ლავრენტი ბერიას შვილის ბოლო ინტერვიუ - სტალინის სტუმრობა თბილისში, როგორ გაყიდეს ლავრენტი, შევარდნაძის ოპოზიციონერობა და ქარხანა საქართველოში - კვირის პალიტრა

ლავრენტი ბერიას შვილის ბოლო ინტერვიუ - სტალინის სტუმრობა თბილისში, როგორ გაყიდეს ლავრენტი, შევარდნაძის ოპოზიციონერობა და ქარხანა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე წლებია დაიშალა, არც იოსებ სტალინია ცოცხალი, არც ლავრენტი ბერია და სხვა მაღალჩინოსნები, ამ პოლიტიკური ფიგურების შესახებ ინტერესი არასდროს ნელდება. უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა, ლავრენტი ბერიას ვაჟთან, სერგო ბერიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. ინტერვიუ 2000 წელს ჩაიწერა და ის ლავრენტი ბერიას შვილის ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა.

- მამათქვენი ის ადამიანი იყო, რომლის სახელიც არა მხოლოდ წარსულში, ახლაც იწვევს ხალხში ძრწოლვასა და შიშს. ეს თქვენს ცხოვრებაზეც დატოვებდა კვალს. რას ნიშნავს იყო ლავრენტი ბერიას ვაჟი?

- ჩემი ბიოგრაფია ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ახალგაზრდობაში, უბედურებამდე, ანუ მამის გარდაცვალებამდე და იმ მოვლენებამდე, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, თავს უფრო შებოჭილად ვგრძნობდი, ვიდრე ახლა. ჩვენს ოჯახში მკაცრი ტრადიციული წესები მოქმედებდა და ისე აღმზარდეს, რომ პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რა შეიძლებოდა და რა არა. ყოველთვის უნდა გამეწია ანგარიში იმ თანამდებობისთვის, რასაც მამაჩემი იკავებდა.

picture4-1683272808-1712222831.jpg

- თქვენ ლავრენტი ბერიას ერთადერთი შვილი ხართ?

- ოჯახში ერთადერთი შვილი მე ვიყავი, თუმცა წლების შემდეგ მამას კიდევ გაუჩნდა შვილი - გოგონა, რომლის ცხოვრებაც ძალიან რთულად წარიმართა.

ძალიან კარგი განათლება მივიღე, ეს იმას გულისხმობს, რომ არც ერთ ინფორმაციაზე არ მქონდა შეზღუდვა. პირიქით, მამა ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ მე ურთიერთობა მქონოდა მეცნიერებთან და ისეთ ხალხთან, რომლებიც ჩემს ცოდნაზე იმოქმედებდნენ. მე კი ჩემს მოვალეობად ვთლიდი, მამის დარიგება შემესრულებია, ამიტომ უდარდელი ბავშვობა არ მქონია.

როცა ეს უბედურება მოხდა (ბერიას გარდაცვალება), დამაკავეს. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გამათავისუფლეს და სვერდლოვსკში გამგზავნეს.

- რატომ აირჩიეთ ურალი?

- შემომთავაზეს გამეგრძელებინაა ჩემს პროექტებზე მუშაობა და მითხრეს: „აირჩიე ადგილი, სადაც ამ საქმეს გააგრძელებ“. დედაჩემი ნინაც დაკავებული იყო იმ პერიოდში, როცა მე ციხეში ვიმყოფებოდი, ერთდროულად გაგვათავისუფლეს და დედამ მითხრა, გთხოვ აირჩიე ნებისმიერი ადგილი, მოსკოვის გარდაო.

ციხეშიც და გათავისუფლების შემდეგაც იმართებოდა ასეთი საუბრები: "შენ ირიბად მაინც აღიარე დანაშაული. არ უარყო არაფერი და აღგადგენთ თანამდებობაზე" და ა.შ. ასეთი დამუშავება ნიკიტა სერგეევიჩის(ხრუშჩოვი) დავალებით მიმდინარეობდა, მაგრამ მე არ დავთანხმდი და სვერდლოვსკში წავედი.

დედას უფლება მისცეს, მოსკოვში ეცხოვრა ან თბილისში წასულიყო, მაგრამ ჩემთან განშორება არ სურდა. მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველის შვილის იარლიყი მქონდა, უშუალო ურთიერთობაში, თანამშრომლებთან პრობლემა არ მქონია, მათ მშვენივრად იცოდნენ ვინც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ გვარი შემიცვალეს.

screenshot-2024-04-04-123855-1712222849.png

- იძულებით?

- დიახ, სერგეი ალექსის ძე გეგეჭკორის სახელზე მომცეს ახალი საბუთები. ახლა წერენ იმასაც, თითქოს მე თავად მოვითხოვე სახელის შეცვლა. არადა, მე ახლაც არ მიბრუნებენ ჩემს ნამდვილ გვარს. დავუშვათ, ადრე ამას იმით ხსნიდნენ, თითქოს საზოგადოებრივი სიძულვილისგან ჩემი დაცვა სურდათ, მაგრამ ახლა რა აფერხებთ? სვერდლოვსკში 10 წელი ვცხოვრობდი და ჩემი პროფესიით სარაკეტო სისტემებზე ვმუშაობდი. ჩემს გუნდთან ერთად, რამდენიმე დიდი სისტემა შევქმენი და ზოგიერთს შეიარაღებაში ახლაც იყენებენ. ყოველ საქმეს ახლავს წარუმატებლობა, ხალხს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, ეუბნებოდნენ რომ მარტო დავეტოვე ჩემს წარუმატებლობებთან, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპზე ხალხს უპატივცემულოდ ვექცეოდი, მყავდა მეგობრები, მათ შორის სამსახურშიც, მაგრამ იმ უბედურების შემდეგ, რაც ჩვენ დაგვემართა, დავრწმუნდი, რომ ჩვენი ერი იმაზე კეთილია ვიდრე წარმოაჩენენ, ხალხს შეუძლია კონკრეტულ ადამიანს აპატიოს უფრო მეტი, ვიდრე სისტემას.

ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანს შევხვდი, მათ შორის ისეთებიც, ვინც დაობლდა. მათ მშობლები საბჭოთა სისტემამ და იმ ორგანოებმა მოუკლეს, სადაც ერთ დროს მამაჩემიც მუშაობდა, თუმცა დაახლოების შემდეგ ვხედავდი, რომ ისინი ბოროტად არ მექცეოდნენ, პირიქით მითანაგრძნობდნენ კიდეც. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო.

იმ პერიოდში 28 წლის ვიყავი, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება. 2 ასპირანტურა მქონდა დამთავრებული და ორი სამუშაოც ჩავაბარე, ერთ-ერთ მათგანზე სახელად „ბერკუტი“ სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნეს, რომ მსოფლიოში პირველი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა იყო.

screenshot-2024-04-04-123943-1712222849.png

- თქვენ როგორ მონაწილეობდით?

- მე მთავარი კონსტრუქტორი ვიყავი. სვერდლოვსკში დედა მოულოდნელად ავად გახდა, ის აგროქიმიკოსი იყო და ერთ-ერთ ფოლადის ჩამომსხმელ ქარხანაში მუშაობდა. თანამშრომელთა მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ შესაძლოა დედას ლეიკემია დამართნოდა, ამიტომ ვითხოვე ამ ადგილიდან შორს გადავეყვანე. მადლობა ხელმძღვანელობას, ჩემი მოთხოვნა პოლიტბიუროს გადასცა.

- ასეთი გადაწყვეტილებები ასე უმაღლეს დონეზე წყდებოდა?

- მხოლოდ და მხოლოდ ასე. ნიკიტა ხრუშჩოვის მიმართ ჩემი ანტიპათიის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ მან უარი არ მითხრა: „გაარკვიეთ, სად უნდა ამ ბერიას და წავიდეს, საერთოდაც, მის ძველ სამსახურში დააბრუნეთ“.

screenshot-2024-04-04-123903-1712222849.png

როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, ლავრენტი ბერიას ვაჟი დედასთან ერთად კიევში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო საქმიანობა.

- სიმართლე გითხრათ, კიევში გადასვლის შემდეგ გამოვცოცხლდი. როცა მამა იყო ხელისუფლებაში, ძალიან შეზღუდული ვიყავი და მორიდებულად ვიქცეოდი. მთელი 10 წლის განმავლობაში მითვალთვალებდნენ. როცა ტროლეიბუსში ჩავჯდებოდი, უკან მანქანით მომყვებოდნენ, აკვირდებოდნენ, თუ მივიდოდი სამსახურამდე. კოლექტივშიც იყვნენ ჩემზე მომაგრებული ადამიანები, რომლებიც ამას არც კი მალავდნენ. თვალთვალი უკრაინაში შეწყდა. აქაც კი მითვალთვალებდნენ, მაგრამ უფრო ადამიანურად. ჩემს გარემოცვაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ევალებოდათ ყველა ინფორმაციის მიტანა. ამის შესახებ ვიცოდი, თავად მეუბნებოდნენ: სერგო ასე და ასეა, რა ვქნათო?

- საქართველოში არ გიფიქრიათ დაბრუნება? ვფიქრობ, ქართველები ხელის გულზე გატარებდნენ

- ქართველები ახლაც ძალიან კარგად მექცევიან, თუმცა მესმოდა, რომ იქ ძალიან რთული იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ბევრი რამით უკმაყოფილო იყო, რაღაც დაჯგუფებებშიც იყვნენ, აპოლიტიკური ადამიანი არ ვარ, თუმცა უპირველეს საკითხად, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ეკონომიკა მიმაჩნია... არ მინდოდა, რომ ჩემი გადაბირება ხან ერთ მხარეს ეცადა ხან მეორე მხარეს. მეორეც, გამაფრთხილეს, რომ თუ საქართველოში წასვლას დავაპირებდი, არ გამიშვებდნენ, იმიტომ არა, რომ ოპოზიციონერი გავხდებოდი, მითხრეს, თუ წახვალ ცუდად გამოგიყენებენო. გარდა ამისა, იქ არ იყო ბაზა, რომელიც მე ჩემი სამუშაოსთვის მჭირდებოდა.

ლავრენტი ბერიას შვილი შევარდნაძეზე

- როგორც ვიცი, კარგი ურთიერთობა გაქვთ შევარდნაძესთან

- როგორ გითხრათ... ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ისე კი პატივს ვცემთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა, არ მინდა მასზე უარყოფითად ვისაუბრო. ალბათ, ბოლომდე არ მესმის, რასაც ის ახლა საქართველოში აკეთებს, მეორეს მხრივ, ქვეყანა მიიყვანო ასეთ სიღარიბემდე - არ არის დიდი დამსახურება.

- შემოგთავაზათ შევარდნაძემ დარჩენა?

- არაერთხელ, მაგრამ ვუთხარი, რომ უფრო მეტ სარგებელს კიევიდან მოვუტანდი და ასე ავაშენე საქართველოში ქარხანა.

მამასა და ბავშვობაზე

მამა დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე და ისე მზრდიდა, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მაშინ თბილისში ვცხოვრობდით, მოსკოვში მხოლოდ 1938 წლის ბოლოს აღმოვჩნდით. მამა ძალიან ორგანიზებული იყო, მთელი დღე დაგეგმილი ჰქონდა. დილის 6 საათზე იღვიძებდა, მე და დედასაც გვაღვიძებდა. დიდი ვერანდა გვქონდა, მაშინ მიულერის წიგნი იყო პოპულარული ორგანიზმის გაკაჟებაზე და წიგნის მიხედვით ვვარჯიშობდით... ზამთარ-ზაფხულ ვვარჯიშობდით.

ჩვეულებრივი მჭიდროდ დასახლებული ეზო იყო. არავითარი დაცვა არ გვყავდა. ყველა ეს უსაფრთხოების ზომები კიროვის გარდაცვალების შემდეგ შემოიღეს.

მამა დაჟინებით ითხოვდა, რომ გერმანულ სკოლაში მესწავლა. ადრე საბჭოთა კავშრიშ იყო სკოლები, სადაც ყველა საგანს უცხო ენაზე ასწავლიდნენ, იყო საბავშო ბაღებიც, სადაც ბავშებს ასეთი სკოლისთვის ამზადებდნენ. მოვასწარი ასეთი შვიდკლასიანი სასწავლებელი დამემთავრებინა.

