„ქართველებისათვის დავითგარეჯი ერთიანი ძლიერი საქართველოს ნიშანსვეტია“ - კვირის პალიტრა

„ქართველებისათვის დავითგარეჯი ერთიანი ძლიერი საქართველოს ნიშანსვეტია“

საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის 1988 წელი გარდამტეხი გამოდგა - დავითგარეჯი გახდა საკრალური თემა, რომელმაც ზვავი დაძრა. გარეჯის უდაბნოში საბჭოთა ჯარის საწვრთნელი ბაზების ჯარისკაცებმა სამიზნეებად უძველესი მონასტრები გადააქციეს. საცხოვრებელი ქვაბულებისა და ტაძრების უდიდესი ნაწილი ჩამოინგრა. ჭურვებს ნათლისმცემლის მონასტრის გალავნის მხოლოდ ნახევარი გადაურჩა. 1988 წელს სწორედ პოლიგონის დახურვის მოთხოვნით დაწყებული სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობა ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა და ეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

"გარეჯმა თითქოს სხვა დროსა და სივრცეში გადამიყვანა"

სოზარ სუბარი, პოლიტიკოსი, "ხალხის ძალის" ლიდერი: - მთელი სიმძაფრით მახსენდება, თუ როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი - პირველი მიტინგები და ბრძოლა დავითგარეჯის გადასარჩენად. იქ პირველივე ჩასვლამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა. გარეჯმა თითქოს სხვა დროსა და სივრცეში გადამიყვანა. გული მხოლოდ იქით მიმიწევდა, როგორც კი შემთხვევა მომეცემოდა გავრბოდი. 1988 წლის დეკემბერში ჩემი მეგობარი ირაკლი მახარაძე დამადგა თავზე, უკვე როგორც დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა ირაკლი (ამჟამად ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი) და მითხრა, გარეჯში მედავითნედ წავყოლოდი. გარეჯში გატარებულმა ერთმა წელმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

"საკუთარ თავს პირობა წავუყენე: სანამ პოლიგონი არ გავა, აქედან არ წავალ-მეთქი"

გია რაზმაძე, მათემატიკოსი: - ახალგაზრდა, საოცარი ბიჭის, შმაგი დოლიძის მიერ დადებული კადრი ხომ გახსოვთ, სადაც ის ტანკს ჯოხით ხელში ებრძვის. ის იყო ჩვენი თაობის სახე. გარეჯში უნივერსიტეტის პატარა ჯგუფი ჩავედით და დავრჩით. უმძიმესი სანახავი იყო თითქმის განადგურებული კომპლექსი. მაშინ არ იყო სატელეფონო კავშირი, ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენს წასაყვანად, მაგრამ ჩვენს შემართებას რომ ხედავდნენ, მერე მოჰქონდათ ხოლმე საკვები. მე ყველაზე ბოლოს წამოვედი იქიდან, საკუთარ თავს პირობა წავუყენე: სანამ აქ მონასტერი არ ამოქმედდება, პოლიგონი არ გავა, აქედან არ წავალ-მეთქი. მერე მაინც მომიწია წამოსვლამ, კა-გე-ბეს არ მოეწონა ჩემი იქ ყოფნა. მაშინ მშობლები და შვილები ერთ აზრზე ვიყავით! მშობლები ჩვენი ქვეყნისთვის გვზრდიდნენ. გააზრებული გვქონდა, რომ ამ ომს შევწიროდით, ეს იცოდნენ ჩვენმა მშობლებმაც. მამაჩემი, მაგალითად, 1956 წლის 9 მარტის თაობაა, იმ სასაკლაოს შემთხვევით გადარჩენილი. აქედან გამომდინარე, ყველამ ვიცოდით, რომ საფრთხე რეალური იყო, მაგრამ გვინდოდა დაგვეფიქსირებინა, რომ იქაურობას პატრონი ჰყავს. ხშირად პირისპირ შევხვედრივართ რუს სამხედროებს, გვიჩხუბია, ხელიც გვიკრია. არ გვეშინოდა.

a6dd09e3-3ace-4423-8c23-da153380dbb6-1711897376.jpg

"როგორ გაგვაცურა გენერალმა მაკაშოვმა"

