როგორ მოვაწყოთ კვლები ჩვენს ბოსტანში - კვირის პალიტრა

როგორ მოვაწყოთ კვლები ჩვენს ბოსტანში

ჩვენში ხვნა-თესვის ტრადიციული სეზონი დაახლოებით აპრილიდან იწყება. თუმცა გონიერმა მეურნემ ეს განრიგი გლობალური კლიმატის შესაბამისად შეცვალა და თუ მარტი თბილია, მის დასაწყისშივე ხვნა-თესვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის ერთნაირად მიმდინარეობს. ძირითადად, საბოსტნე კულტურები ითესება. ბოსტანი კი, ოჯახის მოსახმარებელ თუ სხვა ნაკვეთებში, კვლების გარეშე წარმოუდგენელია, ოღონდ კვლების გაკეთება იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ დიდ ნაკვეთებში კვლებს უკვე ტექნიკით აკეთებენ. ასეა მოწინავე ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის მცირემიწიან რეგიონებში კი ბაზოებსა (კვალის ირგვლივ მოსაზღუდად აბექებული მიწა) და კვლებს უწინდებურად ხელით აკეთებენ. კარგი ბაღჩეულის თუ ბოსტნეულის მოყვანა უამისოდ წარმოუდგენელია. კითხვაზე, რა საჭიროა კვალი, უფროსი თაობის მეურნეები გიპასუხებენ, რომ ის მოსავალს წვიმისას ზედმეტი წყლისგან იცავს, გვალვისას კი ატენიანებს. თუმცა კვლის ფუნქციები გაცილებით მეტია, რის შესახებაც აგრონომ მერაბ თურმანიძეს ვკითხეთ საჩხერეში, სადაც ბაღ-ბოსტანი კვალის გარეშე არ არსებობს.

მერაბ თურმანიძე: - ნაკლებად მეგულება რომელიმე ქვეყნის სოფლის მეურნეობა, სადაც კვლებს არ იყენებენ. კაცობრიობამ დაკვირვებით გამოიმუშავა მათი აუცილებლობა კარგი მოსავლიანობისთვის. ჩვენში ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, წარმოუდგენელია ბოსტანი, რომელშიც კვალი არ იყოს. ადრე კვლები გუთნითაც გაჰყავდათ, ახლა ნელ-ნელა ტექნიკით ჩანაცვლდა ეს საქმე და მით უკეთესი. თუმცა კვლების ხელით გაყვანის შემთხვევებსაც ბევრგან ნახავთ. ამ დროს ბაზოების გარშემო, სადაც კულტურებია დათესილი, ნიადაგი ოთხივე მხრიდან ან ბარით, ან თოხით ღრმად ამოიჭრება, ისე, რომ წვიმის დროს ბაზოებიდან წყალმა გამოჟონოს და კვლებში ჩავიდეს.

- უკეთესია დაწვრილებით მოვყვეთ, როგორ ეხმარება კვლები ხარისხიანი მოსავლის მოყვანას.

- როდესაც ბაზოებიდან წყალი კვლებში ჩაედინება და თავად ბაზოებში აღარ გუბდება, ეს ნიშნავს, რომ ბაზოების ნიადაგი ისევ ფხვიერი რჩება და წყლის დიდი მასით არ მკვრივდება. ეს კი პირობაა იმისთვის, რომ ბაზოში დათესილი ბოსტნეული უკეთესად დაფესვიანდეს და ფხვიერ ნიადაგში რაც შეიძლება ღრმად გაიდგას ფესვები. გვალვის დროს კი ბაზოებზე დათესილი კულტურები ჩანესტილი კვლებიდან წყალს იწოვს, ერთხანს მაინც. გარდა ამისა, კვალს კიდევ ერთი ფუნქცია ეკისრება: ის ყოფს და საზღვრის ფუნქციას ასრულებს ბაღ-ბოსტანში დათესილი კულტურებისთვის. მაგალითად, როდესაც ბაზოებზე ქინძი და ოხრახუშია დათესილი, მათ შორის გავლებული კვალი ამ კულტურებს საშუალებას არ აძლევს, ეს ორი სხვადასხვა ბოსტნეული გვერდიგვერდ ძალიან ახლოს იყოს. ამას აქვს მნიშვნელობა, რათა თითოეულმა კულტურამ თავისი გემოვანი თვისებები და სურნელება შეინარჩუნოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ღრმა კვლების გაკეთებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება და ამიტომაც არის, რომ დიდ ნაკვეთებში, მაგალითად, კარტოფილის ნათესებში, ნიადაგის დასაკვალად უმთავრესად ტექნიკას იყენებენ.

