"ზვიად გამსახურდიამ მითხრა, ირაკლი, ავტომატი სულ მზად უნდა გქონდესო" - რას ჰყება პირველი პრეზიდენტის პირადი მცველი - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიამ მითხრა, ირაკლი, ავტომატი სულ მზად უნდა გქონდესო" - რას ჰყება პირველი პრეზიდენტის პირადი მცველი

1956 წლის 2 დეკემბერს თბილისში­ გავრცელდა პრ­ო­­კ­­ლამაციები, რომელიც­ საბჭოთა კავშირის მიერ 9 მარტს მშვიდობიან­ მომიტინგეებზე სისხლიან თავდასხმას გმო­ბდა­ და დამოუკიდებლობის იდეას ატა­რე­ბდა. პროკლამაციების ავტორები საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები იყვნენ 16 წლის ახალგაზრდები­ -­ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და მათი თანამოაზრეები. სკოლის მოსწავლეები­ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ისინი საზოგადო მოღვაწეთა თხოვნით გაათავისუფლეს. აქედან იწყება ზვიად გამსახურდიას ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის... ჩვენი სტუმარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადი­ დაცვის წევრი­ ირაკლი ლომსაძე,­ რომელიც მერაბ კოსტავა­სა და ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობის რამდენიმე ეპიზოდს­ პირველად­ მოჰყვება "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის.

- ზვიად გამსახურდია პირველად რომ დაიჭირეს, მალევე გამოუშვეს, კოსტავა კი 10 წელი იჯდა ციხეში. მაშინ მერაბმა თავის­ თავზე აიღო ყველა პასუხისმგებლობა ისე, რომ წამით უკან არ დაუხევია... დიდხანს იშიმშილა, შვილის დაღუპვის ტრაგედიაც მარტომ გადაიტანა და ყველა აბსურდულ სასჯელსა და ცილისწამებას ღირსეულად შეხვდა. გარდა იმისა, რომ "მავნე საქმეების"­ ორგანიზებისა და "ცუდი ყოფა­ქცევისთვის" უგრძელებდნენ სასჯელის ვადას, საბჭოთა იდეოლოგიამ მის წინააღმდეგ სისტემისთვის კარგად ნაცნობი და უღირსი მეთოდიც გამოიყენა იმაზე მითითებით, რომ მერაბი თითქოს "ვერ იყო კარგად"...

როცა მერაბი და ზვიადი ასპარეზზე­ გამოჩნდნენ, ზუსტად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი სიყვარული ქვეყნისადმი, რომ უკან არასდ­როს დაუხევიათ. მერაბი შიმშილობდა ციხეში, ძალით აჭმევდნენ, 5-6 კაცი იჭერდა, რადგან მისთვის არ შეიძლებოდა შიმშილი­ - გადასახლებაში ფილტვები­ დაუავადდა, რაც მწვავე ფორმაში გადაიზარდა. განიკურნა, გადარჩა და ჩამოვიდა,­ მაგრამ მაინც არ გაჩერდა... მის ციხიდან გამოსვლას­ დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლა და ჩვენმა ხალხმაც დაიწყო­ გამოფხი­ზლება... რა თქმა უნდა, ეს რუსეთს არ აწყობდა, უპირველესად კი შევარდნაძეს, რომელიც ხალხს უკვე მობეზრებული ჰყავდა. კოსტავას უყურებდნენ როგორც დიდ იმედს, ყველა მისი გამოსვლისას ხალხი ტიროდა. გინდა ღამის 3 საათზე და გინდა­ დილის 6 საათზე, ზღვა ხალხი მზად იყო მის დაძახილზე მთავრობის სასახლესთან მისასვლელად... მერაბი­ რომ ცოცხალი ყოფილიყო,­ ზვიადი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა - კოსტავას მისცემდნენ ხმას...

მერაბ კოსტავა გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა, თითქოს ავარიაში მოყვა, მაგრამ ოფიციალური გამოძიება არ ჩატარებულა. ეს იყო მეხის გავარდნა. ამ საშინელი ამბის შეტყობისთანავე­ ყველანი კოლხურ კოშკს მივაწყდით. ზვიადი­ შინ იყო, დამუნჯებული და განადგურე­ბული იჯდა. 21 ოქტომბერს მერაბის დაკრძალვაზე გამსახურდიამ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში­ თქვა: "რაღად გვინდა რეფერენდ­უმი... ძმაო, დამუნჯებული ვართ მწუხარებისგან. გაგვიშრა ცრემლი. მძიმეა ტვირთი, რომელიც შეგვატოვე მხრებზე, ძმაო!"

- როგორ გაიცანით ისინი?

- იმხანად 31-ე ქარხანაში ვმუშაობდი­. 5 დეკემბრის ქუჩიდან­ რუსთაველზე ფეხით მივდიოდით. სად იყო მაშინ ტრანსპორტი და ეს თვეები გრძელდებოდა. ამასობაში კოსტავამ ჩამოაყალიბა "ჰელსინკის კავშირი", სადაც შედიოდა 30-40 კაცი. სამუშაოს მერე ვიკრიბებოდით და თათბირი იმართებოდა. ვინც მოხალისეები ვიყავით, მერაბმა სროლაში ვარჯი­ში დაგვაწყებინა, მზად უნდა ვყოფილიყავით ყველაფრისთვის... ჩემი აზრით, მერაბ კოსტავა რუსებმა მოკლეს, რადგან მისი გეგმები რომ განხორციელებულიყო, ეს ქვეყანა­ პირველი იქნებოდა მთელ ამიერკავკასიაში. ეს არ აწყობდათ არც რუსეთს და არც შევარდნაძეს. ამიტომ მოხდა კოსტავას ლიკვიდაცია.

მერაბის გარდაცვალების შემდეგ მიადგნენ ზვიადს და მის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყეს. ძალიან მალე სამტრედიაში გადაკეტეს რკინიგზა. მაშინ დაემთხვა­ რაჭაში უდიდესი მიწისძვრა, 42 ათასი კაცი უსახლკაროდ დარჩა. შემდეგ ცხინვალში მოხდა მიწისძვრა. მაშინ ამასაც რუსეთს აბრალებდნენ. დაიწყო ინტენსიური­ შეხვედრები ზვიადთან. ის ყველას ენდობოდა და სწორედ ამან დაღუპა. ნათქვამია, სიმართლე­ სინათლეაო და ზვიადი პოლიტიკოსად არ იყო დაბადებული, კი, პატრიოტი იყო, უყვარდა თავისი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ პოლიტიკოსობა კიდევ სხვა რამეა. მას როგორც პოლიტიკოსს, უამრავი რამ მისცა მერაბ კოსტავამ. მერაბის მერე ბევრი რამ მას დააწვა მხრებზე. ჩვენ, "ჰელსინკის კავშირის" წევრებმა, გადავწყვიტეთ დაგვეცვა ზვიადი, მისი სახლი და ოჯახი. ხალხი ხელისგულზე­ ატარებდა, მაგრამ შიდა დაძაბულობა რომ დაიწყო, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შიში გაგვიჩნდა,­ მისთვისაც არ დაეშავებინათ რამე...

წარმოიდგინეთ, ყოველ მეორე ან მესამე დღეს იმართებოდა მიტინგები. სულ ქუჩაში ვიყავით, რაიონიდან რაიონში დავდიოდით. ხშირად გვიწევდა მორიგეობა მასთან სახლში. ცვლაში 7-8 კაცი ვიყავით ხოლმე. დილით მიტინგებზე იყო, საღამოობით, როცა სახლში ვიყავით, თუ ვინმეს რაიმე გაჭირვება ჰქონდა, ყველა ზვიადის კართან მოდიოდა. ყველას იღებდა, ეხმარებოდა, უსმენდა. მერე შედიოდა თავის ოთახში და დილის 4-5 საათამდე კითხულობდა წიგნებს. დილის 7 საათზე კი ფეხზე იყო. საუბარი არ ეზარებოდა ჩვენთან, ყურადღებას არ გვაკლებდა. ყველას მოგვიკითხავდა­ სათითაოდ. ერთხელ გორიდან რვაშვილიანი ოჯახი მოგვადგა კოშკთან. კარში მე ვიდექი. ღამის 12 საათს გადაცდენილი იყო, და ვუთხარი, მეორე დღეს მოსულიყვნენ. ხმაურზე­ ზვიადმა გამოიხედა და ხელით მანიშნა, შემოუშვიო. დიდხანს გაგრძელდა აუდიენცია. როგორც გაირკვა, დიდი დახმარება გაუწევია იმ ოჯახისათვის...

- ყოველდღიურ ურთიერთობაში როგორი იყო ბატონი ზვიადი?

- ძალიან თავმდაბალი, კეთილ­შობ­ილი­, უბრალო, ყურადღებიანი და ცოტა ემოციური. ჩვენს ოთახში, სადაც­ ვისვენებდით, მაცივარს გამოაღებდა და აბა, არ ყოფილიყო საჭმელი... ერთხელ ეზოში­ გამოვიდა, მ­ახსოვს, სვანური ქუდი ეხურა. რომ დამინახა, დამიძახა. მივედი, დაჯექი, რატომ დგახარო? რაღაცნაირად მომერიდა... ისევ გამიმეორა, დაჯექიო. მაშინ შემეკითხა, საიდან ვიყავი წარმოშობით, რა გვარის კაცი ვარ, ვინ იყო ჩემი წინაპარი... როცა ვუთ­ხარი, ჯავახეთიდან ვარ-მეთქი, თვალები გაუნათდა. აი, იმ სოფლიდან ვარ, თქვენ რომ 8-წლიანი სკოლა 100-წლიანად გადააკეთეთ-მეთქი. გაიღიმა და თავი დახარა...

- კიდევ ბევრი გექნებათ გასახსენებელი...­

- შუაღამეა. უცებ გარეთ გამოვიდა. ამ დროს დაშლილ ავტომატს ვაწყობდი. მეუბნება, კი მაგრამ, ახლა უცებ რომ შემომივარდეს ვინმე, რა უნდა ესროლოო? ამას, ბატონო­ ზვიად, წამებში ავაწყობ-მეთქი. არ შეიძ­ლება, ირაკლი, ავტომატი სულ მწყობრში უნდა გქონდესო და ოთახში შებრუნდა. შენიშვნის მოცემაც კი ფრთხილად იცოდა, ზედმეტს არ გეტყოდა.

ერთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები ჩამივარდა ხელში. მაშინვე შევედი­ ზვიადთან, ბატონო ზვიად, ისეთი საბუთებით მოვედი, უნდა მომისმინოთ-მეთქი. გისმენო. არის ასეთი კაცი, ცინცაძე, რომელიც ბინების უკანონო მისაკუთრებაშია შემჩნეული, არადა, რამდენი გვყავს უსახლკარო-მეთქი. ბოლომდე მომისმინა და მითხრა, მე გაგაყოლებ ახლა კაცს, რომელიც გვერდით დაგიდგება, ამ საქმეს პირადად შენ გავალებ და შენვე მოგთხოვ პასუხსო. იურისტთან ერთად მივედი მაშინდელ ქალაქის მერ ირაკლი ანდრიაძესთან. ავუხსენი, რომ ზვიადისგან ვიყავი და ვუთხარი, თქვენი აღმასკომის თავმჯდომარე, გვარად ცინცაძე, უკანონოდ ვაჭრობს იმ ხალხის ბინებით, ვისაც რეალურად ეკუთვნის-მეთქი და გადავეცი საბუთები. 21 ოჯახის ბინა იყო მითვისებული იმ დოკუმენტების მიხედვით. მოკლედ, ზემო ფონიჭალაში დღესაც ცხოვრობენ იმ სახლებში. გავიდა დრო და ერთ-ერთ მორიგეობაზე ზვიადმა გამო­მიძახა და მკითხა, მოაგვარეთ ის საკითხიო. კი-მეთქი. რატომ აიღე ხალხისგან ფულიო? დამცხა, გავწითლდი... აი, ჩემ წინ დევს განცხადება, 5-6 კაცი აწერს ხელსო. ძალიან მშვიდად მესაუბრება. არა, ბატონო­ ზვიად, თქვენთან არასწორად მოვიდა ინფორმაცია, მე ფული ავკრიფე, მაგრამ არა იმისათვის, რომ ჯიბეში ჩამედო-მეთქი. აბა, რა ხდებაო? თავად იმ ხალხის ინიციატივით­ ავკრიფე ფული, ვინც ჩვენ პატივი გვცა და დაგვეხმარა, რესტორანში­ რომ დაგვეპატიჟა, სულ 500 მანეთი შეგროვდა, ბატონო ზვიად, იქიდან არაფერი ამიღია, პირიქით, ღვინო, ინდაური და რაღაცები­ მე მივიტანე სოფლიდან... დაპატიჟე ხომ ის ხალხიო? დიახ-მეთქი. მე სად ვიყავი ამ დროსო, თან ეღიმება.­ თქვენ ვერ შემოგბედეთ ამის თქმა-მეთქი. რატომ, ირაკლი, მე ინდაურის ხორცს განა ვერ ვჭამო, და აუტყდა სიცილი. მერე მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მადლობა გადამიხადა.

- როგორც კი პრეზიდენტი გახდა ზვიადი, დაცვა შეუცვალეს...

- კი, მილიცია დაუყენეს დაცვად. ვინ იყვნენ, საიდან მოიყვანეს, არ ვიცი. ჩვენ კი მისი უერთგულესი ადამიანები ვიყავით­. პრეზიდენტი რომ გახდა, რამდენჯერმე მივედით სანახავად, მაგრამ არ შეგვიშვეს. 17 რიცხვი იყო, მორიგეობა მიწევდა და ჩვეულებრივ სამსახურში­ წავედი. ახალი გამხდარი იყო ზვიადი პრეზიდენტი. ორი დღე იყო სულ გასული. კართან მილიცია იდგა და აღარ შემიშვეს, თუ დაგვჭირდებით, დაგირეკავთო. ვინც კი ვიყავით ზვიადთან ძველები, ყველა გამოგვიშვეს. ვფიქრობ, არ აწყობდათ ჩვენნაირი ადამიანები­ მის გვერდით. რამდენჯერმე ვცადეთ მასთან მისვლა, მაგრამ ყველა­ ჯერზე თვალით­ არ გვანახებდნენ. აი, მაშინ შეგვეპარა ეჭვი... როცა ზვიადის დევნა დაიწყო, ისევ ვცდილობდით ზვიადის ნახვას ძველი დაცვის ბიჭები, მაგრამ... ერთხელ გზაც კი გადაგვიკეტეს. უკვე ბუნკერში იყო ჩასული. ბარათაშვილის ხიდთან რომ მივედით, რუსთაველიდან ტანკი გამოუშვეს, გაიგეს, რომ ჩვენ მოვდიოდით. ტანკი ხიდისკენ რომ წამოვიდა, ტყვიები დაგვიშინეს. ჩვენ უიარაღოდ ვიყავით, სპეციალურად წავედით ასე, შიშველი ხელებით, თან მარტო ჩვენ კი არ ვიყავით, დაცვის წევრები, მთელი ქარხნის მუშები გამოგვყვნენ. მთელი ხიდი სავსე იყო ჩვენი ხალხით. რა დამავიწყებს მაგ დღეს. მეორე დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ დატოვა საქართველოს ტერიტორია და დაემხო მთავრობა. მერე რაც მოხდა, ყველამ იცის...

განაგრძე კითხვა: „მერაბ კოსტავა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ზვიადი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა...“