„მიხარია, რომ ოპერამ ამდენი ახალგაზრდა მოიზიდა“
"აიდა", "კარმენი", "სიყვარულის ნექტარი", "ტრავიატა", "სოფლის ღირსება", "ტურანდოტი", "ქეთო და კოტე", "რიგოლეტო", "ტოსკა", "ნაბუკო"... - ეს იმ პრემიერების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, სულ 23 პრემიერა. ოპერის მოყვარულთა რიცხვი არ კლებულობს, ისევე როგორც პრემიერები, რომლებითაც ქართველი საზოგადოება განებივრებულია, მაგრამ მიუხედავად ანშლაგისა და სპექტაკლების სიმრავლისა, ფარდის მიღმა, კულისებში, უამრავი პრობლემაა. ოპერის ყოველი პრემიერა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ თეატრი მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს, ევროპის წამყვანი თეატრებისგან პროდუქციის შეძენას მიმართავს. რატომ ყიდულობს თეატრი უკვე მზა პროდუქციას - სპექტაკლს, როგორია ცხოვრება კულისებში, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი–ბადრი მაისურაძე "კვირის პალიტრას" უამბობს.
- ქართველი მაყურებლისთვის რეპერტუარის შერჩევისას ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებ. ისეთ დადგმებს ვარჩევ, რომლებიც საინტერესო იქნება. ვერ დავიწუწუნებთ, რომ დამსწრეთა ნაკლებობაა, პირიქით, დარბაზი ყოველთვის სავსეა. მიხარია, რომ ოპერამ ამდენი ახალგაზრდა მაყურებელი მოიზიდა. მე იმ დროს მოვესწარი, როდესაც 7-8 კაცი ვისხედით დარბაზში. ჩემი მიზანია დავდგათ ის ოპერები, რომლებიც შედევრებად ითვლება, რომელთაც წარსულში წარმატება ჰქონდათ და კიდევ საუკუნეებს გაუძლებენ. ვცდილობთ ჩამოვიტანოთ სპექტაკლები იმ თეატრებიდან, რომელთაც მაღალი თამასა აქვთ. ევროპის სახელოვან თეატრებს აქვთ ფინანსური შესაძლებლობა მიიწვიონ დიდი რეჟისორები, მხატვრები, არტისტები და მათ დაუკვეთონ სპექტაკლის შექმნა. ჩვენთვის კი იდეალური გამოსავალია სხვა თეატრებთან ერთობლივი ნამუშევარი ან მათი დადგმების შესყიდვა.

- ეს არის ზუსტად ჩემი შემდეგი კითხვა, როდესაც აფიშაზე წერია, მაგალითად, მონტე-კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია, ბევრი ფიქრობს, რომ დროებით შეისყიდა თეატრმა ეს კონკრეტული სპექტაკლი, ან გასტროლია მონტე-კარლოს თეატრის. რას ნიშნავს პროდუქცია?
- ყველა სპექტაკლი, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქცია აწერია, ჩვენია. არ მინდა ყველა იმ პრობლემაზე საუბარი, რაც ახალი სპექტაკლის შექმნას ახლავს. თეატრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საწყობი, კომბინატი და სამკერვალო, ჩვენ კი არა გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ პროდუქციის შეძენა, ეს გაცილებით ნაკლებ დროსა და რესურსს მოითხოვს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია უკვე შექმნილი პროდუქცია. როცა ნახავ დადგმას, იოლად წარმოიდგენ, შენს მაყურებელს რას და როგორი ხარისხით მიაწვდი... "სამსონი და დალილას" შემდეგ, აპრილში გაიმართება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ოტელოს" პრემიერა, რომელიც ასევე მონტე-კარლოს ოპერის თეატრის პროდუქციაა. როგორც კი დასრულდება წარმოდგენები თბილისში, "ოტელო" რომის თეატრში მიემგზავრება, რადგან რომის თეატრმა ჩვენგან იქირავა. რომშIი აფიშას ეწერება "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პროდუქცია". ეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. პირველად ქართული თეატრის ისტორიაში ჩვენი თეატრის პროდუქციას ("ტურანდოტი", "აიდა", "ტოსკა", "ბოჰემა", "ოტელო") ევროპის წამყვანი თეატრები ქირაობენ, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესტიჟს ამაღლებს.
- როგორ ხვდებით, რა მოეწონა ქართველ მაყურებელს? ფაქტია, თქვენი რეპერტუარი ამართლებს, რადგან დარბაზი ყოველთვის სავსეა.
- მეტ-ნაკლებად ვიცი ქართველი მაყურებლის გემოვნება. თეატრის შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს სთავაზობს ექსკლუზიურ, მაღალმხატვრული ღირებულებების დადგმებს, რაც შეესაბამება მაყურებლის მოთხოვნასა და დიდი ისტორიის მქონე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. ევროპის უმეტეს თეატრებს აქვთ ისეთი დადგმები, მაგალითისთვის, ბარსელონაში დადგმულ "ბალ-მასკარადში" იყო ისეთი აღვირახსნილი სცენა, რომ მაყურებელს სპექტაკლის დასასრულს თუ რამე ჰქონდა ხელში, დამდგმელ ჯგუფს ესროდა. აღვირახსნილ სცენებს ოპერაში შუაგულ ევროპაშიც აპროტესტებენ. სხვათა შორის, ასეთი ბევრი წინადადება გვქონია, მაგრამ მე მორალი არ მომცემს ამის უფლებას, უპირველესად ჩვენს მაყურებელს ვცემ პატივს...
- ისევ პოპულარულია ოპერა და ოპერების სიუჟეტი, ძირითადად, რომანტიკულ, რაინდულ ღირსებებზე დაფუძნებული.
- ოპერებს უმეტესწილად სევდიანი დასასრული აქვთ, თუ კომიკური სიუჟეტი არ არის. როცა ხალხი გადის დარბაზიდან, მას თანაგრძნობის განცდა უნდა ჰქონდეს. არ უნდა დაირღვეს სცენარის დედააზრი, რაც ჩაიფიქრეს დრამატურგმა და კომპოზიტორმა. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში - ტექსტი, მუსიკა, დრამატურგია...
- "ოტელო" ქართველმა მაყურებელმა 30 წლის წინ იხილა თბილისის ოპერის სცენაზე და ახლა მოუთმენლად ელოდება.
- 90-იან წლებში რობერტ სტურუას დადგმაშიI მეც ვმონაწილეობდი, კასიოს პარტიას ვასრულებდი. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ოტელოს როლი გახდებოდა ჩემი სავიზიტო ბარათი. დიდი სურვილი მქონდა "ოტელო" ისევ აჟღერებულიყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სწორედ მონტე-კარლოს ოპერის დადგმას იხილავს ჩვენი მაყურებელი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.
- გეგმებზე რას გვეტყვით?
- მონტე-კარლოს თეატრში შევიძინეთ 4 სპექტაკლი: "ბოჰემა", "სამსონი და დალილა", "ოტელო" და "ჰოფმანის ზღაპრები". სამომავლო პრემიერებიდან უნდა აღვნიშნოთ მოცარტის "დონ ჯოვანი" და "ჯადოსნური ფლეიტა", პუჩიIნის "მადამ ბატერფლაი", თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება" და როსინის "სევილიელი დალაქი", ასევე მასნეს "ნავარელი ქალი" - ფანტასტიკური ოპერა, 55-წუთიIანი შედევრი, რომელიც პირველად შესრულდება საქართველოში, პირველად დაიდგმება თBბილისის ოპერის სცენაზე და მეტსაც გეტყვით - ეს არის ერთადერთი ოპერა, რომელიც ტრაგიკულად, მაგრამ შემზარავი სიცილით მთავრდება.