"შესამოწმებელია „ენჯეოების“ და ნინო ლომჯარიას კეთილსინდისიერება" - რატომ აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩს შალვა პაპუაშვილი?! - კვირის პალიტრა

"შესამოწმებელია „ენჯეოების“ და ნინო ლომჯარიას კეთილსინდისიერება" - რატომ აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩს შალვა პაპუაშვილი?!

მოველოდი, რომ ის [პაველ ჰერჩინსკი] მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ნაცვლად ამისა ვისმენთ, რომ თურმე საჭირო არის ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება], - ამის შესახებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე მტკიცებით, ქვეყანაში თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის არასამთავრობო სექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

„გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება "ვეტინგთან" დაკავშირებით გამიკვირდა. მე მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართლ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ფაქტობრივად, 2 წელია ასეთი განცხადებების გამო ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმის ობიექტი არიან. გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მწუხარება მოგვესმინა, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უსამართლო იყო, არ ეყრდნობოდა ფაქტებს და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭირო არის ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება]. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მათი "ტროიკების" განცხადებები გაიხსნეთ. როდესაც ამ საკითხებზე ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ და გამოიტანეს განაჩენი, გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არა თუ მართალია ამ საქმეში, თურმე დანაშაულიც კი არ არსებობდა. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველი. რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ აქ არა თუ მართალია ნიკა გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს. ამ ყოფილმა სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მედალი მიიღო, საფრანგეთის მედალი მიიღო და არის "ტაშდაკრული" ყოფილი სახალხო დამცველი. მისი ყოფილი მოადგილე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობს, ის, ვინც ზუსტად ეს ყალბი დასკვნა შეადგინა მაშინ.

ეს თავდასხმები ქმნის შემდეგ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, მერე გვიბრუნდებიან იგივე აქტორები (ელჩები, სხვა უცხოური აქტორები) და გველაპარაკებიან აღქმებზე, რომ საქართველოში არსებობს რაღაც აღქმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ეს აღქმები თუ კი ვინმეს აქვს, შექმნილი არის სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით ყოფილი ელჩებისა, „ენჯეო“ სექტორისა (რომელიც ფინანსდება ამ საელჩოებისგან და ამ წყაროებიდან, რომლის დაფინანსების წყაროები ცალკე გაუმჭვირვალეა და ეს პრობლემა ცალკე დგას) და შემდეგ თავისივე მიერ შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, ახლა ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს.

„მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს, რომ არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები, რომელიც ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ "ვეტინგი: საჭირო არ არის.

"ვეტინგი" უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ აქ პოლონელი, ჰოლანდიელი და ლიტველი ექსპერტების ჩართვას არავინ არ აპირებს. ეს არის მიუღებელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"