მამა ყურადღებას აქცევდა იმასაც, რომ მეცადინეობის გარდა, სპორტით დავკავებულიყავი - როცა რომელიმე სკვერში შეჯიბრი ტარდებოდა, ჩემს საგულშემატკივროდ მოდიოდა.

ბავშვობიდან ადევნებდა თვალს, რა წიგნებს ვკითხულობდი. დაჟინებით ითხოვდა, რომ ბერძნული მითოლოგიის გარდა, ქართული მითოლოგიაც წამეკითხა. მამა თავად მირჩევდა წიგნებს ასაკის მიხედვით. ეს იქამდე გაგრძელდა, ვიდრე მამას მოსკოვში გადაიყვანდნენ, საერთოდაც, ის ამის წინააღმდეგი იყო.

screenshot-2024-04-04-123910-1712222849.png

- არ სურდა დაწინაურება?

- მან იცოდა, ეს რით დასრულდებოდა. საქმე იმაშია, რომ უსიამოვნებები 1934 წლის შემდეგ დაეწყო, როცა დაკავებები დაიწყო. საქართველოში ეს ვითარება არ მიწყნარდა და სერგო ორჯონიკიძეს წერილი მისწერა, რომელსაც თავის მასწავლებლად თვლიდა. ჯერ კიდევ წლების წინ ორჯონიკიძემ და კიროვმა გადაიბირეს ახალგაზრდა ლავრენტი ბერია და ბაქოში გაგზავნეს სამუშაოდ. მას შემდეგ ისინი სიკვდილის ბოლომდე უჭერდნენ მამას მხარს.

- არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რატომ დახვრიტეს ორჯონიკიძე?

- იოსებ სტალინმა ის დილემის წინაშე დააყენა - პიატაკოვისა და რამდენიმე ადამიანის გასანადგურებლად ყრილობაზე გამოსვლა მოსთხოვა, რასაც ორჯონიკიძე არ დათანხმდა და სტალინის სახელზე წერილიც დატოვა.

- ანუ ორჯონიკიძე პატიოსანი ადამიანი იყო?

- როგორ გითხრათ, მან თავისი ქმედებით ბევრი ზიანის მოტანა მოახერხა. მაგალითად, რა საჭირო იყო საქართველოს შტურმით აღება, როცა მენშევიკები ისედაც მიდიოდნენ. ლენინი იმ დროს მენშევიკების ლიდერ ჟორდანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა...

როგორ ბერიას შვილი აღნიშნავს, მათთან ოჯახში მიღებული იყო, რომ ოჯახის წევრებს საკუთარი აზრი დაეფიქსირებიათ. ერთხელ მან უკმაყოფილება გამოხატა რომ ლენინი გლობალურ საკითხებს წყვეტდა, სტალინი კი ბევრ საკითხში უკან იხევდა, ლავრენტი ბერიამ კი უპასუხა, რომ ეს შეიძლება კარგიც იყო ან ცუდი, ამის გასაგებად კი ლენინის ფიგურა უკეთ უნდა შეესწავლა, აიღო ტელეფონი, დარეკა არქივში და იმ დოკუმენტების გაცნობის საშუალება მისცა, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო. როგორც ბერიას შვილი აღნიშნავს, გაოგნებული იყო ლენინის შეხედულებებითა და გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით კი ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებით.

„მამა ძალიან თავდაჭერილი იყო რელიგიური საკითხების მიმართ და ანტირელიგიური შეხედულებები მისგან არასდროს მომისმენია. იოსებ ბესარიონოვიჩიც, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიას ხალხის ოპოუმს ეძახდა, თავად...

- თავად წამოვიდა იქიდან და იცოდა მისი ძალა?

- ზუსტად. ვლადიმერ ილიჩს კი კულტების მიმართ ცხოველური სიძულვილი ჰქონდა. წერდა, რომ მღვდლები ისეთი მეთოდით უნდა დასაჯო, რომ ათწლეულები კი არა, ასწლეულების შემდეგაც შიშით გაიხსენონო.

show-photo2-1712222831.jpg

- ლავრენტი ბერიას სტალინის მიმართ კარგი დამოკიდებლება ჰქონდა?

