„უფრთო ანგელოზი არა ვარ, რაღაცების პატიება არ შემიძლია“ - კვირის პალიტრა

„უფრთო ანგელოზი არა ვარ, რაღაცების პატიება არ შემიძლია“

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #13) „მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში დოდო გუგეშაშვილთან ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი დაიბეჭდა, სადაც ის საუბრობს შვილის მკვლელობასა და საკუთარ ცხოვრებაზე "მხედრიონამდე", ამჯერად კი გთავაზობთ მის მოგონებებს ჯაბა იოსელიანზე, "მხედრიონზე", ომზე ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამოქალაქო ომზე, მაშინდელ ლიდერებზე; როგორი იყო პატიმრობის წლები და რას მიიჩნევს თავის და იმდროინდელი ხელისუფლების ოპოზიციის მთავარ შეცდომად.

- ქალბატონო დოდო, გაიხსენეთ, რა სიტუაციაში გაიცანით ჯაბა იოსელიანი?

- პირველი შთაბეჭდილება ბატონ ჯაბაზე ის გახლდათ, რომ ის იყო რაინდი და ნამდვილი ქართველი კაცი. ეს იყო ადამიანი, რომლისგანაც გინება, უცენზურო სიტყვა არ მომისმენია. იმ პერიოდისათვის მხედრიონელი ქალი ცოტა უცხო ამბავი იყო და მაშინვე არავის მივუღივარ მათ რიგებში. მერე რეკომენდაცია გამიწიეს ძმებმა ვაშაკიძეებმა და თამაზ ყურაშვილმა, ბუღას რომ ვეძახდით. თავიდან "ჯაბას ბიჭებს" ეძახდნენ, ოქროსუბნელები და სხვადასხვა უბნის ბიჭები იყვნენ, თბილისში გამორჩეული ვაჟკაცები. საბჭოში ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ბატონი ჯაბა ომში მეთაურობდა, წინა ხაზზე თვითონ მიდიოდა და თავდადების მაგალითს გვაძლევდა. ბევრს თავისი შვილი გადამალული რომ ჰყავდა, ჯაბა იოსელიანი თავის ერთადერთ შვილთან, კოტესთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდა.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ მის ოჯახთან?

- მოგეხსენებათ, როგორი და ჰყავდა­ - ლილი იოსელიანმა მთელი ცხოვრება­ მას შესწირა. ბატონი ჯაბა ამბობდა, ლილი ჩემზე მამაცია და ფიზიკურად რომ შეეძლოს, ისიც კოწიასავით იქნებოდა ჩემთან ერთად ომშიო. ბატონ ჯაბას შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა, ქალბატონი სუსკია. ისინი ქსანის ციხეში დაქორწინდნენ.

- როცა ქალსა და მამაკაცს ასეთი მჭი­დრო­ კავშირი აქვს, უცხო თვალი სხვანაირად აღიქვამს... ამბობდნენ კიდეც, რომ თქვენ შორის რომანტიკული კავშირი იყო.

