ბერძნებმა ქართველების დაცინვა უკან წაიღეს - ირონიიდან პატივისცემამდე: "ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს" - კვირის პალიტრა

ბერძნებმა ქართველების დაცინვა უკან წაიღეს - ირონიიდან პატივისცემამდე: "ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს"

საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, ზოგიერთი ბერძენი გულშემატკივარი კი ამტკიცებდა, რომ თითქოს პენალტების სერიაში სუსტებს უმართლებთ(საიდან დაასკვნეს უცნობია. ან მატჩის სურათიდან გამომდინარე, საიდან მოიტანეს, რომ თითქოს საქართველოს ნაკრები საბერძნეთისაზე სუსტია), თუმცა ბერძნულმა პრესამ და იქაურმა გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ აზრი შეიცვალეს.

კერძოდ, ბერძენმა ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა აღიარეს, რომ საქართველოს ნაკრებმა მათ აჯობა და ირონიული სიტყვები და ზოგიერთის მხრიდან პირდაპირი დაცინვა არასწორი საქციელი გახლდათ. ეს, სხვათა შორის, ღირსეული საქციელია. ყველას არ შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება.

„ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს. ჩვენი საქციელით ქართველების მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინეთ. ყაზახეთს მოვიგეთ და გვეგონა მესის არგენტინა დავამარცხეთ. ეს სანიოლის გუნდის მიმართ უპატივცემულობა იყო. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ ინტერნეტში გავრცელდა ეპიზოდი ბერძნული პრესიდან, რომელშიც იქაური ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებს დასცინოდნენ.

„საქართველოში ძირითადი სპორტის სახეობები ძალოსნობა, ჭიდაობა და ძიუდოა, მაგრამ ბურთსაც თამაშობენ... დინამომ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო და ბერძნულ კლუბს ევროთასი მოგებული არ აქვს, თუმცა ის საბჭოთა კავშირის წარმატება იყო და არა საქართველოსი...

რაც შეეხება მათ ფეხბურთელებს, კვარაცხელიას გარდა ქართველები კუთხის მაღაზიებში თამაშობენ. დიახ, კარგი მეკარეც ჰყავთ, მამარდაშვილი, რომელიც "ვალენსიაში" ჩინებულად ასპარეზობს.

ფინალი, რომ საბერძნეთში იმართებოდეს, ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატის ბილეთებს უნდა ვჯავშნიდეთ".

იმედია, დაჯავშნას არ გადაიფიქრებენ, ჩაბრძანდებიან 18 ივნისს დორტმუნდში და უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.