"ტიკტოკ"-ვიდეოზე, რომელშიც დათა მღეროდა, ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა მომნიშნა. ეს ამბავი ხალხმა აიტაცა - მე და დათა "ტიკტოკ"-წყვილი გავხდით" - რას ჰყვება ქეთა ბაღაშვილი - კვირის პალიტრა

"ტიკტოკ"-ვიდეოზე, რომელშიც დათა მღეროდა, ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა მომნიშნა. ეს ამბავი ხალხმა აიტაცა - მე და დათა "ტიკტოკ"-წყვილი გავხდით" - რას ჰყვება ქეთა ბაღაშვილი

რატომ სურდა ქეთა ბაღაშვილს ერთ დროს ომის რეპორტიორობა

ბოლო დროს "ტიკტოკზე" ხევსური მამაკაცები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. ეს ამბავი ქეთა ბაღაშვილის მიერ ხუმრობით გადაღებული ვიდეოთი დაიწყო...

- "ტიკტოკის" აპლიკაცია პანდემიის დაწყებისას გადმოვწერე - გასართობად ვიდეოებს ვიღებდი... უკვე 4 წელია, ამ პლატფორმაზე ვაქტიურობ. წლების განმავლობაში რამდენიმე ტრენდი მქონდა.

- გვიამბე, ხევსური მამაკაცები "ტრენდული" როგორ გახადე?

- ხევსური მამაკაცების შესახებ პირველი ვიდეო 2024 წლის 23 თებერვალს გადავიღე სიმღერაზე - "თუშის ქალაის სიტურფემ" (ნინო ჩხეიძის ქავერით). მხიარული, სასაცილო ვიდეო იყო. ამერიკაში ვცხოვრობ და ვიხუმრე, - ნეტავ, ახლა ხევსურეთში ჩამაგდო და ხევსურ ბიჭებთან მაპატკუცა-მეთქი, ანუ ხევსურეთში, ხევსურ ბიჭებს გავეპრანჭო-მეთქი... რომ დავინახე, ხალხს ეს ხუმრობა მოეწონა, ამ მიმართულებას "გავყევი" და ასე აეწყო "ტიკტოკის" ტრენდი.

- რა იყო ინსპირაცია, რომ სწორედ ამ ტიპის ვიდეო და სწორედ ხევსური ბიჭების შესახებ გადაგეღო?

- ვერ ვიტყვი, რომ რამე კონკრეტული ინსპირაცია მქონდა, გარდა იმისა, რომ მთის ხალხი, ქართული მთის სიმღერები, კულტურა გულწრფელად მიყვარს. უბრალოდ, ამ კონკრეტულ ვიდეოში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დეტალი "ჩავდე", თორემ პარალელურ რეჟიმში ბევრი სხვადასხვა ვიდეო მედო.

- დათა როგორ გაიცანით? "ტიკტოკზე" თქვენი წყვილი საკმაოდ პოპულარულია.

- "ტიკტოკ"-ვიდეოზე, რომელშიც დათა მღეროდა, ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა მომნიშნა. იმ პერიოდში ქართული სიმღერების პოპულარიზაციის ტრენდი უკვე დაწყებული მქონდა: ყველა ვიდეოს, სადაც ქართველი ბიჭები ქართულ სიმღერებს ასრულებდნენ ან "ვადუეტებდი", ან - ვაზიარებდი, რომ ეს კონტენტი "წინ წამომეწია". დათას ვიდეოც "დავადუეტე" და ხალხს მოეწონა... მერე ამ ამბავში დათაც ჩაერთო, ვიდეოებს იღებდა... ეს ამბავი ხალხმა აიტაცა - მე და დათა "ტიკტოკ"-წყვილი გავხდით.

- საქართველოში შენი დაბრუნების რეალური მიზეზი რა იყო?

- კონკრეტული ადამიანის გამო არ ჩამოვსულვარ. ამერიკაში ვსწავლობ. ახლა არდადეგები მაქვს. რადგან ვიცოდი, ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ მოვახერხებდი, მინდოდა, ეს არდადეგები გამომეყენებინა. თან, აქ ჩემი კომპანისთვის გარკვეული საქმეები უნდა გამეკეთებინა... ეს ტრენდიც რომ "აიწია", სისხლმა იყივლა - სურვილი მომაწვა, საინტერესო კონტენტი საქართველოშიც გადამეღო. ასე რომ, ჩამოსვლის სხვადასხვა პატარ-პატარა მიზეზი იყო.

- აეროპორტში შენი და დათას შეხვედრის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკული ურთიერთობა არ გქონიათ, დათასთან პირადად შეხვედრისას ხომ არ ღელავდი?

- ვიცოდი, რომ დათა მხვდებოდა, რადგან თურქეთში ვიყავი, როცა დამირეკა და მითხრა, - მოვდივარო. არანაირი ღელვა არ მქონია - მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ეს ამბავი ჩემთვის უცნაური და შემაშფოთებელი არ ყოფილა. ძალიან გამიხარდა. უბრალოდ, მერე ეკრანზე სიტუაცია სხვანაირად გამოჩნდა - თითქოს ეს რომანტიკული შეხვედრა იყო. არადა, უბრალოდ, მეგობრული შეხვედრა გახლდათ, მხოლოდ სასაცილო ვიდეოების გადაღება გვინდოდა...

- რეალურ ცხოვრებაში შენ და დათამ ერთმანეთს როგორ გაუგეთ?

- კარგი მეგობრები ვართ. ერთმანეთს სულ ვეკონტაქტებით. რამდენჯერმე ვნახე კიდეც... დათა არაჩვეულებრივი, სანთლით საძებნელი ბიჭია.

- ახლობლები, ოჯახის წევრები საქმის კურსში იყვნენ, თქვენს წყვილთან დაკავშირებით რეალურად რაც ხდებოდა?

- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ტრენდის ნაწილი იყო. შესაბამისად, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.

- რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ცხოვრობ?

- უკვე წელიწად-ნახევარია. მედია ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ - მაგისტრატურას "ვაკეთებ". სწავლას მაისში ვასრულებ.

- იქაური ცხოვრების სტილს როგორ მოერგე?

- უკვე ნამყოფი ვიყავი და ბევრი მეგობარი მყავდა, ვიცნობდი კულტურასაც... თუმცა, ემოციურად მაინც გამიჭირდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ცოტა მოზრდილ ასაკში ეს მარტივი არ ყოფილა: უფრო მეტი გრჩება უკან - მეგობრები, ურთიერთობები, ოჯახი, საქმე...…უცხო ქალაქში ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. დეპრესიული ეპიზოდებიც მქონდა: საქართველო ძალიან მენატრებოდა და დაბრუნება მინდოდა. მგონია, ჩემი "ტიკტოკ" ტრენდი ამის ერთ-ერთი ნაწილია: ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი ქართული დეტალები ისე მენატრებოდა, რომ ჩემი სიყვარული ამ ტრეnდში "ჩავდე".

- ამერიკელმა მეგობრებმა იციან, სამშობლოში ასეთი პოპულარული რომ ხარ?

- ზოგმა იცის... ისინიც ძალიან მგულშემატკივრობენ და ელოდებიან, ამ ამბებს ამერიკაშიც როდის "გავიტან" (იღიმის).

- ქართული სიმღერები მოსწონთ?

- მათთვის ძალიან უცხოა, რადგან ენა არ იციან, მაგრამ მელოდიები და ტემბრი ბევრს მოსწონს. თავად ქართული სიმღერები ისე მიყვარს, რომ ამერიკელ მეგობრებს ვაიძულებ, მოუსმინონ. ბევრმა მათგანმა ისწავლა კიდეც.

- ამერიკაში შენი ყოველდღიურობა როგორია?

- ზოგჯერ დილით ძალიან ადრე, 5-6 საათზე ვიღვიძებ, როცა საქართველოში, ჩემი ქართული კომპანიისთვის საქმე მაქვს გასაკეთებელი ან ონლაინშეხვედრები - ჩასატარებელი... იქ უნივერსიტეტში ვმუშაობ კიდეც. ასე რომ, ძირითადად, ჩემი რუტინა მეცადინეობა ან მუშაობაა. საღამოობით მეგობრებს ვნახულობ, სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. ასევე, "ტიკტოკისთვის" ვიდეოებს ვიღებ - ჩემს ქართველ აუდიტორიას არ ვივიწყებ.

- როგორ მოხვდი ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად?

- ამერიკაში ადრეც ვსწავლობდი - ბაკალავრიატის 1 სემესტრი ნიუ-იორკში გავიარე. ერთადერთი ინტერნაციონალური სტუდენტი ვიყავი, ვისაც სრული დაფინანსება მისცეს. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი. აქ ჩემი საქმე გავაკეთე, ვიმუშავე, გამოცდილება დავაგროვე... მერე მივხვდი, დრო იყო, ცოდნა გამეღრმავებინა, უკვე - ამერიკული სტანდარტებით... 2022 წლის აგვისტოში გავემგზავრე.

- შენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?