დათო ტურაშვილი, მწერალი: - მახსოვს, სულ პირველად შაბათ-კვირა იყო, რომ წავედით. მაშინ იქ არავინ ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი კაცი დაგვხვდა, ჭინჭარაული, რომელიც ფორმალური მცველი იყო. რომ შევიდოდით დილით, მთელი დღე გვესროდნენ, და საღამომდე, სანამ არ დავამთავრებდით მუშაობას, ვერ გამოვდიოდით. ერთ ღამეს მაშინდელი ამიერკავკასიის სარდალი, გენერალი მაკაშოვი მოგვადგა, და გვეუბნება, ვიცი, რომ თბილისში გამოსვლებს აწყობთ, იბრძვით თავისუფლებისათვის. მე მართლა ველური კი არა ვარ, ეს მონასტრები დავანგრიოო. ნუ ნერვიულობთ, უკვე გადაწყვეტილია, სენაკებს აღარავინ ესვრის. ხვალიდან პოლიგონი აღარ იარსებებს, აღარც წვრთნები იქნებაო. ჩვენ, გარდა იმისა, რომ გაგვიხარდა, ცოტა შეგვრცხვა კიდეც. რაც მე ის მაკაშოვი ნაგინები მყავდა. ვიფიქრე, კეთილშობილი კაცია-მეთქი და გამოვუტანე ხაშმის საფერავი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავდით. დავალევინე და კარგად რომ მოეკიდა, გვეუბნება, ვიცი, როგორც მტერს, ისე მიყურებთ, მაგრამ თქვენთანაც ხომ არის გვარი მაყაშვილი, ფაქტობრივად, თქვენი ნათესავი ვარ და გარეჯს როგორ დავანგრევო.“მოკლედ, მთელი ღამე ვსვით. გვიანი იყო, რომ წავიდა. დილით, ორშაბათს, უნივერსიტეტში ლექციები გვქონდა და უნდა წამოვსულიყავით. ჩვენ სულ გრძელი, კახეთის გზით დავდიოდით. რუსთავის გზით არასოდეს წამოვსულვართ. იმ დღეს კი თან ლექციებზე გვაგვიანდებოდა და თან ვიცოდით, რომ წინაღამეს "დამთავრდა" პოლიგონი, აღარ არსებობდა. წამოვედით რუსთავის გზით. მანქანაში ხმამაღლა იყო აწეული მუსიკა და გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა არ გაგვიგონია. უცებ გავიხედეთ და პირდაპირ დაუმიზნეს ჩვენს მანქანას ტყვიები. მოკლედ, ალყა შემოგვარტყეს. ბეტეერები, მათი მანქანები, რუსის ჯარისკაცები იყვნენ გარშემო. წაგვიყვანეს შტაბში და ვხედავ, ზის ეს მაკაშოვი. ვინ ხართო, გვეკითხება. მეთქი, ან დებილია, ან გვაშაყირებს. გუშინ რომ ხაშმის საფერავი დაგალევინეთ და პოლიგონი გაუქმდა, აღარ გახსოვვართ-მეთქი? გავმწარდი. არ ვიცი მე ხაშმის საფერავი! დაპატიმრებული ხართო... ასე გაგვაცურა გენერალმა მაკაშოვმა.

მეორედ რომ ჩავედით, რამდენიმე თვის შემდეგ, იქ ერთი ოჯახი დაგვხვდა, იქ ცხოვრობდნენ. ეს იყო არქიტექტორი ირაკლი მახარაძე. მიუხედავად საცხოვრებელი პირობების არარსებობისა, მისთვის იქაურობა მშობლიური გახდა, გარეჯი მისი სულიერი ცხოვრების საწყისად იქცა. რამდენიმე წლის შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ირაკლი მახარაძეს სასულიერო პირად დაასხეს ხელი, 1991 წელს კი მონაზვნად აღიკვეცა დავითის სახელით. მამა დავითი აღდგენილი მონასტრის წინამძღვარი გახდა.

"ჩუმი ბრძოლა საზღვრისთვის"

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე: - მაშინ ირაკლი მახარაძეს (ახლა მეუფე დავითს) მიჰყვა მთელი თაობა და გარეჯის აღმშენებლობა დაიწყო...

გარეჯში იყო ასეთი კაცი, ილო ქვლივიძე, მუზეუმის დირექტორი. სანამ ჩვენ ჩავიდოდით, იყვნენ მხოლოდ ილო და აზერბაიჯანელი მწყემსები. მაშინ არც საზღვარი არ იყო, ზემოთ, უდაბნოს მონასტრების გადასწვრივ იყო ერთი ხის ბოძი ჩარჭობილი, საზღვრის მინიშნებით, აზერი მწყემსები ჩვენს მხარეს გადმოსწევდნენ ხოლმე მალულად. ილო ქვლივიძე მოჰკიდებდა ხელს და ჩაიტანდა ძველ ადგილას. გავიდოდა რამდენიმე დღე და ისევ გადასწევდნენ. ასე გრძელდებოდა ჩუმი ბრძოლა საზღვრისთვის. ახლა იქ ჯარისკაცები დგანან. მახსოვს, ღამეებს ვათენებდით, და შრომის მერე დავსხდებოდით და ვმღეროდით, ძირითადად, "ჩემო კარგო ქვეყანას". ჟინით ვიმეორებდით: "კოჯრის თავზე საქართველოს თეთრი დროშა ქანაობდა, დამესიზმრა საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა". გავიდა ორ ათეულ წელზე მეტი და ვფიქრობ, ის ჩვენი ნამღერი სიზმარი ძალიან ბევრჯერ აუხდა საქართველოს. ესეც, ალბათ, საკრალური და საიდუმლოს შემცველია.

„პატრიარქისთვის უთქვამთ, დავითგარეჯში არის ერთი ახალგაზრდა, რომელიც ხელით წერს სახარებასო“

აბბა ალავერდელი: - როცა გარეჯში ოჯახთან ერთად პირველად ჩავედი, მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი. ჩავედი როგორც მუზეუმის თანამშრომელი. იმხანად ძნელად იშოვებოდა სახარება და საიდუმლოდ სტოკჰოლმის სახარება მათხოვეს. გარეჯში ყოფნისას დავიწყე ხელით გადაწერა და დიდი ნაწილი გადავწერე. კედლის ნახატების ნიმუშების დათვალიერების შემდეგ დავიწყე ასომთავრულის შესწავლა. ერთ ღამეს ჩვენი ნაცნობი და ჩემი მეგობარი მოდიან გარეჯის უდაბნოში და მეუბნებიან, პატრიარქთან უნდა წაგიყვანოთო. ჩამომიყვანეს სიონის ტაძართან, საპატრიარქოს ძველ სახლში, სადაც შევხვდი პირველად მის უწმინდესობას - თავისი მოხატული წმინდა გიორგის კედლის მხატვრობის წინ იჯდა და იღიმებოდა. მიმანიშნა, დაჯექიო. სამჯერ დამისვა კითხვა და სამჯერვე წამოვდექი. მოკლედ, მესამეჯერ რომ ფეხზე ავდექი, უწმინდესს გულიანად გაეცინა. როგორც გაირკვა, მის უწმინდესობას ხელნაწერი სახარების გაკეთება სურდა და კალიგრაფს ეძებდნენ. უთქვამთ, დავითგარეჯში არის ერთი ახალგაზრდა, რომელიც ხელით წერს სახარებასო. იმ მომენტში თან მქონდა და მოინდომა ნიმუშის ნახვა. ვუთხარი, მხედრულად ნაწერია-მეთქი. ნუსხური არ იცითო? არა, მაგრამ ვისწავლი-მეთქი. და მაშინ მითხრა: "ეს უნდა იყოს ხბოს ტყავზე, პერგამენტზე, დიდი ზომის. ესკიზს თავად ავარჩევ. ეს უნდა იყოს ძველი ხელნაწერის მსგავსად შედგენილი სახარება, ხელით გადაწერილიო. იქიდან მშობლების სახლში რომ წამოვედი, სიხარულს ვერ ვიტევდი. მამა წიგნის მხატვარი იყო და ვუთხარი, უშენოდ ეს საქმე არ გამოვა-მეთქი. მოკლედ, ერთი კვირის განმავლობაში გავაკეთეთ სხვადასხვა ზომის ფურცელზე 7-8 ნიმუში. გასაოცარი ის იყო, რომ დავჯექი, პირდაპირ ნუსხურით დავიწყე წერა. გუაშის საღებავებით მინიატიურებიც გავაკეთეთ და პირობითად, პატარა, ჩვეულებრივი წიგნის ფორმატით დაწყებული, ყველაზე დიდი ნიმუშით დამთავრებული წავუღეთ უწმინდესს. მან გადახედა და პირდაპირ დიდი ფორმატის ესკიზს დაადო ხელი. ახლა ეს წიგნი საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. მათეს და მარკოზის თავის ნახევარი ჩვენი დაწერილია.

ქართველებისათვის დავითგარეჯი, ერთიანი ძლიერი საქართველოს ნიშანსვეტია. ამიტომაც არ შეიძლება მისი თუნდაც სულ მცირედი ნაწილი იყოს ჩვენი აზრის, გულის, შემეცნების, ღირსების გარეშე. გარეჯი არის ჩვენი აღზევებისა და დაცემის, ჩვენი სიხარულით წარმოთქმული ლოცვისა და დაცემით გამოწვეული სიმწარის, ცრემლთა ფრქვევის ადგილი. იმის თქმა, რომ გარეჯის უდაბნო არ ეკუთვნის საქართველოს, ეს ფრაზა უკვე შეიცავს ძალიან დიდ შეცდომას. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დავითგარეჯის ძირძველი ქართული წარწერები. გარეჯი ჩვენთვის ძლიერი საქართველოა.

რუსუდან შაიშმელაშვილი