მარტოხელა „ლამაზმანი“ ჟირაფების ოჯახიდან - კვირის პალიტრა

მარტოხელა „ლამაზმანი“ ჟირაფების ოჯახიდან

ინგლისელმა მოგზაურმა ჰარი ჯონსტონმა 1901 წელს მანამდე უცნობი ცხოველი აღმოაჩინა. ამ ეგზოტიკურ არსებას შოკოლადისფერი ხავერდოვანი ბეწვი ჰქონდა და ზებრასავით შავ-თეთრი ზოლები ამშვენებდა. ოკაპი - ასე დაარქვეს აფრიკაში აღმოჩენილ ცხოველს, რომლის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვესაუბრება.

- ოკაპის სხვაგვარად ტყის ჟირაფსაც უწოდებენ. ის ძალიან მცირე არეალში ბინადრობს, კერძოდ, დასავლეთ აფრიკაში, კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ოკაპის ლათინური სახელია კაპია ჯოჰნსტონი - ეს სახელი ჰარი ჯონსტონის პატივსაცემად უწოდეს. ვინ იყო ჰარი ჯონსტონი? - ის XIX საუკუნის ცნობილი მკვლევარი და ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი გახლდათ. მის აღმოჩენას წინ კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უძღოდა: საქმე ის არის, რომ ოკაპის აღმოჩენამდე ამ ცხოველის შესახებ მოგზაურებს შორის მხოლოდ მითები და ლეგენდები ვრცელდებოდა. იტურის (Ituri) ტყე ცნობილი ადგილია, სადაც ოკაპი ბინადრობდა და ახლაც ბინადრობს. ეს ტყე იმითაც არის ცნობილი, რომ იქ პიგმეები ცხოვრობენ - ყველაზე დაბალი ადამიანები დედამიწაზე. მათი სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. კონგოში ჩასულმა მოგზაურმა, აფრიკის მკვლევარმა ჰენრი სტენლიმ სწორედ პიგმეებისგან გაიგო ასეთი ცხოველის არსებობის შესახებ.

- გამოდის, ჰენრი სტენლი იყო პირველი მოგზაური, რომელიც ოკაპით დაინტერესდა?

- უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს არავის სჯეროდა, რომ კონგოს ტროპიკულ ტყეებში ასეთი უჩვეულო ცხოველი ბინადრობდა. ათიოდე წლის შემდეგ ამ ინფორმაციით ჰარი ჯონსტონი დაინტერესდა, ის ეძებდა, ბევრს შრომობდა, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა პიგმეებთან და ბოლოს მიზანს მიაღწია: ჯერ ოკაპის თავის ქალა იპოვა, მერე კი თავად ცხოველი. სწორედ ჯონსტონს გაუმხილეს პიგმეებმა მისი სახელი "ოკაპი", რაც ქართულად ასე ითარგმნება "ცხოველი გრძელი კისრით".

two-okapis-okapia-johnstoni-in-oklahoma-city-zoo-oklahoma-city-oklahoma-state-usa-977076250-b6a3ec44adf04010bc2829f8ada1cd9b-1711624729.jpg

- გარდა გრძელი კისრისა, კიდევ რა ნიშნით გამოირჩევა ოკაპი?

- ოკაპი ჟირაფების ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ორი სახეობისაგან შედგება - ჟირაფი და ოკაპი. ის ჟირაფთან შედარებით პატარაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ზომის ცხოველია. მისი სიმაღლე 2 მეტრს აღწევს, ხოლო წონა საშუალოდ 200-250 კილოგრამი და უფრო მეტიცაა. იმის გამო, რომ მისი ფეხები ზოლებითაა დაფარული, დიდი ხნის განმავლობაში ზებრა-ჟირაფსაც ეძახდნენ. ოკაპის მუქი, მბზინავი ბეწვი აქვს და საკმაოდ ლამაზი, მოხდენილი ცხოველია. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ აფრიკაში ცხოვრობს, სითბოს მოყვარულია. საცხოვრებლად ტროპიკულ და ნესტიან ტყეებს იმიტომ ირჩევს, რომ ასეთ გარემოში მრავალფეროვანი საკვები ხვდება. ის მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება - მცენარეთა ტოტებით, ფოთლებით და სხვა. საკვებს ადვილად მოიპოვებს, ამაში ხელს უწყობს სიმაღლე და გრძელი, მუქი ენა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ მაღალ ტოტს სწვდება. ამ ენით ოკაპი თვალებსაც იწმენდს. სიმაღლე და ენა ხელს უწყობს, რომ საზრდო ყველაზე მაღალი ხეებიდან მოიპოვოს.

- ცნობილია თუ არა ოკაპების მიახლოებითი რაოდენობა?