- ჟურნალისტიკა ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. მახსოვს, რამე ნივთს დავიჭერდი, რასაც მიკროფონს მივამსგავსებდი და ბებოს ინტერვიუს ვართმევდი. ცოტათი რომ წამოვიზარდე, ძალიან მინდოდა, ომის რეპორტიორი ვყოფილიყავი... მოკლედ, კავკასიის უნივერსიტეტში, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე (ჟურნალისტიკის განხრით) ჩავაბარე. რამდენიმე ტელევიზიასა და ონლაინგამოცემაშიც ვიმუშავე, სტაჟირება გავიარე... მერე მივხვდი, ჟურნალისტიკა მედიის ის მიმართულება არ იყო, რომლითაც კარიერის გაგრძელება მინდოდა. გადავწყვიტე, პროფილი ცოტათი შემეცვალა და მასობრივ კომუნიკაციაში გადავედი: ბრენდინგი, სტრატეგიები, პიარი, მარკეტინგი და ა.შ.

- თავის დროზე, ომის რეპორტიორობის სურვილი შენი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულმა ეპიზოდმა ხომ არ გაგიჩინა?

- 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში 11 წლის ვიყავი. ის კადრები ძალიან კარგად მახსოვს... ალბათ, პროტესტი და იმის სურვილი, რომ რაც ჩემს ქვეყანაში ხდებოდა, ფართო მასებისთვის გამეცნო, მაშინ გამიჩნდა.

- ომის პერიოდში სად იმყოფებოდი?

- მამას ბათუმიდან მოვყავდი. გორი მაშინ გავიარეთ, როცა იბომბებოდა. მახსოვს გარშემო დასისხლიანებული ხალხი... მამა მეუბნებოდა, რომ მანქანაში დავმალულიყავი...

- ცოტა რამ შენი ოჯახის შესახებაც გვითხარი.

- ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს მიჭერენ. მამა 3 წლის წინ გარდამეცვალა. დედა და ძმა მყავს. დედა ექიმია, ჩემი ძმა კი იურისტი, ასევე - მონაცემების ანალიტიკოსი გახლავთ. ბევრი მიმართულებით, ნიჭიერი ადამიანია, მაგალითად - ფოტოგრაფიის, ასევე - ტყავზე მუშაობს... გარდა იმისა, რომ თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებულია, ბევრი საინტერესო პროექტი აქვს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ, ოჯახის წევრებთან დაძაბულობა არასდროს მიგრძნია - არც - გარდატეხის ასაკში და არც - ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპებზე. მთელი ცხოვრება დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით განმსჭვალული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასე გრძელდება...

- საჯაროდ აღნიშნე, რომ შენს "ტიკტოკ" ტრენდში გარკვეული მესიჯებიც "ჩადე"...

- დიახ, ეს მესიჯი პირველივე ვიდეოში იყო, შემდეგ კი - ტრენდთან ერთად განვავითარე. მოკლედ, 3 მესიჯი "ჩავდე": მთის რეგიონების პოპულარიზაცია და გაციფრულება; ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაცია; ქალების გაძლიერება.

- როგორც ვიცი, ხევსურების გარდა, საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენელი ბიჭების "გატრენდებასაც" ცდილობდი. ამჟამად, ყველაზე მეტად რომელი კუთხის წარმომადგენლები აქტიურობენ?

- მინდოდა, გული არავის დასწყვეტოდა. ვეცადე, საქართველოს ყველა კუთხის სიმღერაზე გადამეღო ვიდეო. მაგალითად, მეგრელები საკმაოდ აქტიურობენ, იმერლებიც, ასევე - ქიზიყელი კახელები, რაჭველები, აჭარლები... გურულებისგანაც საინტერესო ვიდეოები "წამოვიდა"...

- რეალურად, შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?

- კუთხის მიხედვით მართლა არასდროს შემიფასებია - ეს ყველაფერი ტრენდის ნაწილი იყო. ასე რომ, კუთხესა და წარმომავლობაზე აქცენტს არ ვაკეთებ. ადამიანს მისი თვისებების, ღირებულებების, შეგნების მიხედვით ვაფასებ. როცა ჩემი და სხვა ადამიანების ღირებულებათა სისტემების თანხვედრას ცხადად ვხედავ, მათ მიმართ ინტერესი მიჩნდება. მაგალითად, ძალიან ვაფასებ, როცა კაცებს ქალების მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება, თანასწორობის განცდა აქვთ და ისე არ უყურებენ, როგორც მათზე რაიმე კუთხით ნაკლებს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში მასკულინური ნორმები ისეა დამკვიდრებული, თითქოს ქალი "უკან ჩაჩოჩებულია"...

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?

- ჯერ სწავლა უნდა დავასრულო, შემდეგ ცოტა ხანს ამერიკაში დავრჩები, მერე კი - ვნახოთ, ჩემი კარიერა როგორ გაგრძელდება. კონკრეტული გეგმები არ მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"