- ეს დიდი მკრეხელობაა, უკეთური ადამიანების აზრი. ბატონი ჯაბა ჩემთვის იყო მამასავით საყვარელი, მეთაური, მეომარი, რაინდი და თავში აზრად არ მოგვივიდოდა მსგავსი რამ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა 42 წლის მამა გარდაიცვალა. ის უსაზღვროდ მიყვარდა. რაჭველი ბუბუნა კაცი იყო. მისმა კოლეგებმა დაწერეს მასზე, "კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს". მას შემდეგ წლები გავიდა და მე სწორედ ბატონ ჯაბაში აღმოვაჩინე ის მამაშვილური სითბო და დამოკიდებულება. "დოდოშკა, საყვარელოს" მეძახდა და მეგობრების წრეში ხშირად უთქვამს, მე რომ გოგო მყოლოდა, ზუსტად ასეთი იქნებოდაო. უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემა მქონდა მის მიმართ. გულწრფელად გეტყვით, მე არ ვიყავი ისეთი შემწყნარებელი, როგორიც ის. მთელი ჯგუფები მუშაობდნენ მისი ავტორიტეტის გასაფუჭებლად და მან ყველას შეუნდო. ჯაბა იოსელიანი ისეთი უნდა დაენახა ადამიანს, როგორიც ის რეალურად იყო და არა ისეთი, როგორსაც, მაგალითად, ვინმე ლამარა სიკინჭილაშვილი იცრუებდა. ვიმეორებ, ძალიან შემწყნარებელი იყო და როცა ვეკითხებოდი, ბატონო ჯაბა, როგორ შეიძლება თქვენნაირი ცხოვრების მქონე ადამიანი ასეთი იყოთ-მეთქი, იცით, რას ამბობდა? ყველა ადამიანში არის სიკეთის მარცვალი, თუ შეძლებ და გააღვივებ, მისგან ადამიანი დადგება. უნდა შეეცადო, ადამიანური თვისებები განავითარო მასში, თორემ ის პირუტყვად დარჩებაო... ზოგს მიაჩნდა, რომ სასტიკი იყო, მაგრამ პირიქით, ყველას ყველაფერი მიუტევა. ისინიც კი დაინდო, ვინც ჯაბა დაიჭირა - ხელშეუხებლები იყვნენ მისგანაც და მისი გარემოცვისგანაც. ბატონი ჯაბას პირველი პატიმრობა უკავშირდება ფაქტს, როდესაც რუსეთის ბაზა გადიოდა აქედან, მან კი მოახერხა და რაღაცები დაატოვებინა საქართველოსთვის. აი, მაშინ დააპატიმრეს. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა საქართველოში დესტაბილიზაცია მოეწყო. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ცდილობდნენ ეს მუხტი აეფეთქებინათ. ბატონი ჯაბა თავისი ავტორიტეტით ყოველთვის არეგულირებდა სიტუაციას. მაგალითად, მარნეულის ვითარება გავიხსენოთ, ჩავიდა, უხუცესებს შეხვდა, ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა, დაელაპარაკა და მოაგვარა. ასევე იყო ცხინვალში, როცა სიტუაცია აირია, ბატონი ჯაბა და მისი მეგობრები ჩავიდნენ, სპორტსმენები ნახეს, ავტორიტეტული ხალხი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტყვია არ უნდა გასროლილიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

95177751-ba3d-4907-b1b7-0f3fe00bb99f-w1080-h608-s-1711895546.jpg

- ხშირად ამბობენ, რომ ის დიდუბის პანთეონში არ უნდა განისვენებდეს.

- მე ასე არ ვთვლი. ჯაბა მაღალი დონის ინტელექტუალი, რამდენიმე ძალიან საინტერესო წიგნის, პიესის, ნაშრომის ავტორი იყო, ზოგიერთი მათგანი ჯერ გამოცემულიც არაა.

- რა იყო "მხედრიონი"­ თქვენთვის?

- "მხედრიონი" სახალხო ლაშქარი იყო, ერთი დიდი სამეგობრო - უბნის ბიჭები, საძმაკაცო, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული სამშობლოსთვის. იმას ვერ ვიტყვი, რომ ყველა უფრთო ანგელოზი იყო. ბატონი ჯაბა იტყოდა ხოლმე, კაცი ომში რომ მოდის, იმას მეზობლების დახასიათებას ვერ მოვთხოვო. თუმცა "მხედრიონში" მიღება მკაცრად ხდებოდა, რამდენიმე რეკომენდატორი უნდა გყოლოდა და თუ უკეთურად მოიქცეოდი, რეკომენდატორებს მოეთხოვებოდათ, მაგრამ ომში ვერ განსაზღვრავ ყველაფერს.მხედრიონელობის დამადასტურებელ მედალიონს მხედრიონელები დღესაც ვატარებთ. მის ცალ მხარეზე წმინდა გიორგის გამოსახულება და წარწერაა: "საქართველოს მხედრიონი", მეორე მხარეს კი ჯვარი­ და სისხლის ჯგუფი, სახელი ან მეტსახელი. ჩემს მედალიონს მაგნოლია აწერია. სწორედ ასეთი მედალიონიანი 800 ვაჟკაცი შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა იყო ისეთი ხალხიც, ვინც იტყუებოდა, მხედრიონელი ვარო. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში, ზოგმა რკინისმანეთიანები გახვრიტა, გულზე ჩამოიკიდა, თითქოს მხედრიონელი იყო. ზოგი სადმე უკეთურობას რომ ჩაიდენდა, ამბობდა, მხედრიონელი ვარო. მე ვერ გეტყვით, რომ "მხედრიონი" 100%-ით უფრთო ანგელოზების კრებული იყო, მაგრამ მთავარი უნდა დაინახო, აპელირება იმაზე კი არ უნდა გააკეთო, ვინც ცუდია. სამშობლოს უნდა ემსახურო და მორჩა! თუ გაგიმართლა და გადარჩი, სხვაა, მაგრამ როცა ომში მიდიხარ, იცი, რომ იქ უნდა დაამთავრო ღირსეულად. მეც რამდენჯერ დავიჭერი, ჩემი ძმაც - საძილე არტერიასა და მუცელში, ის გოჩა ყარყარაშვილთან იყო. არც გვიფიქრია, ვინმესთვის რაიმე კომპენსაცია მოგვეთხოვა, რადგან ჩვენ ომში არავის გავუწვევივართ, ჩვენი სურვილით წავედით.

- დასავლეთ საქართველოში არიან ოჯახები, ვისაც­ "მხედრიონთან" დაკავშირებული­ ცუდი მოგონებები აქვთ...

- სამწუხაროდ, ყველას უკეთურობა "მხედრიონს" მიეწერა. მარტო ერთ მაგალითს გეტყვით - ბაბუშერაში რუსების ჩამოგდებულ თვითმფრინავში 74 მხედრიონელი დაიწვა. როცა ასეთ ბრალდებებს ვისმენ, ძალიან ვბრაზობ ხოლმე, მინდა პასუხი გავცე. "მხედრიონი" განტევების ვაცი აღმოჩნდა. ომში იყვნენ მოხალისეები,­ რომლებიც "მხედრიონში" არ ირიცხებოდნენ, მაგრამ ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.­ ზოგმა მართლაც დააშავა... მოხალისეთა ერთი ჯგუფი ჩამოიყვანეს ოჩამჩირეში, მათში ერთი ნამდვილი პირუტყვი აღმოჩნდა, შევარდებოდა სახლში, გაძარცვავდა, საშინელებას ჩაიდენდა და გაქრებოდა. მერე ვიდექით და დავეძებდით... სკამზე დამჯდარი დაწვა ადამიანი, მის ცოლს კი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ მისი ვინაობა არ გავთქვით, უკვე ცოცხალი აღარაა. ბიჭებთან ხუმრობდა თურმე, ავღანეთში რომ ვიბრძოდი, ადამიანის ნეკნი შევჭამეო. როცა კაცი ასეთ რამეს ამბობს, ის სადისტია... ერთხელაც ოჩამჩირის შტაბში ამოვარდა. უკვე ვიცოდით, რომ იმ სისასტიკეებს სწორედ ის სჩადიოდა. შტაბში რომ შემოვიდა, ხელში ხელყუმბარა ეჭირა. როგორღაც მოვახერხე და ლაპარაკ-ლაპარაკით ქვევით ჩავიყვანე, მაგრამ... მე და ცხონებული ირაკლი ამირეჯიბი დავიჭერით, ყუმბარის ნამსხვრევები მოგვხვდა...

aivazovi-440-1711895546.jpg

- ყოფილა შემთხვევა, ერთი კაცი სხვების დასანახად დაგისჯიათ, რომ ამით მაგალითი მიგეცათ ყველასთვის?

