„თუ კრემლში მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, საქართველო იქნება პირველი და ომი აქ აუცილებლად იქნება“
"საქართველო ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა... ზაფხული შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს როგორც უკრაინისთვის, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა სივრცისათვის", - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლაშა ძებისაშვილი. მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რაც სრულიად შეცვლის მსოფლიო პოლიტიკურ და სამხედრო წესრიგს...
"გეოპოლიტიკური რღვევის პირობებში მყოფი მსოფლიო და განახლებული რუსული რევანშიზმი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს საქართველოსა და მის პოლიტიკურ ელიტას ეფექტური, თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მოწყობისთვის", - ამბობს ლაშა ძებისაშვილი, რომელმაც სხვა ავტორებთან ერთად ცოტა ხნის წინ წარმოადგინა საინტერესო კვლევა სათაურით "საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში". ჩვენ კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ლაშა ძებისაშვილს ვესაუბრეთ.
- დღეს საქართველო საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას - ან მოხდება ქვეყნის უსაფრთხოების და სტრატეგიული მიზნების ადეკვატური ფორმულირება და გატარდება შესაბამისი პოლიტიკა, ან ეჭვქვეშ დადგება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური ერთეულის არსებობა. გარდა იმისა, რომ ჩვენი კვლევა მკაფიოდ წარმოაჩენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის წინაშე არსებულ არაერთ საფრთხეს, სთავაზობს მათზე მორგებული თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების ორ მოდელსაც, როგორც საერთო სტრუქტურის, ისე შესაძლებლობების დეტალური განხილვით. ამასთან, კვლევა გვიქმნის ნათელ წარმოდგენას, თუ რა ფინანსური რესურსის მობილიზებაა საჭირო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის უზრუნველყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ხოლო რომლის იგნორირების შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვა შეწყვეტს არსებობას და ფიქციად გადაიქცევა. ჩვენი ამოცანაა სწორედ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დავანახოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებას და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეალური და ეფექტური თავდაცვის სისტემის სწრაფ მშენებლობას.
- რამ შეიძლება განაპირობოს რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა საქართველოში, მაშინ როდესაც მას უკრაინასთან ომი და მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებთან ძალზე დაძაბული ურთიერთობა აქვს?
- რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დღემდე განიხილავს დანაკარგად, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს არსებობას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია როგორც პუტინისგან, ისე სხვა რუსი ლიდერებისგან, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, დაუყოვნებლივ აღადგენენ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ დამოუკიდებლად ვიარსებოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, მაშინ საფრთხეები სწორად უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისად მოვემზადოთ.
- სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული მშვიდობა მათი სწორი პოლიტიკის შედეგია. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ უკვე აარიდა ქვეყანას ომში ჩართვა და ირწმუნება, რომ მშვიდობას მომავალშიც შეინარჩუნებს.
- საუბრები იმის შესახებ, რომ დასავლეთიდან რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ, მანიპულაცია, ფაქტების არასწორად წარმოჩენის ცდაა. რაც შეეხება დღეს არსებულ მშვიდობას, ის მხოლოდ დროებითია. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, სულ რომ გუნდრუკი ვუკმიოთ რუსებს, თუ კრემლში სტრატეგიულ მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, ომი აქ აუცილებლად იქნება, თუ რა თქმა უნდა, ნებით არ დავთმობთ დამოუკიდებლობას. საბჭოთა კავშირის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ვერ იარსებებს. ესე იგი, ორი არჩევანი გვაქვს - ან უარი უნდა ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, ან ვიომოთ. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის გახსნა სრული სიგიჟეა, ერთადერთი სწორი გზა ახლა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალური გაძლიერებაა. პრობლემა ის არის, "ქართული ოცნება" ამას არ აკეთებს. არადა, ცხადზე უცხადესია ის ორი სცენარი, რაც შეიძლება უახლოეს მომავალში განვითარდეს. კერძოდ, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, მაშინვე დაიწყებს ძალაუფლების აღდგენას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, პირველ რიგში კი საქართველოზე. თუ რუსეთი წააგებს, მაგრამ მოსკოვში შენარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, პუტინს დასჭირდება კომპენსაცია უკრაინის ფრონტზე მარცხის გამო. კომპენსაციის მისაღებად ყველაზე იოლი გზა ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენაა.
