"მედეას შვილები არ დაუხოცავს, ტყუილს ნუ ვაბრალებთ! ევრიპიდეს კონკურენტები აუმხედრდნენ: მატყუარა ხარ, კორინთელთაგან ქრთამი აიღე, რომ "მედეა" ამ სახით დაგეწერაო" - რას ამტკიცებს ახალგაზრდა ბერძენი ისტორიკოსი? - კვირის პალიტრა

"მედეას შვილები არ დაუხოცავს, ტყუილს ნუ ვაბრალებთ! ევრიპიდეს კონკურენტები აუმხედრდნენ: მატყუარა ხარ, კორინთელთაგან ქრთამი აიღე, რომ "მედეა" ამ სახით დაგეწერაო" - რას ამტკიცებს ახალგაზრდა ბერძენი ისტორიკოსი?

დახოცა თუ არა მედიამ შვილები? უძველესი მითოლოგიის დროიდან იშვიათად მოიპოვება პერსონაჟი, რომელიც კაცობრიობას იმდენად აინტერესებდეს, როგორც მედეა: კოლხეთის მეფის გრძნეული ასული, რომელიც 25 საუკუნის წინ ბერძნებმა შვილების მკვლელის "იმიჯით" შემოსეს. ამგვარად აღწერა ის ყველაზე დროის ყველაზე დიდმა ბერძენმა ტრაგიკოსმა ევრიპიდემ თავის პიესაში. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ მედეას ერთ-ერთი პირველი დამცველებიც სწორედ ბერძნები იყვნენ და დღესაც ისინი გამოდიან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 25 საუკუნის წინ, როდესაც "მედეას" დადგმისთანავე, ევრიპიდემ დიდი ტრაგიკოსის წოდება მიიღო, კონკურენტები და მათი გულშემატკივრებიც მაშინვე აუმხედრდნენ: მექრთამე ხარ და მატყუარა ხარ, კორინთელებისაგან ქრთამი აიღე, რომ "მედეა" ამ სახით დაგეწერა, ყველამ იცის, რომ თავად არიან მედეას შვილების მკვლელები და ახლა უნდათ შენი საშუალებით ხელები მედეას შეახოცონო.

თუ რას ემართლებოდნენ კორინთელები მედეას შვილებს, ესეც ცნობილია: მედეას ქმარმა - იასონმა უღალატა, მას კორინთოს მეფის ასული შეუყვარდა, რის გამოც მისი ცოლად შერთვა და მედეას თავიდან მოშორება გადაწყვიტა. შურისძიებით ავსებულმა კოლხმა ქალმა კი ქმრის საცოლე და მამამისიც საწამლავით დახოცა, რის პასუხადაც, კორინთელებმა შვილები დაუხოცეს!

აი, ამ დღიდან მოყოლებული მედეა არ დავიწყებია არც მსოფლიოს, არც ბერძნებს, სადაც მედეას დაცვაც და კრიტიკაც დღემდე გრძელდება და რაზეც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქართული ემიგრაცია. რომელთა შორის ფილოლოგმა ლალი მოთიაშვილმა საკუთარ გვერდზე ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"ქართველი ემიგრანტებს ნერვებად გვიჯდება, როდესაც ბერძნული ტელევიზიები შვილის სიკვდილში დამნაშავე დედებს ჩვენს მედეას უკავშირებენ. გამოდიან და გაიძახიან: "ესეც ახალი მედეა გამოჩნდა, შვილების მკვლელიო!". ასეთ დროს, პირადად მეც მზად ვარ მედეას სახელი საკუთარი სიცოცხლით დავიცვა. მგონია, რომ პირადად მაბრალებდნენ ამ საშინელებას. ბოლო დროს, ემიგრანტებს ნერვები ბერძენი ისტორიკოსის კონსტანტინოს ლუკოპულოსის გამოჩენამ დაგვიმშვიდა. გამოვიდა ეს ახალგაზრდა კაცი ბერძნული ტელევიზიით და განაცხადა: კორინთოს ბოლოდროინდელი არქეოლოგიური გათხრები ამტკიცებს, რომ მედეას შვილები არ დაუხოცავს, ტყუილს ნუ ვაბრალებთო! ისიც თქვა, რომ ამის შესახებ ჩემს წიგნშიც მიწერიაო. ჰოდა, მაშინვე გავიქეცი და შევიძინე მისი წიგნი. ბერძნული კარგად ვიცი, წიგნიც მშვენივრად წავიკითხე. ისე გახარებული ვარ, თითქოს მე გავმართლდი საუკუნო დანაშაულში!".

medeaze-1711879187.jpg

… დაწერა ქალბატონმა ლალიმ, რაც ჩვენც გაგვიხარდა, ამიტომაც დავუკავშირდით:

- ქალბატონო ლალი, კარგი ამბავი გაახმაურეთ. მეც გამიხარდა.

