"გაუმარჯოს საქართველოს!" - როგორ გულშემატკივრობენ საქართველოს შერეული ოჯახები საბერძნეთიდან - კვირის პალიტრა

"გაუმარჯოს საქართველოს!" - როგორ გულშემატკივრობენ საქართველოს შერეული ოჯახები საბერძნეთიდან

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებთან საქართველოს­ გამარჯვების შემდეგ ვნებათაღელვა­ არ ცხრება. ამაყობენ ქარ­თ­ველი­ ემიგრანტებიც. ჩვენ დავინტერეს­დით, რა ხდებოდა მატჩის დროს საბერძნეთში­ ბერძნულ-ქართულ ოჯახებში და რა ემოციებით შეხვდნენ ქართველების გამარჯვებას...

ჟურნალისტი თამარ სალბიშვილი საბერძნეთში 28 წლის წინ წავიდა და იქ შექმნა ოჯახი. ის საბერძნეთიდან ადევნე­ბდა თვალს თამაშს და ქართველების გამარჯვებით უზომოდ გახარებულია.

- მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. 1996 წლის 23 ივნისს ჩამოვედი საბერძნეთში და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. მყავს ვაჟი, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგია.

იმ დღეს ჩემი მეუღლე მუშაობდა და მე და ჩემი ბიჭი ვიყავით შინ. მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ უნდოდა ეს თამაში ბერძნებს მოეგოთ. რომ გაიგოთ, ქართველების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს, ერთ ამბავს მოგიყვებით. ამჟამად მე-11 კლასის მოსწავლეა. წელს რომ მივიდა სკოლაში, მასწავლებელს უკითხავს გაკვეთილზე, რამდენი ბავშვი ხართ ამ კლასში­ უცხო ქვეყნიდანო. ჩემს შვილს ხელი აუწევია, მასწავლებელს გაჰკვირვებია, შენ ბერძნული გვარი გაქვს­ და უცხოელი როგორ ხარო. უპასუხია­, მასწავლებელო, მე ნახევრად ქართველი ვარ, დედა ქართველი მყავსო.ჩემს ბიჭს არაფერი უკითხავს, უთქმელადაც იცოდა, რომ მე საქართველოს მხარეს ვიყავი და ჩვენების გამარჯვება მინდოდა­. რომ არ მოგატყუოთ, ისეთი გულანთებული გულშემატკივარია, მატჩის ყურების დროს მის რეაქციებს რომ ვხედავდი, გავიფიქრე კიდეც, ამან რომ გაიხაროს, მგონი,­ ჯობია ბერძნებმა მოიგონ-მეთქი. საქართველოს გუნდი რომ დააშავებდა რამეს, ყვიროდა,­ თუ ბერძნები დაუშავებდნენ ქართველ ფეხბურთელებს რამეს, ამაზე მე ვყვიროდი და ვაპროტესტებდი. ასე გაგრძელდა თამაშის ბოლომდე. როდესაც დამთავრდა და საქართველომ მოიგო­, ბავშვს­ შევხედე და ძალიან შემეცოდა, მაგრამ მერე მითხრა, უკეთესმა გუნდმა მოიგოო... მეორე დილით ძალიან ამაყი წავედი სამსახურში, რადგან იციან, ქართველი რომ ვარ. ყველა მილოცავდა ქართველების გამარჯვებას.

388c9cf6-130e-4471-9928-239ef4aa5093-1711904391.jpg

დიმიტრის მაქსიმოს კატსაიტისი, თამარის შვილი:

- სპორტი ძალიან მიყვ­არს. ჯერ ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ­ უკვე ხუთ წელზე მეტია კალათბურთელი ვარ... ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ამ თამაშს. როცა გავიგე, საბერძნეთს საქართველოსთან უნდა ეთამაშა, არ მომეწონა, ერთ-ერთ გუნდს უნდა მოეგო და არ მინდოდა ერთმანეთს შეხვედროდნენ. მე ჩვენი ქვეყნის გუნდს ვგულშემატკივრობდი. მეორე­ დილით სკოლაში რომ მივედი, ყველა ამ თამაშზე საუბრობდა. რატომღაც ბავშვები და მასწავლებლებიც მე მამტყუნებდნენ, შენ ხარ დამნაშავე, რომ წავაგეთო. ყველამ ჩათვალა, რომ მე საქართველოს ვგულშემატკივრობდი... როცა თამაში დამთავრდა, ჩვენი გუნდის წაგებით გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ როცა საქართველოს გუნდის ვიდეოები ვნახე და ის, თუ როგორი ბედნიერი იყო ხალხი\, მეც მიხაროდა მათი სიხარული. ცოტა ქართული ვიცი და მესმოდა, რას ამბობდნენ... ვუყურებდი, დედას როგორ უხაროდა და მეც მიხაროდა, დედას გახარებულს რომ ვხედავდი. აღარ ვიცოდი, ვის მხარეს უნდა ვყოფილიყავი. ბოლოს ქართველების სიხარული მეც გადმომედო. ევროპის ჩემპიონატზე რომელ გუნდსაც არ უნდა შეხვდეს, მე საქართველოს გულშემატკივარი ვიქნები. საქართველო ძალიან მიყვარს და ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ. ერთ წელს დედის სამშობლოში­ ვარ, მეორე წელს - მამის კუთხეში, რომ არც ერთი არ დარჩეს განაწ­ყენებული. ძალიან მომწონს თბილისი. ქუჩებში თვალში საცემი სისუფთავეა და ეს ძალიან მომწონს. ხალხიც ძალიან თბილია. საქართველოში დავინახე, რა არის ნამდვილი სიყვარული. იმდენად მომწონს, ბევრჯერ დედაჩემისთვის მითქვამს, ჩავიდეთ და იქ ვიცხოვროთ-მეთქი. ბევრი დეიდაშვილი მყავს, რომ ჩამოვდივარ, ვხედავ, როგორ უხარიათ, დიდ სიყვარულს მინაწილებენ...

სპორტი ჩემთვის ყველაფერია. რამდენიმე ცნობილ ბერძენ ფეხბურთელთან ერთად სურათიც მაქვს გადაღებული. ვესწრები­ მათ თამაშებს. კალათბურთიც ძალიან მიყვარს. ქართველ კალათბურთელებსაც ვგულშემატკივრობ ხოლმე. ვგიჟდები თორნიკე შენგელიაზე, გიორგი შერმადინზე, ბექა ბურჯანაძეზე. შერმადინმა თავისი მაისური გამომიგზავნა და ძალიან გამახარა. ბურჯანაძის დედა დედაჩემის მეგობარია, ბექამაც რომ გაიგო, როგორ მომწონს, თავისი მაისური გამომიგზავნა. ახლა ერთ რამეს მეც გთხოვთ - ჟურნალისტებს ბევრი ნაცნობი სპორტსმენი გეყოლებათ. გთხოვთ, რამე გააკეთეთ, რომ მათ ერთ-ერთ თამაშს საქართველოს მოედანზე დავესწრო. ჩამოვალ საქართველოს მაისურით და ვუგულშემატკივრებ ქართველ კალათბურთელებს...

თბილისელი ელზა დვალაძე 26 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. თამარი და ელზა დიდი ხნის მეგობრები არიან. ელზაც ჟურნალისტია და რამდენიმე წელი რადიოში მუშაობდა, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს ემიგრაციაში წავიდა. საბერძნეთში­ ოჯახი შექმნა და ახლა ორი შვილის დედაა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა მის ქალიშვილთან საუბრისას საქართველოს­ ასეთი დიდი სიყვარული აღმოვაჩინე­.

- ბევრი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში და ყველანი ვამაყობთ ქართველი ფეხბურთელების ამ დიდი წარმატებით. ბერძნები ახლა ინფორმაციას ეძებენ­ საქართველოზე და "ტიკ-ტოკზე" დებენ ამბებს. ზოგიერთი ცდილობს პოლიტიკაც გაურიოს და წერენ, ქართველები რუსეთს ემხრობიანო. მე სოციალურ ქსელში აქტიური არა ვარ, მაგრამ რამდენიმე უსამართლო კომენტარს საკადრისად ვუპასუხე.

8dd508cc-1681-4d7b-b81f-92b3fa27d3aa-1-1711904391.jpg

- გვიამბეთ, რა ხდებოდა მატჩის დროს თქვენს სახლში?

