ბრიტანეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება - შეუძლია თუ ინგლისურ არმიას პუტინის ურდოებთან გამკლავება?! - კვირის პალიტრა

ბრიტანეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება - შეუძლია თუ ინგლისურ არმიას პუტინის ურდოებთან გამკლავება?!

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბრიტანელი სამხედროები რუსეთთან ბრძოლას ორ თვეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ“ (ავტორი - დანიელა შერიდანი), განხილულია საკითხი, თუ რამდენ ხანს შეუძლია ინგლისურ არმიას რუსეთის წინააღმდეგ გამკლავება (საუბრობენ ბრიტანელი გენერლები).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ მაგოვანმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი რისკის ფასად მოუწევთ პრაქტიული ამოცანების შესრულება, რაც გარდაუვალია რესურსების უკმარისობისას სამომავლოდ ომის წარმოების დროს.

მანამდე კი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა პარლამენტის დეპუტატებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს და ხაზინის კანცლერს ჯერემი ჰანტს სთხოვა, რომ ახალ ბიუჯეტში თავდაცვისათვის მეტი თანხები გათვალისწინებულიყო, მაგრამ მინისტრმა თავისას ვერ მიაღწია.

„მოგვეცით ფული“

თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას სამეფო საზღვაო ქვეითი ჯარის გენერალმა რობერტ მაგოვანმა ხაზი გაუსვა: „ჩვენ უკიდურესად ნათლად განვაცხადეთ, რომ თანხა, რასაც ჩვენ საბრძოლო მასალებისთვის ამჟამად ვხარჯავთ... არ შეესაბამება იმ საფრთხეებსა და მუქარებს, რომლებიც ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით არიან წარმოჩენილნი. ჩვენ გასაგებად ვამბობთ, რომ გვჭირდება ბევრად მეტი ფული დაგეგმილთან შედარებით იმისთვის, რასაც კომპლექსურ ანტირაკეტულ თავდაცვას ვუწოდებთ“.

ყოფილმა შეიარაღების საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა მარკ ფრანსუამ გენერალ რობერტ მაგოვანს კითხვა დაუსვა: „შეუძლია თუ არა გაერთიანებულ სამეფოს [რუსეთთან] ბრძოლა ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმ დროს როცა ჩვენ არ გვაქვს სათანადო რაოდენობის საბრძოლო მასალები და საბრძოლო ტექნიკა? ეს ნამდვილად ასეა?“. გენერალი დეპუტატს დაეთანხმა.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ნებისმიერ კონფლიქტის მონაწილე მხოლოდ დიდი ბრიტანეთი არ იქნება, არამედ მისი ნატოელი მოკავშირეებიც. შესაბამისად, კოლექტიური ძალისხმევით, მათ შეუძლიათ შეიარაღებით რუსეთს აჯობონ: „იმ ადამიანებს, რომლებიც სიტუაციას თვალს ადევნებენ და ისმენენ განცხადებებს, თითქოსდა დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთთან საომრად ერთი-ერთზე, შევახსენებ, რომ ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვართ, რომლის წესდებაში მე-5 პუნქტი მოქმედებს ერთობლივი თავდაცვის თაობაზე. ამიტომაც ჩვენ მსგავს სიტუაციაში არასოდეს არ აღმოვჩნდებით“.

„საგანგაშო დატვირთვა“

პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტმა ამას წინათ გამოკვლევა ჩაატარა და ძალზე არასასიამოვნო დასკვნა გააკეთა: „ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უკიდურესად და შემაშფოთებლად არიან დატვირთულნი და ამიტომ რუსეთთან საბრძოლველად მზად არ არიან“.

კომიტეტის აზრით, „მთავრობა ვერასოდეს ვერ მიაღწევს აუცილებელ საბრძოლო და სტრატეგიულ მზადყოფნას, თუ სასწრაფოდ არ გატარდება რეფორმები არმიაში გაჩენილი კრიზისის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, მთავრობას მოუწევს სასწრაფოდ შეავსოს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის არსენალები“.

დეპუტატებმა მოამზადეს ძალზე პესიმისტური ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „არმია დამატებით დაფინანსებას საჭიროებს, რათა საომარი მოქმედებებიც აწარმოოს და იმავდროულად ბრძოლისუნარიანობაც აამაღლონ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას მოუწევს არმიაზე „ოპრატიული დატვირთვა“ შეამციროს.

სერ რობერტ მაგოვანმა განაცხადა, რომ „ბრიტანეთი, ზოგადად, მზად არის ომისათვის“, მაგრამ იქვე აღაიარა, მზად არ არის ხანგრძლივი და დამქანცველი კონფლიქტისათვის რუსეთთან.

მინისტრმა გრანტ შეპსმა დეპუტატებს ასევე აცნობა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა ცხადჰყო უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელობა - „ისინი სასიკვდილონი არიან და იმავდროულად ძალიან იაფნი. უკრაინაში მიმდინარე ომი, როგორც ჩანს, დრონების პირველ ნამდვილად ომად იქცა. ვფიქრობ, მსოფლიოში მეტად აღარ იქნება ისეთი ომი, რომელშიც დრონები დიდი რაოდენობით არ იქნებიან წარმოდგენილნი“.

გასულ თვეში ლონდონმა განაცხადა, რომ ლატვიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინისათვის ათასობით FPV-დრონის გაგზავნაში, რომლებსაც კიევი ძალიან აქებს. მათ რუსეთთან ომის ხასიათი მთლიანად შეცვალეს.

იმავდროულად გრანტ შეპსმა იმასაც ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ომში ჩვეულებრივი საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გამოყენება ყოველ ომში თუ კონფლიქტში მაინც მნიშვნელოვანი იქნება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო