პირველი Euro მერცხალი ანუ გამარჯვება, რომელსაც თაობები ელოდნენ
..."ჩვენ ძალიან, ძალიან შორიდან მოვდივართ საკუთარ თავამდე", - მამარდაშვილმა ეს ფრაზა ნახევარი საუკუნის წინ დაწერა, მერაბ მამარდაშვილმა, დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა. მისმა ახალგაზრდა მოგვარემ კი სიტყვა საქმედ აქცია და "ძალიან შორიდან მომავლები" ძალიან ახლოს მიგვიყვანა ევროპის ასე ნანატრ ჩემპიონატთან! ცხადია, არა მარტო გიორგიმ: საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა, მწვრთნელებმა, ფედერაციის თანამშრომლებმა, გულშემატკივარმა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ელოდა, ვისაც სულ სჯეროდა, რომ ევროპირველობის კარი საქართველოს ნაკრებისთვისაც გაიღება... გაიღო კიდეც და... აღარასდროს უნდა დაიკეტოს! ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ ეს სიხარული ტრადიციად იქცეს. ჩვენმა ფეხბურთელებმაც ისევე სტაბილურად ითამაშონ ხოლმე კონტინენტის პირველობაზე, როგორც ქართველმა კალათბურთელებმა და მორაგბეებმა მიგვაჩვიეს. დიახ, წარმატებამ მიჩვევა იცის და თუ ერთხელ გასინჯე, მარცხს ვეღარ შეეგუები. "თუ თქვენ ერთხელ გემო გაუგეთ თავისუფლებას, შეიცანით იგი - ვეღარასდროს დაივიწყებთ", - ესეც ქართველი ფილოსოფოსის სიტყვებია.
თავისუფლების გემო 33 წლის წინ გავიგეთ, "საფეხბურთო თავისუფლებისა" - კიდევ უფრო ადრე (ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირს ჯერ ქართული ფეხბურთი გამოეყო და მხოლოდ შემდეგ - მთელი ქვეყანა) და 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი "ევროკავშირშიც" ფეხბურთი შედის.
მერე რა, რომ ბოლომდე ჯერ არ გვიპოვია "საკუთარი თავი"? ჩვენმა საყვარელმა ნაკრებმა იპოვა ძალაც, მუხტიც და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატის საგზურიც!
ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ. ბოლომდე ჯერაც ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა, ოღონდ იმას კი ყველა ვხვდებით, რომ რაღაც დიდის, რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისში ვართ და ეს მუხტიც, მოლოდინიცა და სიხარულიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს... ბერძნების დამარცხების შემდეგ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრების უმეტესობა "დინამო არენის" მინდორზე შევარდა და... მოედანი წარმოუდგენლად სწრაფად გაივსო. თუმცა სავსე მხოლოდ მინდორი და სარბენი ბილიკები არ ყოფილა. მთელი საქართველო სავსე იყო: ფეხბურთით, სიამაყით, იმედით სავსე!
ოდისეასი "დინამოზე" დავასრულეთ

ოდისეას ვლახოდიმოსი საბერძნეთის ნაკრებისა და "ნოტინგემის" მეკარეა. საქართველოსთან მატჩის ძირითად დროში რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, აი, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი არაფერი გამოუვიდა და... ძალიანაც კარგი! მთლიანობაში თანაბარი მატჩი იყო. ფავორიტად მიჩნეულ საბერძნეთს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია - დაბალანსებული, კარგად ორგანიზებული, მაგრამ უფანტაზიო გუნდია. პრესინგში აშკარად დაგვჯაბნეს, სხვა მხრივ კი, ბევრი არაფერი - საქართველოს ნაკრებს უფრო მეტად უნდოდა გამარჯვება და მოიგო კიდეც. ოდისეასის და მისი ამპარტავანი თანაგუნდელების "ოდისეა" "დინამო არენაზე" დასრულდა... ქედმაღლობა შემთხვევით არ მიხსენებია, ბერძნული მედია თვითონ წერდა ნამატჩევს, მეტოქის უპატივცემულობის გამო დავისაჯეთ, ამპარტავნებამ დაგვღუპაო. ალბათ, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა თუ აძლევდათ ცხვირის მაღლა აწევის საფუძველს (აქამდე გამართული ცხრა მატჩიდან ელინებს ჩვენთვის შვიდი ჰქონდათ მოგებული, ორი - ფრედ დასრულდა), თორემ საბერძნეთის ნაკრები ევროპის მასშტაბითაც კი არ არის გრანდი და "ევრო-2004"-ის სენსაციურ ჩემპიონობას თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთში სხვა მიღწევებით ვერც დაიკვეხნის. დღეს ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, თორემ საქმე ისტორიაზე თუ მიდგა, ბერძნებს არც ქართველები ჩამოვრჩებით!
ასეა თუ ისე, ბერძნების ჯავრი ყველა წყენისთვის ამოვიყარეთ და თანაც ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში! ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში არ ყოფილა ტურნირი, სადაც მინიმუმ ერთი დებიუტანტი არ თამაშობდა. ასეთი "ევრო-2024"-ზეც იქნება და... მისი სახელია "საქართველო"! მე ვარ საქართველო! გამარჯვებული, ბედნიერი და ამაყი!
"ჩემი გმირი გიწოდე"

გმირობისთვის აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ჰერაკლე, იაზონი ან პრომეთე გერქვას (არადა, ბერძნების უხეში თამაშის შემყურე, სოცქსელში ენამოსწრებულად იხუმრეს, ხომ არიან ღირსი, პრომეთე ავუშვათ და ამათ დედა ვუტიროთო?!). ბერძნების ყველა ნამდვილსა თუ მითოლოგიურ გმირს კვარას ერთი ფინტი გვირჩევნია, ჩაკვეს დიდოსტატური პასი, მამარდას ჯადოსნური ხელი, ნაკრების ჯერაც ახალბედა ქოჩორა 120 წუთის განმავლობაში რომ არ გაჩერებულა, მერე კი, პირველი თერთმეტმეტრიანი ისე მშვიდად გაიტანა, თითქოს სასწორზე ევროპის ჩემპიონატის კი არა, მხოლოდ ვალენსიის საგზური იდო. ჰერაკლეს თორმეტივე გმირობას ის წამები გვირჩევნია, წაქცეული ბუდუ ზივზივაძე თავით რომ ცდილობდა მეტოქის ფეხთან დაგდებული ბურთის დარტყმას, 38 წლის ჯაბა კანკავას ხასიათი, მარტის მატჩებში მხოლოდ ათიოდე წუთი რომ ითამაშა, მაგრამ ამ მცირე დროშიც ყველას აჩვენა, რომ "დინამო არენაზე" თავხედობას არავის აპატიებენ! ინგლისის პრემიერლიგის ნებისმიერ ვარსკვლავს დვალი, კიტე და კვირკველია (ბოლო მატჩებში ყველა კრიტიკოსი რომ გააჩუმა) გვირჩევნია, კვეკვესკირის დიდოსტატური პაუზა გადამწყვეტი პენალტის წინ, ცრემლის ის თითოეული წვეთი, ვილი სანიოლის, ქართველი ფეხბურთელების და ათასობით გულშემატკივრის თვალზე რომ ვნახეთ...
გმირობისთვის აუცილებელი არ არის ჰერაკლე ან ჰალკი გერქვას. გმირია ყველა, ვინც თავს არ ზოგავს თავისი ქვეყნის წარმატებისთვის. თვალს ერთხელ მაინც რომ დაგისველებს სიამაყის ცრემლით, თუნდაც ერთ ბავშვს გაუჩენს სპორტის რომელიმე სახეობაში ვარჯიშის სურვილს... და მიხარია, რომ დღეს ბევრი ასეთი გმირი გვყავს.