7658bf38639881576c95d6d8efb32872-1711624730.jpg

- სათბურებსაც უკვე ძალიან ფართოდ და ღრმად კვალავენ მოსავლის მოსაყვანად.

- არსებობს ტექნიკა, რომელიც არა მარტო ბაზოებსა და მათ გარშემო კვლებს აკეთებს, იმავდროულად ნიადაგსაც აფხვიერებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ტექნიკაც არსებობს, რომელიც ბაზოებზე დარგულ მცენარეებსაც კი უფხვიერებს მიწას. მთელი გულით ვისურვებდი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი ტექნიკა გვყოლოდა. რაც შეეხება კვლების აგებულებას, ის მართლაც მრავალგვარია. ადამიანის გონება თანდათან მეტ და მეტ საშუალებას იგონებს მოსავლის გასაზრდელად. მაგალითად, დღეს აკეთებენ ისეთ კვლებს, რომლებშიც წარმოიქმნება ორგანული ნივთიერებების მარაგი, რომელიც ნიადაგში გაიწოვება და მოსავლის ხარისხიანობას ამაღლებს. ამისთვის პირველ რიგში სარეველების ამოსვლას აღკვეთენ, რათა კვალში შენახული ორგანული სასუქები სარეველებმა არ გახარჯონ. ამისთვის მთელ ნაკვეთში ჭრიან დაახლოებით 30 სმ სიღრმისა და 30 მეტრი სიგრძის კვლებს, რომელთა გვერდებს ჩვეულებრივი მუყაოთი ფარავენ. ცხადია, მუყაოს ფუნქცია ის არის, რომ სარეველების ამოსვლა-მომრავლებას შეუშალოს ხელი. ამ დროს თხრილში საოჯახო საკვების ნარჩენებს ყრიან, მასთან ერთად კი ჩალას, თივას, ფოთლებს და სხვა. დროთა განმავლობაში ეს კომპოსტი იხრწნება, ორგანულ სასუქად გადაიქცევა და ნიადაგს კვებავს, თანაც ასეთ კვლებს ერთი დიდი დადებითი დატვირთვაც აქვს: ოჯახი ორგანულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ნაგავში კი აღარ ყრის, არამედ კვლებში ათავსებს და ორგანულ სასუქად აქცევს.

ამის გარდა არსებობს ე.წ. მაღალი კვალი, რომელიც მართლაც შესანიშნავი საშუალებაა მაღალხარისხოვანი ბოსტნეულის მოსაყვანად და თანაც 15-20 წლის განმავლობაში. ეს არის კვალი, რომელიც ასევე ორგანული სასუქების საწყობს წარმოადგენს და ითხრება 60 სმ სიღრმით, დაახლოებით 80-100 სმ სიგანით და სიგრძე კი თქვენი სურვილის მიხედვით. ორმოში პირველ ფენად უნდა დალაგდეს მორები, შემდეგ მეორე ფენად: წვრილი ტოტებისგან შექმნილი მასა; მესამე ფენად სარეველა, ბალახი, ნასხლავები, მეოთხე ფენად ნარევი ნიადაგი, ბოლო ფენად კი ბიოჰუმუსიანი ნიადაგი. უკეთესია, ეს კვალი საშემოდგომოდ მომზადდეს, ვინაიდან შემოდგომის ნალექებით დაჯდება. გაზაფხულზე დამზადებული კვალი კი ხელოვნურად უნდა დაინამოს. ამის შემდეგ მისი გამოყენება შეიძლება სათესადაც და შესანიშნავი ხარისხის კულტურებიც მოვა, ასევე ორგანულ სასუქადაც, რაზეც, მოგეხსენებათ, უდიდესი მოთხოვნაა. ასე რომ, ყველაფერი შრომაზეა. თუ მსგავს კვლებზეც ვიზრუნებთ, ხარისხიანი და ბევრი მოსავალი მართლაც გვექნება, რაც ჩვეულებრივ პირობებში ქიმიური სასუქების დახმარების გარეშე ნაკლებად გამოდის.

კვლები მათი განლაგების შესაბამისად არის სინათლის, აერაციისა და ნაყოფიერების წყარო, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ჩვენს ნაკვეთებში გამოვიყენოთ.