ხუცუბნის ქართული გვარდიის სასაფლაოს მცველები
არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული მისია აქვთ დაკისრებული, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ. ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ლომინეიშვილების ოჯახი აჭარის დაბრუნებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცთა სასაფლაოს უვლის, იმ ასეულობით (იქნებ ათასეულობითაც) ჯარისკაცის ხსოვნას იცავენ, რომლებიც საუკუნე-ნახევრის წინანდელ ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. იმ ჯარისკაცებმა ხუცუბნელი ლომინეიშვილებისა და ყველა ჩვენგანისათვის სასწაული ჩაიდინეს: საქართველოს აჭარა დაუბრუნეს.
პირადად ჩემთვის თავად სოფელი, ხუცუბანიც მისტიკური ადგილია, მით უფრო, თუ ცოცხლად წარმოვიდგენ, რა ხდებოდა იქ 1878 წელს, როდესაც 3 საუკუნის დაკარგული აჭარა საქართველოში დაბრუნდა. სწორედ ამ ომისთვის იქმნებოდა ქართული გვარდია, რომელმაც რუსული ჯარის ნახევარი შეადგინა; სწორედ ეს ქართული არმია თავგანწირვით შეაკვდა ოსმალებს, დააჩოქა და ციხისძირისა და ბათუმისაკენ გზა გახსნა. რუსი გენერლები წერდნენ - ამ ომში ქართველები პირველები უნდა გავუშვათ წინა ხაზზე, მიწის დასაბრუნებლად საკუთარს კი არა, ოჯახისა და შვილების სიცოცხლესაც გაიღებენო! მართლაც ასე მოხდა: არავინ იცოდა, სად მოინახა იმდენი ხალხი მაშინდელ საქართველოში, რომ 38-ათასიანი ქართული გვარდია შეიქმნა, საიდანაც 25 000 ჯარისკაცი გურიიდან იყო, როდესაც მთელი გურიის მოსახლეობა 60 000 კაცსაც ვერ აღწევდა.
სწორედ ასეთი, გმირი ქართული გვარდიის სასაფლაოს მცველია ხუცუბნელი ლომინეიშვილების ოჯახი.
- ბატონო ვალერი, მეტმა თუ არა, ალბათ, ნახევრმა საქართველომ არ იცის, რომ შემორჩენილი გვაქვს საქართველოს დიდი გამთლიანების ნიშანი, ხუცუბნის ძმათა სასაფლაო.
- წარმომიდგენია, რას განიცდიდა ქართველი ხალხი, როდესაც 3 საუკუნის დაკარგული აჭარა გვიბრუნდებოდა. საერთოდ, გურია ყველაზე მეტად იყო აწიოკებული მტრისგან. გურულებს ლამაზად ჩაცმა ისედაც უყვართ…და იმ ომშიც ჩაქურებში იბრძოდნენ. ეგ ფოტოებზეც ჩანს, რომელიც იმ ომის დროს არის გადაღებული. გურიაში ოჯახი არ ასებობდა, შვილი ბრძოლაში რომ არ გაეშვა. ჩემი აზრით, ძეგლები უნდა დადგმულიყო მაშინდელი ქართველობის გმირობაზე, მაგრამ ძეგლები კი არა, რაც შემოგვრჩა, იმის პატრონობაც გაგვიჭირდა. ექვთიმე თაყაიშვილის სოფელი, ლიხაური ხომ გაგიგიათ? ლიხაურიდან ომში 16 ახალგაზრდა წავიდა და მტერი ისე გაამწარეს, თურქებმა რომ იპოვეს, თექვსმეტივეს თავ-ფეხი დააჭრეს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ეწამნენ! ჩემი საქმე რომ იყოს, მაგათ გმირობას სკოლაში ვასწავლიდი ბავშვებს. იმ რუსი ჯარისკაცების სულიც გაანათლოს უფალმა, ვინც ამ ომში დაეცა. მათ ძვლებსაც დიდი პატივით ვუვლი და ასე გავაგრძელებ, სანამ ვიქნები, ჩემი მიწისთვის დაღუპულ კაცს პატივს ყოველთვის მივაგებ.

- სოფელ ციხისძირშიც ყოფილა აჭარისთვის ომში დაღუპულთა სასაფლაო. Aამბობენ, ამ ომში დახოცილები მხოლოდ ხუცუბნის სასაფლაომ ვერ დაიტიაო.
- ამხელა ომში დახოცილებს ერთი ძმათა სასაფლაო რას დაიტევდა, თუმცა, ციხისძირის სასაფლაო განადგურებულია, შემოღობილიც არ არის. ჯერ კომუნისტებმა გადათხარეს რკინიგზის გაყვანისას, მერე ნაწილი კერძო მესაკუთრეებმა მიიტაცეს. რამდენიმე წლის წინ ხალხს ძალიან უნდოდა იმ სასაფლაოს აღდგენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- სამაგიეროდ, მე გიხდით მადლობას, რომ თქვენ, ლომინეიშვილები პირნათლად იხდით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვალს და საქართველოს გამაერთიანებელთა სასაფლაოს პატრონობთ.
- ამ სასაფლაოს ბებიაჩემიც პატრონობდა და მამაჩემიც. ახლა მე ვპატრონობ. რომ აღარ შემეძლება, ალბათ, ჩემი შთამომავალი უპატრონებს. ასეთი საქმე მხოლოდ კაცის კი არა, ღვთისაც არის და ისიც გავალებს, როგორ უნდა მოიქცე.