"15 წლის ვხდებოდი, როცა ნარკოტიკი გავსინჯე... მეგობარმა დაბადების დღეზე მოიხმარა და სახლში მისულმა ვეღარ გაიღვიძა... ბევრი ნაცნობი დაიღუპა" - ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალის "აღსარება" - კვირის პალიტრა

"15 წლის ვხდებოდი, როცა ნარკოტიკი გავსინჯე... მეგობარმა დაბადების დღეზე მოიხმარა და სახლში მისულმა ვეღარ გაიღვიძა... ბევრი ნაცნობი დაიღუპა" - ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალის "აღსარება"

ნარკოტიკებმა რომ წალეკა ქვეყანა, ამაზე­ მუდმივად საუბრობენ სპეციალისტები. ამას ადასტურებს გასულ კვირას გამოვლენილი ნარკორეალიზაციის ფაქტებიც. სქემა ისევ უცვლელია, ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე დებენ ნარკოტიკს და მომხმარებელს "გუგლის" მეშვეობით ლოკაციის ადგილსა და ფოტოს უგზავნიან. რაც ყველაზე საგანგაშოა, ბაზარზე საეჭვო შემადგენლობის, დაბინძურებული ნარკოტიკებია და ნარკოლოგები ამიტომ მოუწოდებენ ნარკომომხმარებელებს ქუჩაში ნაყიდი ნარკოტიკი არ მოიხმარონ, რადგან ის ძალზე საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ხშირად გაყიდულ ნივთიერებაში გარეულია ფენტალინი, ე.წ. სინთეზური ოპოიდური ანალგეტიკი, რომელიც სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომასა და სიკვდილს იწვევს. ნარკოდამოკიდებულთა სტატისტიკა საგანგაშოა. დიდია გარდაცვლილთა რიცხვიც. ჩვენი რესპონდენტი 20 წლის მარი სვანიძეა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. უმძიმესი დღეები გაიარა, მაგრამ მაინც გაუმკლავდა ამ მძიმე სენს და დღეს მზად არის თავისი გამოცდილება იმ ახალგაზრდებს გაუზიაროს, ვინც ნარკოჭაობშია ჩაფლული. მას არც ვინაობის დამალვა უცდია­ და გულახდილად გვესაუბრა:

"დედა ისე მედგა გვერდში, რომ მასში ღმერთი დავინახე"

- 15 წლის ვხდებოდი, როცა ნარკოტიკი გავსინჯე ჩემი სურვილით, არავის დაუძალებია. არც მიფიქრია და არც მეგონა, თუ დამოკიდებული გავხდებოდი. თავიდან ყველა ასე იწყებს. გგონია, თავს დაანებებ, მაგრამ ისე შემიყოლია, დილით რომ ვიღვიძებდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იმ დღეს რა ნარკოტიკი გამეკეთებინა. სხვა არაფერი მაინტერესებდა. დავკარგე ყველა, ვინც მიყვარდა. პატარა დედმამიშვილები­ მყავს, მანამდე მათზე სულ ვზრუნავდი, მაგრამ მერე მათაც ჩამოვშორდი. ძალიან აგრესიული გავხდი. აბსო­ლუტურად ყველანაირ ნარკოტიკს მოვიხმარდი. თუ წამლის ფული არ მქონდა, საძილეებს ვსვამდი. ყოფილა შემთხვევა, გადაბმულად 7 დღე მიძინია. ყველაფერი გამისინჯავს. ისე, ოპიუმის ჯგუფით დავიწყე. 19 წლისა უკვე დავფიქრდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

- პირველად ცუდად არ გამხდარხართ?

- ნეტავ გავმხდარიყავი, აღარ გავიხედავდი ნარკოტიკისკენ. დღითი დღე ვიძირებოდი ამ ჭაობში. გავიდა თვეები, წლები, ძალიან დამოკიდებული გავხდი. ვაცნობიერებდი, რომ ოჯახს ვკარგავდი და თავს ვებრძოდი ამის გამო. ოჯახი არ უნდა გაცვალო წამალში,­ ამ ბინძურ ნაგავში. საკუთარ­ თავთან ბრძოლა­ არ იყო ადვილი, მაგრამ­ ფსიქოლოგიურად თუ არ ამოიგდე თავიდან,­ სხვანაირად ვერ შეძლებ თავის დანებებას, ბედნიერებას ამაში ხედავ. როცა შეტოპილი გაქვს, ნარკოტიკის შეძულება ადვილი არ არის. ყველაზე ადვილია, ვინც ძალიან გიყვარს, იმის სიყვარულის გამო დასძლიო. ვიღაცის გამო ხომ უნდა იცხოვრო, შვილი ხომ უნდა გყავდეს, მშობლები ხომ უნდა გიყვარდეს?! ამ ყველაფერზე ვიფიქრე და დიდი ბრძოლით შევძელი ამ ჭაობიდან ამოსვლა.