- რასაკვირველია, ადამიანი რომ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს. სჯიდნენ და გაგვიგდია კიდეც. პირადად მე მედალიონი­ წამირთმევია, მხედრიონელი აღარ ხარ-მეთქი. იქ რამდენიმე ათასი, სხვადასხვა შენაე­რთის ადამიანი იყო და ყველასთვის ძალიან ადვილი იყო, თუ რაიმე გაფუჭდებოდა, მხედრიონელისთვის დაებრალებინა. მაგალითად, ერთი ქალი მიმტკიცებდა, რომ მის სახლში დოდო გუგეშაშვილმა პიანინოზე ჩექმებით ირბინა. ქალბატონო, რა იცით, რომ დოდო იყო-მეთქი, და თვითონ მითხრა, დოდო ვარ, გუგეშაშვილიო.ვფიცავ ყველა საფიცარს, როდესაც მე დამაპატიმრეს, კორპუსის ზედამხედველმა ერთი გოგონა სპეციალურად მოიყვანა და ჩემი თავი დაანახა, იცნობო, - ჰკითხა. არაო. აბა, როგორ დაწერე, რომ დოდო გუგეშაშვილი იყოო. ა, ეს არისო?..

- როგორი იყო მაშინდელი მებრძოლების ფსიქიკური მდგომარეობა?

- ჩვენ ჩვენი ნებით წავედით, მოხალისეებად, არავის გავუწვევივართ. აბსოლუტურად ჩაუცმელ-დაუხურავები ვიყავით. სამხედრო შენაერთები იყვნენ, კამუფლირებული უბედურებები ეცვათ და რამდენ ხანს უნდა სცმოდათ? ამიტომ იყო შემთხვევები, როდესაც დატილიანდნენ ბიჭები, მაგ დროს მხოლოდ გოგირდის მალამო გვქონდა, ავთო ჯორბენაძე გვიგზავნიდა. ხელ-ფეხი დაგლეჯილი ჰქონდათ ქავილისგან, მუნი გაჩნდა.სადგური რომ დაეცა, ამ დროს სოხუმში 14 კაცი დავრჩით. ხელჩართული ბრძოლა გვქონდა რიაზანისა და ფსკოვის სპეცრაზმელებთან, ხელისგულით რამდენიმე ტყვია მეჭირა,­ ერთი გულზე მეკიდა, თუ ტყვედ ამიყვანდნენ, ყველაზე ახლოს შუბლი იყო და...

- ამის გამკეთებელი იყავით?

- რასაკვირველია. იქ ისეთ შეურაცხყოფას მომაყენებდნენ, როგორც ქალს, რომ... ოჩამჩირეშიც ასე იყო, ერთი გახვრეტილი ტყვია გულზე მეკიდა... მაგალითად, თეო გაბუნიამ თავი აიფეთქა და ტყვედ არ ჩაბარდა. იქ მარტო მე კი არ ვიყავი ქალი... ჩვენთან ქუთაისელი და კახელი გოგონები იყვნენ ექთანები, გვარდიასაც ჰყავდა და "ავაზასაც". ჟურნალისტებმა, რომლებიც იქ იყვნენ, შთამომავლობას უნიკალური კადრები და ინფორმაცია შემოუნახეს.

- როგორ გამოხვედით სოხუმიდან?

- დაჭრილი ვიყავი, მაგრამ პოზიციას არ ვტოვებდი. სოხუმი თითქმის დაცლილი იყო და ჯაბა იოსელიანმა რომ მიიხედ-მოიხედა და არ ვიყავი, მიკითხა, ძალისძალად გამომიყვანა. მერე ამბობდა ხოლმე ტელევიზიით, დოდო თმით გამოვათრიეო. მე ვეწინააღმდეგებოდი, ბატონო ჯაბა, ნახეთ, რა მაგარი პოზიცია მიჭირავს-მეთქი. მიწისქვეშა­ გადასასვლელის იქით, შენობაში­ უკვე მოწინააღმდეგე მხარე იყო. ჩვენს პოზიციებზეც უკვე განლაგებულები­ იყვნენ 2-მეტრიანი რუსები, სრულად აღჭურვილი ტყვია-წამლით. ამ დროს ჩვენს ბიჭებს ძირგავარდნილი ბოტასები და კედები ეცვათ, სამხედროებს კი საშინელი ჩექმები,­ დასისხლიანებული ფეხებით დადიოდნენ. რომელ ტყვია-წამალზე ვლაპარაკობთ...

