ბაბუშერის აეროპორტი - ქართული ტრაგედიის ადგილი მალე რუსულ თვითმფრინავებს მიიღებს
აფხაზეთის ომის დროს გაპარტახებული ბაბუშერის აეროპორტის რეკონსტრუქცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. რუსები ძალიან ჩქარობენ და უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ პირველი საცდელი რეისები რუსეთიდან სოხუმში წელს დაიწყება. ეს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა. კეთდება "ოფიციალური" განცხადებები, რომ ბოლო წლებია "რესპუბლიკაში" 2 მილიონი რუსი ტურისტი შემოდის და ფრენის აღდგენა მათ რიცხვს ბევრად გაზრდის, რაც ეკონომიკას არნახულ შემოსავლებს მისცემს.თუმცა ეს თემა, როგორც ყველა სხვა საკითხი, რაშიც რუსული მესაკუთრული ინტერესი იკვეთება, აფხაზეთში უკმაყოფილებას იწვევს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, სტრატეგიული ობიექტები "სახელმწიფოს" საკუთრება უნდა იყოს და ამიტომ როგორც მიწა, ასევე აეროპორტი თუნდაც მეგობარ რუსეთს არ უნდა გადაეცეს. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ თავად ხელშეკრულება მონურ დოკუმენტად მოინათლა მთელი რიგი მოთხოვნებისა და შეღავათების გამო. ესაა მიზეზი, რომ აფხაზები ვერ გარკვეულან, უნდა უხაროდეთ თუ არა აეროპორტის ამოქმედება.სოხუმის აეროპორტი ბაბუშერის დასახლებაშია და ქართველები მას ბაბუშერის აეროპორტს ვეძახით. რუსული ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელი უწოდა.
"მონური ხელშეკრულება"
საოკუპაციო რეჟიმი 30 წელზე მეტია დროგამოშვებით ააქტიურებდა სოხუმის აეროპორტის ამოქმედების თემას თითქმის ყველა დე ფაქტო არჩევნების წინ. 2023 წლის ზაფხულში კი სოხუმის აეროპორტის ბედი გადაწყდა და აეროპორტს, ისე როგორც ყველა მნიშვნელოვან ქონებას აფხაზეთში, რუსეთი დაეპატრონა.
ხელშეკრულება აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ რუს ინვესტორთან გასულ წელს გააფორმა. როგორც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტისთვის რუსეთმა 12 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 130 მლნ დოლარი) გაიღო.
აეროპორტს აღადგენს შპს "ინფრასტრუქტურის განვითარება", რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანია. გასაჯაროვდა ხელშეკრულების დეტალებიც. კერძოდ, ინვესტორს აეროპორტი 49-წლიანი იჯარით გადასცეს, და ის 25 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ქონებისა და მოგების გადასახადს. ინვესტორს გადაეცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიებიც და მასზე განთავსებული შენობებიც. აფხაზური მხარე ვალდებულია აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურა და აეროპორტი ელექტროენერგიით უზრუნველყოს, ელექტროენერგიის ტარიფი კი შეღავათიანი იქნება, ისევე როგორც სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აფხაზური მხარე ვალდებული იქნება აანაზღაუროს ყველა ხარჯი, მათ შორის რუსეთის იურიდიული პირის მიერ როგორც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე, ასევე ნაგებობების რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯები.
აფხაზი ოპოზიციონერების თქმით, ეს მონური ხელშეკრულებაა, მიუხედავად ამისა, რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. თებერვალში აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს, დაწყებულია ასაფრენი ბილიკის შეკეთება და ა.შ.. რამდენიმე დღის წინ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას შეატყობინეს, რომ მათი გადასახლებაც იგეგმება.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენა 2024 წლის ივლისში დაიწყება, ხოლო აეროპორტის გახსნა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაა ნავარაუდევი.
ფრენა მხოლოდ რუსეთიდან იქნება. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების უნებართვოდ შეუძლებელია, ამიტომაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IჩAO) 2006 წლიდან გაუქმებული აქვს აეროპორტის კოდი.
რაში სჭირდება მოსკოვს სოხუმის აეროპორტი
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, რუს მილიონერებს ბევრი ფული დაუგროვდათ, დასავლეთში ვერ ხარჯავენ, ამიტომ ცდილობენ აფხაზეთში მაინც იყიდონ ყველაფერი, რაც გაიყიდება. რუსებისთვის დასასვენებლადაც ბევრად მომგებიანია "გადაკეთებულ აფხაზეთში" ჩასვლა, ვიდრე ფულის, ვთქვათ, თურქეთში დახარჯვა.
- რუსეთს აეროპორტი სტრატეგიულად სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გუდაუთაში აქვს ბომბორის სამხედრო აეროპორტი. სტრატეგიული და სივრცის დაკავების თვალსაზრისით სოხუმის აეროპორტი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმის ერთი ნაწილი ასეთია: აფხაზეთი უნდა გახდეს რუსული კურორტული სივრცის, სოჭი-ტუაფსე-გელენჯიკის გაგრძელება, რათა ბევრი ფული არ გავიდეს ქვეყნიდან, ისევ რუსეთში ან რუსეთის კუთვნილ ტერიტორიებზე დაიხარჯოს. გარდა ამისა, მოსკოვისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია - ამით სურს აფხაზების წინააღმდეგობა წელში გადატეხოს. კრემლი მაქსიმალურად ცდილობს აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი ფორმალური, ხოლო ტერიტორიული ფლობა და კონტროლი მის ხელში იყოს.
ვიცით, რომ რუსეთმა კანონების პაკეტი შეიტანა ე.წ. საპარლამენტო განხილვებისთვის და ერთ-ერთი ცენტრალურია აფხაზეთში მიწების გასხვისების საკითხის გადახედვა. მართალია, რუსებს ბოლომდე არ გაუვიდათ, მაგრამ საქმე იქამდე მიიყვანეს აფხაზებმა, რომ რუსეთმა ნოტაც გაუგზავნა, რომელშიც კატეგორიულად გააკრიტიკა აფხაზი დეპუტატების გადაწყვეტილება, რომ მესამე პირისთვის მიწის გადაცემა არ დაუშვეს. ახლა დეპუტატები ვერ ბედავენ შეცვალონ გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ქუჩაში ვეღარ გაივლიან.
- ეს აეროპორტი იქნება სწორედ იმაზე გათვლილი, რაც გაცხადდა, რომ რუსეთიდან მარტივად ჩავიდნენ ტურისტები და არა იმისთვის, რომ შესაძლოა სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენონ? ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. გეგმით ისიც ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
- კი, სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენებენ, მაგრამ მთავარი დატვირთვა სამხედრო არ არის. ამისთვის ბომბორის აეროპორტი უკეთესად აღჭურვილი და მომზადებულია. სამხედრო დატვირთვა რომ ჰქონდეს, მაშინ ბრძანებას მისცემდნენ და ააშენებდნენ. ამიტომ აშენებს ნურგალიევის კომპანია იმ პირობებით, როგორითაც თვითონ აწყობს.
- ბიჭვინთის აგარაკსა და "აპარტოტელებზე" ვიცით, რომ დიდი წინააღმდეგობაა. სოხუმის აეროპორტის რუსებისთვის გადაცემა ასეთი დიდი პროტესტის საგანი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ნურგალიევის კომპანიას დიდი შეღავათები მისცეს და აფხაზებს მაინცდამაინც დიდი მოგება არ ექნებათ.
- თვითონ აეროპორტის აღდგენის იდეის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ გამოდიან. ეს შემოსავლის ერთგვარი წყაროც იქნება და ფიქრობენ, რომ უფრო ცივილიზებული იერი მიეცემა მათ ფსევდოკვაზისახელმწიფოს. უკმაყოფილონი არიან ხელშეკრულებაში ჩადებული შეღავათების გამო. გამოდის, აფხაზეთის, როგორც "სახელმწიფოს" შემოსავალი, მიზერული იქნება.
- დაანონსებულია, რომ წელს უნდა დაიწყოს ფრენები სოხუმის აეროპორტიდან, რამდენად შესაძლებელია ეს?
- ვინც სოხუმში იფრენს, ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო ფრენებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს, რადგან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "იკაოს" პრინციპების დამრღვევი იქნება. არა მარტო კონკრეტულ თვითმფრინავს, არამედ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეეზღუდებათ სხვა ქვეყნებში ფრენა. ეს სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია და ახლა ამაზეც გაიმართება ჭიდაობა. მოსკოვი უამრავ შეღავათს დაუწესებს კონკრეტულ ავიაკომპანიებს, რომ რისკის მიუხედავად მაინც იფრინოს სოხუმში.
- სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებულია ქართული უახლესი ისტორიის ტრაგიკული ეპიზოდი - ბაბუშერის ტრაგედია. რა მოხდა იმ დღეს?
- მაშინ ფრონტი შევიწროვდა და ისეთ ადგილას იყო განლაგებული აფხაზთა საზენიტო არტილერია, რომ შეეძლოთ ეფექტიანი გასროლები. იმ თვითმფრინავში სამოქალაქო პირებიც ისხდნენ. მაშინ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრიც დაიღუპა. ბევრი სხვა თვითმფრინავი თუ ვერტმფრენი გახდა საჰაერო დარტყმების სამიზნე. ერთს კუდის ფრთა მოაგლიჯეს, მაგრამ დაჯდა და გადარჩა ხალხი.
მეც ვიყავი ერთ-ერთ თვითმფრინავში 1993 წლის ივნისში, როდესაც აფხაზებმა კატარღიდან საზენიტო ქვემეხი გვესროლეს. მაშინ თვითმფრინავმა მოახერხა თავდასხმის აცილება და აეროპორტში დაეშვა. სამხედროები და ჟურნალისტები გადავრჩით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადავიტანეთ. ძალიან ბევრნი ვიყავით, იმაზე მეტი, ვიდრე ადგილი იყო.
23 სექტემბერსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, თვითმფრინავის აფეთქების შედეგად 22 კაცი დაიღუპა, მათ შორის ლევან თედიაშვილის შვილი. ქალბატონ ბელა წიკლაურს ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, ორი შვილი და ორი ძმა. სამხედროები იყვნენ. აფხაზები უკან დახევის დროს აფეთქებდნენ ვერტმფრენებსაც, სადაც სამოქალაქო პირები ისხდნენ. 27 სექტემბერს კოდორის ხეობაში ვერტმფრენის აფეთქებისას დაიღუპა ჩვენი "საღამო მშვიდობისას" ოპერატორი გრიშა დოლგოპოლოვი. 20-კაციან ვერტმფრენში 50 კაცამდე იყო, სულ დევნილები, და ერთიც ჩვენი ოპერატორი. ისე დაიშალა ვერტმფრენი, ცხედრების იდენტიფიკაცია შეუძლებელი შეიქნა.
ბაბუშერაში ტრაგედია სოხუმის დაცემამდე 7 დღით ადრე დატრიალდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, 18:30 საათზე, თვითმფრინავი Ту-154Б, რომელიც თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში მიფრინავდა, აფხაზთა კატარღიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტამდე მიყვანა შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას ძირს დაეცა და შუაზე გაიპო. დაახლოებით 108 კაცი თვითმფრინავში ცოცხლად დაიწვა ან კვამლისგან გაიგუდა, მხოლოდ 19-მა მოახერხა ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან თავის დაღწევა. ბორტზე სამხედროები, მოხალისეები, მედმუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ. ცხედრები აეროპორტის ახლოს დაასაფლავეს. სამარხი წლების წინ "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით გაიხსნა. 104 ცხედარი ეტაპობრივად ჩამოასვენეს და თბილისში დიღმის სასაფლაოზე დაკრძალეს. რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ბაბუშერის აეროპორტთან იმავე დღეებში კიდევ ორი თვითმფრინავი ააფეთქეს - ერთი 21 სექტემბერს. Ту-134, რომელსაც სოჭიდან სოხუმის აეროპორტში მშვიდობიანი მოქალაქეები მიჰყავდა, სოხუმის მახლობლად "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტა მოხვდა. თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა 22 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთივე წევრი.
23 სექტემბერს კი ბაბუშერის აეროპორტიდან აფრენის საშუალება არ მისცეს თვითმფრინავს, რომელსაც ალყაშემორტყმული ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გაეყვანა. მგზავრების ჩასხდომისას მას საარტილერიო რაკეტა ესროლეს. ავიალაინერს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი. ბორტზე მყოფი 24 დევნილი გადარჩა. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, 1993 წლის 20-დან 28 სექტემბრის ჩათვლით აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მათგან ორი - ჰაერშივე ააფეთქეს.
ეკატერინე ბასილაია