოს?

- თუ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს გალანძღავენ ან ცუდად მოექცევიან, ამ დროს ემოციებზე კონტროლის უნარს ვკარგავ და შესაბამისად, აგრესიული ვხდები.

- სოციალურ ქსელებში სალანძღავ კომენტარებზე როგორ რეაგირებ?

- ძალიან მწყინს, რადგან ვერ ვხვდები, ადამიანს ადამიანზე ბოღმა და აგრესია რატომ უნდა ჰქონდეს, როდესაც მას არ იცნობს? უბრალოდ, ეს გულს ძალიან მტკენს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- ადრე ძალიან მომწონდა, ახლა, როცა მეუღლე მყავს და ვინც მეფლირტავება, ეს მანაც იცის, ცოტათი მრცხვენია ხოლმე.

- ასეთ სიტუაციაში როგორ იქცევი?

- მიმინიშნებია, რომ ეს ჩემი ინტერესის სფეროში არ "ჯდება".

- რეალურად, როცა გეფლირტავებიან, გრცხვენია თუ სალომესი გეშინია? ეჭვიანობის სცენებთან დაკავშირებული თქვენი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია...

- არა, მე და სალომეს ურთიერთგაგება უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი. რაც შეეხება ვიდეოებს, ცხადია, ეს უბრალოდ, ხუმრობაა ხოლმე.

- საკუთარ თავს რომელ ფრინველს ან ცხოველს შეადარებ?

- ალბათ, ძაღლს.

- რატომ?

- ვფიქრობ, ყველაზე გულთბილი და მეგობრულია. მინდა და ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო. ალბათ, ასეთი ნატურა ვარ...

- მიზნის მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?

- სიყვარული და მოთმინება.

- შენი აზრით, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- საერთოდ, სიყვარული ფსიქიკაზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, რადგან როგორც ვიცი, ხანდახან ადამიანს აგიჟებს. სიყვარულს მეც გავუგიჟებივარ და კი, შეიძლება, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაც იყოს, გრძნობასთან ერთად.

- ახლა როგორ ხარ?

- ახლა ფსიქიკურად აშლილი ვარ (იცინის).

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად თუ გიგრძნია თავი?

- უამრავჯერ. მაგალითად, როცა ჩემი შვილი ძალიან ცუდად იყო, ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ექიმებიც ვერაფერს ახერხებდნენ. იმ დროს ვიგრძენი, რომ საერთოდ, ყველაზე სუსტი და უსარგებლო ვიყავი, შვილისთვის არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ანალოგიური განცდა ბევრჯერ მქონია, როცა ვიცოდი, რომ გამოუვალი სიტუაცია იყო და ვერაფერს ვაკეთებდი... გამოუვალ სიტუაციაში მყოფი ვფიქრობ, რომ უსარგებლო ვარ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რადგან არ შემიძლია, ვინმეს ან თუნდაც, საკუთარ თავს დავეხმარო.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს თავს, ფიქრებში.

- რაზე "საუბრობთ"?

- ვაიმე, ერთმანეთთან დიდი "ჭიდაობა" გვაქვს ხოლმე. ჩემს გონებაში ყოველთვის ბევრი აზრი ტრიალებს. ამიტომ საკუთარ თავთან პოლემიკაც მაქვს. მაგალითად, ჩემს თავში ღმერთს ბევრს ვესაუბრები, რადგან უფალი ჩემშია, მუდმივად ჩემთან არის...

- ოდესმე ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენებისაც დღესაც გრცხვენია?

- კი. უბრალოდ, ვერ ვიტყვი, რა...

- ბოლოს რის გამო იტირე?

- დედაჩემის გამო ხშირად მიტირია. ძალიან მენატრება... ახლახან გარდაიცვალა. ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. სულ სხვა დონის დედა მყავდა: უჭკვიანესი, უგანათლებულესი... ჩემ გამო უამრავი რამე დათმო - კარიერიდან დაწყებული, ყველაფერი ჩემში "ჩადო". ვიცი, ყველა დედა საყვარელია, მაგრამ ჩემი აზრით, დედაჩემი ყველაზე გულთბილი და ყურადღებიანი გახლდათ. ჩემ გამო აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი იყო.

- მისი შენდამი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, თუ გახსენდება, როცა შენი რომელიმე გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია?

- არასოდეს. ერთადერთი, დედაჩემი იმაზე წუხდა, რომ ინტერნეტში მლანძღავდნენ. კომენტარებს არ წერდა. უბრალოდ, 2-3-ჯერ მითხრა ამის შესახებ. იცოდა, მეც ვღიზიანდებოდი და ამ თემაზე არ მესაუბრებოდა, თუმცა ძალიან განიცდიდა, რომ ჩემ შესახებ უარყოფით კომენტარებს წერდნენ... ყოველთვის გვერდში მედგა, ყველაფერში მხარს მიბამდა, ყველაფერში ჩემთან ერთად იყო - მარტო არასდროს დავუტოვებივარ...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- მინდა ყველა ადამიანს და ცხოველს ვკურნავდე.

- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებ?

- მე და სალომე "ნამდვილ დეტექტივებს" ვუყურებთ ხოლმე.

- ნიკო, შეიძლება ვთქვათ, რომ ყოფილი მეუღლე მოატყუე?

- ყოფილი მეუღლეც მოვატყუე და ახლანდელიც. ამ 2 ადამიანს შორის დამნაშავე მე ვარ. სალომეს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, რადგან მისი დაკარგვა იმ დონეზე არ მინდოდა, რომ ვატყუებდი. არ მინდოდა, ამ ურთიერთობაში ხელი შემშლოდა და ანალოგიურად, ჩემს ყოფილ მეუღლესაც ვატყუებდი. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ჩემი დანაშაული ვაღიარე. ვფიქრობ, შეუცდომელი არავინ არის. შეიძლება, იგივე ყველა ადამიანს დაემართოს, რაც მე დამემართა. ადამიანები ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ღმერთმა იმის აზროვნება და გული მოგვცა, რომ ერთმანეთს შევუნდოთ.

- წინათ, ასეთი ან მსგავსი გრძნობა თუ გქონია, როგორსაც ახლა სალომეს მიმართ განიცდი?

- სხვათა შორის, საბავშვო ბაღში, როცა 4 წლის ვიყავი, მეგონა, რომ გოგო მიყვარდა. გიჟივით ვიყავი: ერთი სული მქონდა, დილით გამეღვიძა და ბაღში მივსულიყავი. საღამოს სახლში წასვლაც კი არ მინდოდა. როცა ის გოგო ბაღიდან მიდიოდა, სახლში დაბრუნების სურვილი მეც მერე მიჩნდებოდა. ზუსტად ისეთი ბავშვური გრძნობა გამიჩნდა სალომეს მიმართაც - გული რომ გამალებით გიცემს (იღიმის)...

- ცხოვრებაში შენს ნაბიჯებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- ჩვენი ერის სიყვარული, ადამიანობა და ურთიერთპატივისცემა. ჩემი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული იყოს და მისი ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"