სენაკელი ფერმერის ფრინველების ფერადოვანი პალიტრა
მურმან გვასალია 25 წლის სენაკელი ახალგაზრდა ფერმერია. მას და მის ოჯახს როგორც თვით სენაკში, ისე სოფელ ხორშში მეურნეობა აქვთ. სოფლად უმეტესად მეხილეობასა და მეფუტკრეობას მისდევენ, ქალაქში - მეფრინველეობას. მურმან გვასალია ოთხი წელიწადია აქტიურად არის დაკავებული მეფრინველეობით, თუმცა ამ სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, ასევე სოფლისადმი, მეურნეობისადმი და ამიტომაც ჩააბარა აგრონომიის ფაკულტეტზე. უნდოდა კარგად შეესწავლა სოფლის მეურნეობა.

მურმან გვასალია:
- ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი. დავიწყეთ სხვადასხვა კულტურის გაშენება და მერე ვიფიქრე, თავი მეფრინველეობაშიც მეცადა. პირველ ეტაპზევე გავიცანი ადამიანი, რომელიც ამ საქმეში ჩემი გზამკვლევი გახდა, ყველანაირ რჩევას მაძლევდა, რამაც მეფრინველეობაში ჩემი მოსვლა განაპირობა. მაჩუქა დეკორატიული ჯიშის ქათმის კვერცხები (აბრეშუმისა და მილფერის) და მეც თანდათან დავიწყე სხვადასხვა ჯიშის მოძიება. მერე გადავწყვიტე, ეს საქმე გამეფართოებინა და სხვადასხვა ჯიშისთვის ვოლიერები გამეკეთებინა.
- სენაკში, თქვენს კარ-მიდამოში?
- დიახ, სოფელშიც მყავს ფრინველები. ამჟამად ცხრა სახეობის ქათამი მყავს, ასევე სამი სახეობის ინდაური, იხვები, ბატები, ციცრები, ამავე დროს, ოჯახთან ერთად ვეწევი მეხილეობასა და მეფუტკრეობას, პარალელურად სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ.
მეფრინველეობაში ამჯერად განვითარების ეტაპზე ვარ. მყავს ფარშავანგების ორი სახეობა. მინდა ფარშავანგების უფრო ფართო სპექტრი და უფრო მეტი რაოდენობა მყავდეს, მაგრამ მყვირალა ფრინველია და ამიტომ ქალაქის ტერიტორიაზე უფრო მეტ სახეობას ვერ ვიყოლიებ.

- "მარაოს" გამრავლების პერიოდში შლიან?
- მთელი სეზონის განმავლობაში და მხოლოდ მამრები - მდედრებს ეპრანჭებიან... უცხოეთიდან ჩამოგვყავს სხვადასხვა ჯიშის ფრინველი, რომ არ მოხდეს ერთი და იმავე სისხლის შეჯვარება. ვცდილობთ ერთსა და იმავე სახეობაში ორი სხვადასხვა პოპულაციის სისხლი იყოს. ახლა ქათმის სამ სხვადასხვა სახეობას ველოდებით. ფრინველები გვყავს როგორც მეკვერცხული, ისე მეხორცული და დეკორატიული.

- ამდენი სხვადასხვა ფრინველი, ალბათ, სხვადასხვაგვარ მოვლას მოითხოვს.
- ყველა სახეობას უნდა თავისებური მოვლა. განსხვავებული იმუნიტეტი აქვთ და ვცდილობ შევაგუო ჩვენს გარემო პირობებს, რათა იდენტური იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ჯიშის ქათმები. ჩვენგან წაყვანილი ფრინველი კარგი იმუნიტეტის უნდა იყოს და არ უნდა გაუჭირდეს გარემოსთან შეგუება. ამიტომ შესაბამის საკვებს ვაძლევთ და პირობებს ვუქმნით, რომელი ჯიშიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ეტაპობრივად ჩვეულებრივ მოვლაზე გადაგვყავს და ისიც ადაპტირდება.
- რით კვებავთ?
- დაფქული ქერისა და ხორბლის ნარევით. თუ რამე ვირუსის გადატანის შემდეგ ფრინველის მოძლიერება გვჭირდება, უფრო ვუმრავალფეროვნებთ და კომბინირებულ საკვებს ვაძლევთ. თუ ფრინველს ჩვეულებრივი მოვლა სჭირდება, მაშინ ვიყენებ ჩვეულებრივ საკვებს დანამატების გარეშე. წიწილობისას კი კომბინირებულ საკვებს ვაძლევთ, გვირჩევნია, ჯანსაღად გამოვზარდოთ და მივიყვანოთ განსაზღვრულ ეტაპამდე, როდესაც ჩვეულებრივ საკვებზე გადავიყვანთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

- ფრინველს როგორი სახით ყიდით?
- კვერცხს არ ვყიდით, რადგან არ ვიცით, ჩვენგან წაღებული კვერცხი როგორ საინკუბაციო პირობებში მოხვდება და შემდგომ ფრინველი როგორ პირობებში გაიზრდება. ჩვენი ფრინველის კვერცხს ჩვენსავე ინკუბატორებში ვჩეკთ. გვყავს კრუხები, ისეთი ჯიშებისა, რომლებიც კარგად და ხშირად კრუხობენ. ასეთი გზითაც ვჩეკთ და ვყიდით მხოლოდ წიწილებს მაქსიმუმ 10 დღემდე. ვყიდით მეხორცული ჯიშის წიწილებსაც. გვყავს ფრინველი, რომელთაგან მამალი 6 კილოგრამს იწონის, ხოლო დედალი - 4-ს. მათ წიწილებსაც ვყიდით.

- ფერადი კვერცხები რომელ ფრინველს აქვს?
- არაუკანის ჯიშის ქათამს. მე მათ "საყურიანს" ვეძახი, გვერდებზე, ყურებთან, ბუმბული აქვს. ზუსტად ეს ფრინველი დებს ცისფერი და მწვანე შეფერილობის კვერცხებს, რომელსაც ჩვეულებრივად საინკუბაციოდ ვიყენებთ, საკვებადაც ვარგისია, უქოლესტერინო და სასარგებლო კვერცხებია.
- სამი სამსახური მაქვსო და ამდენს როგორ აუდიხართ?
- მთელი დღე ვმუშაობ, ამიტომ ისეთი მექანიზმი შევიმუშავე, რომელიც ჩემს ყოველწუთიერ და ყოველსაათობრივ ჩარევას არ საჭიროებს. გვაქვს ავტომატიზებული საკვებურები, რომელიც საჭირო რაოდენობის საკვებს ფრინველს მთელი დღის განმავლობაში აწვდის. მხოლოდ დილას საჭიროებს ხელის შევლებას და სამსახურში წასვლამდე შევდივარ საფრინველეში, ვაწვდი წყალს თუ საკვებს, სადაც აკლია. სამსახურიდან დაბრუნებულიც ასევე ვიქცევი.
- აცრა არ სჭირდებათ ფრინველებს?
- როცა ფრინველს პრობლემა ექმნება, გვირჩევნია ვუმკურნალოთ, ვიდრე ავცრათ. თუმცა გვყავს ბროილერიც, რომელიც აცრას აუცილებლად საჭიროებს და ვუკეთებთ ვაქცინებს.

- ხოხბის მოშენებაზე არ გიფიქრიათ?
- კოლხური ხოხბის მოშენება მინდა, რადგან ორიენტირებული ვარ ფრინველის ჯიშებზე და არა რაოდენობაზე. ამიტომ მინდა საფრინველეში მყავდეს ბევრი სხვადასხვა სახეობის ფრინველი და იქ შესვლისას ბევრი სხვადასხვა ფერის კვერცხი ავიღო, ვიდრე ერთი და იმავე შეფერილობის ბევრი კვერცხი.
- ადვილად აუღეთ ალღო ამ ყველაფერს?
- თავიდან არა, გამოუცდელი ვიყავი და მეგობრები მეხმარებოდნენ. პრაქტიკა და თეორიაც ზოგჯერ სხვადასხვა რამეს გვაჩვენებს. თანდათან, თეორიის შეძენასთან ერთად, მეგობრების დახმარებით, ასევე პრაქტიკულად გამოცდის შემდეგ მოვედი ამ ეტაპამდე. უკვე შემიძლია სხვასაც გავუზიარო ცოდნა, რასაც თავის დროზე სხვები მიზიარებდნენ და დავეხმარო დამწყებებს, მივცე სწორი მიმართულება, უდანაკლისოდ როგორ გაზარდონ ფრინველი.
- ამ საკითხით დაინტერესებულ ჩვენს მკითხველს რას ურჩევთ?
- თუ ადამიანს ფრინველი არ უყვარს, მას მხოლოდ შემოსავლის წყაროდ არ უნდა შეხედოს. ჯერ უნდა შეისწავლოს ფრინველის მახასიათებლები და შემდეგ მოაშენოს, რათა საქმე კრახით არ დაიწყოს. ფრინველს სიყვარული და სითბო სჭირდება, რათა მათგან საპასუხო მივიღოთ. მერე სხვადასხვა სახეობის ფრინველი უნდა მოვაშენოთ, რათა მეფრინველეობა საქართველოში მეტად განვითარდეს. ამ საქმეში მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს, რათა ახალი მიდგომებით საქართველოში ეს დარგი ავაღორძინოთ.
- ისე, როგორი ტიპები არიან თქვენი ფრინველები?
- მაგალითად, ფარშავანგს ცოტა რთული ხასიათი აქვს, რადგან გარეული ფრინველია, მერე კი არის მოშინაურებული, მაგრამ გენში მეტად "გარეულობა" აქვს. ამიტომ მათი მოჩვევა ცოტა რთულია, მაგრამ რადგან პატარაობიდან გამოვზარდეთ, უკვე შეჩვეული არიან. საფრინველეში შესვლისას არ ფრთხებიან, არ გამირბიან, მოსაფერებლადაც რომ მივდივარ, უკურეაქცია არა აქვთ. ქათმები დამოკიდებულია შეჩვევაზე, რამდენადაც ხშირად გვაქვს კონტაქტი მათთან, იმდენად გვიახლოვდებიან.
ბატები მოშინაურებული გვყავს, მხოლოდ ციცრებს აქვთ ძალიან ჯიუტი ხასიათი და ველური ბუნება. ჩუმი იხვები ვარჩიეთ იმის გამო, რომ ქალაქში ვცხოვრობთ. სწორედ ქალაქში ცხოვრებამ განაპირობა, რომ "ინდაუტკის მუშკი" მომეშენებინა - ეს სახეობა მეხორცულია. თვითონვე კრუხობენ და თვითონვე ჩეკენ წიწილებს. ქალაქში ცხოვრება არ მაძლევს საშუალებას, რომ ხმაურიანი სახეობები მოვიყვანო.

- მეზობლებს ფრინველის სუნი ხომ არ აწუხებთ?
- სუნი ჩვენს საფრინველეში არ არის, რადგან ღია სივრცეა და თან სანიტარიულ ნორმებს ვიცავთ. საფრინველეს სამი მხარე დახურული აქვს და მთავარია, ორპირი არ ჰქონდეთ. სხვა მხრივ იდენტური პირობებია იმისა, რაც გარეთაა.
სულ 100 ფრთა ფრინველი გვყავს... უკვე ვიცი, მომხმარებელს როგორი სახეობა აინტერესებს, რომელი უფრო მოსწონს. ჩემს საფრინველეს ჰყავს სპონსორებიც, რომლებიც სრულად იღებენ პასუხისმგებლობას ფრინველების საკვებზე. ასევე დანამატებზე. ამდენად, ჩემი ფრინველები უზრუნველყოფილი არიან.