"მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი გამარჯვებამ" - კვირის პალიტრა

"მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი გამარჯვებამ"

გასულ კვირას ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი თემა გადაფარა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლამ. მოგეხსენებათ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ურთულეს მატჩში პენალტების სერიით დაამარცხეს საბერძნეთის ნაკრები და გერმანიაში გასამართი ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. შეიძლება ითქვას, იმან, რაც ამ დღეებში ქვეყანაში ხდებოდა, აჩვენა, რომ ეს გამარჯვება ფეხბურთში გამარჯვებაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

areshidze.jpg

- ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ჩემთვის ცოტა მოულოდნელიც კი. ვგულისხმობ იმას, რომ ამ გამარჯვებით სპორტულ შედეგზე ცოტა მეტი შედეგი დადგა - საზოგადოებრივი მუხტის არნახული აფეთქება. არც ვიცი, ამას რა დავარქვა, რათა ზუსტი შეფასება გამომივიდეს - ჩვენ ვნახეთ ეროვნული ენერგიის უპრეცედენტო კონცენტრაცია. მე მომსწრე ვარ 1981 წლის 13 მაისის, როდესაც "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. კარგად მახსოვს, რაც იმჟამად ხდებოდა, მაგრამ მაშინ ეს კიდევ სხვა რამ იყო. საქართველო იმხანად საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე, ამ გამარჯვებას უფრო სხვაგვარად განვიცდიდით.

შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს უფრო მაგონებს 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ დღეებს, როდესაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ბრძოლის ჟინით ვიყავით აღვსილი. მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი - გამარჯვებამ. მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულში არ არის საქმე, ადამიანებმა ამ გამარჯვებით ერთმანეთი სხვა თვალით დაინახეს. ეს არის იმის მაგალითიც, რომ როგორც სახელმწიფოს, თუ წარმატების გზით სიარული გვინდა, ჩვენი ეროვნული ენერგია სწორედ ამგვარად უნდა გავაერთიანოთ, მხოლოდ სწორად დასახული მიზნების გარშემო კონსოლიდაციით შეიძლება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სპორტული წარმატების მიღწევა.

შემთხვევითი კი არ არის, რომ ქვეყნის მტრები მუდმივად ცდილობენ ჩვენს გათითოკაცებასა და ერთმანეთზე წაკიდებას. როდესაც ადამიანები ერთიანდებიან და ერთობლივად მოქმედებენ, ისეთი ენერგეტიკული ველი იქმნება, რომელიც ცვლის არსებულ რეალობას უკეთესობისკენ. ქვეყნის პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დაყოფის ცდები მხოლოდ მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, ამ გამარჯვებით გაიხარა მთელმა ქვეყანამ, მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ამ ყველაფრისგან შესაბამისი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურმა სპექტრმა რა შეიძლება ისწავლოს ამ ყველაფრისგან, ჩვენ ხშირად სწორედ მათ ვსაყვედურობთ, რომ საზოგადოების გახლეჩას უწყობენ ხელს.

- სანამ ამ საკითხზე გადავალ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ - ამ ერთიანობის მთავარი აქტორები იყვნენ ქალები, რაც უფრო მნიშვნელოვანი მგონია. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალების რეაქცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ერის ერთიანობის კლიმატის შემქმნელი საქართველოში ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალია.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ვაღიაროთ, გასულ კვირას, არც მატჩის სამზადისისას და არც გამარჯვების შემდგომ პოლიტიკოსები არავის გახსენებია. ისინი იყვნენ თავისთვის, რაღაცებს საუბრობდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის ცდილობდნენ ჩვენს ნაკრებთან რაღაცით ასოცირებას, მაგრამ, დამერწმუნეთ, მათი განცხადებები თუ გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანი იყო. საერთოდ გადაფარა პოლიტიკა გამარჯვების სიხარულმა. ეს უფრო კარგად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.

ვფიქრობ, პოლიტიკურმა სპექტრმა რაღაც მაინც უნდა ისწავლოს ამ ყველაფრისგან. იქნებ მიხვდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ადამიანებს მათი დაპირისპირება და ლანძღვა-გინება არ აინტერესებთ. მოქალაქეებს სჭირდებათ წარმატებაზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგი, იმის ჩვენება, რომ მათი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. მართალი გითხრათ, ბევრი პოლიტიკოსის ტონში ერთგვარი გაკვირვებაც იგრძნობოდა იმით, რაც ამ გამარჯვებას მოჰყვა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათი განცხადებების ტონში ჩანდა ეს. ზოგმა სცადა მოვლენების განვითარებას ჩასჭიდებოდა და რაღაც სათავისოდაც გამოედნო, რაც ზოგს გამოუვიდა, ზოგსაც არა.

433015884-963608271799533-1586364248931907779-n-1711888352.jpg

- არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, დღეს შექმნილი ვითარების კონტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია საარჩევნოდ პროგნოზის გამოთქმა?

- გამიჭირდება პროგნოზებზე ლაპარაკი, საქმე ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ბევრი არაფერი იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ორი ახალი პარტია შემოგვემატა, რა ვითარებაც იყო გუშინ, იგივეა დღესაც, კვლავინდებურად პოლიტიკანობა უფრო მეტია, ვიდრე საქმის კეთება. ჩემი აზრით, მმართველმა ძალამ ისეთი ფორმატი შექმნა, რომელშიც თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მოქმედი პოლიტიკური ელემენტია ჩართული. როგორც ჯადოსნურ წრეში, ისე ტრიალებენ ერთი მიმართულებით და იხარშებიან საკუთარ წვენში. კორუფცია და არაპროფესიონალები კვლავ ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

გარდა ამისა, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თუ რამ კარგი შეიძლება ითქვას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, ის არის, რომ მოახერხა საოცრად ამღვრეულ ვითარებაში ერთგვარად ლავირება. საქართველო რამდენიმე ფრონტზე თამაშობს ერთდროულად და ამის წყალობით ხერხდება სტაბილურობის შენარჩუნება.

- ხელისუფლება დეკლარირებულად აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი შეუქცევადად დასავლურია, თუმცა ქმედებით ხშირად ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მოსამართლეთა თემა ავიღოთ. რატომ უნდა იყოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგი ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ევროკომისიის 9 დათქმა შეასრულოს, რათა ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ ეტაპზე გადავიდეს?

- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ქართულ სასამართლო სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმირება. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის კადრები სრულად გადაიბარა "ქართულმა ოცნებამ", ბუნებრივად იბადება უამრავი ეჭვი და კითხვა, რაზეც პასუხებს ვერ ვიღებთ. იმაზე ლაპარაკი, რომ სასამართლო სისტემა სრულიად თავისუფალია და პოლიტიკურ გავლენას არ განიცდის, რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სიმართლეს. სასამართლო სისტემაში საჭიროა ცვლილებები და ამის რესურსი აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ამის ნებას ვერ ვხედავთ. ვეტინგს რომც დათანხმდნენ, ესეც ფორმალური პროცესი იქნება, რაც მოხდა მოლდოვაში. როგორც ვიცი, ამ სისტემას დიდი ბენეფიტები არც ალბანეთისთვის მოუტანია. ვეტინგის სისტემაში, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ხელისუფლებას, არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. სიმართლე გითხრათ, პირადად მეც ეს საკმაოდ საჩოთირო მგონია. რა სახელმწიფო გვაქვს, თუ ამგვარი პროცესის წარმართვაც კი არ შეგვიძლია დამოუკიდებლად?! ამიტომ არ მომწონს ვეტინგის სისტემა, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ სასამართლოს ხარვეზებს ვხედავ. ვფიქრობ, სისტემური პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც უნდა მოვთხოვოთ იმას, ვისაც ეს ხელეწიფება - ხელისუფლებას.

- გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა. ასევე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ის ორბელიანების სასახლეში მიწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტის აზრით, უფრო მეტი საარჩევნო უბანია გასახსნელი. როგორ ფიქრობთ, ეს რით არის გამოწვეული - დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი ქართველია გასული, ვიდრე, ვთქვათ, წინა არჩევნებისას იყო?

- შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ზურაბიშვილის განცხადებები უფრო პოლიტიკური მგონია. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული სულ იყო პრობლემა, თუ რამდენად მასშტაბურად ახერხებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები ხმის უფლების გამოყენებას. თუმცა ხშირად თვითონ დიასპორებიდან არ იყო დიდი აქტიურობა. რა თქმა უნდა, თუ საჭიროა, უნდა დაემატოს საარჩევნო უბნები. ამას გამოაჩენს ის, თუ რამდენი ადამიანი დადგება საკონსულოების აღრიცხვაზე. თუმცა არა მგონია, უცხოეთში მყოფი ქართველების ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენს პოლიტიკოსებს კარგად ეხერხებათ ლაპარაკი ლაპარაკისთვის, ჩემი აზრით, დაახლოებით ამგვარი თემა წამოჭრა პრეზიდენტმა.

- რამდენიმე დღის წინ ეკჰოკავკაზა-მ გაავრცელა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს. "ხეობა, რომელიც ბოლო დროს მედიის ყურადღებას ნაკლებად იქცევს, ერთ-ერთ მეჩეთში იმამის დანიშვნის შემდეგ სკანდალის ეპიცენტრად იქცა. ადგილობრივები ტაჰირ დუიშვილს "კადიროვის აგენტს" უწოდებენ და რეგიონში ჩეჩნეთის მეთაურის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. არსებობს იმამის ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც ის მადლობას უხდის ჩეჩნეთის მთავრობას დახმარებისთვის და ჰპირდება, რომ ახალგაზრდებს ასწავლის "ისლამის სწორად გაგებას", - ვკითხულობთ სტატიაში. როგორია კადიროვის ინტერესები პანკისში და მართლაც არის თუ არა ეს პროცესი საფრთხის შემცველი?

- ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ ერთადერთი რეგიონი, რომელიც ჩეჩენი მოსახლეობით არის დასახლებული და სადაც კადიროვმა ვერ შეძლო თავისი გავლენის გავრცელება, პანკისის ხეობაა. ბოლო წლებში ის ძალიან ცდილობდა და ცდილობს გააძლიეროს გავლენა ჩეჩენი დიასპორების განსახლების ადგილებში სხვადასხვა ქვეყანაში. კადიროვმა საქართველოშიც სცადა რამდენიმე პროექტის განხორციელება, თუმცა არაფერი გამოუვიდა. უფრო კონკრეტულად ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ასე რომ, ერთი იმამის დანიშვნაში, თუნდაც ის პირდაპირ კავშირში იყოს კადიროვთან, დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაჰირ დუიშვილი, როგორც დუისის მეჩეთის იმამი, საქართველოს მუფთიატის შემადგენლობაში შედის და ქართული მხარის ოფიციალურად დანიშნული იმამია. აქ უფრო რელიგიურ თემასთან გვაქვს საქმე. დუიშვილი ტრადიციულ, ე.წ. სუფიურ ისლამს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით პანკისში დაძაბული ვითარებაა. ტრადიციული ისლამი, რასაც კავკასიაში მისდევდნენ, მათ შორის პანკისის ხეობაში, ნელ-ნელა შევიწროვდა და ის დიდწილად ჩაანაცვლა სალაფიტურმა, ანუ ფუნდამენტალისტურმა მიმდინარეობამ. მოკლედ, სწორედ სალაფიტები არიან უფრო მეტად შეწუხებული ამ იმამის დანიშვნით.

- ფუნდამენტალისტები ახსენეთ და, რას ფიქრობთ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე?

- იანვარში "ისლამური ხალიფატის" ამ განაყოფმა, რომელსაც "ხორასნის ვილაიეთი" ეწოდება, მტრების სია გაავრცელა, რომელშიც შედიოდნენ: რუსეთი, აშშ, "თალიბანი" და ირანი. ისლამისტური ორგანიზაციების მიზანია ისლამის ზეობა. მათი აზრით, მთელი მსოფლიო "ისლამური ხალიფატი" უნდა იყოს - ეს არის მათი ამოცანა. ისლამისტურ ორგანიზაციებს შორის მიდგომებსა და მოქმედების არეალშია განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ "თალიბანი" ისეთივე ისლამისტური ორგანიზაციაა, როგორიც "ისლამური ხალიფატი", ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. "ხორასანი" აქტიურობს ავღანეთის ნაწილში, პაკისტანის გარკვეულ ტერიტორიაზე და ცენტრალურ აზიაში. ის საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა და მისი საყრდენი შუააზიური ეთნოსებია, უპირველესად, ტაჯიკები. მათი მოქმედება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს გაგრძელდება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მოუხერხდებათ. ტერორიზმი, სამწუხაროდ, დაუმთავრებელი პროცესია და ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს ამისთვის.

- კრემლი ცდილობს ამ ტერაქტში უკრაინული კვალი იპოვოს, ადანაშაულებენ დასავლეთსაც, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა...

- უკრაინას ხან ტერორისტების დაფინანსებას აბრალებენ, ხან ამბობენ, მათ შეფარებას აპირებდნენო. მე ამ ყველაფერში უკრაინის კვალს გამოვრიცხავ, ისევე, როგორც დასავლეთისას. მე ორი რამ მგონია: ან კრემლში იცოდნენ, რაც იგეგმებოდა და მიუშვეს, რადგან იფიქრეს, რომ ქვეყანაში ხალხის კონსოლიდაციისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, ან გამოეპარათ. მე უფრო მეორე მგონია. ამიტომაც ამის აღიარება არაფრით არ უნდათ და ცდილობენ სხვებს გადააბრალონ საკუთარი სისუსტე. სახელმწიფო, რომელიც ფსევდოკონსოლიდაციას ცდილობს და უკრაინაში რაღაც მიღწევებით ამაყობს, რეალურად გამოდის, დაუცველი ყოფილა, თანაც მუსლიმანურ სახელმწიფოებთან არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, ისევ დასავლეთს მიადგნენ და მიედ-მოედებიან. ვიმეორებ, ტერაქტები გაგრძელდება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც.