ბალტიმორის კატასტროფის საიდუმლო:ნატოს საფრთხე შეექმნა - პორტში გამოიკეტნენ გემები, რომლებმაც ევროპაში იარაღი უნდა გადაზიდონ - კვირის პალიტრა

ბალტიმორის კატასტროფის საიდუმლო:ნატოს საფრთხე შეექმნა - პორტში გამოიკეტნენ გემები, რომლებმაც ევროპაში იარაღი უნდა გადაზიდონ

ხიდების ბურჯებზე გემების დაჯახების შემთხვევები არცთუ იშვიათი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკიპაჟების განკარგულებაშია ნავიგაციის თანამედროვე საშუალებები...

ამიტომაც, 26 მარტის გამთენიისას, როდესაც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს საპორტო ქალაქ ბალტიმორის პორტთან გადებულ 2,5 კმ სიგრძის საავტომობილო ხიდის ერთ-ერთ ბურჯს კონტეინერმზიდი დიდი გემი შეეჯახა, ეს დასანან შეცდომად იქნა აღქმული, გამოწვეული ამ გემის ეკიპაჟის შეცდომით ან თავად გემის ტექნიკური გაუმართაობით...

თუმცა, 300 მ სიგრძისა და 48 სიგანის კონტეინერმზიდი გემის MV «Dali» -ის დაჯახება ფატალურად დასრულდა ბალტიმორის ხიდისთვის,რადგან მისი 366 მ-იანი ძირითადი რკინის კონსტრუქცია დაჯახების შემდეგ, ნახევარ წუთში მთლიანად ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

ბალტიმორელები დარჩნენ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი საავტომობილო ხიდის გარეშე, რომელზეც წელიწადში არანაკლებ 11,5 მლნ ავტომობილი გადადიოდა, თუმცა ამ კატასტროფამ(ხიდის ჩამოშლის შედეგად წყალში რამდენიმე ავტომილი ჩავარდა და არიან დაღუპულებიც) სხვა,ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაც წარმოქმნა, რომელიც სცილდება ბალტიმორის და თვით აშშ-ს დონეს და შეიძლება გახდეს გლობალური პრობლემა, თუკი მოწინააღმდეგე მხარე ისარგებლებს(სანამ დაშლილი ხიდის კონსტრუქციებს ამოიღებენ წყლიდან) მისთვის ასეთი გამართლებით...

1-gemi-1711703991.jpg
300 მ-ის სიგრძის ეს კონტეინერმზიდი გემი ბალტიმორის საავტომობილი ხიდის ბურჯს დაეჯახა და 366 მ სიგრძის ხიდის რკინის კონსტრუქცია წყალში ჩამოაქცია...

საქმე ის არის, რომ ბალტიმორის პორტში ათწლეულების განმავლობაში ბაზირებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო შენაერთი, რომლის საბრძოლო მზადყოფნაზეც დამოკიდებულია,შეიძლება მთელი ნატოს უსაფრთხოებაც კი ევროპაში...

ეს არ არის არც ატომური საავიამზიდო ჯგუფი და არც საკონტინენტშორისო ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების ესკადრა...ბალტიმორის პორტში ნავმისადომებთან განგაშის სიგნალს ელოდება...სატვირთო გემების კვარტეტი!

ოღონდ ესენი არიან მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Algol-ის კლასის სატვირთო გემები, რომლებმაც საბრძოლო დავალების მიღებიდან 96 სთ-ში უნდა დაიწყონ სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანა ევროპისკენ(ან სხვა მიმართულებით) 33 კვანძის(61 კმ/სთ) სიჩქარით...

2-gemi1-1711703923.png
ბალტიმორის პორტის ერთი წლის წინანდელი თანამგზავრული ფოტო, რომლის ქვედა ნაწილში მოჩანს, აწ უკვე ყოფილი საავტომობილო ხიდი...

ეს ოკეანეებში და ზღვებში ცურვის დიდ სიჩქარედ ითვლება, რადგან ამავე კლასის სხვა სამოქალაქო სატვირთო გემების ცურვის სიჩქარე ძირითადად მხოლოდ 13-24 კვანძი თუა, ხოლო სამხედრო ტვირთვების დროულად გადასროლას საომარი მოქმედების თეატრისკენ ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ასე მოხდა „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს, როდესაც სწორედ Algol-ის კლასის სატვირთო რვა გემმა აშშ-იდან სპარსეთის ყურეში სამხედრო ტვირთების 30 %-ი გადაიტანა და ასე გამეორდა, ერაყისა და ავღანეთის ოპერაციების დროსაც.

ეხლაც,ნატოს სტრატეგიულ გეგმებში გაწერილია, რომ თუკი ევროპაში სიტუაცია ძალზე დაიძაბა, რისკენაც სამწუხაროდ მართლაც მიდის საქმე, სწორედ Algol-ის კლასის სატვირთო გემებმა უნდა დაიწყონ სამხედრო დანიშნულების ტვირთების სასწრაფო გადასროლა ატლანტიკის ოკეანის დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპიროსკენ- Algol-ის კლასის სატვირთო გემის სრული წყალწყვა 55,3 ათას ტონას შეადგენს და თითოეულ მათგანს 700 ერთეულზე მეტი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის ტანკების გადატანა შეუძლია ამერიკის ბალტიმორის პორტიდან საფრანგეთის ბრესტის პორტამდე დაახლოებით 100 სთ-ში...

3-gemi-1711703856.jpg
Algol-ის კლასის უზარმაზარი და ყველაზე სწრაფი ოთხი ასეთი სატვირთო გემი გაურკვევლი დროით გამოიკეტა ბალტიმორის პორტში ჩანგრეული ხიდის კონსტრუქციების მიერ პორტიდან გამოსასვლელის ჩახერგვის გამო...

და ასეთ დაძაბულ დროს, როდესაც რუსეთი ყოველდღიურად მასიურად და დაუნდობლად ბომბავს უკრაინას და არც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებისკენ მუქარებს ერიდება, აშშ გარკვეული დროით კარგავენ სამხედრო ტვირთების ევროპაში გადასროლის მთავარი სტრატეგიული საშუალების-ყველაზე სწრაფი დიდტევადი სატვირთო გემების გამოყენების უნარს, რადგან Algol-ის კლასის რვა სატვირთო გემიდან ოთხი ბალტიმორის პორტშია დაბლოკილი საავტომობილო ხიდის კონსტრუქციების პორტიდან გამოსასვლელის ჩახერგვის გამო...

კონსპიროლოგიის მოყვარულებმა როდესაც გაიგეს, რომ ბალტიმორის ხიდის ბურჯზე დაჯახებული კონტეინერმზიდის კაპიტანი წარმოშობით უკრაინელი გახლდათ, მაშინვე დაუკავშირეს ეს რუსეთ-უკრაინის ომს იმის მტკიცებით, თითქოს ეს უკრაინელი გემის კაპიტანი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოისყიდეს, რათა 300 მ-სიგრძის უზარმაზარი გემი, რომელიც პირამდე იყო დატვირთული საზღვაო კონტეინერებით...მას სპეციალურად დაეჯახებინა და დაენგრია ხიდი, რომ Algol-ის კლასის ოთხი სატვირთო გემი(რომლის იმედზეცაა ნატო) ბალტიმორის პორტში გამოკეტილი დარჩენილიყო საკმაო ხნით, სანამ ჩანგრეული ხიდის კონსტრუქციებიდან გაწმენდავენ ბალტიმორის ყურიდან გამოსასვლელ საზღვაო გზას...