- ჩვენც და ცოტა მაინც გადაგვავიწყდა ქართული ის ბრაზი, რასაც მედეას წარამარა უხეშად ხსენებით განვიცდიდით. როდესაც მეცნიერი ამტკიცებს ფაქტს, ეს ფაქტი სარწმუნოა!

- ამ ფაქტის შესახებ აცნობეთ ქართველ მეცნიერებს?

- ინფორმაცია იმიტომაც გავახმაურეთ, რომ ყველამ გაიგოს. ვინაიდან ფილოლოგი ვარ და უცხო ენებიც ვიცი, უცხოურ მუზეუმებშიც ვეძებ მედეაზე ინფორმაციებს. არც ისე დიდი ხნის წინ, პარიზში, ლუვრის მუზეუმშიც იპოვეს პაპირუსზე დაწერილი უძველესი პიესა, რომელიც მედეას ეხება. როგორც ამ მუზეუმის გვერდზეა გამოქვეყნებული, პაპირუსი მკვლევარმა ანა ბეილისმა იპოვა. პაპირუსი მუზეუმის ეგვიპტურ საცავში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ამდენხანს ვერავინ მიაკვლია, რადგან დაჭმუჭნილი და დაპატარავებული იყო.

- საინტერესოა!

- სხვათა შორის, პაპირუსის ამბავი სწრაფად გახმაურდა, სატელევიზიო არხებმაც გადმოსცეს. ჩვენთან მთარგმნელმა მარინა გოგოლიშვილმაც თარგმნა ქართულად. ამ პაპირუსზე დაწერილ პიესაში მედეას ეუბნებიან: "თუ შენ სიმართლეს ამბობ და შვილები არ დაგიხოცავს, მაშინ გვაჩვენე ისინიო", მედეა კი პასუხობს: "ვფიცავ ჰეკატეს, მე ისინი არ დამიხოცავსო!"

- მადლობა უნდა გითხრათ, საინტერესო ამბების მოთხრობისათვის.

- არაფერს. ჩვენც მედეასავით უცხო მიწაზე ვცხოვრობთ. ისიც საბერძნეთის ემიგრანტი იყო ერთგვარი. იქნებ ამიტომაც განვიცდით მის ამბავს ასე მძაფრად.

medeaze-2-1711879163.jpg

ქალბატონ ლალისთან ამ საუბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეცნიერებსაც ვესაუბრეთ. მათ შორის, სოფი შამანიდს: თსუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ანტიკური კულტურის და მემკვიდრეობის მკვლევარს:

"არაფერია გასაკვირი, რომ ზოგი მედეას იცავს, ზოგი კი - კიცხავს. მის შესახებ აზრი უძველესი დროიდანვე გაიყო და ასე მოდის დღემდე: ერთნი ფიქრობენ, როგორც ევრიპიდე: სიყვარულმა მედეას თავი ისე დაავიწყებინა, შვილებიც კი დაახოცვინაო. მეორენი კი ფიქრობენ, რომ ყველაფერი მოგონილია და მედეას არანაირი შვილები არ დაუხოცავს.

სხვათა შორის, მედეას დამცველთა შორის იყო კლასიკური ქართული მწერლობა, შემდეგ კი, ფემინისტური მოძრაობაც მთელ ევროპაში. ფემინისტი, ქალბატონები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მედეას, როგორც ქალს, შვილების დახოცვა მიაწერეს.

ამჯერად მედეას ემიგრანტი ქალბატონები იცავენ. მედეაც ხომ ემიგრანტია, რომელიც ემიგრაციაში ვერანაირად ვერ დამკვიდრდა, ვერ გაიხარა, ძალიან ეტკინა. რაც ასევეა ჩვენი ემიგრანტებისათვის! თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ძალიან ნიჭიერი ბერძნის, ევრიპიდეს მცდელობით, მისი მიდგომით, ჩვენ გვყავს ფიგურა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე აღძრავს კაცობრიობის ვნებათაღელვას! რომ არ ყოფილიყო ბერძენი, ევრიპიდე, იქნებოდა კი ეს ასე? მე პირადად, არა მგონია!

(სპეციალურად საიტისთვის)