- გამოდის, რუსეთი ომს წააგებს თუ მოიგებს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მაინც მოინდომებს კონტროლის აღდგენას, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერვენციას მოინდომებს?
- ყველა ლოგიკით კავკასიას მოადგება. საქართველო იქნება პირველი იმიტომ, რომ სანამ სომხეთს მიადგება, აქ უნდა გაიაროს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავს. ამასთან, ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი მოკავშირე - თურქეთი. შესაბამისად, პირველივე ჯერზე აზერბაიჯანთან დატაკება არ აწყობს. საქართველოზე კონტროლის დამყარება ყველაზე ადვილია და ამასთან, გეოპოლიტიკურადაც გამართლებული - თუ საქართველოს აკონტროლებ, მაშინ აზერბაიჯანიც ძალაუნებურად ექცევა შენს გავლენაში. აზერბაიჯანის ძირითადი ენერგომატარებლები საქართველოზე გადის და ამ მხრივ სომხეთი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოზე კონტროლის დამყარებით რუსეთის ხელში ვარდება აზერბაიჯანიც და სომხეთიც, აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე.
- თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღეს და რას გულისხმობს თქვენი მაქსიმალისტური და რეალისტური თავდაცვის მოდელები?
- მაქსიმალისტური ანუ ოპტიმისტური მიდგომა, რომელიც იმისდა მიუხედავად, თუ დღეისათვის რა რესურსობრივ-ფინანსური შეზღუდვებია ქვეყანაში, წარმოგვიდგენს ძალთა საბრძოლო შესაძლებლობების, სტრუქტურისა და მართვის ყველაზე ოპტიმისტურ სურათს. ეს სტრუქტურა ასახავს დღეისთვის არსებული სამხედრო საფრთხეების სრული განეიტრალებისა და სტრატეგიულ-ოპერატიული ამოცანების სრული და უპირობო შესრულებისთვის (მინიმუმ 6 თვიდან ერთი წლის პერიოდში) თავდაცვის ძალების საუკეთესო შემადგენლობას შესაბამისი საბრძოლო შესაძლებლობების, მართვის სისტემისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით. ამ შემთხვევაში ჯარის საერთო რაოდენობა უნდა გაიზარდოს ასი ათასამდე. მან უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა მიმართულებით, არ უნდა გვქონდეს ტერიტორიული დანაკარგი და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი უნდა შეძლოს. მაქსიმალისტური მიდგომის შეფასება და დეტალური გააზრება საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ძალთა ამ მოდელისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა, უზარმაზარი სხვაობა დღევანდელ რეალობასთან (ესე იგი, დაუცველობა!) და სავარაუდო ოპტიმალური (კომპრომისული, იგივე რეალისტური) გზები იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (5-10 წელი) სწრაფად განვითარდეს თავდაცვის ძალები და დაუახლოვდეს ოპტიმისტურ მოდელს. მართალია, სამხედრო-საზღვაო ძალების როლზე, სტრუქტურასა და შესაძლებლობებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ნათელია, რომ საზღვაო ძალები ვერასდროს შეასრულებენ ისეთივე და იმ მოცულობით ამოცანებს, როგორც თუნდაც შავი ზღვის დიდი სახელმწიფოების სამხედრო ფლოტი ასრულებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილ სტრუქტურაში მხოლოდ სანაპიროს დაცვის ამოცანაზე გამახვილდა ყურადღება, რაც, ბუნებრივია, მომავალში სულაც არ გამორიცხავს სამხედრო ფლოტის შესაძლებლობების საგრძნობ გაზრდას. მაქსიმალისტურ-ოპტიმისტურ მოდელს ახასიათებს ძლიერი სარეზერვო კომპონენტი, ოპტიმალური ზომის საავიაციო ელემენტი, ძლიერი საჰაერო თავდაცვა და მეტად ეფექტიანი საარტილერიო და სარაკეტო შესაძლებლობები. ამავე დროს, გაძლიერებულია სპეციალური დანიშნულების ძალები, რომელთა მნიშვნელობა დიდია არა მარტო უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს, არამედ ომის საწყის, ე.წ. ჰიბრიდულ ფაზაშიც, როცა შესაძლებელია აგრესიული გეგმების ჩანასახშივე აღკვეთა მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე.
რაც შეეხება რეალისტურ მოდელს, ფინანსური შეზღუდვების გამო ის შეზღუდული სახით ინარჩუნებს საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. ამ შემთხვევაში ჯარის რაოდენობა 54 000 კაცამდე იზრდება. 10 წლის პერიოდში ამ მოდელით გათვალისწინებული მოთხოვნების (განსაკუთრებით გადაიარაღებაში) დაკმაყოფილების და მზარდი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენის პირობებში აუცილებელიც გახდება საჰაერო და საზღვაო კომპონენტების სრულფასოვანი თანამიმდევრული აღდგენა. თავდაცვითი ხარჯების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ქვეყნის ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების ნებისმიერ დროს განახლების შემთხვევაში ადეკვატური თავდაცვისუნარიანობის მისაღწევად თავდაცვის მიზნებისთვის ყოველწლიური ხარჯები არ უნდა იყოს მშპ-ს 5-7%-ზე ნაკლები, რაც ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. შესაბამისად, თავდაცვის ძალების რეალისტური მოდელისთვის გამოყოფილი ასიგნებები 10 წლის განმავლობაში 2025 წელს 5.6 მილიარდი ლარით დაიწყება და 2034 წელს 8.3-მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს. აქედან უდიდესი ნაწილი მოდის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვასა და მათ ექსპლუატაცია-მომსახურებაზე. ე.ი. რეალისტური მოდელის განხორციელების შემთხვევაში ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და უკრაინის მსგავსად ვერც მთელი წლის განმავლობაში გავუწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაინც შევძლებთ მტრის მოგერიებას. თქვენ მკითხეთ, როგორია საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღეს. თავად განსაჯეთ, მაშინ როდესაც მინიმალისტური ანუ რეალური მოდელის განხორციელებას 5, 6 მილიარდი სჭირდება (წინააღმდეგ შემთხვევაში თავდაცვას აზრი არა აქვს), ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი არის მილიარდ სამასი მილიონი.
- რაც შეეხება, თქვენი შეფასებით, საბედისწერო ზაფხულს, რა შეიძლება მოხდეს ამ ზაფხულს ისეთი, რამაც ევროპის და ასევე საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას?
- ამჟამად აშშ-ში ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდია. დიდი ალბათობით, დაძაბულობა გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც და არ არის გამორიცხული, ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ამერიკას დიდხანს არ ეცლება უკრაინისთვის, ევროპის არცთუ ისე სახარბიელო სამხედრო შესაძლებლობის შესახებ კი ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. დღევანდელი ვითარება რუსეთისთვის პოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარაა და მის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება. ჩემი აზრით, "კროკუს-სითი-ჰოლში" თავდასხმა, რომელიც მოსკოვმა ტერაქტად შეაფასა, სინამდვილეში პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა, რათა მობილიზაცია გამოაცხადოს. ძალიან მალე ნახავთ, რომ პუტინი მასშტაბურ მობილიზაციას გამოაცხადებს. სამი-ოთხი თვე საკმარისი იქნება ახალწვეულების გაწვრთნისა და გადამზადებისთვის და ზაფხულის დასაწყისში რუსეთი მზად იქნება, რომ უკრაინაზე დიდი შეტევა დაიწყოს...
თუ ამერიკა დროულად არ დაეხმარება უკრაინას და ევროპელი ლიდერებიც დროულად არ შეთანხმდებიან, ეს ზაფხული ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდება როგორც უკრაინისთვის, საზოგადოდ, აღმოსავლეთ ევროპისთვის და რაც ყველაზე ცუდია, საქართველოსთვის.
ხათუნა ბახტურიძე