"თავნება ანჟუელი ქმარს გაეყარა და ბეთანიის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. სწორედ ამ ძალაუფლებისმოყვარე დიდგვაროვანმა ქალმა აარჩევინა იერუსალიმის ახალი პატრიარქი" - კვირის პალიტრა

"თავნება ანჟუელი ქმარს გაეყარა და ბეთანიის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. სწორედ ამ ძალაუფლებისმოყვარე დიდგვაროვანმა ქალმა აარჩევინა იერუსალიმის ახალი პატრიარქი"

ეს ბრწყინვალე ქანდაკებები ვნახე სან სონ დე ბრუგის ბაზილიკაზე, მასზე გამოსახულია მე-12-საუკუნის დიდი ჯვაროსანი ქალი - სიბილა ანჟუელი, ქმართან - სერ ტიერთან ერთადორივე მათგანი მოიხსენიება იერუსალემის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერებშიც:

"ქრისტე, შეიწყალე სირ დერ და სიბილა".

გრაფინია სიბილამ, ანჟუს გრაფ ფულკის ქალიშვილმა, გიიომ კლიტონზე იქორწინა, ფლანდრიის მომავალ გრაფზე. 1128 წელს გიიომი გარდაიცვალა. მოგვიანებით, სიბილა მამამისთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრა, სადაც ფლანდრიის ახალ გრაფზე, ტიერიზე იქორწინა.

მალე, ენერგიული გრაფინია უკან დარუნდა, ფლანდრიაში და თავისი ქმრის საგრაფოს მართავდა. მისი მეუღლე, ქართულ აღაპში სირ დერად მოხსენიებული ტიერი ამ დროს კვლავაც წმინდა მიწაზე იმყოფებოდა, რითაც ისარგებლა ფლანდრიის მეზობელმა ფეოდალმა ბოდუენ ჰანოტმა და გრაფინიას თავს დაესხა. მაგრამ შეუდრეკელი სიბილა საპასუხო შეტევაზე გადავიდა და ბოდუენის ქალაქები გადაწვა.

საბოლოოდ, რეიმსის ეპისკოპოსმა ისინი დააზავა, მაგრამ სამშობლოში ჩამოსულმა ტიერიმ ბოდუენზე შური იძია. 1157 წელს, წმინდა ადგილების ხელახლა მოხილვის სურვილით, სიბილა კვლავ ჩავიდა იერუსალიმში ტიერისთან ერთად, სადაც თავნება ანჟუელი ქმარს გაეყარა და ბეთანიის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. მონაზვნად აღკვეცილი ენერგიული და შეუპოვარი გრაფინია უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

სწორედ მან, ძალაუფლებისმოყვარე დიდგვაროვანმა ქალმა აარჩევინა იერუსალიმის ახალი პატრიარქი – ამალრიკი. ჯვაროსნული მოძრაობის სწორედ ამ გამორჩეული ევროპელი ქალის მეოხებას შესთხოვენ ქრისტეს ქართველი ბერები ჯვრის მონასტრის განხილულ აღაპში.

სიბილამ და ტიერიმ ქართველთა მონასტერს მდიდრული შესაწირავი მიუძღვნეს, რის აღსანიშნავადაც მისი სახელი ბერებმა აღაპში შეიტანეს.