ჭაჭუნას ვულკანები, ტბად ქცეული მდინარე და ყველის საწყობად ქცეული ტაძარი - კვირის პალიტრა

ჭაჭუნას ვულკანები, ტბად ქცეული მდინარე და ყველის საწყობად ქცეული ტაძარი

თუ დედოფლისწყაროს ესტუმრებით, პირველ რიგში ჭაჭუნას აღკვეთილისკენ უნდა გაეშუროთ. მთავარი გზიდან დაახლოებით 40 კილომეტრში ვაშლოვნის საოცარი ვულკანებია. შთამბეჭდავი სანახავია დალის მთა და დაგუბებული მდინარე იორი, რომელსაც დალის წყალსაცავს ეძახიან. დედოფლისწყაროს ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, არქიტექტურის დოქტორმა ვალერი ­მჭედლიშვილმა ამ საინტერესო ადგილების შესახებ გვიამბო.

დალის წყალსაცავის საიდუმლო

valeri-mchedlishvili-1711901731.jpg

- ნახევრად უდაბნოდ გადაქცეული ვაშლოვნის რუხ შეფერილობას მოულოდნელად თეთრი ვულკანების ოცამდე მოქმედი კრატერი ცვლის, საიდანაც ბუშტუკებიანი მასის თუხთუხი გარკვევით ისმის. ზოგიდან თბილი, ზოგიდან კი ცივი ლავა გადმოედინება. ვაშლოვნის ტერიტორიაზე ნადირობის ქალღმერთ დალის სახელობის მთასთან, მდინარე იორია დაგუბებული. ტერიტორიას ჭაჭუნას აღკვეთილი ჰქვია, ტბადქცეულ მდინარეს კი დალის წყალსაცავს უწოდებენ.

ბრეჟნევის პერიოდში სსრ კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა დააყენა საკითხი, რომ ატომური ელექტროსადგურის ნარჩენებისთვის სამარხი ისეთ ადგილას გაეკეთებინათ, სადაც ახლოს წყალი იყო და მოსახლეობა არ ცხოვრობდა. რადიაციული ნარჩენების ერთ-ერთ სასაფლაოდ სწორედ ეს ხეობა იყო მონიშნული. ამ გადაწყვეტილებას დედოფლისწყაროელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ჩატარდა სესია და დადგენილებაში ჩაწერეს, აქ მოსახლეობას სავარგულები აქვს და დაუშვებელია მისი დაბინძურებაო. სწორედ იმ დროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მდინარესთან გათხრები ჩაატარა და უძველესი სოფლების ნაშთები აღმოაჩინა. მიწიდან ქვევრები, სასმისები და ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები ამოიღეს. გადაწყდა, რადგან აქ საუკეთესო მიწა იყო მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად, იქვე გაშენებულიყო ორი სოფელი, საქართველო და რუსთაველი. მომავლის სოფლების ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლებიც გაკეთდა. ამ გადაწყვეტილებებით ხალხმა შეძლო ატომური სამარხებისთვის დალის ხეობის გამოყენების პროექტის ჩაგდება, თუმცა საბოლოოდ სოფლების აშენება ვეღარ მოხერხდა.

ათას ერთი ვერცხლისმანეთიანი

6cd2373b-1840-4093-bc19-25126bc543fa-1711901731.jpg

- ჭაჭუნას აღკვეთილის ვულკანები სხვადასხვა ფორმის ღრმა კრატერებია, საიდანაც ლავა ამოდის. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მამაჩემი დედოფლისწყაროს რაიკომის მესამე მდივნი იყო. ერთხელ მოუვიდათ ინფორმაცია, ერთ-ერთი ჭაბურღილიდან დიდი რაოდენობის ნავთობმა ამოხეთქაო. მართლაც, 15 სანტიმეტრი დიამეტრის მილში ნავთობი დიდი წნევით მოდიოდა. ბარაქიანი მარაგი იყო, მაგრამ ასეთ კრატერებს ხელოვნურად აჩერებდნენ. რატომ და რისთვის, ახსნა მე არ შემიძლია.

დედოფლისწყაროსთან ცენტრალური გზიდან პირველივე გადასახვევი სოფელ თავწყაროში მიდის. წინათ ამ ტერიტორიაზე ქალაქი ყოფილა გაშენებული დიდი ციხესიმაგრით. მისი ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში აქ გერმანელები და პოლონელები გათხრებს ატარებდნენ. აღმოაჩინეს სახელოსნოები, რკინის გამოსადნობი ხელსაწყოები... თავწყაროს უძველესი ციხე ქალაქის გადასწვრივ ვრცელი მინდორი და ჩემოდან-გორაა. გორას ოთხკუთხედი ფორმა აქვს, მის ზედა ნაწილში ორი დიდი ხე იდგა, ტოტები ერთმანეთზე ჰქონდათ გადასული და სახელურს ჰგავდა. ერთი შეხედვით გორა ჩემოდანს მოგაგონებდათ, ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.

ერთხელ მეზობელმა მითხრა, არ გინდა ვერცხლის მონეტები გაპოვნინოო? წავედით და ნახნავში ტალახში მონეტები ვიპოვეთ. მოგვიანებით ლენინგრადიდან ექსპედიცია ჩამოვიდა და მათაც იპოვეს უამრავი მონეტა, შემდეგ კი გამოსცეს წიგნი ,,ათას ერთი ვერცხლის მანეთი წითელწყაროში". მათი თქმით, ეს მონეტები მეხუთე-მეექვსე საუკუნეების იყო. როგორც ჩანს, საქარავნე გზაზე სავაჭრო ადგილებიც იყო, ერთმა ვაჭარმა მონეტები მიწაში გადაინახა. საუკუნეების შემდეგ გუთანი გადამალულ ძვირფასეულობას წამოედო და მიწიდან ამოყარა. იმდენი ვერცხლი ეყარა, ადამიანები დადიოდნენ და მონეტებს კრეფდნენ.

c60b7125-2497-441c-8136-c3668b5605ea-1711901732.jpg

მარილიანი ტბა, რომელიც 50 წელში ერთხელ შრება

- 2002-2003 წლებში დედოფლისწყაროს გამგებელი ვაჟა ქადაგიძე იყო, მე კი მთავარი არქიტექტორი. ელიას მთაზე წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღეს ადგილობრივები ქვებზე ანთებდნენ სანთლებს. ბატონ ვაჟას სურდა საკურთხევლის აშენება ქადაგიძეების საგვარეულოს ეთავა. გავაკეთე ესკიზი და შესათანხმებლად საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში წავიღეთ. მეუფე დავით ალავერდელმა გვითხრა, წინათ მაგ ადგილზე საოცარი სამსაკურთხევლიანი ტაძარი იდგა, მაგრამ კომუნისტებმა ააფეთქესო. მეუფემ, თუ მართლა გინდათ მადლიანი საქმე გააკეთოთ, ის აღადგინეთო.

ამ ფერდობებზე გავიზარდე და ტაძრის ნანგრევები არასდროს მინახავს. ფერდობზე ძლივს ავბობღდით და ჩვენდა გასაკვირად, ტაძრის ნაშთებს წავაწყდით. დაახლოებით 40 ათასი დოლარი იყო საჭირო, რომ ტაძარი აღგვედგინა, მაგრამ თანხის მოძიება ვერ მოხერხდა და პროექტი შეჩერდა. მხოლოდ ტაძართან მისასვლელი გზის გაყვანა შევძელით.

2009-10 წლებში ვაშლოვნის ნაკრძალის განვითარების პროექტი დაიწყო, რომელსაც მსოფლიო ბანკისა და ბუნების დაცვის ფონდის მცირე გრანტები მოჰყვა. ერთი გრანტი ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის აშენებას ითვალისწინებდა. ძველი ტაძრის საძირკველზე დაშენებული ტაძრის ახალი პროექტი არქიტექტორმა სერგო ქართველიშვილმა გააკეთა და ელიას მთაზე ტაძარიც აშენდა. ელიას მთაზე გადმოკიდებული წმინდა ელიას ტაძარი ქოჩების ტბას გადაჰყურებს. ტბას 2 კილომეტრი სიგრძე და 800 მეტრი სიგანე აქვს. წინათ ტბაზე კატერი დადიოდა, რომელზეც რესტორანი იყო და დამსვენებლებს ქიზიყური სუფრით უმასპინძლდებოდნენ. ტბა ძალიან მლაშეა და ამას მისი საოცრად თეთრი ფერიც ადასტურებს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ ყოველ 50 წელში ტბა მთლიანად შრება. ადამიანებს შეუძლიათ ტბის ფსკერზე ფეხით გავლა და მარილის შეგროვება. წინათ მოსახლეობა საკვებად ამ ტბიდან ამოღებულ მარილს იყენებდა. ქოჩების ტერიტორიაზე პატარა ორმოც რომ ამოთხაროთ, წყალი ამოდის.

"არ ებრძოლოთ ივერიას, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრია, ყოველთვის დამარცხდებით"

- დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოსთან, საიდანაც მიემართება გზა ვაშლოვნისკენ, დგას სრულიად განსხვავებული ტაძარი. ზოგი ფიქრობს, რომ ბერძნულია, მაგრამ ეს არის მსოფლიოში პირველი ტაძარი, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველის სახელზე ეკურთხა. წმინდა სერაფიმეს საქართველო ძალიან უყვარდა, მისთვის ლოცულობდა და ამბობდა, არ ებრძოლოთ საქართველოს, ივერიას, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრია, ყოველთვის დამარცხდებითო. ეს ტაძარიც ამიტომ აკურთხეს წმინდა სერაფიმე საროველის სახელზე.

კომუნისტების დროს ტაძარი ყველის საწყობად აქციეს. საკურთხევლის ადგილზე ბეტონის დიდ ნავებში მარილწყალს აყენებდნენ და ყველს დებდნენ. 2007-2008 წლებში დადგა საკითხი, რომ ტაძარი აღდგენილიყო.

ტაძრის არქიტექტურა თავდაპირველად მთლიანად რუსული იყო - მას ხახვისებური გუმბათები ჰქონდა. რესტავრაციის შემდეგ გუმბათი აღარ შეუნარჩუნეს. ამჟამად ნაგებობას ნახევრადწრიული თავი აქვს და უფრო ბერძნული სტილის ტაძარს ჩამოჰგავს. მის გვერდით კი დედათა მონასტერია.

ნელი ვარდიაშვილი