ვინ არის „მოძღვარი“, რომელიც შესაძლოა მოსკოვის სასაკლაოს უკან იდგეს?! - კვირის პალიტრა

ვინ არის „მოძღვარი“, რომელიც შესაძლოა მოსკოვის სასაკლაოს უკან იდგეს?!

"საელჩოს ინფორმაციით, ექსტრე­მისტ­ები უახლოეს ხანში­ აპირებენ მოსკოვში მასობრივი თავშეყრის ადგილებზე იერ­იშს,­­ მათ შორის კონცერტებზე. ამერიკის საელჩო­ მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს­ 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან".

აშშ საელჩოს განცხადებიდან, 2024წ., 8 მარტი

"ტერაქტების აღკვეთა პრაქტიკულად ისტორიაა ფანტასტიკის ჟანრიდან. ძირითადად, რომლებიც "აღკვეთილად" ითვლება, სპეცსამსახურების ინიცირებულია".

კირილ კიტაევი, იელის უნივერსიტეტის მკვლევარი

22 მარტს კრასნოგორსკში გამართულმა სისხლიანმა სასაკლაომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. პასუხი კითხვაზე, რომელსაც ასე ელოდა ყველა, ვინ ჩაიდინაო, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არანაკლები თავსატეხი გააჩინა. ტერაქტიდან ორიოდე საათში მომხდარზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა ხალიფატმა" აიღო(?!) და დასტურად მასთან აფილირებულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა მომხდარის ამსახველი ვიდეოფირი, მოგვიანებით კი თავდამსხმელთა ფოტოებიც, სადაც ისინი­ "ხალიფატის" დროშებთან პოზირებდნენ. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ძნელი დასაჯერებელია "ხალიფატის" "ავტორობა" მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" 2020 წლის გაზაფხულზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მეომრებს­ მოუწოდა საქმიანობა შეეწყვიტათ, გადასულიყვნენ "მთვლემარე რეჟიმში", რათა პანდემიისგან თავი დაეცვათ. ამ ხნის განმავლობაში კანტიკუნტად თუ შეხვდებოდით ცნობებს ამა თუ იმ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ. ბოლო დროს კი თავს იმით გვახსენებს, რომ სხვის "გაკეთებულ საქმეებს" იბრალებს. მაგალითად, ირანში ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ხალიფატმა" აიღო, მაშინ როცა ისრაელის სპეცსამსახურებიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მედია წერდა, რომ ზემოხსენებული ტერაქტი ისრაელის სპეცსამსახურების ორგანიზებული იყო. მეორე მხრივ, არის "ხალიფატის" ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ფილიალი "ხალიფატი ავღანეთსა და პაკისტანში" ანუ "ხორასნის ვილაიეთი" (ამ დაჯგუფებისა და მისი ლიდერის შესახებ თავის დროზე "კვირის პალიტრაც" წერდა), რომლის რიგებში ბევრი ტაჯიკი მებრძოლი იყო.

22 მარტის ტერაქტის მონაწილეებიც ტაჯიკები არიან: დალერჯან მირზოევი (32 წ.), რაჩაბალიზოდა საიდაკრამ მუროდალი (30 წ.), შამსიდინ ფარუდინი (25 წ.) და მუჰამადსობირ ფაიზოვი (19 წ.) - ეს უკანასკნელი ტერაქტის დროს ვიდეოს იღებდა.