უფრო ხშირად ნარკოტიკებს ადამიანების ის კატეგორია მოიხმარს, ვისაც ოჯახის წევრების, საზოგადოების სითბო და სიყვარული აკლია და შვებას ამაში პოულობენ. მაგრამ ერთი ისეთი დილა უნდა გათენდეს, შენს თავს უთხრა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ნარკოტიკებს 4 წლის განმავლობაში მოვიხმარდი და მაშინდელი ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდებოდა. სახლში რომ მივდიოდი, აგრესიული ვიყავი. 7 წლის ბავშვს ჩემი ეშინოდა. ამანაც დამაფიქრა. საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ, მით უმეტეს, როცა ამფეტამინს მოიხმარ. ყველას მინდა ვუთხრა, როგორმე დააღწიეთ თავი, ნუ შეგეშინდებათ "ლომკის". არ არის ისეთი კატასტროფა, რომ ვერ გაუძლოთ. თუ სურვილი გექნებათ, მზად ვარ ყველას დავეხმარო, რომ ამ ჯოჯოხეთიდან ამოვიდნენ. დამოკიდებულთა ოჯახის წევრებს მინდა მივმართო - ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი. ღმერთი ყოველთვის ჩემთან არის, მაგრამ დედა ისე მედგა გვერდში, რომ მასში ღმერთი დავინახე.

- დედამ როდის გაიგო, რომ წამალდამოკიდებული იყავი?

- ერთი წლის შემდეგ. ყოველთვის თბილად მექცეოდნენ, მაგრამ ისეთი მომენტებიც იყო, როცა აგრესიითაც მომიდგნენ. ყველა გზა სცადეს, მაგრამ ამას ვერ ვითავისებდი, სულ მეგონა, ცუდს მეუბნებოდნენ. დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წამოსული და საბოლოოდ გადაწყვიტა საბერძნეთში წამოვეყვანე. რომ დავინახე დედა, ჩავეხუტე და მივხვდი, ვერ ვუღალატებდი. ამ სიყვარულმა დამაძლევინა ეს ყველაფერი. თავადაც უნდა გინდოდეს გადაგდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე 5 თვე ვიბრძოდი ამისთვის. სახლში ერთი დოზა მედო სასთუმალთან, მაგრამ არ გამომიყენებია. ჩემს ნებისყოფასაც ვცდიდი, ეს უნდა გამოიმუშაო. ნარკოტიკი დიდხანს არ ინახება, ფუჭდება, გადავაგდებდი და ახალს ვყიდულობდი, მქონდა, მაგრამ არ ვიყენებდი. დიდი ბრძოლები მქონდა საკუთარ თავთან, თუ არ იბრძოლე, არც კლინიკა გიშველის და არც ფსიქოლოგი. 4-ჯერ ვიწექი კლინიკაში სამკურნალოდ, იქიდან გამოსული კი ისევ ვიწყებდი. ოჯახი გამიუცხოვდა, საუკეთესო­ მეგობრებმა მიმატოვეს. მხოლოდ ისინი იყვნენ ჩემთან, ვინც ვიცოდი, რატომაც იყვნენ, წამლის გამო.

- გარდატეხის ასაკში დაგიწყიათ მოხმარება, ეს ასაკმა გამოიწვია?

- უფრო ჩემს ხასიათს ვაბრალებ. მეგონა, იმ სამყაროში მეტი კარგი ხალხი იყო, სხვანაირი რამ დამხვდებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, სიბინძურეა იქ ყოფნა.

ჩემი თავით არც ახლა ვარ კმაყოფილი, კიდევ მეტი უნდა შევძლო. ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. მადლობა ღმერთს და დედაჩემს ასეთი დახმარებისთვის, რომ 20 წლის ასაკში მივხვდი ამას. არის ხალხი, 50-60 წლის ასაკშიც წამალდამოკიდებულია. მათ წლები გაეპარათ. მეც გამეპარა რამდენიმე წელი, მაგრამ ჯერ 20 წლის ვარ და მინდა ცხოვრებით გავიხარო.

- რამდენად ადვილად მოსაპოვებელი იყო წამალი?

- დღეს ყველა სახის ნარკოტიკის შოვნა­ ადვილია. როცა ფული არ მქონდა, საძილეებს ვსვამდი და ვიყავი სახლში.­ სახლიდან ნივთებიც გამიტანია გასაყიდად, ოჯახის წევრის ტელეფონი დავალომბარდე...

განსაკუთრებით სახიფათო ამფეტამინია, რომელსაც ბევრი მოიხმარს. იყო შემთხვევა, როცა გული გამიჩერა, საავადმყოფოში ვენა ვერ მინახეს და ლამის მოვკვდი. ის შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება, თითქოს სული გავიდა სხეულიდან. მაშინ ვამბობდი, ხიდზე გადავედი და გადმოსვლა გამიჭირდა-მეთქი. მკვდარი გავცოცხლდი.

ბევრი ნაცნობი დაიღუპა ამფეტამინით. მეგობარმა დაბადების დღეზე მოიხმარა და სახლში მისულმა ვეღარ გაიღვიძა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად - „მოდი, სიფხიზლით „ვიკაიფოთ“