„პოლიტიკური ფეხბურთი“ - კვირის პალიტრა

„პოლიტიკური ფეხბურთი“

საერთოეროვნული ზეიმი, საერთოეროვნული ბედნიერება, საერთოეროვნული სიყვარული - მოკლედ, ალბათ, ასე შეიძლება გადმოიცეს ის, რაც 26 მარტს მოხდა. საქართველომ გაიმარჯვა! მორჩა და გათავდა! ეს გამარჯვება თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას. კერძოდ, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ქართული ფეხბურთი და ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ. ფეხბურთი ჩვენი ყოფა-ცხოვრების ერთგვარი სარკე იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გადატანილმა უბედურებებმა გაგვიჩინა რამდენიმე კომპლექსი, რომელთაგან ერთ-ერთს ძალიან უტრირებულად შეგვიძლია "დამარცხებულის ფსიქოლოგია" ვუწოდოთ. კერძოდ, ჩაგვაგონეს თუ ჩვენ ჩავაგონეთ თავს, რომ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება არ შეგვიძლია და კრიტიკულ მომენტებში უნდა გავტყდეთ და ჩამოვიშალოთ - ომი იქნება თუ სპორტი. ეს სენი ჰქონდა შეყრილი ქართულ ფეხბურთსაც. დიახ, შეეძლო ჩვენს ნაკრებს ფეერიული მატჩების ჩატარება, მათ შორის მსოფლიო გრანდებთან, თუმცა გადამწყვეტ მატჩებში თითქოს ხელფეხშეკრულნი, დაბნეულები და შეშინებულები იყვნენ. დღეს ასე აღარ არის. "ევრო 2024"-ზე გასვლა მხოლოდ იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზარმაზარი ზეიმის ნაწილი გავხდებით. არა, პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ გავედით ბრძოლით, სადაც არ გავტყდით, არ დავიბენით და არ შეგვეშინდა, 26 მარტის შემდეგ კი უკვე ჩვენი უნდა ეშინოდეთ და პატივისცემით მოგვეპყრან. თუ არ სჯერათ, ბერძნებს ჰკითხონ.

"იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის"

ეტყობა, ბერძნებმა არ იცოდნენ გამოთქმა, "ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო" ან "იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო". 26 მარტის ისტორიული მატჩის წინ ბერძნული პრესის ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, ირონიულად იყო განწყობილი საქართველოს ნაკრების მიმართ: "საქართველოში ძირითადი სპორტის სახეობები ძალოსნობა, ჭიდაობა და ძიუდოა, მაგრამ ბურთსაც თამაშობენ... "დინამომ" 1981 წელს თასების მფლობელთა­ თასი მოიგო­ და ბერძნულ კლუბს ევროთასი­ მოგებული­ არა აქვს, თუმცა ის საბჭოთა კავშირის წარმატება იყო და არა საქართველოსი... რაც შეეხება მათ ფეხბურთელებს, კვარაცხელიას გარდა, ქართველები კუთხის მაღაზიებში თამაშობენ. დიახ, კარგი მეკარეც ჰყავთ, მამარდაშვილი, რომელიც "ვალენსიაში" ჩინებულად ასპარეზობს. ფინალი რომ საბერძნეთში იმართებოდეს, ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატის ბილეთებს უნდა ვჯავშნიდეთ" - წერს ბერძნული პრესა.

ბერძნები დარჩნენ გაღიმებული. ზოგიერთ მათ სპორტულ ჟურნალისტს რომ მეტი ინფორმაცია მოეგროვებინა ქართული ფეხბურთისა და თუნდაც კონკრეტულად საქართველოს ნაკრების შესახებ, მიხვდებოდნენ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არასოდეს ვიყავით ხელწამოსაკრავი მეტოქე არც ერთი გუნდისთვის მსოფლიოში. შესაბამისად, აღარ ჩაიგდებდნენ თავს უხერხულ მდგომარეობაში.

"ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს. ჩვენი საქციელით ქართველების უპატივცემულობა გამოვიჩინეთ. ყაზახეთს მოვუგეთ და გვეგონა, მესის არგენტინა დავამარცხეთ. ეს სანიოლის გუნდის უპატივცემულობა იყო. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია", - ამას ბერძნები უკვე მატჩის შემდეგ წერდნენ. სხვათა შორის, შეცდომის აღიარება ღირსეული საქციელია. ისე, ვურჩევთ ჩვენს ბერძენ მეგობრებს, მაინც დაჯავშნონ ბილეთები მატჩზე 18 ივნისს დორტმუნდში და უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.

ფეხბურთი და დიდი პოლიტიკა

434031563-394482203341797-4712070335279679976-n-1711889698.jpg

ყველა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ჩაბმული იყო საფეხბურთო თემატიკაში, რადგან კარგად ესმოდათ, რომ ფეხბურთი პოლიტიკის გაგრძელებაა. ლავრენტი ბერია პირადად მფარველობდა თბილისის "დინამოს" და ამისთვის თავის ჩეკისტურ ბერკეტებს იყენებდა. რადიო "თავისუფლების" 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში "ლავრენტი ბერიას "დინამო" მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ მოატაცებინა ბერიამ ჩეკისტებს ფეხბურთელი მიხეილ ჯოჯუა მოსკოვიდან (ის იქაურ "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა), რათა მას თბილისის­ "დინამოში" ეთამაშა. ბერია­ პირადად აკონტროლებდა, რომ საბჭოთა­ საქართველოს მთავარ გუნდში ძლიერ ფეხბურთელებს ეთამაშათ. დათო ტურაშვილი თავის წიგნში იმასაც წერს, რომ ბერიამ საბჭოთა პერიოდში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - "დინამოს" ფრანგი მწვრთნელი ჩამოუყვანა­ (უბრალოდ, როგორც ტურაშვილი წერს, ფეხბურთელებმა და უცხოელმა ვერ გაუგეს­ ერთმანეთს... სამაგიეროდ, ლამის ასი წლის შემდეგ კიდევ ერთი ფრანგი ოქროს ასოებით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში). არავინ იფიქროს, რომ ლავრენტი პავლოვიჩის ბიოგრაფიის სისხლიანი ლაქების გათეთრებას ვცდილობთ - უბრალოდ, ფაქტს ვიხსენებთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთი პოლიტიკა იყო, "დინამოს" ჩემპიონობაზე საუბარი ძნელი იყო, რადგან უპირატესობა მოსკოვურ გუნდებს­ ენიჭებოდათ და "დინამო" იჩაგრებოდა. წარმოიდგინეთ, ბორის პაიჭაძის თაობას ჩემპიონობა არ მოაპოვებინეს. სხვათა შორის, ქართულ ფეხბურთს იმის გამოც მოხვდა, რომ სტალინი ქართველი იყო. დიდი ბელადის ლამის პირადმა მასხარამ და ბერიას მლიქვნელობაში დახელოვნებულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის სიკვდილისა და ბერიას დახვრეტის შემდეგ ლამის ყოველივე ქართულს დაუწყო ბრძოლა. ერთ-ერთი პირველი, რაც სულელმა ნიკიტამ სამიზნეში ამოიღო, ფეხბურთი იყო. 1953 წელს თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ორი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარ­ მოსკოვის "სპარტაკს". თუმცა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ ქართველებს შარი მოსდო, ქულები დააკლო და დამატებითი მატჩი ათამაშა მოსკოველებთან, რომელიც, სამწუხაროდ, "დინამოს" მარცხით დასრულდა. \

საერთოდ, "დინამოს" საბჭოთა საქარ­თველოს ყველა ყოფილი პირველი პირი მფარველობდა, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ფეხბურთთან დაკავშირებულ ამბავს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ერთი მხრივ, ამან შევარდნაძეს პოპულარობა მოუტანა, მეორე მხრივ, ამ ამბავს მისი მომხრეები ხაზს უსვამდნენ როგორც შევარდნაძის სიმამაცის გამოვლინებას (ამას ნამდვილად ვერ წაართმევ მეორე პრეზიდენტს) და მესამე მხრივ, მან ნამდვილად დიდი სისხლის ღვრა ააცილა ქვეყანას.

თბილისის "დინამოს" ჩაგვრას ქართველები ყოველთვის აღიქვამდნენ როგორც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვას, 1977 წლის 23 ივლისს კი მოთმინების ფიალა აივსო. "ზარიას" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც თბილისში იმართებოდა, მსაჯი თავხედურად მხარს უჭერდა სტუმრებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში ორი წუთით ადრე დაამთავრა, ემანდ დინამოელებმა გოლი არ გაიტანონო. აღშფოთებული მაყურებელი სტადიონზე შეიჭრა. ედუარდ შევარდნაძე მიხვდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები - იცნობდა კარგად საბჭოთა კავშირის ბუნებას. შესაბამისად, მაშინდელმა ცეკას მდივანმა უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - გავიდა ხალხში და უთხრა, თქვენ დაიშალეთ და მსაჯებს ჩვენ მივხედავთო. თუმცა ხალხი დაშლას არ აპირებდა და მაშინ შევარდნაძე პირადად გაუძღვა სტადიონზე მყოფებს გასასვლელისკენ, გაიყვანა ქუჩაში და იქ როგორღაც მოახერხა მისი დაცვა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა შევარდნაძე, ამ საქციელის გამო მოსკოვში პოლიტბიუროს ნაწილს მისი შერისხვა სურდა, თუმცა ბრეჟნევმა დაიცვა.

ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ქართული ფეხბურთი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში ერთ-ერთი პიონერი იყო. ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული, არც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, ქვეყნის სათავეში კვლავ კომუნისტები იყვნენ, როდესაც პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა (1990 წლის მარტი) და სტადიონზე სამფეროვანი დროშა აფრიალდა. ამ პროცესებში ეროვნული მოძრაობის ლიდერები აქტიურად იყვნენ ჩართული. ზვიად გამსახურდია იხსენებდა, რომ მასშტაბური აქციის ჩატარების მიზნით "დინამოს" სტადიონთან­ მომხრეებთან ერთად მივიდა და მატჩის შემდეგ გამოსულ ხალხს შეერთებისკენ მოუწოდა. მიტინგი გრანდიოზული გამოვიდა.

90-იან წლებში ისეთი უბედურება იყო ქვეყანაში, რომ ფეხბურთისთვის ბევრს არ სცხელოდა. თუმცა გამონათებები იყო - საქართველოს ნაკრების პირველი თაობის გამარჯვებები (პირველ შესარჩევ ციკლში უშანსოდ არ ვიყავით: შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა) ლამის ერთადერთი პოზიტიური მოვლენა იყო ქვეყანაში. 1995 წელს გერმანიის სტუმრობამ კი ქვეყანას რამდენიმე დღით დაავიწყა უშუქობა, უფულობა, სიცივე, სიბნელე და კრიმინალური ბანდების თარეში. წარმოიდგინეთ, "დინამოს" სტადიონზე 110 ათასი კაცი იჯდა და არც ერთი სერიოზული ექსცესი არ მომხდარა. ეს მაშინ, როდესაც ლამის ყოველ მეორე ადამიანს იარაღი ჰქონდა და პოლიცია წესრიგს კი არა, საგზაო მოძრაობას ვერ არეგულირებდა.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაგრძელდა საბჭოთა ტრადიცია, ანუ ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეკონტროლებინა ფეხბურთი. ყველაზე ნათლად ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოჩნდა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი რამდენიმე წუთში გადადგა და მაინც ის აირჩიეს პრეზიდენტად, ვისაც მხარს ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი უჭერდა.

არ გვინდა ცუდი მოგონებები. გავიხსენოთ, კარგი ზაფხული გველის - რად ღირს თუნდაც ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და ჩვენი ნაკრები მინიმუმ სამ მატჩს ჩაატარებს, ხოლო თუ სამზე მეტი ჩაატარა, ზეიმი და დიდი დეპოლარიზაცია მერე ნახეთ.

p.s. ამ დღესასწაულისთვის მადლობა ეკუთვნის ყველას. პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომელთაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, მინდორზე ომი მოიგეს. მადლობა ვილი სანიოლს - ძნელია, როდესაც ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე თვით ადრე 1:7-ს აგებ ესპანეთთან, შეინარჩუნო წონასწორობა, აღუდგინო თავდაჯერება ფეხბურთელებს და წახვიდე მიზნისკენ. მადლობა ყველა თაობას, რომელთაც ქვეყანაში ფეხბურთი დაამკვიდრეს, განავითარეს, ძნელბედობის ჟამს არ მოკლეს და ზურგით მოიტანეს 2024 წლის 26 მარტამდე! ეს გამარჯვება თითოეულ მათგანს ეკუთვნის!

გიორგი კვიტაშვილი