- ჩემი ბიჭი, დიმიტრი კალამპოკასი­, 19 წლის არის, თვითონაც სპორტსმენია. რომ გადაწყდა, საქართველო საბერძნეთს ეთამაშებოდა, მკითხა, ვის გულშემატკივრობო. მეც გადავწყვიტე სხვაგვარად მეპასუხა­: შენ რომ ცხოვრობდე ახლა ინგლისში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ინგლისელი გოგო გყავდეს ცოლად, საბერძნეთი და ინგლისი თამაშობდნენ, ვის დაუჭერ მხარს-მეთქი. გაიღიმა და მითხრა, რა ეშმაკურად მომიდექიო. მე ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, მიყვარს ბერძნები და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, როცა თამაშობენ, მაგრამ როცა საქართველოსთან თამაშია, საქართველოს მხარეს ვარ-მეთქი... ჩემი ქალიშვილი ელენი 90 პროცენტით ქართველია და 10 პროცენტით ბერძენი. გიჟდება საქართველოზე, მისმა მეგობრებმაც იციან, რომ საქართველოს გულშემატკივრობს. 18 წლის არის, წელს აიღო მართვის მოწმობა და პირველი­, რაც გაკეთა, საქართველოს რუკა საგანგებოდ ჩამოიტანა თბილისიდან, ჩამოკიდებული აქვს თავის მანქანაზე. გასაღებზეც ქართული დროშა უკიდია. მოკლედ, ძალიან ქართველობს. მთელი ოჯახი ვუყურებდით ფეხბურთს, მე და ჩემი გოგო საქართველოს ვგულშემატკივრობდით, ჩემი ბიჭი და მეუღლე - ბერძნებს. გოგო ისე არ არის ფეხბურთის მოყვარული, მაგრამ რადგან საქართველო თამაშობდა, ამიტომ უყურებდა დიდი ინტერესით და ისეთი ემოციებით, რომ გადარია ჩემი ქმარი და ბიჭი. ჩემს მეუღლესაც უყვარს საქართველო. ბოლოს ჩემს ბიჭს რომ შევხედე, მგონი, ისიც საქართველოს მხარეს გადაიხარა, რადგან ბერძნები მოედანზე უხეშობდნენ და ეს ძალიან არ მოეწონა. თვითონ კრივზე დადის და რამდენჯერმე თქვა, ჩვენები ასეთი აგრესიულები რატომ არიანო. ჩემს გოგოს ქართული ქუდი ეხურა, წარწერით "საქართველო" და როცა თამაში დამთავრდა, კიოდა, გავიმარჯვეთო. პენალტების დროს უნდა გენახათ, რა ხდებოდა... ჩემმა გოგომ მითხრა, ხვალ ქუჩაში რომ გავალ, საქართველოს ქუდს დავიხურავო. ბავშვობიდან ასეა, როცა ეკითხებიან საიდან ხარო, პასუხობს, საქართველოდანო...მამაჩემი რაჭველი კაცი იყო, თბილისში­ დაბა­­დებული და გაზრდილი. დედა მეგრელი­ მყავდა, ოჩამჩირელი. ძალიან მიყვ­არს სოხუმი, ოჩამჩირე და ჩემი მეგრელები, ოღონდ გამაგონე მეგრული და ბედნიერი ვარ.­ 6 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამე­ცვალა, მაგრამ მაინც მახსოვს მისი მეგრული საუბარი. ბავშვობას აფხაზეთში ვატარებდი... რამდენიმე წლის წინ მივდივარ მეტროთი და გვერდზე ორი მეგრელი მიზის, საუბრობენ მეგრულად, ისე მესიამოვნა, 6 გაჩერებით გავცდი სახლს.

მე შვილებს ქართულად ვზრდიდი, ქართულ ზღაპრებს ვუკითხავდი, ქართულ მუსიკას ვასმენინებდი, ყველაფერს ვუყვებოდი საქართველოზე. ყოველ წელს ჩამომყავს­ საქართველოში. უდიდეს სიყვარულს გრძნობენ, როცა იქ ჩადიან. ჩემს ქალიშვილს ჰყავს­ აქ მეგობარი ქართველი გოგონა, მშობლები ქართველები არიან. გოგო აქ დაიბადა, წარმატებული ტანმოვარჯიშეა. ბევრი კარგი სპორტსმენი გვყავს ქართველებს. იტალიაში ცხოვრობს ჩემი მეუღლის ბიძაშვილი და მეუბ­ნება ხვიჩა კვარაცხელიაზე, რა მაგარი ბიჭიაო, სულ აქებს. ყველგან გვასახელებენ ჩვენი ქართველები და ამით უნდა ვიამაყოთ. ასე ხდება თოფურიაზეც. საბერძნეთში ძალიან ვამაყობთ მომღერალ თამთა გოგუაძით, აქ ყველას უყვარს. ყოველ წელს გამოდიან ბერძნულ "ვოისში" ქართველები, ისეთი ხმა აქვთ, ისე მღერიან, შოკშია ხალხი. საბერძნეთში ყველგან ქართული გესმის... ქართულ მუსიკას რომ ვუსმენ, ტირილი მინდება. ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა, რაც არ უნდა ფუფუნებაში ვიცხოვრო, მაინც ჩემი ქვეყანა მირჩევნია ყველაფერს. დავიბადე ქართველად და მოვკვდები ქართველად. გილოცავთ, ქართველებო, ამ დიდ წარმატებას და შემდეგ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს!

ამ საუბრის შემდეგ ელზამ თავისი ქალიშვილის, ელენის ოთახი დამათვალიერებინა, სადაც მთელ კედელზე საქართველოს დროშა აქვს გაკრული, იქვეა უკრაინის პატარა დროშაც. საგულდაგულოდ კედელზე ჩამოკიდებულია ქართული ფაფახი და სხვა ქართული ატრიბუტები.

shvil-1711972624.jpg
ელენი და დიმიტრი, და-ძმა კალამპოკასები

ელენ კალამპოკასი, ელზას ქალიშვილი:­

- პირველი რაც იყო, თავიდან ბოლომდე უნდა მეყურებინა ამ თამაშისთვის და ერთი წუთი არ უნდა გამომეტოვებინა. ისე, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ვუყურებ ფეხბურთს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თამაში იყო და უნდა მეყურებინა. რა თქმა უნდა, საქართველოს მხარეს ვიყავი. ერთად ვუყურებდით მთელი­ ოჯახი. მამამ და ძმამ იცოდნენ, რომ მე საქართველოს ვგულშემატკივრობდი. ჩემთვის ჯერ საქართველოა, მერე საბერძნეთი.

drosha-1711972821.jpg

- როგორ მოვიდა ასეთი სიყვარული, შენ ხომ საბერძნეთში დაიბადე და გაიზარდე?

- აქ დავიბადე და ბერძენი ვარ, მაგრამ საქართველოს სიყვარულით გავიზარდე. დედა ქართულად მელაპარაკება. ყველაფერი მომწონს საქართველოში, ძალიან მიხარია იქ ჩასვლა. მომწონს იქაური ბუნება, ხალხი. როცა ჩავდივართ, ბევრს ვმოგზაურობთ. აღფრთოვანებული ვარ. ულამაზესია მთებიც, ტყეც, ზღვაც. წელს რომ ჩავედი, ხელზე გავიკეთე ტატუ, ქართული ჯვარი და იქვე აწერია ქართულად "ოჯახი". დედას არ უნდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ბევრი ვეხვეწე და დამთანხმდა.

- მეგობრებს უთხარი, რომ საქართველოს გულშემატკივრობდი?

- დიახ, მეორე დღეს ყველას ვაშაყირებდი, აბა, რას იტყვით გუშინდელ თამაშზე, ხომ ნახეთ, როგორ მოიგეს ქართველებმა-მეთქი. ხმას ვეღარ იღებდნენ. ზოგიერთი ამბობს, მერე რა მოხდა, ზოგჯერ უკეთესებიც მარცხდებიანო. ამაზე ჩემი პასუხია, უკეთესები იგებენ თამაშს და ეს გამოჩნდა ამ თამაშზე-მეთქი.

- შენმა ძმამ რა გითხრა?

- რომ გავებრაზებინე, სპეციალურად მეუბნებოდა, თამაშს საბერძნეთი მოიგებსო.

ბევრი მეუბნება, რომ ვიზუალურადაც ვგავარ ქართველს და ძალიან მიხარია... თამაშის მერე საქართველოდანაც დაგვირეკეს, გავბრაზდით ბერძნებზე, რა "ნაგლები"­ იყვნენ, როგორ უხეშობდნენო. ვულოცავ საქართველოს და ვუგულშემატკივრებთ თურქეთთან თამაშის დროსაც.

ela-1711972706.jpg
ელზა და მისი მეუღლე - მიხალის­ კალამპოკასი

ონლაინსაუბარს ვამთავრებდით, როცა ოთახში ელზას მეუღლე, მიხალის­ კალამპოკასი­ შემოვიდა და ქართულად მოგვესალმა. მასაც ვთხოვე შეეფასებინა­ თამაში.

"გილოცავთ ქართველებს ამ დიდ გამარჯვებას. ორივე გუნდს ვგულშემატკივრობდი. რომელსაც არ უნდა მოეგო, მაინც გახარებული ვიქნებოდი, რადგან მეც მიყვარს საქართველო. გაუმარჯოს საქართველოს. ვუსურვებ თქვენს გუნდს შემდგომ გამარჯვებებს".