(შ)ვილი სანიოლის ცრემლზე
ბოლო ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, იშვიათად მახსენდება თამაში, როცა ვილი სანიოლი არ გამიკრიტიკებია. გულწრფელად ვიტყვი, მაღალი დონის მწვრთნელად არც ახლა მიმაჩნია, მაგრამ მარტის მატჩებზე გუნდს აშკარად ეტყობოდა ფრანგი მწვრთნელის ხელი. მთავარი კი, რაც მისი მოსვლისთანავე მომეწონა, ის არის, რომ ნაკრების კიდევ უფრო შეკვრა, გაერთიანება შეძლო, "კვერცხებიანი მოთამაშეები" მოსწონს და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. ერთი შეხედვით უცნაური, ზოგჯერ ძნელად გასაგები ნაბიჯების მიუხედავად, სანიოლის გუნდში არ არის კონფლიქტები (არადა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მწვრთნელ-მოთამაშეების დაპირისპირება გვინახავს!) და ეს ძალიან კარგია! ისე ჩანს, რომ რამდენიმეწლიანი "ექსპერიმენტების" შემდეგ, ფრანგმა მწვრთნელმა მიაგნო იმ ტაქტიკასა და შემადგენლობას, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რომ არის. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ვილის ყველა ნაბიჯმა გაამართლა. საქართველო ევროპაზეა, სანიოლმა კი პირველად იტირა (მეც!) ფეხბურთის გამო. სწორედ ასე თქვა იმ ადამიანის შვილმა, შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, უამრავი გამარჯვება და მარცხის ბევრი სიმწარე რომ უნახავს. მამამ პირველად იტირაო...
"დინამომ" ღირსება დაიბრუნა

იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტებს, ვინც 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას დავესწარით, დღემდე მწარედ გვახსოვს, როგორ დაიმხეს თავზე "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზი სიხარულისგან გადარეულმა ბალკანელებმა. 27 მარტის გამთენიისას იგივე დარბაზი, რომლის კედლებსაც ქართული ფეხბურთის ყველა თაობის ვარსკვლავების ფოტოები ამშვენებს, მონატრებულმა ქართულმა ყიჟინამ შეცვალა - ამჯერად საპრესკონფერენციო მაგიდაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ცეკვავდნენ.
ზეიმის დროს ნაკრების ბიჭებს შებრუნებული მაისურები ეცვათ - გვარებით წინ. ასეც უნდა იყოს, ქართული ფეხბურთის საქმე წაღმა უნდა წავიდეს! არც გვაქვს უფლება, მუხტი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, ერთ რიგით გამარჯვებამდე დავიყვანოთ და ქართულმა ფეხბურთმა ძველებურად გააგრძელოს ცხოვრება.
საყოველთაო ყურადღებაც, მიღებული ფინანსებიც (მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 9,5 მილიონ ევროს მიიღებს, ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ყოველი გამარჯვება და ქულა - დამატებითი თანხაა) და დიდ საფეხბურთო ტურნირზე მიღებული გამოცდილებაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
როგორ მოვედით აქამდე

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წლიდან იწყება - 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე ლიეტუვასთან გავმართეთ ამხანაგური მატჩი (2:2), თუმცა იმ დროს ჯერ არ ვიყავით ფიფა-უეფას წევრები და ის შეხვედრა ფიფას ოფიციალურ სტატისტიკაში არ ითვლება (საინტერესოა, რომ ჩვენი ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩიც ლიეტუვას უკავშირდება 1992 წლის სექტემბერში). მომდევნო 34 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებისგან სიხარულიც ბევრი გვახსოვს (უელსის 5:0 განადგურება 1994 წელს, სტოიჩკოვ-ლეჩკოვიანი ბულგარეთის დამარცხება ერთი წლის შემდეგ, თბილისში პოლონეთის