"პირადად მე დამადანაშაულეს მოსკოვის ტრაგედიაში... უბედურება რომ მზადდებოდა, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან" - კირილ ბუდანოვი - კვირის პალიტრა

"პირადად მე დამადანაშაულეს მოსკოვის ტრაგედიაში... უბედურება რომ მზადდებოდა, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან" - კირილ ბუდანოვი

ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა, როგორც მინიმუმ, 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან", - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა იცოდა, საიდან მოვიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე.

„რისთვის დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო? - რამდენიმე ვარიანტია. პირველი - ეს, როგორც მათთან მიღებულია, [კრემლის] კოშკების “ბრძოლაა”, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნან. სხვა ვარიანტია - მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, კრემლში მოსკოვის ოლქში სროლაზე უკვე სამჯერ შეცვალეს მომხდარის ვერსიები, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. უკრაინული კვალის რამენაირად მიბმა სურდათ.

ბუდანოვმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლს შეძლებდა.

„გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ჰქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს”, - განაცხადა ბუდანოვმა.

"ინტერპრესნიუსი"