როგორც დაკავებულებმა აღიარეს, მათ "საქმე" სწორედ ტელეგრამ-არხის "საიდოი ხუროსანის" ("ხორასნის ხმა") მეშვეობით შესთავაზეს, კონტაქტზე ვინმე აბდულო გამოვიდა. "საქმე" 500.000 რუბლის სანაცვლოდ უნდა გაკეთებულიყო. ტერორისტები ამისთვის თურქეთშიც იმყოფებოდნენ (რასაც შამსიდიდ ფარუდინის სტამბოლში გადაღებული ფოტოებიც მოწმობს). ოთხივე­ ტერორისტი აღიარებს, რომ ეს "მოძღვრის" სურვილით იყო. თუმცა ვის გულისხმობენ "მოძღვარში", ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, ვინ შეიძლება იყოს აბდულო. ის, სავარაუდოდ, აბდულ ბურიევია, ეროვნებით ტაჯიკი, "ხორასნის ვილაიეთის" ერთ-ერთი აქტიური წევრი. მისი სახელი ფიგურირებდა 2024 წლის იანვარში სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის (დაიღუპა ერთი კაცი) საქმეშიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ "ხორასნის ვილაიეთმა" აიღო და აბდულო ბურიევს გამოძიება ორგანიზატორად მოიაზრებდა.

მაგრამ ვინ შეიძლება იყოს "მოძღვარი"?­ სანამ ამ კითხვაზე მსოფლიო მედია თავს იტეხს, თავისი ვერსია აქვს "კვირის პალიტრას". შესაძლებელია ეს "ხორასნის ვილაიეთის" ცნობილი ლიდერი გულმრუდ ხალიმოვი იყოს? ეროვნებით ტაჯიკი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე "მოკლეს", თუმცა დღემდე არავინ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი (ხალიმოვზე 2015-2017 წლებში ვწერდით).

ამასობაში გამოძიებამ ტერორისტთა ხელშემწყობი კიდევ 8 პირი დააკავა. საზოგადოებაში კი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად, რატომ იყო "კროკუს-სითის" რამდენიმე საავარიო კარი ბლოკირებული, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თანამშრომლების გამოკითხვაში ჩანს, ცენტრში, ისევე როგორც სხვაგან, ტერაქტებს ელოდნენ. რატომ არ ჩაირთო ხანძრის დროს გაფრთხილების სისტემა და სად იყო იმ დროს პოლიცია.

"შენობაში, სადაც ტერაქტი მოხდა, პოლიციის განყოფილებაა განთავსებული. ტერორისტებმა არა მარტო ხალხი დახოცეს, არამედ მშვიდად გამოვიდნენ და ჩასხდნენ მანქანაში, რომლითაც მოვიდნენ და გაიქცნენ. რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?" - ამ კითხვას არა მარტო მოქალაქეები, არამედ სახელმწიფო დუმის დეპუტატებიც სვამენ.

ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 22 მარტს "კროკუს-სითი-ჰოლის" სისხლიან ტერაქტს 143 კაცი შეეწირა. 40 კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დანარჩენები ხანძრის მხუთავი აირით გაიგუდნენ. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

რატომ "კროკუს-სითი-ჰოლი"? ტერაქტის ორგანიზატორების გათვლა ეფექტური იყო, რადგან ზამთრობით "კროკუსი" ხალხის ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილია­ (თუ, რა თქმა უნდა, მიზანი დიდი მსხვერპლია). გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილია, ტერორისტები რამდენჯერმე ყოფილან შენობაში, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავის, ალესანდრო საფინას კონცერტზე. შამსადინ ფარუდინი 7 მარტს არა მარტო შენობას ათვალიერებდა, დაცვის თანამშრომელთან მუსაიფითაც იქცევდა თავს და შიგადაშიგ ზედმეტ ცნობისმოყვარეობასაც იჩენდა, თუმცა შენობაში, სადაც ტერაქტებს ელოდნენ, ამაში საეჭვო არაფერი დაუნახავთ(?!). შამსადინი იმ ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოხვდა, რომელიც იმ დღეს ღონისძიების ფოტოებს იღებდა, თავად საფინას კი უკვე რამდენიმე მამაკაცთან ერთად უსმენდა(?!).

როგორც საკონცერტო დარბაზში მყოფთა უმრავლესობა იხსენებს, სროლის დროს პირველი, რაც თავში მოუვიდათ, იყო "ნორდ-ოსტი". ბევრი ცდილობდა ეს ორი ტერაქტი ერთმანეთს შეადაროს, თუმცა,­ ვფიქრობთ, 22 მარტის დანაშაული­ სრულიად განსხვავდება დუბროვკის ("ნორდ-ოსტი" 2002 წ.), ბუდიონოვსკისა­ (1995 წ.) და ბესლანის (2004 წ.) ტერაქტებისგან. მიუხედავად იმისა, ჩამოთვლილ ტერაქტებს უამრავი ადამიანი შეეწირა, იქ თავდამსხმელებს ჰქონდათ მოთხოვნები. მათთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებაც, რაც ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა, 22 მარტს კი უდანაშაულო ხალხი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვინ დახოცა, არაფერი იცოდა.

ათ დღეზე მეტი გავიდა და საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი.­ სპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობაა, განსაკუთრებით შეფასებაში. ვინ არიან ეს ტერორისტები, კარგად მომზადებული პროფესიონალი მკვლელები თუ შემთხვევით შერჩეული ხალხი, რომლებიც­ არ დამალავდნენ, რომ ხალხი ფულის გამო დახოცეს? ტერაქტის უკან მხოლოდ "ხორა­სნის ვილაიეთია" თუ დანაშაულის მიღმა­ სხვა ძალები, სპეცსამსახურები დგანან, მათ შორის რუსულიც? ეს ვერსია თუ საფუძველს მოკლებული არ არის, მაშინ რა არის ორგანიზატორების საბოლოო მიზანი? იმედია, ამ კითხვებს, ადრე თუ გვიან, პასუხები გაეცემა.

სამი მილიონი დოლარი ხალიმოვის თავისთვის

გულმრუდ ხალიმოვი - ეროვნებით ტაჯიკი, "ისლამური სახელმწიფო ავღანეთსა და პაკისტანში", მეორე სახელით "ხორასნის ვილაიეთის", დამფუძნებელი. სირიაში ომის დროს ავღანეთში ჰქონდა საწვრთნელი ბანაკები, სადაც ტაჯიკეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მეომრებს წვრთნიდა. "ხორასნის ვილაიეთის" მეომრები "ისლამური სახელმწიფოს" ელიტურ დანაყოფებს წარმოადგენდნენ. ერთხანს ხალიმოვი ავღანეთიდან ტაჯიკეთში შეჭრასაც გეგმავდა. ხალიმოვმა ტაჯიკეთის შსს აკადემია დაამთავრა. პროფესიონალი სნაიპერია. 2003-2004 წლებში წვრთნებს გადიოდა აშშ-ის ანტიტერორისტულ ცენტრებში, კარგად ფლობდა პარტიზანული ომის ტექნიკურ მეთოდებს. 2015 წელს, როდესაც ტაჯიკეთში "ომონის" ხელმძღვანელი იყო, ერთ დღეს პირდაპირ სამსახურიდან წავიდა "ისლამური ხალიფატის" რიგებში. ხელმძღვანელობდა მოსულის დაცვას. აბუ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) სიკვდილის შემდეგ "ხალიფატის" სამხედრო მინისტრი გახდა. 2015 წელს ხალიმოვი დაჭრეს. 2016 წელს აშშ-მ მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ჯილდოდ 3 მილიონი დოლარი დააწესა. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამხედრო მინისტრი" მოსულში მოკლეს, თუმცა 7 თვის შემდეგ რუსებმა განაცხადეს, რომ "ხორასნის ვიალიეთის" ლიდერი დეირ-ეზ-ზორში რუსულ ავიაიერიშს ემსხვერპლა. საბოლოოდ გულმრუდ ხალიმოვის სიკვდილი გამოცანად დარჩა. ერთხანს ჯიჰადისტთა წრეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის თურქეთს აფარებდა თავს, თუმცა მალევე უარყვეს.