არიქა! ნატო "გაცოცხლდა": სარაკეტო ბრძოლები - ალიანსის "პეტრიოტები" უკრაინის საზღვრისკენ დაიძვრნენ - კვირის პალიტრა

არიქა! ნატო "გაცოცხლდა": სარაკეტო ბრძოლები - ალიანსის "პეტრიოტები" უკრაინის საზღვრისკენ დაიძვრნენ

36 წამით შემოფრინდა რუსული ფრთოსანი რაკეტა უკრაინის ციდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში, თუმცა ღრმა გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ არ ჩამოგვეგდო, რადგან მისი ნამსხვრევები შეიძლება პოლონურ სოფელს დასცემოდა და თანაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს რუსული რაკეტა შემდეგ ისევ უკრაინის მხარეს დაბრუნდებოდაო - დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთეს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში მას შემდეგ, რაც 24 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე და განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნატოს წევრ პოლონეთს, მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანა...

გაკვირვებას ის იწვევს, რომ 39 წამი არანაირად არ არის იმისთვის საკმარისი, მოასწრო რაიმეს „ღრმა გაანალიზება“ და ვერც იმას დაადგენ ზუსტად, ეს რაკეტა როგორ შეიცვლის ფრენის მიმართულებას - დაუბრუნდებოდა უკრაინის ცას თუ პოლონეთის სიღრმეში გააგრძელებს ფრენას...

პოლონეთი რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით უკვე მესამედ ვარდება რთულ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი არ აქვს(თუ არ ჩავთვლით რუსეთის ფედერაციის ანკლავს -კალინინგრადის ოლქს, რომელთანაც პოლონეთს 238 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი ჰყოფს, თუმცა კალინინგრადის ოლქიდან პუტინს ჯერ დარტყმები არ განუხორციელებია) და რუსული რაკეტები მის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის(ან ბელარუსის) საჰაერო სივრცის გავლით შეიძლება მოხვდნენ...

პირველი სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში 2022 წლის 15 ნოემბერს მოხდა, როდესაც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლონურ სოფელ პშევოდუვში, ბეღელს რაკეტა დაეცა, აფეთქდა და ორი ადგილობრივი მკვიდრი იმსხვერპლა - როგორც გამოძიებამ დაადგინა ეს იყო უკრაინელი მეზენიტეების მიერ გაშვებული С-300 ტიპის საზენიტო რაკეტა, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოსაგდებად იყო განკუთვნილი, მაგრამ რატომღაც ფრენის ტრაექტორია შეიცვალა და მეზობელ პოლონეთში ჩავარდა...

polish-20221121-121007426-1-2-1-1711607368.png
ნატოს შტაბ-ბინაში მეორე დღეა გაცხარებული მსჯელობენ - გაბედონ თუ არა რუსული რაკეტების ჩამოგდება უშუალოდ უკრაინის ცაში და ეს ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში ხომ არ გადაიზრდება...

მეორე შემთხვევა ცოტა ძნელად დასაჯერებლად მოჩანდა, რადგან პოლონელი სამხედროების დიდ არაკომპენტენტურობაზე მიუთითებდა - 2023 წლის აპრილში პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩთან ტყეში იპოვეს საფრენი აპარატის ფრაგმენტები, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები...საბჭოთა/რუსული ფრთოსანი რაკეტის Х-55-ს ეკუთვნოდა, რომელიც ბირთვული ქობინის გადამტანია!

როგორც შემდგომ გაირკვა, ჯერ კიდევ 2022 წლის 16 დეკემბერს, უკრაინის დასავლეთ ნაწილზე მორიგი სარაკეტო დარტყმისას ერთმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ შეიცვალა ფრენის მიმართულება, უკრაინის ციდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 450 კმ გაიფრინა ბიდგოშჩთან დაცემამდე, თანაც გვერდზე ჩაუფრინა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას ისე, რომ მისი არათუ ჩამოგდება, აღმოჩენაც ვერ შეძლეს!

ამ ყველაფერმა, რასაც დაემატა რუსული „კამიკაძე-დრონების „შაჰიდების/გერანების“ შეფრენა და აფეთქება ნატოს კიდევ ერთი წევრის, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ურთულეს სიტუაციაში ჩააგდო, რადგან გამოაჩინა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემის ბევრი ნაკლი.

ამის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრის სიახლოვეს - პოლონეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე განეთავსებინათ გერმანიიდან „მივლინებული“ საზენიტო-სარაკეტო „პეტრიოტების“ ბატარეები...

მაგრამ ერთია ცას შემყურე „პეტრიოტების“ მიახლოება უკრაინის დასავლეთ საზღვართან და მეორე იმის გამბედაობა, რომ ეს „პეტრიოტები“ დანიშნულებით გამოიყენო და ჩამოგდო რუსული ფრთოსანი რაკეტები ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სანამ რომელიმე მათგანი ისევ არ „აურევს“ და კვლავ პოლონეთის ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნის ცაში არ „გაინავარდებს“...

დღემდე ასეთი გამედაობის გამოჩენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო, თუმცა ეს ბოლო „39 წამიანი“ მორიგი სარაკეტი ინციდენტი მგონი ბოლო წერტილად იქცა და გუშინდლიდან მოყოლებული ალიანსის შტაბ-ბინაში გაცხარებული მსჯელობენ იმაზე, იქნებ სჯობდეს იგივე „პეტრიოტები“ კიდევ უფრო ახლოს „მიაჩოჩონ“ უკრაინის დასავლეთ საზღვართან და აღარ დაახანონ, თუკი აგრესორი რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმები ისევ უკრაინის დასავლეთ ნაწილზე განხორციელდება...

პოლონეთ-უკრაინის საზღვართან დაყენებულ „პეტრიოტს“ მოდერნიზებული საზენიტო რაკეტებით 160 კმ-ის სიშორეზე მიეცემა საჰაერო სამიზნეების ჩამოგდების საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მოსახლეობის ნაწილი შედარებით მშვიდად ამოისუნთქებს, რადგან 160 კმ-იანი რადიუსის მქონე საჰაერო თავდაცვის „ქოლგა“ გადაეფარება უკრაინის შემდეგ ქალაქებს - კოველს, ლუცკს, რივნოს, ტერნოპოლს, ივანო-ფრანკოვსკს, უჟგოროდს და რა თქმა უნდა თვით ლვოვსაც...

ეს კი უკვე ცოტა აღარ არის, რადგან ამ ტერიტორიების თავზე საჰაერო თავდაცვისთვის დაკავებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოხსნა და ფრონტის ხაზისკენ გადასროლის საშუალება მიეცემა უკრაინის გენშტაბს, რომელიც მათი, განსაკუთრებით კი საზენიტო რაკეტების კატასტროფულ დეფიციტს განიცდის.

ეს იქნებოდა ნატოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე რეალური და ეფექტიანი საბრძოლო სახის დახმარების აღმოჩენა უკრაინის არმიისთვის - ნატოს წევრი ქვეყნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც განთავსდებიან პოლონეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის საზღვართან, შეეძლებათ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების ნაწილის მოგერიება და თანაც ისე, რომ კრემლი ვერანაირად ვერ მოსდებს შარს ნატოს, რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ მხარედ ჩაერიოო - ალიანსის „პეტრიოტები“ არ იქნებიან განთავსებულნი უკრაინის მიწაზე და ყოველთვის ექნებათ გამართლება მათ აქტიურ მოქმედებას - უკრაინის ცაში შეჭრილმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა თუ კამიკაძე-დრონებმა ფრენის მიმართულება მოულოდნელად შეიცვალეს და ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეებში შემოსაჭრელად „გამოემართნენ“ და ისღა დაგვრჩენოდა, რომ ჩვენთვის პოტენციურად დიდი საფრთხის შემცველი ეს რუსული რაკეტები ადრეულად,ჯერ კიდევ უკრაინის ცაში ჩამოგვეგდოოო...

...ამ ყველაფრის დაწერა კი ადვილია, თუმცა რამდენად ეყოფა გამბედაობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ ზემოთ განხილული სცენარის მაგვარი ან კიდევ უკეთესი, რეალურად განახორციელოს?