- ოკაპის რიცხოვნობა ველურ ბუნებაში უცნობია, რადგან ძალიან მშიშარა, ფრთხილი ცხოველია და ადამიანს იშვიათად ეჩვენება. მას ბუნების დაცვის მსოფლიო ნუსხაში გადაშენების პირას მყოფის სტატუსი აქვს მინიჭებული. ოკაპი, ძირითადად, მარტო ცხოვრობს, რადგან ასოციალური ცხოველების რიცხვს განეკუთვნება. თქვენ წარმოიდგინეთ, წყვილებად ოკაპების ნახვა მხოლოდ გამრავლების პერიოდში შეიძლება. მდედრი ერთადერთ ნაშიერს შობს და როგორც ყველა დიდი ზომის ცხოველი, მას ძალიან გვიან - 440 დღის შემდეგ აჩენს. ეს დიდი ზომის ცხოველებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ოკაპის კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს: თავის ნაშიერთან ურთიერთობისას ინფრაბგერებს გამოსცემს ანუ დაბალი სიხშირის ბგერებს, რომელიც ჩვენ არ გვესმის. მსგავსი რამ სხვა ცხოველებს არ ახასიათებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია - 15-16 წელიწადი, ხოლო ტყვეობაში - საშუალოდ 29-30.

- ესე იგი, ზოოპარკში უფრო დიდხანს ცოცხლობს?

- დიახ, ასეა. სხვათა შორის, ეს ცხოველი ასზე მეტ ზოოპარკში ჰყავთ, მათ შორის, ლონდონსა და ანტვერპენში. მნახველებს შორის მეტად პოპულარული ცხოველია, რასაც მისი მიმზიდველი, განსაკუთრებული გარეგნობა განაპირობებს. ოკაპები ტყვეობაშიც კარგად მრავლდებიან და ჩვეულებრივად ცხოვრობენ.

- თბილისის ზოოპარკში თუ გყავთ ოკაპები?

- სამწუხაროდ, არა და არც ადრე გვყოლია. როგორც გითხარით, იშვიათი ცხოველია და კერძო კოლექციებშიც ნაკლებად გვხვდება.

- ალბათ, ძალზე ძვირად ფასობს.

- ის მხოლოდ ზოოპარკებს ჰყავთ და როგორც წესი, ზოოპარკები ცხოველებს არ ყიდიან. რაც შეეხება შავ ბაზარს, ალბათ, იქ დიდი ფასი ექნება. ევროპის ზოოპარკების ასოციაცია, რომელსაც ჩვენი ზოოპარკიც მიკუთვნება, ცხოველს მხოლოდ იმ ზოოპარკს გადასცემს, რომელსაც შესაბამისი პირობები აქვს. პირობებში არა მარტო ვოლიერები იგულისხმება, არამედ თანამშრომლების კვალიფიკაციაც. ოკაპის, როგორც იშვიათ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველს, ზოოპარკებს განსაზღვრული პირობებით გადასცემენ. როგორც გითხარით, ის მეტისმეტად მფრთხალი ცხოველია, რის გამოც მასთან ურთიერთობა მარტივი არ არის - მკვეთრი მოძრაობების გამო შეიძლება ფეხი ან კისერი დაიზიანოს და ეს მისთვის ტრაგიკულად დასრულდეს. ამიტომ ოკაპის მოვლა რთული საქმეა.

- დავუბრუნდეთ ველურ ბუნებას: ტყეში ვინ არის მისი ყველაზე საშიში მტერი?

- ყველაზე საშიში, დაუძინებელი მტერი ლეოპარდია, მაგრამ უფრო დიდი ხიფათი ოკაპის ადამიანისგან ემუქრება. კარგად განვითარებული ყნოსვა აძლევს საშუალებას, რომ თავი დაიცვას, თორემ მისი პატარა რქები თავდაცვისთვის ნამდვილად არ გამოდგება. ცნობილია, რომ პიგმეები მასზე ხორცის გამო ნადირობდნენ, მაგრამ ოკაპის ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ტყეების გაჩეხამ და მისი საარსებო გარემოს დაზიანებამ. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ოკაპების რიცხოვნობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ პიგმეები ამ ცხოველზე ნადირობდნენ, სულ რამდენ ოკაპის დახოცავდნენ? მათი იარაღი მხოლოდ მშვილდ-ისარი იყო. პიგმეებიც გადაშენების პირას მყოფი ხალხია და მათი დანაშაული ოკაპის რაოდენობის შემცირებაში ცოტაა. ეს უფრო იმ ადამიანების ბრალია, ვინც კონგოს ტერიტორიაზე მოგვიანებით მივიდნენ და ბრაკონიერობა დაიწყეს. საბედნიეროდ, დღევანდელ მსოფლიოში უკვე არის ორგანიზაციები, რომლებიც ოკაპის იცავენ, მაგრამ ამ ცხოველების რიცხვი მაინც ძალიან შემცირებულია.

- ვიცი, რომ ოკაპი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ცხოველების სიაში შეიყვანეს.

- ეს უფრო გემოვნების საკითხია და ჩემი ვარაუდით, ამგვარი სია პროფესიონალების შედგენილი არ იქნება. რატომ? - ჩვენთვის ყველა ცხოველი თავისებურად მოხდენილი და კარგია, მე თუ მკითხავთ, ბეჰემოთიც ძალიან ლამაზია - ვერავინ ვერაფერს დაუწუნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე