"პაპა გააკულაკეს და ყველა სახლი ჩამოართვეს, საავადმყოფოში იწვა, ეს ამბავი გაზეთიდან რომ შეიტყო და იმავე საღამოს გარდაიცვალა... მამას 1936 წელს მოაკითხეს და წაიყვანეს... სამუდამოდ" - კვირის პალიტრა

"პაპა გააკულაკეს და ყველა სახლი ჩამოართვეს, საავადმყოფოში იწვა, ეს ამბავი გაზეთიდან რომ შეიტყო და იმავე საღამოს გარდაიცვალა... მამას 1936 წელს მოაკითხეს და წაიყვანეს... სამუდამოდ"

რამდენიმე დღის წინ, ერთი ძვირფასი, პატივსაცემი ქალბატონი დავკრძალეთ, ჩემი უახლოესი მეგობრების - თამუნა და თიკო ქორიძეების დედა - მარინა ბასილაია. მარინა დეიდა გამორჩეული ადამიანი იყო - 88 წლისა გარდაიცვალა და მიუხედავად ასაკისა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ოჯახის უფროსიც ის იყო და ყველა საოჯახო საქმის განმკარგავიც. ჩვენ კი, შვილების მეგობრები, ძლიერ ვუყვარდით და მუდამ გვიყვებოდა საოცარ ამბებს, რომლებიც გადაჯაჭვული იყო საქართველოს უახლეს ისტორიასთან. იგი შესანიშნავი მთხრობელი იყო და ვისზეც ან რასზეც უნდა გვეკითხა - ამომწურავ, საფუძვლიან ინფორმაციას ვიღებდით. წლების წინ მისი ოჯახის დრამატული ამბების მოყოლა ვთხოვე და მართლაც საოცარი ისტორიები მოვისმინე. ახლა, როდესაც მან დაგვტოვა და მჯერა, რომ უფალი მისკენ მიმავალ ყველა გზას დაუბრკოლებლად გაატარებს, მინდა, თქვენც გაგიზიაროთ მონათხრობი, რომელიც უშუალოდ მის ოჯახს და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის მძიმე და სისხლიან წლებს უკავშირდება.

col-qmari-bladimer-da-valida-basilaiebi.jpg
ვლადიმერ ბასილაია და ვალიდა მენთეშაშვილი-ბასილაია

პირადად მე, ბავშვობიდან მახსოვს ძველი სახლი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, საერთო დერეფნითა და ძველებური ხის იატაკით... ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა მარინა დეიდას დედა - ვალიდა მენთეშაშვილი-ბასილაია. ვალიდა ბებიას ხშირად ვსტუმრობდი. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დიდი ოთახი, რომლის სიღრმეში, მარცხენა მხარეს ედგა საწოლი, გვერდით - მისი განუყრელი ტელეფონი. თითქოს იქაურობას რაღაც იდუმალება ახლდა, თუმცა რა - ვერაფრით ვხვდებოდი. შინიდან არასდროს გამოდიოდა, ან იწვა, ან საწოლზე ჩამომჯდარი გვხვდებოდა და სულ ვსაუბრობდით. მიხაროდა, რომ ჩემი აქტიური მსმენელი იყო - იმხანად რადიოს პირველ არხზე ვმუშაობდი და ვალიდა ბებია მუდამ უსმენდა ჩემს გადაცემებს, შემდეგ მირეკავდა ხოლმე სამსახურში და შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. თუ რამ არ მოეწონებოდა, არ მომერიდებოდა და აუცილებლად მეტყოდა. ხანდახან საუბარი ძალიან გვიხანგრძლივდებოდა, ოღონდ არ მახსოვს, ოდესმე გადასახლების პერიოდი ეხსენებიოს. ერთხელ თამუნამ მითხრა, ბოლომდე გაჰყვა იმ წლების შიში და ჩვენც არაფერს გვიყვებოდა, ვინმესთან რაიმე არ გვეთქვა და პრობლემები არ შეგვქმნოდაო. ვალიდა ბებია კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მარინა დეიდას მათი ოჯახის ამბების მოყოლა რომ ვთხოვე. დედა რომ დაუპატიმრეს, იგი, თურმე, 2 წლის ყოფილა...

ბელინსკის ქუჩა 13

მარინა ბასილაიას მონათხრობიდან:

- იმხანად ბელინსკზე ვცხოვრობდით, პაპაჩემს - იაკობ მენთეშაშვილს კერძო სახლი ჰქონდა 13 ნომერში. ახლაც დგას ის სახლი ბელინსკისა და ბაქრაძის ქუჩების კუთხეში, ოღონდ დიდი ხანია, ჩვენი აღარაა. საერთოდ, პაპას სამი არაჩვეულებრივი სახლი ჰქონდა - ქვემო მაჩხაანში, თბილისში - ძნელაძის ქუჩაზე, თექვსმეტოთახიანი, თავისი ოთხი ქალიშვილისთვის და ბელინსკზე ვაჟისთვის - ფარნაოზისთვის. უფროსი ვაჟი - არჩილი უკვე დაღუპული ჰყავდა. პაპა ვაჭარი იყო და პოლონეთში დადიოდა ხშირად. აქ პიანინო რომ გვიდგას, ვარშავიდანაა ჩამოტანილი, ბროლის ფეხებზე დგას. აბა, სად გინახავს ასეთი? პაპამ შვილებს უთხრა, ვინც მუსიკას ისწავლის, იმისი იქნებაო. დედაჩემმა ისწავლა და ამიტომაც დაგვრჩა ჩვენ. მერე პაპა გააკულაკეს და ყველა სახლი ჩამოართვეს. ერთადერთი - ბელისკის ქუჩის სახლში ოთხი ოთახი დაუტოვეს. პაპა საავადმყოფოში იწვა, ეს ამბავი გაზეთიდან რომ შეიტყო და იმავე საღამოს გარდაიცვალა...

irmas-blogi-1711877321.jpg
იაკობ მენთეშაშვილის ოჯახი

გადასახლება

დედა ახალგაზრდა გათხოვდა. მამაჩემს - ვლადიმერ ბასილაიას მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, საბჭოთა სამართალის ფაკულტეტი და სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალში დირექტორის მოადგილე იყო (ეს ფილიალი 1941 წლამდე არსებობდა - ავტ.). მამას 1936 წელს მოაკითხეს და წაიყვანეს... სამუდამოდ. დედა მაშინ ჩემს ძმაზე - გიაზე იყო ფეხმძიმედ და ამიტომ გადარჩა. გია 3 თებერვალს დაიბადა, დედაჩემი კი 2 დეკემბერს დააპატიმრეს ანუ გია 8 თვის იყო. დედამ ის ზუგდიდში, დედამთილ-მამამთილს ჩააბარა, მე დედამისთან დამტოვა, ნუცა ბებოსთან და ფარნაოზთან, თბილისში. იმ პერიოდში პაპა იაკობი უკვე გარდაცვლილი იყო.

დედას მანამდე ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს, მაგრამ გია მაინც წაიყვანა ზუგდიდში. წინასწარ გათვალა: უეცრად რომ მოსულიყვნენ და ბავშვები შინ მარტონი დავხვედროდით, მას წაიყვანდნენ, ჩვენ კი, ორივეს, უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარებდნენ. გია ბებიამ - ესუკი ჯალაღონიამ გაზარდა და ამიტომ კარგა ხანს არც გია მინახავს და არც ზუგდიდელი ბებია-ბაბუა.

irmas-blogi-5-1711877877.jpg
გადასახლებაში მყოფი ვალიდა ბასილაიას ნაქარგი ცხენი

დედა კი მართლაც ისე წაიყვანეს, ვერავინ გააფრთხილა. თურმე, მოუფიქრებია და ასანთის კოლოფში ჩაუდევს პატარა წერილი ჩვენი მისამართით - ბელინსკის 13 და მატარებლის ფანჯრიდან გადმოუგდია. ეს ვიღაც რუსებს დაუნახავთ, კოლოფი აუღიათ, მისულან ბელინსკზე და ბებიასთვის მიუციათ, თან უთქვამთ, ეშელონი წავიდა რუსეთისკენ და ის ქალიც წაიყვანესო.

ვიცოდი, დედა გადასახლებული რომ იყო, რადგან ჩვენები თვეში ერთხელ უგზავნიდნენ ამანათს - ამის უფლება ჰქონდათ. ხის ყუთში აწყობდნენ ყველაფერს და შემდეგ ტილოში ახვევდნენ, ქიმიური ფანქრით რუსულად აწერდნენ მისამართს - "მორდოვსკაია ასსრ, სელო პოტმა" და მიჰქონდათ ფოსტაში. ზუსტად არ ვიცი, რას უგზავნიდნენ, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქაურ ფოსტაში ყველაფერს ამოუყრიდნენ ხოლმე შესამოწმებლად.

irmas-blogi-1-1711877458.jpg
ვალიდა ბასილაია

მახსოვს, ბებიას მოსწერა: დედი, არაფერი მინდა, ოღონდაც ხახვი და ნიორი გამომიგზავნეო. ხოლო გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, უთხრა: დედი, შენმა გამოგზავნილმა ხახვა და ნიორმა მიშველაო - დედას მართლაც ულამაზესი, მიჯრილი კბილები ჰქონდა და ის რომ შეინარჩუნა, სწორედ ხახვისა და ნივრის დამსახურება იყო. შეშის საჭრელად გაჰყავდათ ხოლმე ქარსა და თოვლში და დედას ერთი ფეხი მოჰყინვია. საავადმყოფოში უმკურნალიათ და არავინ იცის, რა გაუკეთეს. ფაქტია, რომ ჩამოვიდა, ის მოყინული ფეხი აშკარად დაწვრილებული ჰქონდა, თუმცა არავინ შეიმჩნია ეს ამბავი და ამაზე არც თვითონ ლაპარაკობდა.

პერიოდულად პატიმრებს გადასახლებაში ჯარისკაცებისთვის ფარაჯებსაც აკერინებდნენ. დედას ქსოვა და ქარგვაც დაუწყია, ჩუმად. ჩვენები ამანათს რომ ტილოებში ახვევდნენ, სწორედ ამ ტილოებზე ქარგავდა. გადასახლებიდან თავისი მოქსოვილი საყელოც გამომიგზავნა, მისი მულინის ძაფები კი დღემდე მაქვს შენახული.

ერთხელ, ტყის საჭრელად რომ იყვნენ, ბანაკის უფროსის ცოლს მის საწოლზე ნაქარგი შეუნიშნავს ძალიან მოსწონებია. მის ქმარს შეუთავაზებია, თუ ჩემი ოჯახისთვის მოქარგავ ხოლმე, ტყეში აღარ გაგიშვებო. დედა დასთანხმებია და ამან გადაურჩინა ჯანმრთელობა. მათთვის თეთრეულსა და ბალიშებს ქარგავდა, ჩვენთვის - რაც თვითონ უნდოდა. გიას გაუკეთა ბლოკნოტი, რომელზეც ცხენი მოქარგა. ბლოკნოტში საიდუმლო ჯიბესავით მოაწყო და შიგნით მამაჩემის ფოტოს ინახავდა. ულამაზესია ფერადკანიანი ქალი ხილით, ერთი დაუსრულებელი ნამუშევარიც აქვს...

irmas-blogi45-1711877141.jpg
ვალიდა ბასილაია

ვალიდა ბასილაიასთან ერთად გადასახლებაში ულამაზესი ქართველი ქალები იყვნენ - მსახიობ ლევან აბაშიძის ბებია ლოლოტა ვირსალაძე; უნიჭიერესი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის მეუღლე ქუთუსია ორახელაშვილი, ულამაზესი თინა ჯიქია, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას" მიუძღვნა; რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა ნუცა ხუციშვილი; მსახიობ ლია ელიავას დედა - კატუშა კერესელიძე; მოქანდაკე რაისა მიქაძეც და საოპერო მომღერალი, სოპრანო მარო ხოფერიაც.

გაუბედურებულებსა და აჯაჯულ-დაჯაჯულ ჩვენს ქალებს, თურმე, ტანზე კაბის ჩაცმა ენატრებოდათ. ერთხელ ნუცა ხუციშვილი ვიღაცის პატარა ზომის კაბას წაწყდომია, გადაუკეთებია, გაუფორმებია და ქეთუსიასთვის ჩაუცმევიათ. ქალი იმ კაბაშიც კი გამაოგნებლად ლამაზი ყოფილა და დანარჩენი ლამაზმანები, მონუსხულები შეჰყურებდნენ, თურმე. თამუნა მიყვებოდა, ბებია და ის ლამაზმანები, გადასახლებიდან დაბრუნებულები, სამშობლოშიც განაგრძობდნენ მეგობრობას. ტრადიციად ჰქონდათ, ყოველი წლის 9 მაისს თინა ჯიქია და ქეთუსია ორახელაშვილი მოდიოდნენ ბებიასთან. ჩვენ "სამოვარს" დავუდგამდით მაგიდაზე, სუფრას გავუწყობდით, გამოვუხურავდით კარს და მარტონი, კარგა ხანს საუბრობდნენ ხოლმე. დღემდე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, ბებია არც ამას გვეუბნებოდაო.

ვალიდა ბასილაიამ 8 წელიწადი გაატარა გადასახლებაში. 1945 წლის 2 დეკემბერს უნდა გამოეშვათ, მაგრამ კარანტინის გამო 15 დეკემბრამდე დატოვეს. უთქვამს, 2-დან 15-მდე პერიოდი იმ რვა წელიწადზე გრძელი მეჩვენაო.

untitled-1711877079.jpg
მარინა ბასილაია

შინ დაბრუნება

მარინა ბასილაია:

- ფარნიკო ძიამ დედას მოსკოვში გადაუგზავნა ფული. ომი ახალი დამთავრებული იყო, ფული კი ჰქონდა, მაგრამ პროდუქტი არ იშოვებოდა. ვერც თბილისში გასამგზავრებელი მატარებლის ბილეთი უშოვია. სადგურზე "სეტკიანი" კაცი დაუნახავს, პური და ფუნთუშები ეწყო. დედას უკითხავს, სად იყიდეთო? იმ კაცს გამოუკითხავს, ვინ ხარო, მერე კი ყველიანი ფუნთუშა - „ვატრუშკა“ მიუცია. იმხანად ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ეშელონებით სახლებში აბრუნებდნენ, ამიტომ დედა ჯერ სოჭში ჩავიდა, მერე - თბილისში. 10 წლის ვიყავი და ის დღე კარგად მახსოვს. ჩვენები მის დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, თბილისის მატარებლით ელოდებოდნენ, მაგრამ დედა უფრო ადრე ჩამოვიდა სოჭიდან, ამიტომ სადგურშიც არავინ დახვდა. კარზე ზარი რომ დარეკა და გაუღეს, ბებიას გული წასვლია. მე და ჩემი მეგობარი მარინა ტატიშვილი მუსიკიდან რომ დავბრუნდით, დედა ამ დროს თავისი ძმისშვილის აკვანთან იჯდა, ოთახში. მითხრეს, დედა ჩამოვიდაო და არაფრით შევდიოდი სახლში. მარინა შევარდა და დედას თავიდან მე ვეგონე. მე ძლივს შემიყვანეს... მგონი, ვტიროდი... არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი... მერე დედას გამოუცხადეს, რომ თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ზუგდიდში მოუხდა გამგზავრება. მე თბილისში დავრჩი. დედა კარგა ხანს ცხოვრობდა იქ, მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. ნონა გაფრინდაშვილის ძმა - ჯემალი ჩემი ძმის, გიას კლასში იყო, მეგობრობდნენ. გია და ჯემალი შინიდან გაპარულან. მილიციას ისინი სენაკში, მაშინდელ ცხაკაიაში დაუჭერია და შინ დაუბრუნებია. დედას გიასთვის სილა გაუწნავს, გიას კი უთქვამს, - დედა, 100 წელიწადს მომხვდეს შენი ხელიო... დედა და გია დიდი მეგობრები იყვნენ.

დედას რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა, მისცეს მამას 2 თვის ხელფასი და თბილისში ცხოვრების უფლება. ამის შემდეგ, ვიდრე გავთხოვდებოდი, მე და დედა ვცხოვრობდით ერთად, ამჯერად უკვე მარჯანიშვილზე, თეატრის გვერდით, ერთოთახიან ბინაში. იქვე გარდაიცვალა 1993 წლის 26 ოქტომბერს.

პ.ს. მარადიული ნათელი არ მოკლებოდეთ აქ ნახსენები გარდაცვლილების უკვდავ სულებს!

ირმა ხარშილაძე