ყველანი გერმანიაში! - როგორ და სად შეიძლება ბილეთების შეძენა და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება - კვირის პალიტრა

ყველანი გერმანიაში! - როგორ და სად შეიძლება ბილეთების შეძენა და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება

"მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველანი გერმანიაში", - ამ სიტყვებით მიმართა საბერძნეთთან საფეხბურთო მატჩში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და გამარჯვების ზეიმის პარალელურად, გულშემატკივრებმა დაიწყეს ფიქრი, სად და როგორ ეყიდათ გერმანიაში მატჩებზე დასასწრები ბილეთები, მით უმეტეს, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა იმ საღამოსვე გააორმაგა ისედაც გაძვირებული ბილეთები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მალევე ითქვა, რომ დაიწყეს უეფასთან მოლაპარაკება და ინფორმაციას დაზუსტებისთანავე საზოგადოებას მიაწვდიდნენ. შაბათის 30 მარტის ფედერაციის განცხადებაში უკვე დაკონკრეტებულია, რომ "ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციისა და თარიღის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით იმართება და ბილეთების რეალიზაციაც მათი უშუალო ჩართულობით ხდება.

რამდენი ბილეთია საქართველოსთვის განკუთვნილი?

gelsenkirchen-arena-aufschalke-3-1711890370.jpg

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს და როგორც ირკვევა, ახლა სწორედ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. როდესაც ლაპარაკი კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილ ბილეთებზეა, იგულისხმება ფანკლუბების მიერ მოთხოვნილი ბილეთები, მაგრამ საქმე ის არის, "ევრო-2024"-ის თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და როგორც უეფას ვებგვერდზეა მითითებული, "საერთო ჯამში, 2-დან 12 დეკემბრის ჩათვლით 206 ქვეყნიდან 30 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა ბილეთებზე", ეს კი ძალიან დიდი რიცხვია, რადგან როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე 51 მატჩი გაიმართება და სულ 2,7 მილიონი ბილეთია გათვალისწინებული.

შესაბამისად, როგორც უეფას ვებგვერდზეა აღნიშნული, "თითოეულმა მონაწილე ეროვნულმა ასოციაციამ მიიღო 10,000 ბილეთი გულშემატკივრებისთვის და რამდენიმემ უკვე სრულად გაყიდა". თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ დარჩენილ ბილეთებს უეფა ლატარიის პრინციპით გადაანაწილებდა ეროვნულ ფედერაციებს შორის.

იმის გამო, რომ საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, საქართველოდან განაცხადი არ შესულა. სხვათა შორის, უეფას საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "გერმანიის გულშემატკივრების გარდა, ყველაზე მეტი ბილეთი მოითხოვეს თურქეთის, უნგრეთის, ინგლისის, ალბანეთისა და ხორვატიის მხარდამჭერმა გულშემატკივრებმა".

ეს ჩვენთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველი თამაში თურქეთთან გვაქვს და ფაქტია, თურქეთს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ეყოლება. რამდენად მოახერხებენ ქართველი გულშემატკივრები დასწრებას, რათა ჩვენი ნაკრები გაამხნევონ, ჯერ უცნობია. ისიც არ ვიცით, რამდენი ბილეთი შეგვხვდება ამ კვოტით, რადგან ფედერაცია მოლაპარაკებას ახლა მართავს და უეფას უწევს, ასე ვთქვათ, რეზერვების გადათამაშება. სხვა საკითხია, გამოყოფილი კვოტა საქართველოში ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რადგან საბერძნეთთან თამაშისთვის ბილეთების გაყიდვის მწარე გამოცდილება ყველას კარგად გვახსოვს. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ "უეფასთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურის შესახებ".

სად და როგორ შეიძლება ბილეთების ყიდვა

hamburg-volksparkstadion-2-1711890369.jpg

კარგი ის არის, რომ ბილეთების ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია უეფას ოფიციალურ საიტზე. თავდაპირველად, ბილეთების ფასები 30 ევროდან იწყებოდა, დღეს კი გაცილებით მეტია. ფასები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია თამაშების ეტაპების მიხედვით.

საქართველო გარანტირებულად გამართავს სამ თამაშს ჯგუფში. ამ თამაშებზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 მარტის მონაცემებით ოფიციალურად ასეთია:

18 ივნისი. საქართველო-თურქეთი, დორტმუნდის "ვესტფალენშტადიონი" - 30-დან 400 ევრომდე: 30 ევრო, 60 ევრო, 150 ევრო, 200 ევრო და 400 ევრო, მაგრამ 30 ევრო ღირს ფანკლუბისთვის განკუთვნილი ბილეთები, რაც, წესით, საქართველოში უნდა გაიყიდოს. 22 ივნისი. საქართველო-ჩეხეთი, ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონი" - ზუსტად იგივეა.

26 ივნისი. საქართველო-პორტუგალია, გელზენკირხენის "არენა აუფ შალკე" - აქაც იგივე.

თუმცა საიტზე https://www.livefootballtickets.com/, სადაც ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება ბილეთების ონლაინყიდვა, და რომელიც უეფას საიტზე მითითებულია, როგორც ბილეთების ოფიციალური გამყიდველი, ნაჩვენებია, რომ დორტმუნდის თამაშზე ბილეთების ფასები, 30 მარტის მონაცემებით, იწყება 350 გირვანქიდან და მაქსიმალური ფასია 3.575 გირვანქა VIP-განყოფილებაში.

ასევე მითითებულია, რომ ამ საიტზე თურქეთ-საქართველოს მატჩზე სულ დარჩენილია 672 ბილეთი. ასე იყო 30 მარტის მონაცემებით.

საქართველო-ჩეხეთის თამაშზე, რომელიც 22 ივნისს ჰამბურგში გაიმართება, ბილეთები შედარებით იაფია - 235 გირვანქიდან 3.900 გირვანქამდე და დარჩენილია 693 ბილეთი (30 მარტის მონაცემებით).

საქართველო-პორტუგალიის დაპირისპირების სანახავად გელზენკირხენის სტადიონზე ბილეთები ღირს 293-დან 3.900 გირვანქამდე, ხოლო 30 მარტის მონაცემებით დარჩენილი იყო 603 ბილეთი.

hamburg-volksparkstadion-1-1711890369.jpg

ფრენის ფასი და სხვა ხარჯები

გერმანიაში გაფრენა, რა თქმა უნდა, თბილისიდანაც შეიძლება, მაგრამ აქცენტს ქუთაისიდან ფრენებზე გავაკეთებთ, თუნდაც იმის გამო, რომ ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით ფრენები რამდენიმე ქალაქშია. დორტმუნდსა და ჰამბურგში, სადაც მატჩები გაიმართება, პირდაპირ რეისებს Wizzair-ი ასრულებს და მისი პირობები ქართველებმა კარგად იციან.

17 ივნისს ქუთაისიდან დორტმუნდში ფრენა 1450 ლარიდან იწყება, 21 ივნისს უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი 1000 ლარიდან. ცხადია, ეს არის ფრენა ბარგის გარეშე, რაც, თავის მხრივ, ბილეთებს აძვირებს.

ჰამბურგში თამაში 22 ივნისს გაიმართება, მაგრამ Wizzair-ის ვებგვერდზე ჰამბურგის მიმართულებით ბილეთები ოქტომბრამდე აღარ იძებნება. სამაგიეროდ, ბილეთები არის ბერლინის მიმართულებით, რომლის ფასი 21 ივნისს 820 ლარიდან იწყება. უკან დასაბრუნებელი უახლოესი რეისი ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით 24 ივნისს შესრულდება და ბილეთის ფასი 1210 ლარიდან იწყება. ცნობისთვის: ბერლინიდან ჰამბურგამდე 300 კილომეტრია და მატარებლით ჩასვლას 2 საათი სჭირდება.

რაც შეეხება გელზენკირხენს, ის დორტმუნდიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და საქართველოდან ჩასული გულშემატკივრისთვის ყველაზე ხელსაყრელია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ფასები რამდენიმე დღის წინ, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა, გაცილებით მაღალი იყო. ზოგადად, ბილეთის ფასები მუდმივად ცვალებადია და არ გაგიკვირდეთ, ორიოდე დღეში გაცილებით მეტი ან ნაკლები რომ დაგხვდეთ.

რაც შეეხება სასტუმროებს, საერთოდ, საფეხბურთო ჩემპიონატის გამო ფასები იმ ქალაქებში, სადაც თამაშები გაიმართება და ასევე, ახლომდებარე ქალაქებსა თუ დასახლებებში ძალიან გაზრდილია.

დორტმუნდში 18-19 ივნისს საერთო ოთახში ერთი ღამით ერთი საწოლი 183 ევრო ღირს, 2.100 ევრო - VIP-აპარტამენტი, ხოლო ცენტრიდან 9 კილომეტრში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს 2-საწოლიანი ნომერი 1 ღამით - 1.175 ევრო. დანარჩენ სასტუმროებში ადგილები აღარ არის. ჰამბურგში 22-23 ივნისს ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარე აპარტამენტი ერთი ღამით 80 ევრო ღირს. ასეთივეა ფასები ამ დისტანციაზე მდებარე ჰოსტელებშიც, სადაც ერთი ნომერი 80 ევროს ფარგლებში ღირს. გელზენკირხენში კი 26-27 ივნისს ჰოსტელში ერთი ნომრის ფასი 160-250 ევრო იქნება.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, ბუდუ ზივზივაძის მიპატიჟებით სარგებლობა მართლა დაგჭირდეთ.

საქართველო გარანტირებულად გამართავს სამ თამაშს ჯგუფში. ამ თამაშებზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 მარტის მონაცემებით ოფიციალურად ასეთია:

18 ივნისი. საქართველო-თურქეთი, დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონი“ - 30-დან 400 ევრომდე: 30 ევრო, 60 ევრო, 150 ევრო, 200 ევრო და 400 ევრო, მაგრამ 30 ევრო ღირს ფანკლუბისთვის განკუთვნილი ბილეთები, რაც, წესით, საქართველოში უნდა გაიყიდოს.

22 ივნისი. საქართველო-ჩეხეთი, ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონი“ - ზუსტად იგივეა.

26 ივნისი. საქართველო-პორტუგალია, გელზენკირხენის „არენა აუფ შალკე“ - აქაც იგივე.

რუსა მაჩაიძე