- სხვადასხვაგვარი. როცა საქართველოში ვცხოვრობდით, სტალინს აღმერთებდა. მთელი ჩვენი ოჯახიც. ჩვენ დავინახეთ, რომ ის გენიოსია, შეიძლება თქვენ ამას არ ეთანხმებოდეთ... მაგრამ, ბოროტი გენიოსი. ხანდახან ვფიქრობ: სასიხარულო იქნებოდა თუ არა, იოსებ სტალინი რომ გიჟი ყოფილიყო.

- მაგრამ ის თავის ჭკუაზე იყო?

- აბსოლუტურად, ბოლო მომენტამდე. პირველად სტალინი 1934 წელს ვნახე, შემდეგ კი ის ჩვენთან საქართველოში ჩამოვიდა. სახლში მოვიდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა, გაფრთხილების გარეშე, უეცრად გამოჩნდებოდა. სახლში რომ შემოვიდა სტალინმა მაშინვე თქვა: “ეს რა არის, ჩიტების სახლში ცხოვრობთ?“ მამას გაუკვირდა: „კარგი სახლია, ოთხოთახიანი, მეზობლად მეგობრები არიან“. „თქვენ სახლი უნდა ააშენოთ, რადგან როცა მოსკოვიდან სტუმრები ჩამოვლენ, ნორმალურად მიიღოთ. არ ვარგა, როცა თქვენს საძინებელს ათავისუფლებთ და იქ მე მაწვენთ“ , - განაგრძო სტალინმა. იოსებ ბესარიონოვიჩი ჩვენთან ერთი კვირა ცხოვრობდა. მაშინ დაახლოებით 10 წლის ვიყავი. სტალინი ჩემთვის ღვთაებასავით იყო, უეცრად კი ისე გესაუბრება როგორც თანასწორს, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო.

საქართველოში სტალინი ქართულად გვესაუბრებოდა, რუსეთში კი არასდროს, არადა, ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. საუბრები იმაზე, თითქოს სტალინი და მამა ქართულად საუბრობდნენ - ტყუილია. ამის უფლებას თავს მხოლოდ მაშინ აძლევდ, ა როცა ჩვენთან მოდიოდა და დედას ესაუბრებოდა. მაგალითსაც, გეტყვით, ერთხელ სვეტლანასთან და ვასიასთან სტუმრად ვიყავი...

სკოლაში სვეტლანაზე 3 კლასით წინ ვიყავი, რადგან სწავლა გაცილებით ადრე დავიწყე. ჩვენს შორის ასაკში 1 წელია განსხვავება. ისე მოხდა, რომ სვეტლანა დედას ძალიან მიეჯაჭვა და ჩემს დად ვთვლიდი. თითქმის ყოველ დღე ჩვენთან იყო სახლში და ჩვენც კვირაში ერთხელ ან აგარაკზე მივდიოდით მათთან ან კრემლის ბინაში. ერთხელაც სტუმრობისას, სტალინი სახლში მოვიდა, ვისადილეთ და გვეკითხება: რას კითხულობთ? - ჩვენ წიგნები ჩამოვუთვალეთ, - „ზოლაზე რაიმე იცით?“ - შემდეგ დაგვისახელა ერთ-ერთი წიგნი რომელიც წაკითხული არ გვქონდა და გავაგრძელეთ საუბარი ლიტერატურაზე. ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო, უზარმაზარ ბიბლიოთეკას ფლობდა და ეს არ იყო საჩვენებლად შექმნილი. მამა როცა მოსკოვში გადავიდა, წუხდა, კითხვას ვეღარ ვასწრებო, „სტალინი კი - ამბობდა - მაინც ასწრებს, როგორც ჩანს, სწრაფი კითხვის რაღაც სტილი იცისო“. შემდეგ ამ საქმეში სპეციალისტებიც ჩართო და როგორც ვიცი საათში ხუთასამდე გვერდს კითხულობდა...

stalinandberia.jpg

ზოლაზე კითხვის შემდეგ სტალინმა მკითხა, „რომელ ქართულ წიგნებს კითხულობ?“ - კარგად მახსოვს, ვუთხარი, რომ ვერ ვასწრებდი. მე არაფერი მითხრა, აიღო ყურმილი, დედას დაურეკა და გალანძღა: „ეს როგორ მოხდა, რომ სკოლაში სწავლისას, თქვენს ვაჟს არ აქვს დრო ქართული წიგნები იკითხოს?“

ამ ურთიერთობის მიუხედავად დედას დაკავება სურდათ... ჩვენ სვეტლანამ გაგვაფრთხილა - ის სტალინის კაბინეტში მაშინ შევიდა, როცა მამამისი ტელეფონზე საუბრობდა, მიხვდა, რომ დედაჩემზე საუბრობდნენ... ასეთი საქმეები იგეგმებოდა ჩვენს წინააღმდეგ... სტალინი ძალიან სასტიკი ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად ვინც იყო. დედამ იფიქრა, რომ თუ ასე თბილად ექცეოდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, შეეძლო რაღაც საკითხებზე ღიად ესაუბრა, რაც დიდი შეცდომა იყო. დედა მხარს უჭერდა მეცნიერებს და ერთხელაც უთხრა: იოსებ ბესარიონოვიჩ, ისინი ძალიან განათლებული და კულტურული ხალხია. მათ არ ესმით საბჭთა ხელისუფლების და არც სურთ მისი გაგება. რა საჭიროა მათი უგულებელყოფა, ისინი ხომ მუშაობენ და თავიანთ საქმეს აკეთებენ“. როგორც მამამ მითხრა, მაშინ სტალინი ძალიან გაბრაზებულა: „ასეთი ჭკვიანი ქალია და მე მასწავლის...“

სტალინს ნიჭი ჰქონდა, რომ ყველას კარგად განაწყობდა და სულში უძვრებოდა. შეეძლო ადამიანის მოხიბლვა. მაშინაც, თითქოს არაფერი, გაიცინეს და დედას უთხრა მოვიფიქრებო... მახსოვს მამა როგორ გაუწყრა დედას: „ხედავ სადამდე მივიდა საქმე, ასეთ ხალხთან არ შეიძლება გულღია იყო. რაც მის კონცეფციაში არ ჯდება, იმას არასდროს დათანხმდება“.

bea291-5f404395315b4a4ea0940765972c2c93mv2-1712223074.jpg

„სტალინის სიცოცხლეში მამა მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მას წყალბადის ბომბი უნდა დაესრულებინა. იოსებ ბესარიონოვიჩს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მესამე მსოფლიო ომიც მოეგო. ამისთვის ამზადებდნენ ტანკებს, იარაღებს, ვერტმფრენებს. მხოლოდ წყალბადის ბომბს ელოდებოდნენ, რომელიც მაშინ ამერიკას არ ჰქონდა. მამაჩემისა და კურჩატოვის ერთი საუბარი მახსოვს. აზრი გამოვიტანე, რომ არც ერთს არ სურდათ ამ ბომბის დამზადება დასრულებულიყო, რადგან ომი გარდაუვალი იქნებოდა, შედეგების წინასწარმეტყველება კი რთული იქნებოდა. ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას დაიპყრობდნენ - ეს ნათელია. იმ დროს კონტინენტთაშორისი რაკეტები არ ჰქონდათ, თუმცა ამაზეც დაიწყეს მუშაობა.

არაერთხელ გამიგია, როცა მამა ხრუშჩოვსა და მალენკოვს ეუბნებოდა: „თქვენ რა, ვერ ხვდებით, რომ ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა? 10 წლის შემდეგ ჩვენ შიმშილითა და ცუდი ცხოვრებით გაცხოველებული ხალხის წინაშე აღმოვჩნდებით“. ყველა სახსრები საომარი რესურსებისთვის გამოიყენებოდა. მამა კოლმეურნეობის სისტემის წინააღმდეგიც იყო, განსხვავება ის იყო რომ კოლმეურნეობა ერქვა და არა მონათმფლობელობა. სტალინი კი ამ ყველაფერს ისმენდა, არ აწყვეტინებდა და მაინც თავისას აკეთებდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მამამ გაიხსენა როგორ მივიდა ერთხელ მასთან და ეუბნება: „იოსებ ბესარიონოვიჩ, არ არის საჭირო მუდამ მარწუხების მოჭერა, თქვენ უნდა უყვარდეთ და არა ეშინოდეთ თქვენი“. „მიმიფურთხებია ასეთი სიყვარულისთვის, საქმე დროშია და არა სიყვარულში. მაქსიმუმ 10 წლის სიცოცხლე დამრჩა. თუ ზეწოლას არ განვახორციელებ და როგორც შენ ამბობ, ცხოველი არ ვიქნები, ვერაფერს მივაღწევ. სიყვარულით თუ იმოქმედებ, 100 წელიც გავა, მაგრამ უჩემოდ ვერაფერსაც ვერ გააკეთებთ“ , - უპასუხა სტალინმა.

სტალინის სიკვდილის დღე

სტალინს რომ ინსულტი ჰქონდა, ერთ-ერთმა პირველმა მეც გავიგე. მოსკოვში ასეთი წესი გვქონდა, მთელი ოჯახი ერთსა და იმავე დროს ვსადილობდით. სახლში რომ მოვედი, მამა არ იყო. შემდეგ დედას დაურეკა და უთხრა, რომ არ მოვიდოდა - იოსებ ბესარიონოვიჩს უბედურება დაემართა. ისიც თქვა, რომ მუშაობას ვეღარ შეძლებდა, რადგან სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს. დედა ატირდა, მე კი ვუთხარი რა გატირებს? - რისთვის სურდათ შენი დაჭერა? მამაზე მუდამ თავდასხმას ცდილობენ, რისთვის? ჩემზე საქმე აღძრეს, თითქოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ რამეს ვგეგმავდი, რა გატირებს, უნდა გაგიხარდეს!

დედა ძალიან გამიბრაზდა, გავიდა წლები, შემდეგ ერთად კიევშიც ვცხოვრობდით, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მაპატია, როგორ არ გრცხვენია, იოსებ ბესარიონოვიჩს თავისი ხედვები ჰქონდაო. დავუშათ სტალინი არ იყო მართალი, მაგრამ ქართველი იყო, და „მაინც არ უნდა გეთქვა...“

ეს ამბავი რომ გავიგეთ, მხოლოდ სვეტლანა შემეცოდა, სტალინის შვილი. ის ძალიან მარტოსული ადამიანი იყო და ვიცოდი, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ვითარება უფრო გართულდებოდა. დაკრძალვაზე მივედი, ვალდებული ვიყავი იქ ვყოფილიყავი.

. იმედი მქონდა, რომ ხალხის ყოფა შეიცვლებოდა და ომის იდეა და ეს ზეწოლა შესუსტდებოდა, რომელმაც ყველა ძალა გამოაცალა ქვეყანას. არ ველოდი, რომ ძალაუფლებაში მოსული ხრუშჩოვი კონფრონტაციაში შევიდოდა დასავლეთთან. მაშინ, როცა ხრუშჩოვიც და მალენკოვიც მამაჩემს ეუბნებოდნენ: რად გვინდა ომი, გერმანიის სახელმწიფო ჩვენს მოკავშირედ უნდა გავხადოთო...

საერთოდაც, მამას ასეთი იდეა ჰქონდა: „რა საჭიროა გერმანიაში სოციალიზმის აგება? უნდა გავაერთიანოთ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და გვეყოლება ეკონომიკური მოკავშირე. ჩვენ კი არ მივცემთ მას ფულს, არამედ იქედან მივიღებთ.

- შეეძლო თუ არა ლავრენტი ბერიას, სტალინის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი გამხდარიყო?

- ცალსახად არა.

- იმიტომ, რომ კიდევ ერთ ქართველს ხალხი ვერ აიტანდა?

- ამ მიზეზის გამოც. მამა არ მიისწრაფვოდა ხელისუფლებისკენ. ერთადერთი რაც სურდა, ეს იყო ეკონომიკური სტრუქტურა ემართა. მას ბევრი უჭერდა მხარს. საერთოდაც, ახლა თქვენთან რომ ვსაუბრობ, ეს იმ ხალხის დამსახურებაა ვინც მამას უჭერდა მხარს, მათ გადამარჩნეს, როცა მამა მოკლეს. იმავე დღეს დამაკავეს... ვიცოდი, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო, დამაკავეს და საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დამხობის ბრალი წამიყენეს. გამიმართლა, რომ მაშინ რაიმე ტერორისტული ორგანიზაცია არ არსებობდა...

პირველი პირის თანამდებობაზე მამა მალენკოვს უჭერდა მხარს. ისინი მეგობრობდნენ. მასში ერთი თვისება არ მომწონდა, ის ძალიან მოხერხებული, გაქნილი ადამიანი იყო, ხრუშჩოვი კი უფრო სწორხაზოვანი და პირდაპირი. ხრუშჩოვი უფრო სასიამოვნო ადამიანად მიმაჩნდა. მალენკოვმა მამა გაყიდა, თან სასიკვდილოდ გაწირა...

მამა ყოველთვის ამბობდა, ხრუშჩოვი არ არის ჭკვიანი, მაგრამ ძალიან ცბიერიაო. გაგიკვირდებათ და ხრუშჩოვს საკმაოდ ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სტალინი მას რატომღაც ითვალიწინებდა, მაგრამ სულელსაც ეძახდა და დასცინოდა კიდეც. იყო მხოლოდ 2 ადამიანი ვისზეც სტალინი არაფერს ამბობდა, ესენი იყვნენ მამაჩემი და მოლოტოვი. სტალინი ხვდებოდა, რომ მოლოტოვის მსგავსი მეორე ფიგურა უნდა ჰყოლოდა.

main-qimg-0c70a71fa94a31ee0909d4f81dc991a0-lq-1712223155.jpeg

- ფიქრობთ, რომ სტალინს ლავრენტი ბერიას ეშინოდა?

- არა, ასე რომ ყოფილიყო ყველა ორგანოს ჩამოაშორებდა. სტალინი ფიქრობდა, რომ ბოლომდე გამოიყენებდა მამას და შემდეგ შეხედავდა სიტუაციას. ამას არც მალავდა და ეუბნებოდა, სწრაფად იმუშავეო, ჯერ ატომური ბომბი სურდა, შემდეგ კი წყალბადის. მამამ ეს თავიდანვე იცოდა და მიუხედავად ამისა, მაინც ხაფანგში გაება. სხვა საქმე იყო, უბრძოლველად დანებდებოდა თუ არა. ტყუილად ხომ არ მოიფიქრეს „მეგრელთა საქმე“. მაშინ საქართველოში 35 ათასი ადამიანი დააკავეს.

- სტალინიც ხომ ეძებდა „მთავარ მეგრელს“. რას ფიქრობთ, რა იგრძნო მამამ, როცა სტალინის სიკვდილი გაიგო?

- ვფიქრობ, შვება იგრძნო.

- მას ერთ ფრაზას მიაწერენ, იმ დროს ნათქვამს, როცა სტალინმა საბოლოოდ დახუჭა თვალები...

- მამა რომ სტალინს ტირანს უწოდებდა ეს ვიცი, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ ამ ფრაზამ იქ გაიჟღერა. საერთოდაც, იმ ამბებში, რომელიც სვეტლანამ აღწერა, ბევრი ტყუილია.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მოგვიანებით გიორგი ჟუკოვმა მითხრა, ის მამას გამოსავალს სთავაზობდა: „უნდა მოხდეს სამხედრო გადატრიალება და პარტიის ყველა ხელმძღვანელი ჩაიცხრილოს“. მამამ უთხრა, რომ ხალხი ვერ გაგვიგებს და ეს ბონაპარტიზმიაო.

- მამათქვენის მოშორებაში რა როლი ჰქონდა ხრუშჩოვს?

- ხრუშჩოვმა 53 წელს ერთ-ერთ პლენუმზე ფრანგებთან და იტალიელებთან განაცხადა, რომ მათ იმდენად ეშინოდათ ლავრენტი ბერიასი, რომ ის მაშინვე მოკლეს - აღნიშნა ბოლო ინტერვიუში ლავრენტი ბერიას ვაჟმა. წყარო