ნაკრებისთვის გატანილი სამი გოლი, რუსებთან ყველაზე პრინციპული მატჩის მოგება 2003 წლის აპრილში, ფავორიტი ურუგვაისა და შოტლანდიის "ფორით" დამარცხება, ვარსკვლავებით "გაძეძგილი" ხორვატიისთვის 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი და სხვ.), მაგრამ იმედგაცრუება უფრო მეტი იყო. დიდი ანგარიშით ვის არ წაუგია, თუმცა ყველაზე მწარედ მაინც 2020 წლის ნოემბერი გვახსოვს: "დინამო არენაზე" მაშინაც უეფას ერთა ლიგის ფინალი იყო, ევროპის ნანატრ ჩემპიონატამდე მაშინაც ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, მაგრამ... "კოვიდის" გამო კვარაცხელია, შენგელია და მაყურებელი დაგვაკლდა, საბოლოოდ კი ცარიელი სტადიონი (მოგვიანებით, მისი საპრესკონფერენციო დარბაზიც) მაკედონელთა ზეიმის პლაცდარმად იქცა... ახლა? ახლა ჩვენი დროა. უდიდესი იმედგაცრუებიდან ოთხი წლის თავზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მაინც დაწერა ახალი ისტორია. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის, რადგან... ქვეყანა იტალიის, ესპანეთის ან ტურნირის მასპინძელი გერმანიის ფანებად კი არ დაიყოფა, კონტინენტის პირველობაზე ჩვენს საყვარელ გუნდს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუქომაგებთ - იტალიასთანაც, ესპანეთსა და მასპინძელ გერმანიასთანაც (პირველ ჯერზე თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალიაც საკმარისია!) და თუნდაც ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩიც ვერ მოვიგოთ, მაინც ამაყები ვიქნებით ევროპის ჩემპიონატზე თამაშით, ბრძოლით (რომელიც უეჭველად იქნება), ქართველი გულშემატკივრით, რომელიც უკვე 27 მარტიდან ეძებს გერმანიის სტადიონებისკან მიმავალ გზებს...
და რადგან გულშემატკივარი ვახსენეთ, განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, ვინც ჯერ კიდევ მატჩ(ებ)ის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიძრა სტადიონისკენ, მერე კი... მერე, 120 წუთის განმავლობაში, გაუჩერებლად ქომაგობდა საყვარელ გუნდს და ისტორიული გამარჯვებაც მასთან ერთად იზეიმა მოედანზეც ("დინამო არენასა" და რესპუბლიკის), საქართველოს ყველა ქალაქის ქუჩებშიც, ტელეეკრანებთანაც...
ქვეყნის გა(და)მყიდველები
პატარა ხინჯი კი მაინც დაგვრჩა, რადგან... ჯერ კიდევ საკმაოდ გვყოლია ქვეყნის გა(და)მყიდველები. მართლაც ძალიან ბევრი იყვნენ და ფულიც ბევრი იშოვეს. გადამყიდველებთან საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები... 150, 200, 500 ლარი ღირდა, ოღონდ ფულს რომ ჩაურიცხავდი, უმეტესობა შარშანდელი თოვლივით ან ყაზახი ფეხბურთელების იმედივით ქრებოდა. სხვები ერთ ბილეთს ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ ყიდდნენ... უამრავი ასეთი მაგალითის მიუხედავად, გულშემატკივარი მაინც რისკავდა ბილეთის ყიდვას შუბლის ძარღვგაწყვეტილი თაღლითებისგან. დაკარგულ ფულს აღარ დაეძებდნენ, ოღონდ "პატიოსანი" გადამყიდველი ეპოვათ... თუმცა ბილეთს ათმაგ, ოცმაგ ფასად რომ ყიდი, რომელ პატიოსნებაზეა ლაპარაკი? ვიცი, რომ გადამყიდველები ყველა ქვეყანაში არიან, ისიც შესაძლებელია, მართლაც დაგრჩეს "ზედმეტი" ბილეთი და ორმაგ ფასად ან - უფრო ძვირად გაყიდო, მაგრამ რამდენიც უნდა იძახო, ფასს მოთხოვნა განაპირობებსო, როცა წინასწარგანზრახვით ყიდულობ (როგორ, ეს კიდევ სხვა საკითხია!) 10, 20, 50 ბილეთს, მერე ათჯერ ძვირად რომ გაყიდო, ნამდვილი გულშემატკივარი კი უბილეთოდ დატოვო - იაფფასიანი (და ძვირბილეთიანი) ... ხარ!
წარმატების ეფექტი
იტალიაში გადასვლიდან რამდენიმე თვეში ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი სხვა მასშტაბებზე გაიყვანა და ქართველებს სიამაყე დაგვიბრუნა. არა მარტო იტალიაში მცხოვრებ ჩვენებურებს, მთელ საქართველოს, ოღონდ ეს იტალიურ კლუბში მოთამაშე ერთი კონკრეტული ქართველის ჯადოქრობა იყო, პატარა ბიჭის მაგია, რომელმაც ფეხბურთისადმი ინტერესიც შეცვალა ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულებაც.
26 მარტის გამარჯვება კი გაცილებით მაღალი თამასაა. ახალი ეტაპი და ჯილდოა სამი ათწლეულის განმავლობაში განცდილი უამრავი იმედგაცრუებისთვის.
დღესაც, საბერძნეთთან გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ სიზმარში ვართ. ემოცია ჯერ არ ჩამცხრალა და გამარჯობის ნაცვლად ჯერ კიდევ "გილოცავ" ისმის. ჯერ ისევ მზად ვართ უცნობ ადამიანებსაც კი ჩავეხუტოთ, სიხარული გავუზიაროთ, და რაც მთავარია, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ (გა)უჩნდება კითხვა: რამ გადარია ეს ხალხი?!
მამაჩემისგან ვიცი: 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის ღამეს, როცა თბილისის ქუჩებს ზღვასავით მოედო ათასობით აჟიტირებული ადამიანი, საქართველოს დედაქალაქში ერთი დანაშაულიც არ მომხდარა! იმავეს ვხედავდით 27 მარტის დილითაც: რომელი დანაშაული?! საქართველოს ქალაქების ქუჩები ქართულდროშებიანი ავტომანქანებითა თუ ქვეითებით იყო სავსე. კიდევ, ბევრი სიგნალით, სიმღერით, სიხარულით...
მე ვარ საქართველო! სულ საქართველო ვიყავი, მაგრამ დღეს გაცილებით ბედნიერი და ამაყი ვარ. და წაგებულის მენტალიტეტიც მოვიშორეთ!
ზღაპრის ბოლო კეთილია
ეს წარმატება მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი - დიდი ამბავია მთლიანად ქვეყნისთვის. ფეხბურთს მართლაც შეუძლია გააერთიანოს მთელი ქვეყანა და ამის ნათელი მაგალითი 26 მარტს (წინა დღეებშიც) ვნახეთ... იმ იშვიათ დღეთაგანი იყო, მთელი საქართველო ერთ მუშტად რომ არის ხოლმე შეკრული. ერთი მიზნისთვის გაერთიანებული. სტადიონზე რაც ხდებოდა, ყველამ ვნახეთ, მაგრამ არანაკლებ ემოციურია ის უამრავი ვიდეო, სოციალურ ქსელებში რომ ვრცელდება - სიხარულისგან ატირებული, ჭკუიდან გადასული ადამიანების გულწრფელი ემოცია... ეს შეუძლია ფეხბურთს. ეს შეუძლია ერთიანობას. 27 მარტის დილა 30-წლიანი იმედგაცრუების დასასრული იყო. გასული წლების 18 ნოემბრის, 13 მაისის, ოქტომბრის წვიმიანი დღეების გაგრძელება, მათი დამსახურებით მოტანილი შედეგი!
იმ ოპტიმიზმის (ხშირად უსაფუძვლო) დამსახურება, ყოველ შესარჩევ ეტაპს ახალი იმედით რომ ვიწყებდით, და სამი ტურის შემდეგ, "მომდევნო საკვალიფიკაციოს მოსამზადებელ ეტაპად" რომ იქცეოდა ხოლმე. ვიტალი დარასელიას დიდებული მოძრაობისა და მოქნეული მარცხენის გაგრძელება. დათუნაშვილის "ჩახვეული" კუთხურებისა. ხორვატიასთან 90-ე წუთზე გატანილი გოლის. გიორგი ქინქლაძის უსაზღვრო ნიჭისა და "ჯადოსნური მარცხენის" გამოძახილი - კვარას მსგავსად, პირველივე სეზონში რომ გადარია ინგლისური პრემიერლიგა. იმ ბავშვების იმედის გამართლება, მესის მაისურები უკვე სექტემბერში რომ გადაცვალეს "ნაპოლიში" აგვისტოში გადასული კვარაცხელიას მაისურებზე! იმ გა(და)მყიდველებისაც, იმედია, დროულად რომ გააცნობიერებენ, რომ "ფულით ყველაფერს ვერ იყიდი" და მიხვდებიან, როგორი ხალხი არ უნდა დატოვონ ფეხბურთის გარეშე... ვილი სანიოლის შვილს უთქვამს, პირველად ვნახე, როგორ იტირა მამაჩემმა ფეხბურთის გამოო... მეც პირველად ვნახე, როგორ ტიროდა პრესლოჟაში ყველა ჟურნალისტი და მთელი სტადიონი.
ისტორიული ივნისი
უკვე კარგა ხანია, ცნობილია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: 18 ივნისს დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" თურქეთის ნაკრებს ვეთამაშებით, 22 ივნისს ჩეხეთთან მატჩია (ჰამბურგი, "ფოლკსპარკშტადიონი"), 26-ში - საქართველო-პორტუგალია (გელზენკირხენი, "ფელტინს არენა"). პირველ, ჩვენთვის ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. გერმანიაში მილიონობით ეთნიკური თურქი ცხოვრობს, ცხადია, დორტმუნდის ულამაზეს სტადიონზეც ათეულობით ათასს ვნახავთ, თუმცა... "ერთით მეტი" მაინც ჩვენ ვიქნებით - 18 ივნისი ხომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - დავით ყიფიანის დაბადების დღეა!
ქართველ გულშემატკივრებს დღემდე სწყდებათ გული, რუსულმა შოვინიზმმა ლეგენდარული ათიანი 1982 წლის მუნდიალს მიღმა რომ დატოვა - ყიფო ესპანეთში(ც) აუცილებლად გაიბრწყინებდაო! დიდი ალბათობით, ასე იქნებოდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს დღეს აზრი აღარ აქვს. ახლა ჩვენი წილი, ჩვენთვის ისტორიული ტურნირი გვაქვს სათამაშო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თურქებთან (ცხადია, ჩეხეთსა და პორტუგალიასთანაც!) მოსაგებად - ყიფოსთვის, პაიჭაძისთვის, ქინქლაძისთვის, ძველი და ახალი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის, თითოეული "სტაჟიანი" თუ ახალბედა გულშემატკივრისთვის, დღემდე საეტაპო გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ და კიდევ, ვინ იცის, მერამდენედ რომ უყურებენ პენალტების სერიას, კვეკვესკირის გადამწყვეტ დარტყმას და ქოჩორას ქოჩორში წავლებულ ხელებს... ჩვენთვის სრულიად უცნობი და იმავდროულად საოცრად ახლობელი ადამიანების გულწრფელ ემოციებს, გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. საქართველოს სტადიონზე არასდროს მინახავს მოედანზე ნიაღვარივით შევარდნილი ამდენი ადამიანი. "დინამო არენა" სავსე იყო ადამიანებით, ფეხბურთით, ემოციით... ქვეყანა კი... ჩვენი ქვეყანა ფეხბურთით იყო სავსე და ამ მონატრებული ემოციისგან აღარასდროს უნდა დავიცალოთ.
მე ვარ საქართველო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!