ქართულ ცაში ევროპული სამაშველო შვეულმფრენები გამოჩნდნენ... - კვირის პალიტრა

ქართულ ცაში ევროპული სამაშველო შვეულმფრენები გამოჩნდნენ...

საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს ევროპული კონცერნ Airbus Helicopters-ის წარმოებული H145 ტიპის სამაშველო შვეულმფრენი, ხოლო ივნისამდე კიდევ ორს დაამატებენ.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებულ დაინტერესებას არ გამოიწვევდა ჩვენს საზოგადოებაში, რომ არა ის რამდენიმეწლიანი პოლიტიკური ინსინუაციები, რაც 2015 წლიდან სამაშველო შვეულმფრენების გამოა. თბილისში დიდი წყალდიდობის, გუდაურში სამაშველო ოპერაციის თუ შოვში ღვარცოფის ჩამოწოლასთან დაკავშირებული ტრაგედიების შესახებ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჰქონდა ძალზე კრიტიკული და ხშირად საფუძვლიანი კითხვები: სად არის სამაშველო შვეულმფრენები და ხელისუფლება რატომ არ იყენებს მათ უფრო აქტიურად, რაც ბევრ მსხვერპლს გადაგვარჩენდაო.

საზოგადოების ნაწილის ამ გულისტკივილს არცთუ იშვიათად ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფები, რომელთათვისაც უმთავრესი გახლდათ უფრო ხელისუფლებისთვის ნიშნის მოგება, ვიდრე რეალური პრობლემის საერთო ძალით მოგვარების გზების ძიება.

განსაკუთრებით ძნელად მოსასმენი იყო ორი კონკრეტული მტკიცება: საქართველოს არა ჰყავს სამაშველო შვეულმფრენები, და მეორე, კიდევ უფრო ნაკლებად დასაჯერებელი, გაჟღერებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერ, ჩემს დროს შეძენილი "სუპერპუმები" სწორედ სამაშველო სამსახურისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ეს ხელისუფლება ჩემს ჯიბრზე არ იყენებსო.

მოკლედ, სამაშველო შვეულმფრენების თემაზე პოლიტიკური ქულების ჩაწერის არაერთი მცდელობა ყოფილა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ნაკლებად ერკვeოდა ან პრინციპულად არ სურდა რეალობის დანახვა, ამაში დაარწმუნა.

1-shveulmpreni-1711903159.png
ახალჩამოყვანილი H145-ით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა უკვე დაიწყეს ქართული ცის "ათვისება"...

სინამდვილეში საქართველოში, გინდ საბჭოთა პერიოდში და გინდაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, სწორედ შვეულმფრენებს ათასობით ადამიანი გადაურჩენია მთებშიც, ბარშიც და ზღვაზეც. არ არის აუცილებელი სამაშველო შვეულმფრენი მაინცდამაინც ფრანგული ან ამერიკული იყოს, საბჭოთადროინდელი Ми-8МТВ-1-ებით ქართველი მესაზღვრე მფრინავები დღესაც ყოველ წუთს მზად არიან ჩაერთონ სამაშველო ოპერაციებში.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებას, რომ მის დროს ნაყიდი ორივე "სუპერპუმა" თურმე სწორედ სამაშველო ოპერაციებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლება მათ სპეციალურად არ იყენებდა, ჩვეულებრივი სიცრუეა, რადგან ის შვეულმფრენები არ იყო აღჭურვილი სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო მოწყობილობებით: ჯალამბრით, თბოვიზორით, ღამის ხედვის სათვალეებით, მძლავრი პროჟექტორით. ან სად უნდა განთავსებულიყო ეს ყოველივე, როდესაც ექსპრეზიდენტის "სუპერპუმის" "ვიპ-სალონი" ლამაზი სავარძლებით, ტელევიზორით, მაცივრით, სასადილოთი და ტუალეტით იყო "გადახუნძლული"?

სამაგიეროდ, სწორედ ამ საპრეზიდენტო "სუპერპუმის" გაყიდვითა და თანხის დამატებით გახდა შესაძლებელი იმ სამი სამაშველო H145-ის ყიდვა, რომელთაგან ერთი უკვე ჩამოიყვანეს, ორსაც ზაფხულისთვის ელიან.

შსს-ს განაცხადის მიხედვით, 3 ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) ჯამურ ღირებულებას, 26 500 000 ევროს, შემდეგი წესით გადაიხდიან:

საქართველოს სასაზღვრო პოლი­ციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 15 700 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

5 500 000 ევროს ეკვივალენტი ლარში სსიპ "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ Airbus Helicopters SAS-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ.

ხოლო დარჩენილ 5 300 000 ევროს ეკვივალენტს ლარში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში.

გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ორი AS332L1 Super Puma-სა და ერთ "ციყვში", AS350 B3-ში, 55 მლნ ევროზე მეტი გადაიხადეს, საიდანაც "ვიპ-სუპერპუმაზე", სავარაუდოდ, 25 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, საქართველოს ბიუჯეტი წაგებაში გამოდის, როდესაც ამ "ვიპ-სუპერპუმას" Airbus Helicopters SAS-ს მხოლოდ 5,5 მლნ ევროდ უბრუნებს, თუმცა ეს ძვირადღირებული შვეულმფრენი წლების განმავლობაში არასაფრენ მდგომარეობაში ირიცხებოდა, რამაც მნიშვნელოვნად დაუგდო მას ფასი და მისი უკან დაბრუნება შეიძლება ერთ-ერთი, მეტ-ნაკლებად კარგი გამოსავალი გახლდათ.

რაც შეეხება H145 ტიპის შვეულმფრენებს - Airbus-ის H145 ტიპის შვეულმფრენს სამედიცინო ევაკუაციისთვის ბევრი ქვეყნის სამაშველო სამსახური იყენებს. მას ერთი-ორი პილოტი მართავს და სამი მაშველი გადაჰყავს, რომლებსაც ჯალამბრით (რომელსაც 90 მ სიგრძის ბაგირის ჩაშვება და 270 კგ-მდე საერთო მასის ორი კაცის ამოყვანა შეუძლია) ამოწეული ორი დაშავებულის საკაცეებზე მოთავსება და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. შვეულმფრენი 650 კმ-ზე მიფრინავს და მისი ორი ტურბოხრახნიანი ძრავა საათში მხოლოდ 312 ლ საავიაციო ნავთს ხარჯავს, განსხვავებით საბჭოთადროინდელი Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენისგან, რომელიც ერთ საფრენოსნო საათში 800 ლიტრამდე საწვავს "ჭამს", თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ უკანასკნელს ეკიპაჟის 3 წევრისა და 24 მგზავრის გადაყვანა ან 4 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია, რაზეც H145-ის პილოტები ვერც იოცნებებენ.

სამაგიეროდ, ევროპული H145 საბჭოურ Ми-8МТВ-1-ზე ბევრად კომპაქტურია - მისი მთავარი ხრახნის დიამეტრი მხოლოდ 11 მ-ია (Ми-8МТВ-1-ის მთავარი ხრახნის დიამეტრი ორჯერ მეტია და 21 მეტრს შეადგენს), ამასთან, მისი კუდის საჭის ხრახნი "ფენესტრონის" ტიპისაა ანუ "ჩაძირულია" კუდის ნაწილში, რაც გამორიცხავს ისეთ ავიაკატასტროფას, რაც მესაზღვრეთა Ми-8МТВ-1-მა გუდაურთან განიცადა, როდესაც სწორედ კუდის საჭის ხრახნით წამოედო კლდეს.

და რაც მთავარია, H145 აღჭურვილია ულტრათანამედროვე „ავიონიკით“, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ფრენას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და მთაგორიანი რელიეფის თავზე.

მაგრამ ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოური Ми-8МТВ-1-ები სასწრაფოდ თავიდან უნდა მოვიშოროთ, პირიქით, ისინი ძალიან ადგებიან ქართველ მესაზღვრეებს მაღალმთიან საგუშაგოებზე როტაციის დროს და პროდუქტების წასაღებად, ასევე მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად.

გარდა ამისა, "თბილავიამშენი" ამთავრებს Ми-8МТВ ტიპის რამდენიმე შვეულმფრენის გარემონტებას თავდაცვის სამინისტროსთვის, რომელთა გამოყენება შეიძლება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისთვის.