„ბოლოს მითხრა, მე დავბრუნდები და თან გამარჯვებულიო“ - კვირის პალიტრა

„ბოლოს მითხრა, მე დავბრუნდები და თან გამარჯვებულიო“

"კაცი, რომელმაც უკან დახევა არ იცოდა, იშვიათი მეომარი, ბრძოლისთვის დაბადებული", - ასე ახასიათებენ თანამებრძოლები "აზოვის" პოლკის ქართველ მებრძოლს, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემულ თენგიზ ჭანიას. თენგიზ ჭანია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეძლეს.

48 წლის მებრძოლი რუსეთის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილია. მშობლიური სოფლის იძულებით დატოვების შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასახლდა. აქვე ცხოვრობს მისი ტყუპისცალი ძმა - თემურ ჭანია.

თენგიზ ჭანია მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

"რუსებმა მასირებული დაბომბვა დაიწყეს და ერთი ბომბი პირდაპირ თენგოს სანგარში ჩავარდა..."

ვანო ნადირაძე, თანამებრძოლი: - თენგო უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და როგორც გამოცდილი მებრძოლი, ხშირად წინა ხაზზე იყო. იმ დღეს დაკარგული პოზიციის დასაკავებლად მოიერიშეები შტურმით შევიდნენ, შესვლისთანავე ათ კაცზე მეტი მოკლეს, დაიკავეს პოზიციები და სანგრებში გამაგრდნენ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ რუსებმა მასირებული დაბომბვა დაიწყეს და ერთი ბომბი პირდაპირ თენგოს სანგარში ჩავარდა...

- ახლა ვის ხელშია ეს პოზიციები?

- ჩვენია, მაგრამ მუდმივად ბომბავს არტილერია. ამის მიუხედავად, თანამებრძოლებმა მაინც მოახერხეს თენგოს გამოყვანა. "აზოველები" ბრძოლის ველზე არც დაჭრილს ტოვებენ, არც დაღუპულებს. ესეც რომ არ იყოს, აქ ძალიან მაგარი ქართველები არიან და გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ... მე და თენგო წლების განმავლობაში­ ვმეგობრობდით. მერე მე უკრაინაში წამოვედი. მახსოვს, 2017 წელია, ერთ მნიშვნელოვან საქმეზე ვარ, მოვბრუნდი და რას ვხედავ, ჭანია დგას ჩემ გვერდით. მას შემდეგ უკრაინაშიც სულ ერთად ვიყავით. საიმედო მეგობარი და საუკეთესო მეომარი იყო. თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად ყველგან იბრძოლა, სპეციალურ ოპერაციებშიც მონაწილეობდა, პარტიზანულ ბრძოლებშიც... არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

ომი ის არ არის, რასაც თქვენ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში უყურებთ. აქ ჯოჯოხეთია დედამიწაზე. ჩემ თვალწინ ჩემი შვილების ტოლი ბიჭები იღუპებიან, სიცოცხლე აღარ მინდა.

"ჩვენს თავზე იმდენმა უბედურებამ გადაიარა, მივხვდით, იარაღისთვის უნდა მოგვეკიდა ხელი"

თემურ ჭანია, თენგო ჭანიას ძმა: - მე და ჩემი ძმა ოტობაიაში დავიბადეთ და გავიზარდეთ. აფხაზეთის ომი სწორედ იმ წელს დაიწყო, ჩვენ რომ სკოლა დავამთავრეთ. სახლ-კარი ორჯერ გადაგვიწვეს, მეზობლები, მეგობრები და ნათესავები დაგვიხოცეს. ჩვენს თავზე იმდენმა უბედურებამ გადაიარა, მივხვდით, იარაღისთვის უნდა მოგვეკიდა ხელი.

- პარტიზანული ბრძოლა ძმებმა მარტო დაიწყეთ?

- არა, სოფლის ბიჭები შევიკრიბეთ და რაც ჩვენი ვალი იყო, ვაკეთებდით. მერე საქართველოს მთავრობა დაგვიკავშირდა და ოფიციალურად გაგვაფორმა. თორსაში იყო ჩვენი შტაბი, აფხაზეთის მთავრობა გვაფინანსებდა. მერე სახალხო ლაშქრებიც შეიქმნა. 2012 წლამდე ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ გალში. თენგოს 19-წლიანი სტაჟი ჰქონდა. განსაკუთრებულ საქმეთა­ სამმართველოშიც ვმუშაობდით, თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტშიც... მერე თენგოს დაზვერვის დეპარტამენტშიც მოუწია მუშაობამ. მერე უცებ დაგვშალეს.

- რა მოტივით?

- არაფერი აგვიხსნეს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საჭირო აღარ ვიყავით. ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალა, როგორც რუსების, ასევე აფხაზების მიმართ ლოიალური გახდა.

თენგომ სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, მაგრამ არც განიხილეს. თენგოს უფროსი შვილი ინვალიდი ჰყავს, მას ბევრი რამ სჭირდებოდა, ავდექით და ევროპაში წავედით, ფიზიკურად დავიწყეთ მუშაობა. ფინანსურად კი გავიმართეთ წელში, მაგრამ რუსების ჟინი გვქონდა. თენგოს გულმა არ მოუსვენა და უკრაინაში 2021 წელს წავიდა და 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩაერთო საბრძოლო ოპერაციაში. მე ევროპაში დავრჩი, ფინანსურ საკითხზე უნდა მეზრუნა. ორივეს მიზანი ჩვენს სოფელში დაბრუნება და დამწვარი სახლ-კარის აღდგენა იყო.

- უკრაინიდან თუ გეკონტაქტებოდათ?

- უხაროდა, უკრაინელები რომ აფასებდნენ. საქართველოშიც იყო დაჯილდოებული მხედრული მამაცობისთვის. იქაც ორჯერ დააჯილდოვეს. ბოლო დროს ვეუბნებოდი, უკვე გააკეთე გასაკეთებელი, ახლა ოჯახს დაუბრუნდი-მეთქი. მისი უფროსი შვილი ეტლს არის მიჯაჭვული, სულ კითხულობდა, მამა როდის ჩამოვაო. სულ გვპირდებოდა, ჩამოვალო, მაგრამ...

"მისი ცხოვრების მიზანი რუსეთის დამარცხება და ოტობაიაში დაბრუნება იყო"

ზიტა ფაცურია, თანაკლასელი: - მე და თენგო პირველი კლასიდან ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ბავშვობიდანვე დაუდგრომელი იყო, ცელქი და სამართლიანი. საიმედო მეგობარი იყო, შეეძლო სხვისთვის თავი გადაედო. იმთავითვე ეტყობოდა, რომ რაღაც მისიით იყო მოსული ამქვეყნად. ძალიან კარგი კაცი დაკარგა საქართველომ.

იმ ავბედითი 90-იანი წლების პერიოდში ყველა დავიფანტეთ... თენგო ზუგდიდში­ ცხოვრობდა, მე - თბილისში, მაგრამ როდესაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა შესაძლებლობა მოგვცა, ყველამ მოვიძიეთ ერთმანეთი და დროდადრო ვეხმიანებოდით. უკრაინაში რომ წავიდა, გავახშირეთ მიმოწერა. ხანდახან ვფიქრობდი, გიჟია-მეთქი, იმიტომ, რომ სამშობლოს გარდა, არაფერი აინტერესებდა... მისი ცხოვრების მიზანი რუსეთის დამარცხება და ოტობაიაში დაბრუნება იყო. ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა საფიცარმა შვილმაც ვერ დააკავა შინ. ერთხელაც ვკითხე, როდის უნდა დაუბრუნდე ოჯახს-მეთქი, და მომწერა, მალე დავბრუნდები, თან გამარჯვებული. ყველა ისე მენატრებით, სულ ყველა უნდა გნახოთ და ჩაგეხუტოთო.

p.s. 48 წლის მებრძოლს ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ განმუხურში დაკრძალავენ სამხედრო პატივით.

ხათუნა ბახტურიძე