- ახლა როგორ თვლით, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა?

- ვერ გეტყვით, ამის ღრმა ანალიზი ვერ გავაკეთე, რადგან მაინც მიკერძოებული ვიქნები. თუმცა გავიხსენოთ, არძინბა რას ამბობდა, ჩვენ წლობით ვემზადებოდითო. როდესაც თბილისში გადაწყდა, რომ ოჩამჩირეში ჯარი შესულიყო, ჯაბა იოსელიანი იყო ერთადერთი, რომელიც წინააღმდეგი­ წავიდა. ამბობდა, ამას საბაბად გამოიყენებენ და ისევ მოლაპარაკება ჯობს, ომი როგორმე თავიდან ავიცილოთო­. მართლაც,­ ოხურეიში პოლიცია და ჯარი რომ შევიდა პირველად, პოლიციელებს ესროლეს. ჯაბა ჩავიდა არძინბასთან, მაგრამ ის უკვე აგარაკზე იყო დამალული.

- უნდა გავიხსენოთ დარჩელის უდიდესი ტრაგედიაც. სამ ათეულამდე სახლი გადაწვეს სოფელში და თქვენ გადებენ ხელს, ეს თქვენი­ ერთ-ერთი ოფიციალური ბრალდებაც იყო.

- დარჩელის ამბებზე 67 კაცი დაიკითხა.­ გამგებელმა, ვინმე ჭანტურიამ, სასამართლოზე თქვა, ეს გოგონა იქ არ გვინახავსო. ორად ორმა ადამიანმა დამადო ხელი. ერთი მამაკაცი ამბობდა, ჩემგან­ 400-500 მეტრში ბე-ემ-პეზე იყო შემომჯდარი და ყვიროდა, გადაბუგეთ აქაურობაო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამუშავებულ ბე-ემ-პეზე მეც დამინახა, მიცნო, ხმაც გაიგონა და სიტყვებიც გაარჩია? მეორე "მოწმე" იყო დედით რუსი ქალი, მარუსია ჭურღულია, ასაკოვანი, რომელმაც ჩვენებაში­ აღმწერა, კი, ეს იყო, ძალიან დაბალი, ძალიან მსუქანი, მხარბეჭიანი და წითელთმიანი ქალიო, კაცს ჰგავდა და იგინებოდაო. მაშინ მე 46 კილოგრამს ვიწონიდი და ქერა თმა მქონდა. იცით, ერთმა ახალგაზრდა ქალმა რა თქვა სასამართლოზე? ამათ ვერც ერთს ვერ ვცნობ, მაგრამ იმ ბიჭებმა ჩემი სახლიდან ფარდები წაიღესო. მანქანა დაიწვა, აფეთქდა და ეს ამბობდა, მანქანაში ჩემი ფარდები ვიცანიო... მერე, იმ მარუსიამ ელენე თევდორაძეს სიტყვასიტყვით დააბარა ჩემთან, ბოდიში, შეცდომაში შემიყვანეს და თუ შეუძლია, მაპატიოსო.ისე, მანდ ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომელიც, სამწუხაროდ, არავის ადარდებს. ბიჭები იარაღის ამოსაღებად იყვნენ წასული და ორი ბიჭი ცოცხლად დაწვეს, ნავთი გადაასხეს, ორმა კი თავი მოიმკვდარუნა... შინაგანჯარელ ბიჭს აყურებინეს ეს და მან თქვა, ასე თქვეს, ამათზე ვერ ვიკაიფებთ, მკვდრები არიანო, და ვინც იწვოდა, მათ წამებასა და ყვირილზე იდგნენ და იცინოდნენო. წარმოგიდგენიათ? სადისტები!

- ვინმესგან წყენა თუ დაგრჩენიათ?

- კი, როგორ არა. ერთ ქალზე ვარ ნაწყენი - ბიჭებს მოუგონა, ჩემი სახლიდან (სამეგრელოში) ჭაღები ჩამოხსნეს, ზურგზე გადაიკიდეს და ქუთაისში წაიღესო. სულ მახსენდება მისი უტიფარი სახე, როცა ამას ჰყვებოდა. წარმოგიდგენიათ, ეს მაშინ, როცა მიცვალებულებს არ გვატარებინებდნენ დასავლეთ საქართველოში... მაკა რაზმაძის ძმა ხომ აფხაზეთში დაიღუპა, იმდენ ხანს გააჩერეს, ძლივს გამოვიტანეთ ცხედარი და თურმე ამათ ჭაღი გადაუკიდიათ ზურგზე... მას შემდეგ იმ ქალმა არაერთხელ მთხოვა შენდობა, მაგრამ არა... შეიძლება პირადად ჩემზე რაიმე ვაპატიო ადამიანს, მაგრამ როდესაც იდეას შეურაცხყოფენ, ვერ ვაპატიებ. ერთმა პირდაპირ ეთერში დამირეკა, მახსოვს, როიალი წამოიღეო. როგორ-მეთქი, ვკითხე. ერთი ვერტმფრენში შედგით, მეორე - ჩამოკიდეთო. ვუთხარი, ბატონო, არც როიალი გაქვთ ნანახი და არც ვერტმფრენი, თქვენ, ალბათ, "მიმინო" გაქვთ ნანახი-მეთქი.უფრთო ანგელოზი არა ვარ, არის რაღაცები, რაც გულში წყენად დამრჩა და თავს ვერ მოვერიე. იყო მომენტები, როცა მართლა შევუნდე და ჩემი წილი ვაპატიე, მაგრამ­ რაღაცების პატიება არ შემიძლია.

- საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებებიდან, დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვინ გახსენდებათ ომში, ვინ იყო იქ?

- დათო მაღრაძე და ლაშა თაბუკაშვილი მახსენდება. ნოდარ ნათაძე, გია ბარამიძე, კოტე გაბაშვილი და სხვები. გოგა ხაინდრავას უმაგრესი ბიჭები ჰყავდა. ბოლოს, სოხუმში ირაკლი ალასანიაც ვნახე.

- სამოქალაქო ომზე ვისაუბროთ, რაც ქართველებისთვის უმძიმესი თემაა.

- სამოქალაქო ომი ყველაზე მძიმე რამაა­ ქვეყნის ისტორიაში. ის "მრგვალი მაგიდის" ერთმა ნაწილმა დაიწყო. "მრგვალი მაგიდის" ერთმა ნაწილმა ესროლა მეორეს. ჯაბა იოსელიანი და მთელი "მხედრიონი" მაგ პერიოდში ციხეში იყო. სამოქალაქო ომის დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ გამოვიდა უშიშროების იზოლატორიდან, ასევე, გია და დათო ვაშაკიძეები, მამუკა გიორგაძე და სხვა ოპოზიციონერები.

- ამ ტრაგედიის და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეცდომად მიაჩნდა.

- გავიხსენოთ, რა იყო მაგ დროს. არსებობდა სამხედრო საბჭო, რომელშიც იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი.­ ამ დროს შევარდნაძე თავისი დიდი ავტორიტეტით მსოფლიოში იყო ცნობილი. საქართველოში ინტელიგენციის დიდმა­ ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობა დასავლეთს სწორედ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე შეეძლო. 1992 წლის 31 ივლისს გაერომ ერთ-ერთ წევრად მიგვიღო. მაშინ მხოლოდ ჩეჩნეთი, სომხეთი და უკრაინა გვცნობდნენ. შევარდნაძე აქ არავის ჩამოუყვანია იმისათვის, რომ თავისი პარტიული მდგომარეობა გაეძლიერებინა, მაგრამ აქ დახვდა თავისი პარტაქტივი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გააძლიერა. საბოლოოდ მივიღეთ ყველა ის უბედურება და ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო განტევების ვაცი და ესეც ჯაბა იოსელიანს მიეწერა. თუმცა ადამიანს არ უნდა დაუკარგო კარგიც - შევარდნაძე მართლაც დიდი ავტორიტეტი იყო დასავლეთისთვის და მეორე - შევარდნაძე მე ფრონტის ხაზზე შეშინებული არ მინახავს. მახსოვს, როცა სადგურის ტერიტორიას ვიცავდით, მე ვიყავი განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის მეთაური და ისეთი ბიჭები მყავდა, თვალებით გვესმოდა ერთმანეთის, როდის რა მანევრი გაგვეკეთებინა. უმართავმა ნაღმმა გენო ადამიას ფეხი მოწყვიტა, შევარდნაძეს რომ გავხედე, არ გატოკებულა, შუბლი არ შეუჭმუხნია.

- თქვით, შევარდნაძე ჯერ შვილოს მეძახდა, მერე კი ბანდიტის მუხლით დამაკავაო.

- ერთხელ ტელევიზიით თქვა, მე ამ გოგონას ბრძოლები ვნახე და მეგონა, რაღაც­ უცხოურ ფილმს ვუყურებდი, სადაც­ მსახიობები იყვნენ და არა მეომრებიო. სამხედრო წოდებები მან მომანიჭა. ოჩამჩირის­ შტაბის უფროსი რომ ვიყავი,­ მაიორი გავხდი, სოხუმის ბრძოლების დროს - ვიცე-პოლკოვნიკი და დალის ხეობის დაცვისთვის - პოლკოვნიკი. თელავში შეხვედრაზე თქვა, ამ დარბაზში ზის გოგონა,­ რომელსაც იმდენი ნაომარი აქვს, არც ერთ კაცს რომ არ ექნებაო, მაგრამ არც შენ გაპატიებ, დოდო, იცოდეო, და ამისრულა კიდეც.

- როგორი იყო მაშინდელი ციხე?

- ვერ გეტყვით, რომ გაუსაძლისი იყო. იქ იყვნენ ქალები, რომლებიც დაჭერისას დიდ ზეწოლაში ყოფილან, ზოგიერთი ნაცემიც კი იყო... მე ჯერ ოპერაციები გამიკეთეს, ომიდან მოყოლებული, რკინები მქონდა ამოსაღები, ნამსხვრევები ჩამრჩა და ახლაც მაქვს ფეხში... მაშინ რეზბალნიცის დირექტორი ქობულია იყო, უმაღლესი დონის პროფესიონალი. მანამდე სამინისტროს იზოლატორში ვიყავი, სადაც ქალი ჩემამდე არ ჰყოლიათ. ერთადერთი საკანი იყო სამინისტროში, რომელსაც დოდოს საკანი დაარქვეს. ოპერაციების შემდეგ ქალთა კოლონიაში გადამიყვანეს. იმ დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებები იუსტიციას გადაეცა. დიდ დარბაზში სპექტაკლები, კონცერტები, მუსიკალური საღამოები გავმართეთ. ოპერიდან კოსტიუმები ვიქირავეთ და ცეკვა "სამაია" დავდგით, ქორეოგრაფი პატიმარი გოგონა­ იყო. რომ გენახათ, მკვლელები სცენაზე როგორ თამაშობდნენ. ლაშა თაბუკაშვილი­ შემოდი­ოდა ხოლმე, დათო ტურაშვილი, გოგა ხაინდრავა...

ჩემი სასამართლო პროცესები ძირითადად ქუთაისში მიმდინარეობდა და მერე აქ გადმოიტანეს. როცა ჩემი შვილი შეხვედრაზე შემოიყვანეს, მეგონა, ნოდოს ზედა ტუჩი საჭმლით ჰქონდა დასვრილი და ხელსახოცით წმენდა დავუწყე. თურმე უკვე ღინღლი ჰქონდა ამოსული... ამდენი ხნის უნახავი მყავდა. ნოდო დედაჩემსა და დეიდაჩემთან იზრდებოდა. ჩემი შვილი 10 წლის იყო, რომ დამაპატიმრეს და 2000 წელს გამოვედი. მას მუდამ ესმოდა ჩემგან, რომ ყველაზე მთავარი სამშობლოა. მუდამ ვეუბნებოდი, ბედნიერი უნდა იყო, რომ საქართველოში დაიბადე და ქართველი ხარ-მეთქი. მისმა ბავშვობამ უჩემოდ ჩაიარა, მაგრამ ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით...

- თქვენი შვილის მკვლელსა და დამკვეთზე ინტერვიუს პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ... რას ვარაუდობთ, ვინ არის დამკვეთი.

- მკვლელობის დამკვეთი მე მაინც საქართველოს გარედან მგონია... ჩემი ტრაგედია რწმენამ და ჩემმა მოძღვარმა გადამატანინა, კარის ეკლესიის დეკანოზმა ლევან ფირცხალაიშვილმა, რომელიც "მხედრიონის" საპატიო თავმჯდომარეა. ის ბატონი­ ჯაბას მოძღვარიც იყო, ჩემი შვილისაც. დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მე ვერ ვემსახურები უფალს ისე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრება, მაგრამ მწამს უფლის, ჩვენი პატრიარქის, დედაეკლესიის.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ სად ცხოვრობდით?

- ცოტა ხანს, ჩემი ძმისა და რძლის სახლში, შემდეგ კი ჯაბასთან. ქალბატონი სუსკია გვივლიდა და სწყინდა ხოლმე,­ ცუდი მჭამელი რომ ვიყავი, ჩიტივით იკიკნებიო. მე ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს არ ვჭამ, არც პურს. მათთან ცხოვრებისას ბევრი რამ კიდევ გადავიტანეთ ერთად, მთელი­ სახელმწიფო მანქანა ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ისეთ რაღაცებს წერდნენ... მე და ბატონი ჯაბა რეზბალნიციდან­ ხელიხელ­ჩაკიდებული გამოვედით. გარეთ დამხვდნენ ლუიზა შაკიაშვილი, მაკა რაზმაძე და ჩვენი მეგობრები. პირველი, რაც გავა­კეთეთ, ჩვენი ბიჭების­ საფლავებზე მივედით და პატივი მივაგეთ. დღესაც, მხედრიონელები მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, ბიჭების სასაფლაოზე დავდივართ, მათ დაბადების დღეებს აღვნიშნავთ.

- ზვიად გამსახურდიას მიმართ არაკეთილგანწყობილი იყავით.

- ზვიად გამსახურდიას მიმართ არასდროს ვყოფილვარ კეთილგანწყობილი, თუმცა მერაბ კოსტავა ჩემთვის ძალიან დიდი ფაქტორი იყო. კაცი, რომელმაც გულაგი­ კაცურად მოიხადა. მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ურთიერთობა გვქონდა. მერაბის სიკვდილმა ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა საქართველოს ბედ-იღბალზე. ჩემი აზრით, მერაბი და ზურა ჭავჭავაძე რუსულ კა-გე-ბეს უნდა მოეცილებინა ეროვნული მოძრაობისთვის. ორივე უზარმაზარი ავტორიტეტი იყო და შესაძ­ლოა ის უბედურებები არ მომხდარიყო, ქართველი ერი ერთიანი რომ ყოფილიყო.რაც შეეხება გამსახურდიას, არ ვთვლი, რომ მკვლელობა იყო - არ ვფიქრობ, რომ ის მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მოკლეს. არ მჯერა, რომ ზვიად გამსახურდია ან მარგველანმა მოკლა, ან გუგუშვილმა, ან იმ დაცვის ბიჭებმა. მაშინ რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, ბევრ კითხვას მოეფინებოდა ნათელი. გუგუშვილი დღემდე ითხოვს, პროკურატურამ დამკითხოსო, მაგრამ...

- თქვენი ყველაზე დიდი ცოდვა...

- თავის დროზე, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დავანგრიეთ საქართველო, სულ ცოტა, ერთი საუკუნით შევაჩერეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ეს უმძიმესი რამ იყო - ქართველებმა ერთმანეთს ვესროლეთ. სამოქალაქო დაპირისპირებას ვგულისხმობ. ეს ყველაზე დიდი ცოდვა იყო, რაც საქართველოს წინაშე ჩავიდინეთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაიწყო, ყველამ ძალიან შევცოდეთ უფლის წინაშე. ფაქტი ფაქტია და ეს არასდროს უნდა განმეორდეს!