საბჭოთა პროპაგანდა და დაუმორჩილებელი ქართველები - კვირის პალიტრა

საბჭოთა პროპაგანდა და დაუმორჩილებელი ქართველები

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #12)

"კვირის პალიტრა" აგრძელებს საქართველოში რეპრესიების სერიის თხრობას თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევართან, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანთან ერთად. ჩვენი რესპონდენტი 1922-დან 30-იან წლებამდელ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რეპრესიული მანქანის გააქტიურებაზე, ასევე იმაზეც მოგვითხრობს, როგორ ნადირობდა რეჟიმი ემიგრაციაში მყოფი ეროვნული მთავრობის წევრებზე, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად იბრძოდნენ.

ნოე ჟორდანიას დოქტრინა

- 20-იან წლებში მასობრივი ტერორი მძვინვარებდა. ერთი მხრივ, შეგრძნება იმისა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა, რეალისტური არ იყო (შეგვიძლია შევადაროთ 1914 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო მოცემულობა, როცა კონფლიქტები და ომები ხშირად მასობრივი და განგრძობადია), იმედი ნამდვილად იყო, რომ ბევრი ფაქტორის ამუშავების პარალელურად, ოკუპაცია არ იყო შეურყეველი, ამიტომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ემიგრაციაში მყოფი ეროვნული მთავრობაც, პარტიებიც, ყველა მობილიზებული იყო ოკუპაციის დასასრულებლად. მიუხედავად ტერორზე დაფუძნებული მმართველობისა, მოსახლეობა მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ეს დიდხანს ვერ გასტანს, წინააღმდეგობის მუხტი ძალიან ძლიერია. საქართველოში ყველა დემოკრატიული პარტია იატაკქვეშეთში იწყებს კოორდინაციას, მოლაპარაკებას და 1922 წლის დამდეგისთვის იქმნება გაერთიანებული ფრონტი. მისი მთავარი ორგანო დამოუკიდებლობის კომიტეტია, რომელშიც შედიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალ-ფედერალისტური პარტია, სოციალ-რევოლუციონური პარტია... ამავე პოლიტიკური პარტიების შემადგენლობით საზღვარგარეთ დაარსდა საერთო კომიტეტი, რომელსაც ევალებოდა დიპლომატიური მუშაობა უცხოეთში ემიგრანტ მთავრობასთან ერთად. ეს ორივე ფრონტი უკავშირდება ერთმანეთს და მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

საბჭოური პროპაგანდა და მეთოდოლოგია, რომელიც ნელ-ნელა დამკვიდრდა და დღემდე ექოდ მოდის, წარმოაჩენს, რომ ყველაფერი, რაც 20-იან წლებში აქ ხდებოდა (1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩათვლით) ემიგრანტული მთავრობის ბრალი და მისი ორგანიზებულია, პროპაგანდას ისრები საზღვარგარეთ გადაჰქონდა. ამას ორი მიზანი ჰქონდა: 1. მტრის ხატის შექმნა და დამკვიდრება აზრის, რომ საფრთხე მოდის ევროპიდან (რაც დღესაც აქტუალურია - ყველა არადემოკრატიული და პრორუსი რეჟიმისთვის დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია საფრთხეა) და 2. აუცილებელი იყო გამოცხადებულიყო, რომ რეალურად არის წინააღმდეგობა და მოძრაობა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ყოველივე ამის ორგანიზატორი დამოუკიდებლობის კომიტეტია. ყალიბდება მოდელი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ოკუპაცია და საქართველომ აღიდგინოს დამოუკიდებლობა - ეს არის 1922-1923 წლებისთვის ნოე ჟორდანიას დოქტრინა, რომელიც განსაზღვრავდა საბჭოთა ოკუპაციისაგან თავის დახსნის აუცილებელ პირობებს: 1. ახალი საერთაშორისო მასშტაბის ომი, რომელშიც ჩართულ საბჭოთა რუსეთს კავკასიაში დაუდგებოდა ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორიც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შანსი მიეცა; 2. მეორე სცენარია საბჭოთა რეჟიმის შიდა კრიზისი (მაგ. სამოქალაქო ომი), რაც ხელს შეუშლიდა დიდი ძალების დაბანდებას კავკასიაში. როცა საბჭოეთში შიგნით არეულობაა, რაც ასუსტებს მას ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად, შესაძლებელია ამ სცენარის რეალიზება. თუმცა ამ ორი სცენარისთვის აუცილებელი პირობა იყო, რომ საქართველო არ უნდა დარჩენილიყო რუსეთის პირისპირ მარტო. ეს უნდა ყოფილიყო სამხრეთ კავკასიის დონეზე ორგანიზებული გამოსვლა და იდეალურ ვარიანტში, ჩრდილო კავკასიის. ამ ერთიანი ძალებით უნდა დაბლოკილიყო რუსეთის ძალების აქ გადმოსროლა. ეს დებულება სახელმძღვანელოდ იყო მიღებული, მაგრამ როდესაც მასობრივი რეპრესიებია (რაზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ) და ათასობით ადამიანს აპატიმრებენ პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულების გამო, ატერორებენ მოსახლეობას, რეგიონებში სადამსჯელო ოპერაციებს სტიქიური წინააღმდეგობა მოსდევს.

1922 წლის განმავლობაში არის ფაზა, როდესაც რეჟიმი ვერ ახერხებდა სტიქიური, სპონტანური გამოსვლების შეჩერებას. მაგალითად, სვანეთსა და ლეჩხუმში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გამო მოსახლეობამ გარეკა ადგილობრივი ხელისუფლება. ამის შემდეგ იქ გაიგზავნა არმიის ნაწილები და ჩატარდა სადამსჯელო ოპერაციები. საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება პარტიზანული რაზმები. რეჟიმი მათ პოლიტიკურ ბანდიტებად ნათლავს და სადამსჯელო ოპერაციებით ებრძვის. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქტიურობენ, მათ შორისაა ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმი და დამოუკიდებლობის კომიტეტი ცდილობს ნელ-ნელა კონტროლზე აიყვანოს ეს რაზმები, გააერთიანოს სტრატეგიული მომენტისთვის, ერთიანი ძალებით გამოსასვლელად, თუმცა ეს ძალიან რთულია.

1922 წელს ზაფხულში კიდევ ერთი სტიქიური გამოსვლა იყო დუშეთის მაზრაში და შემდეგ ხევსურეთში (ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის რაზმის), რასაც მოჰყვა საპასუხო რეპრესიები. 1922 წლის ბოლოს გამწვავდა სიტუაცია და დიდ ჯგუფებს საზღვარგარეთ აძევებენ, პოლიტპატიმრებს რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკებში ასახლებენ. 1923 წლის დასაწყისში რეჟიმი აპატიმრებს სამხედრო ოფიცრებს, უმეტესად ქართველებს და აცხადებს, რომ ისინი იყვნენ შეთქმულების ორგანიზატორები, რომლებსაც უნდოდათ გადატრიალების მოწყობა. მაისში ყველა დახვრიტეს (1923 წლის 21 მაისის დილას ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე ჩეკისტებმა დახვრიტეს სამხედრო ცენტრის წევრები: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გენერალი კოტე აფხაზი, გენერალური შტაბის წევრი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი და სხვები, სულ 15 კაცი).

1924 წლის აჯანყება – ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში

შემდეგ დადგა გადამწყვეტი მომენტი - დამოუკიდებლობის კომიტეტი ჩათვლის, რომ ვერ დაელოდება სტრატეგიულ საერთაშორისო ცვლილებებს, რამდენადაც მოსახლეობა ვეღარ ითმენს, ისევ არის სტიქიური წინააღმდეგობის პოტენციალი. ამიტომ 1924 წლის ზაფხულში გადაწყდა, რომ დიდი რისკის ფასად საქართველოს დონეზე მაინც დაწყებულიყო აჯანყება საოკუპაციო რეჟიმის დასამხობად. 1924 წლის ივლისში გაიმართა დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა, სადაც გადაწყდა აჯანყების საორგანიზაციო საკითხები. 1924 წლის აჯანყება იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას ხელმძღვანელობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. დასავლეთ საქართველოში აჯანყებულებმა აიღეს ქალაქები და დაწესდა დროებითი ხელისუფლება. მაგრამ აჯანყება დამარცხდა, რადგან არ იყო კარგად კოორდინირებული, და ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.

აჯანყების დამარცხებასა და ჩახშობას მოჰყვა მასშტაბური რეპრესიები, ყველა აქტიური მებრძოლი ძალის ლოკალურად განადგურება, დააპატიმრეს აჯანყებასთან დაკავშირებული ათასობით ქართველი (აჯანყების ერთი კვირის განმავლობაში, 28 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, წინააღმდეგობის მოძრაობა 5 ათასამდე ადამიანს ანგარიშობდა). აჯანყების ჩახშობის შემდეგ 1-2 წლის განმავლობაში ანგარიშსწორება შეჩერდა, მაგრამ რეჟიმმა კვლავ რუტინულად დაიწყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება, დახვრეტა და გადასახლება. ეს აჯანყება იყო წყალგამყოფი 20-იანი წლების რეალობისთვის, როდესაც ამ გმირული მცდელობის მიუხედავად, რეალურმა ფაქტორებმა გაიმარჯვა ძალთა არაპროპორციულობის, საერთაშორისო პირობების შეუსაბამობის, შიდაკოორდინაციის სისუსტის გამო.

საქართველომ იატაკქვეშა პირობებში წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ამ უზარმაზარი ტოტალიტარული მანქანის დამარცხება და ამის მცდელობაში დიდი მსხვერპლიც გაიღო. ის დაუბრუნდა იმ სტრატეგიას, რომ ნაადრევი და საერთაშორისო პირობებისათვის შეუსაბამო გამოსვლა, შეიარაღებული გზით დეოკუპაცია ნაკლებად რეალისტურია, ამიტომ ისევ უნდა მოხერხდეს იატაკქვეშეთში ძალების მომზადება. ამის ფონზე, როცა ათასობით ძლიერი და გამოცდილი მოწინააღმდეგის ნაწილი მოსპო, რა თქმა უნდა, რეჟიმი უფრო ძლიერად გრძნობს თავს.

მათი სამიზნე ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ლეგიტიმური მთავრობა იყო

- სისტემამ გადაწყვიტა, რომ ძლიერი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგე ძალებს, მაგრამ ახლა მას სჭირდება ასევე საფრთხეების განეიტრალება საერთაშორისო არენაზე. ერთი მხრივ, დასავლეთის სახელმწიფოები დე ფაქტო და დე იურე ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას სსრკ-სთან, ევროპის დედაქალაქებში (არა მარტო) გაჩნდა დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომლის საფარქვეშ უფრო თავისუფლად მუშაობს მათი საგარეო დაზვერვის და ტერორისტული ორგანიზაციები, რაც პოლიტიკურ მიგრაციაზე უფრო მასშტაბური შეტევის ორგანიზების საშუალებას აძლევს. 1924 წლის შემდეგ, მაგალითად, როდესაც საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა და პარიზში გაიხსნა დიპლომატიური წარმომადგენლობა, მის საფარქვეშ მთელი აგენტურული და საგარეო ტერორისტული ოპერაციების ქსელი ამუშავდა, რომლის ერთ-ერთი სამიზნე, რა თქმა უნდა, იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ლეგიტიმური მთავრობა საზღვარგარეთ. დაიწყო მასობრივი, ძალიან დიდი ფინანსებით აღჭურვილი საიდუმლო ოპერაციები საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციისთვის, დეზორგანიზაციისთვის, რათა განხეთქილება შეეტანათ საზღვარგარეთ ემიგრანტულ ორგანიზაციებში, საქართველოს მოქალაქეების კოლონიაში (ასე უწოდებდნენ საფრანგეთში, პარიზში მცხოვრებ პოლიტიკურ მიგრანტებს). სსრკ დიდ რესურსს ხარჯავდა, იყო ზეწოლა და მუშაობა საფრანგეთის მთავრობაზე, რათა მას გაეუქმებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც 1921 წელს შეიქმნა (როდესაც საქართველომ დასავლური სახელმწიფოებისგან დე იურე აღიარება მიიღო და ამის ინიციატორი საფრანგეთი იყო, პარიზში გაიხსნა საქართველოს საელჩო). საფრანგეთში საქართველოს საელჩო არ გაუქმებულა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ოკუპირებული იყო, რომ საფრანგეთმა და სსრკ-მ გააფორმეს აღიარების ხელშეკრულებები და ჰქონდათ საელჩოები. ეს ძალიან შემაწუხებელი იყო საბჭოთა რეჟიმისათვის.

zhandarmskaia-kartochka-na-noia-ramishvili-1910-1711896888.jpg

ვინ იყო გრიგოლ ვეშაპელი, რომელიც სპეცსამსახურებმა მერაბიშვილის ხელით მოიშორეს

- მეორე მხრივ, ბოლშევიკები ცდილობდნენ ემიგრანტების დამუშავება-გადაბირებასა. მათ მოახერხეს ყოფილი რადიკალური ნაციონალისტური ოპოზიციური ლიდერის, გრიგოლ ვეშაპელის გადაბირება, აღჭურვეს შესაბამისი რესურსით, ფულით, და ის გახადეს კამპანიის ლიდერი, რომელიც მოუწოდებდა ემიგრანტებს, შეეწყვიტათ წინააღმდეგობა, ყველაფერში დაედანაშაულებინათ ემიგრანტული მთავრობა და შერიგებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, ამის საფუძველზე კი ისინი დაბრუნდებოდნენ საქართველოში. ეს კამპანია ტარდება სპეცსამსახურებისა და საგარეო წარმომადგენლობის კოორდინირებით. შემხვედრ ოპერაციებს ატარებენ ემიგრანტული მთავრობა და მისი სპეცსამსახური, რომლებიც თანამშრომლობენ ფრანგულ სპეცსამსახურებთან - ისინი ავლენენ საგარეო დაზვერვის აგენტებს, რეზიდენტებსა და მათ გავლენაში მყოფ პირებს, რომელთაც აძევებენ საფრანგეთიდან, ან უზღუდავენ მოქმედების საშუალებას. ამ კამპანიამ მომდევნო წლებისთვის (25-26 წლების განმავლობაში) თავი ამოწურა, ვინც მოახერხეს და გადაიბირეს, დაარწმუნეს, ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მათ აქ რა ბედი ეწიათ, ძნელი გამოსაცნობი არ არის. რამდენიმე წლის შემდეგ ბევრმა მათგანმა გააცნობიერა, რომ მათი გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არარაციონალური იყო, ზოგმა სცადა გაქცევა, ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი მათგანი შემდეგ, როგორც აგენტები და ჯაშუშები, დააპატიმრა რეჟიმმა და მომდევნო რეპრესიების კამპანიაში გაანადგურა. რაც შეეხება გრიგოლ ვეშაპელს (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროვნული პარტიის ლიდერი და საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ფიგურა, რადიკალური ნაციონალისტური ოპოზიციის წარმომადგენელი), როდესაც მან შეასრულა თავისი ფუნქცია, მან საქართველოში დაბრუნება ითხოვა. ის-ის იყო, უნდა დაბრუნდეს, რისთვისაც იშრომა და ემსახურა რეჟიმს, მოულოდნელად სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მას კლავს ასევე ქართველი ემიგრანტი ავთანდილ მერაბიშვილი, რომელსაც ფრანგული პოლიცია აპატიმრებს. მერაბიშვილი მკვლელობის მოტივად აცხადებს, რომ შური იძია საქართველოში რეჟიმის მიერ დახვრეტილი და შევიწროებული მისი ნათესავების გამო - ანუ მან ეს მკვლელობა პატრიოტულ საბურველში გაახვია, საბჭოთა წარმომადგენლობა, პრესა და მთელი სისტემა კი დაირაზმა იმის დასამტკიცებლად, რომ მერაბიშვილი მოქმედებდა ქართული ემიგრანტული მთავრობის დავალებით, რომ მან პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოკლა. დიდი ალბათობით, ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ორგანიზებული აქტი, რამდენადაც წყაროებში მკაფიოდ ჩანს მერაბიშვილის გადაკვეთა-თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან 20-იან წლებში და შემდგომ. მან რამდენიმე პირობითი სასჯელი მოიხადა - ვინაიდან ემიგრანტულ მთავრობას ადებდნენ ხელს, როგორც მკვლელობის დამკვეთს, მერაბიშვილს თუ არ დაიცავდნენ, საბჭოეთს ძალიან გაუადვილდებოდა სასამართლოსთვის თავისი პროპაგანდის თავს მოხვევა. დაიწყო კამპანია, რათა მერაბიშვილი ამ ბრალდებებისგან დაეცვათ (რომ თითქოს პოლიტიკური დავალებით მოქმედებდა), სასამართლომ მიიღო მხედველობაში და მას პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილი გაქრა, უეცრად ძალიან დიდი ფულის პატრონად მოევლინა ემიგრანტებს და შემდეგ გადასახლდა ლათინურ ამერიკაში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა. ეს იყო ერთ-ერთი თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია, საბჭოური სპეცსამსახურების მოქმედების მანერა, თუ როგორ იშორებდა ის პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს. მაგალითად, თავად ვეშაპელს - ის გამოიყენეს, საქართველოში აღარ სჭირდებოდათ, როგორც ექსცენტრიკული და პრობლემების შემქმნელი პერსონა, ამიტომ მოიცილეს და თან ემიგრანტული მთავრობის საწინააღმდეგო კამპანიად გამოიყენეს - თითქოს მისი მკვლელობა ემიგრანტული მთავრობის ორგანიზებული იყო.

ნოე რამიშვილის მკვლელობა

- იმხანად ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ძირითადად, პარიზში იყო თავმოყრილი. საბჭოთა სპეცსამსახურები დიდ ფულს ხარჯავდნენ, რათა გადაებირებინათ უსახსროდ დარჩენილი და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ემიგრანტები და ამ გზით შიგნიდან აეფეთქებინათ ქართველი ემიგრაცია. მოსკოვმა შედეგს მიაღწია კიდეც. ემიგრაციაში მყოფი მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ორგანიზაციის ლიდერები, აქტიური წევრები, საბჭოთა სისტემისთვის და პირადად სტალინისთვის ყველაზე საძულველ კატეგორიად ითვლებოდა. მას გასაგები მიზეზების გამო სძულდა ისინი. სტალინისთვის ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი იდეური მტრები იყვნენ, განსაკუთრებით, ნოე რამიშვილი ეზიზღებოდა. ემიგრაციული მთავრობის ლიდერები ისევ ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამიტომაც იყვნენ პერსონალური სამიზნე როგორც სტალინისთვის, ისე საზოგადოდ, სისტემისთვის, რომელიც 20-იანი წლების მეორე ნახევრისათვის სრულად სტალინის მართული ხდება. შესაბამისად, იგეგმება აქციები იმ ლიდერების გადასაბირებლად, გასანეიტრალებლად, დასარწმუნებლად, რათა საქართველოში დაბრუნებულიყვნენ ხელშეუხებლობის პირობით, რაც, რა თქმა უნდა, უნიადაგო იყო უმრავლესობის შემთხვევაში. კამპანიის მიზანი იყო ემიგრანტული მთავრობის რეპუტაციის შელახვა. სადაც არაფერი გაუვიდათ, პირდაპირი ტერორისტული შეტევებიც დაიწყეს და ზუსტად ასეთი აქტის მსხვერპლი გახდა ნოე რამიშვილი - ამ პოლიტიკური ოპერატიული მუშაობის მთავარი ორგანიზატორი. ნოე რამიშვილი, ისევე როგორც ვეშაპელი, ქართველმა, გურიაში მოქმედი პარტიზანული რაზმის წევრმა, 24 წლის აჯანყების მონაწილემ, სახალხო გვარდიის მებრძოლმა და პოლიტემიგრანტმა პარმენ ჭანუკვაძემ მოკლა. ის საბჭოთა სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გადაიბირეს პარიზში. ემიგრანტობისა და მისი ოჯახის შევიწროების გამო ჭანუკვაძეს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. 20-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ემიგრანტულ მთავრობასა და პარტიას ძალიან უჭირს ყველა წევრის და ემიგრანტის დახმარება. ამ სიძნელეებისგან თავის დაღწევის საშუალებაა ემიგრანტებმა აღიარონ, რომ საბჭოთა საქართველო და საბჭოთა კავშირი კარგია და საბჭოთა საკონსულო და დიპლომატიური წარმომადგენლობა ამის შემდეგ აძლევენ საშუალებას, რომ ვიზა მიიღონ და დაბრუნდნენ სამშობლოში. ემიგრანტი მთავრობაც და საზღვარგარეთ მყოფი სხვა პირებიც მოუწოდებენ ქართველებს, არ დაუშვან შეცდომა და არ მისცენ ლეგიტიმაცია რეჟიმს, მაგრამ, როგორც ჩანს, საბჭოური სპეცსამსახურები ახერხებენ პარმენ ჭანუკვაძის დამუშავებას, უქმნიან ისეთ ფონს, თითქოს მას ჩაგრავს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ორგანიზაცია, თითქოს ნოე რამიშვილი არ აძლევს გასაქანს, ხელს უშლის ყველაფერში. სავარაუდოდ, სთავაზობენ, რომ თუკი საბჭოეთის სასარგებლოდ რაიმე მნიშვნელოვანს ჩაიდენს, აჯანყებაში მონაწილეობას აპატიებენ და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემენ. საბოლოოდ, სპეცსამსახურების დამუშავებული ჭანუკვაძე ნოე რამიშვილს პარიზის ქუჩაში ჩაუსაფრდა და რამდენიმე გასროლით მოკლა 1930 წლის დეკემბერში (მომდევნო წელს მოკლეს ლევ ტროცკი).

რატომ ვერ მიაღწია რეჟიმმა ემიგრანტი პოლიტიკოსების სრულად განეიტრალებას

- ნოე რამიშვილის მკვლელს აპატიმრებენ და ასამართლებენ. ესეც საბჭოთა რუსული სპეცსამსახურების წარმატებულ ტერორისტულ აქტად შეიძლება შევაფასოთ. მათ ამ საქმეში კვალი არ დატოვეს და ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ლიკვიდაცია მოახერხეს საზღვარგარეთ. რამიშვილის მკვლელობის შემდეგ ნოე ჟორდანიაზეც სცადეს ზემოქმედება. ამაში მონაწილეობდნენ სამხედრო წარმომადგენლობის საფარქვეშ დაზვერვის აგენტები, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლები, ძველი ბოლშევიკი სერგო ქავთარაზეც კი ჩართეს ამ კამპანიაში. როდესაც ვერაფერს მიაღწიეს, სერიოზულად განიხლავდნენ ნოეს მოტაცებასაც, რაც ვერ შეძლეს იმის გამო, რომ ამერიკული და ფრანგული სპეცსამსახურები საბჭთა სპეცსამსახურებს არ აძლევდნენ ფართო მოქმედების საშუალებას საფრანგეთში. ეს იმაზეც მეტყველებს, რამდენად კარგად იყო ორგანიზებული ჩვენი პოლიტემიგრაცია, ემიგრანტული მთავრობა და პარტიული ორგანიზაციები. ისინი დიდ დახმარებას უწევდნენ მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის სპეცსამსახურებს, მუდმივად ამარაგებდნენ ცნობებით, თუ როგორ მუშაობდა მათ ტერიტორიაზე საბჭოთა დაზვერვის სამსახურები. მათ იცოდნენ, ვინც იგზავნებოდა მათ ქვეყანაში ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ აგენტურული ოპერაციების ჩასატარებლად, ან დიპლომატიურ მისიაში. მათი იდენტიფიცირება (ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლების) ქართველ პოლიტიკოსებს უფრო უადვილდებოდათ, ვიდრე ფრანგებს.

ramishv2-1711896889.jpg

პრელუდია დიდი ტერორისა

- ასეთი იყო 20-იანი წლების საერთო სურათი... საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ტერორს და რეპრესიებს, მასობრივ დაპატიმრებებს, შეტევებს იატაკქვეშა ორგანიზაციებზე... 1925-1929 წლების ჩათვლით ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს. საარქივო სფეროს გაუმჭვირვალობის გამო ზუსტი ციფრი არა გვაქვს, მაგრამ მიახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ 20-იანი წლების განმავლობაში რეპრესიებს ემსხვერპლა დაახლოებით 6-7 ათასი კაცი, უფრო მეტი დააპატიმრეს, გადაასახლეს და ან პატიმრობისას, წამებისას, ეტაპირებისას დაიღუპნენ. იმედია, საარქივო სფეროს მოდერნიზების და გათავისუფლების პარალელურად, უკვე დაზუსტებული სტატისტიკა გვექნება.

ასევე საინტერესოა, რომ 20-იანი წლების ბოლოს ჩნდება რეჟიმისთვის ახალი სამიზნე ჯგუფები, ეს არის შიდაპარტიული ოპოზიცია - თვითონ კომუნისტურ პარტიაში დაიწყო შიდა განხეთქილება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის ტროცკისტულ დაჯგუფებებსა და სტალინის მომხრეებს შორის. საბჭოთა ტერორის მანქანას საქართველოშიც ГПУ ჰქვია. ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო, ჩეკას ფორმაცია, საკავშირო გაერთიანება. 1920-იანების ბოლოს პარალელურად დაიწყო ტროცკისტული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების განეიტრალება, ათასობით ე.წ. ტროცკისტი გარიცხეს პარტიიდან, დააქვეითეს, შორეულ მხარეებში გადაასახლეს. ესეც რეპრესიების აქტიური ფაზა იყო და მიმდინარეობდა 30-იანი წლების მიჯნაზე, ახალი დიდი კამპანიის პირას, რასაც მასობრივი იძულებითი კოლექტივიზაცია ჰქვია და რომელსაც ასევე დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ეს იყო შესავალი 1937-1938 წლების დიდი ტერორისა, რომელზეც შემდგომ ვისაუბრებთ.