ჯაშუში მტრედები - კვირის პალიტრა

ჯაშუში მტრედები

საფოსტო მტრედებს კომუნიკაციისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, თუმცა ამ მოღუღუნე მშვიდ არსებებს ჯაშუშობაც შეუძლიათ. ინფორმაცია ჯაშუშ მტრედებზე რამდენიმე წლის წინ გახმაურდა, როცა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (ჩIA) "ცივი ომის" პერიოდის ფაილები გამოაქვეყნა. ფაილებში შავით თეთრზე ეწერა, რომ სპეცსამსახურები მტრედებს წვრთნიდნენ და მტრის წინააღმდეგ იყენებდნენ. რაში მდგომარეობს ჯაშუში მტრედების საიდუმლო? - ამის თაობაზე ეკოლოგი, ორნითოლოგი გიგა ვარდუაშვილი გვიამბობს:

- მტრედს აქვს ერთი უნიკალური თვისება - რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს მოშორებული თავის ბუდეს, მაინც დაბრუნდება. სწორედ ეს თვისება გახდა საფოსტო მტრედების გამოყენების მიზეზი. თავდაპირველად წერილებს ატანდნენ: ბარათს ფეხზე დაუმაგრებდნენ და ადრესატთან უშვებდნენ. სწორედ ამ თვისების გამო გახდა მტრედი საუკეთესო ჯაშუში პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. მტრედებს სამხედრო ბაზებში ავარჯიშებდნენ და საიდუმლო მისიისთვის ამზადებდნენ - როდესაც მზვერავები მტრის ზურგში გადადიოდნენ, ზურგჩანთით პატარა ყუთი მიჰქონდათ, სადაც მტრედები ისხდნენ. ისინი მტრის შესახებ ინფორმაციას სწორედ მტრედების დახმარებით აწვდიდნენ: ფურცელს ან პატარა გრაგნილს ფეხზე მიაბამდნენ, მტრედი თავის "ბუდეში" ანუ სამხედრო ბანაკში დაბრუნდებოდა და ინფორმაცია მიჰქონდა.

- რატომ შეარჩიეს ამ მისიისთვის მტრედი და არა სხვა ფრინველი ან ცხოველი?

- ყორნებზეც სცადეს, მაგრამ მტრედი ამ მისიის შესასრულებლად იდეალური აღმოჩნდა - ყორანი გარეული ფრინველია, შეიძლება გაფრინდეს და აღარ დაბრუნდეს, თანაც მტრედები თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავთ მოშინაურებული, ამიტომ ნაკლებ ეჭვს იწვევდა. ამას ემატება ისიც, რომ მტრედის შეჩვევა­ და გაწვრთნა ადვილია. მტრედს შეუძლია ძალიან დაბლა - 200-300 მეტრის სიმაღლეზეც ჩამოფრინდეს და ყველაფერი­ ახლო ხედით გადაიღოს, შეუძლია ძალიან მაღლა აფრინდეს და მთაც გადალახოს. ასე რომ, მტრედის ფეხზე დამაგრებული ფოტოაპარატით ან კამერით საუკეთესო ვიდეო თუ ფოტომასალის გადაღება შეიძლება. ამ პატარა ფრთოსნებმა ასეულობით ჯარისკაცი გადაარჩინეს. მათ "ცივი ომის" დროს სპეციალურად წვრთნიდნენ, რათა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე უფრო მეტი სცოდნოდათ. 1960-70-იან წლებში აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეისწავლეს მტრედებზე პატარა კამერის დამაგრების ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად იღებდა ფოტოებს. ხშირად მათ სხეულზე დამაგრებული კამერით გადაღებული ფოტოები უფრო მაღალი ხარისხისა იყო, ვიდრე მაშინდელი თანამგზავრიდან.

თანამედროვე ეპოქაში საფოსტო მტრედებმა ფუნქცია დაკარგეს.

- რა ჰქვია ჯიშს, რომელსაც ასეთი განსაკუთრებული უნარები აქვს?

- ჯიში, რომელსაც ადრე საიდუმლო მისიებისთვის იყენებდნენ, დღეს უკვე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობს და მას "მრბოლელი" ჰქვია. ამ ჯიშის მტრედები საფოსტო მტრედების პირდაპირი შთამომავლები არიან და მათი სელექცია დღესაც მიმდინარეობს. "მრბოლელის" ჯიშის მტრედები მეც მყავს. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში ეს ფრინველები კერძო კოლექციებში ჰყავთ. მტრედების შეჯიბრება კარგადაა განვითარებული ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, საქართველოში კი სულ რამდენიმე კაცია ამ საქმით დაინტერესებული და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ: 40-მდე "მრბოლელი" მტრედი მყავს. ჩემი ნატვრაა ჩემპიონატებში საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ. ერთი "მრბოლელი" საქართველოში 100 ლარი ღირს, ევროპასა და ამერიკაში - 100 ევრო ან 100 დოლარი, მაგრამ ყველაფერი მის წარსულსა და დამსახურებაზეა დამოკიდებული, მაგალითად, მტრედი, რომელიც 2019 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა, მილიონ 300 ათას დოლარად გაიყიდა. ის ჩინელმა ბიზნესმენმა იყიდა. ევროპაში აუქციონებიც იმართება და მტრედის ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ რბოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული და რა შედეგით. სპორტის ამ სახეობით ბევრი ცნობილი ადამიანია დაინტერესებული, მათ შორის ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი.

P.S. დღესდღეობით, ტექნიკური პროგრესის არნახული გაქანების ეპოქაში, საფოსტო მტრედებმა თავიანთი ფუნქცია დაკარგეს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მათ გამოყენებას ჯერ კიდევ განაგრძობენ. მაგალითად, ინდოეთში მტრედებს ფოსტა გადააქვთ ძნელადმისადგომ ადგილებში, შვეიცარიაში ეს ფრთოსნები ემსახურებიან ექსტრემალური შეტყობინებების მიწოდებას, ხოლო ინგლისის ქალაქ პლიმუტში მტრედებს სისხლის ნიმუშები გადააქვთ საავადმყოფოებიდან სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში.

ხათუნა ჩიგოგიძე