შეთქმულების პრორუსული თეორია: რატომ თვლიდნენ რუსები და ამერიკელები ნაპოლეონს ანტიქრისტედ და რატომ შეიყვარეს ბოსტონელებმა ალექსანდრე პირველი? - Time - კვირის პალიტრა

შეთქმულების პრორუსული თეორია: რატომ თვლიდნენ რუსები და ამერიკელები ნაპოლეონს ანტიქრისტედ და რატომ შეიყვარეს ბოსტონელებმა ალექსანდრე პირველი? - Time

ამერიკულ ჟურნალ „ტაიმში“ (Time) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „შეთქმულების პრორუსული თეორია, რომელმაც ახალი ინგლისი კინაღამ აშშ-ის შემადგენლობიდან გაიყვანა“ (ავტორი - ნიკოლას დიპუჩიო, ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი), რომელშიც, ისტორიული მოვლენების საფუძველზე, პარალელებია გავლებული, თუ რატომ არიან ამერიკელი რესპუბლიკელები, დონალდ ტრამპის ჩათვლით, ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიურად განწყობილნი. როგორც ირკვევა, აშშ-ის ისტორიაში იყო მსგავსი მოვლენა, როცა ამერიკელი რადიკალები ხოტბა-დიდებას ასხამდნენ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველს...

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რესპუბლიკური პარტია უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ გამოდის, ხოლო ზოგიერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი არ აღიარებს ვლადიმერ პუტინის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში. ეს არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ „დიდი ძველი პარტია“ (როგორც რესპუბლიკურ პარტიას აშშ-ში უწოდებენ) დღეს უკვე ისეთი ანტისაბჭოთა და ანტირუსული აღარ არის, როგორიც წარსულ დროში იყო. რუსების მიმართ რაღაც უცნაურ სისუსტეს იჩენენ, არა მარტო კონგრესში არჩეული რესპუბლიკელები, არამედ - პარტიის სხვა, მეტ-ნაკლებად ცნობილი მემარჯვენე წევრებიც - ისინი რატომღაც აღტაცებულნი არიან ვლადიმერ პუტინით და მის წინაშე ქედს იხრიან, პირმოთნეობას იჩენენ, რაც დასტურდება ძალიან დელიკატური და დამთმობი ინტერვიუთი, რომელიც კონსერვატიულმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ჩამოართვა რუს ლიდერს.

დიახ, დიდი ძველი პარტია მართლაც ძალიან შეიცვალა, 1980-იან წლებთან შედარებით, თუმცა, კაცმა რომ თქვას, რადიკალი კონსერვატორები ამერიკის ისტორიაში პირველად არ აქებენ რუს დიქტატორებს...

რატომ შეიყვარეს ბოსტონელებმა ალექსანდრე პირველი

1812 წლის ომის დროს „ახალი ინგლისის“ (აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი, ევროპელთა პირველი დასახლების ადგილი) ფედერალისტები ანუ ალექსანდრე ჰამილტონის მიერ დაარსებული ფედერალისტური პარტიის წევრები ქება-დიდებით ამკობდნენ რუს იმპერატორ ალექსანდრე პირველს. დღევანდელი და მაშინდელი ისტორიული ეპიზოდის მსგავსება გვაჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი და გავლენიანია ნდობაზე დაფუძნებული შეთქმულების „კონსპიროლოგიური“ თეორიები, რომლებიც პოლიტიკას ძველმოდური თვალსაზრისით განიხილავენ ანუ - როგორც სიკეთის ბრძოლას ბოროტებასთან.

1813 წლის 25 მარტს მასაჩუსეტსელი პოლიტიკოსები, ვაჭრები და სამღვდელოების წარმომადგენლები ბოსტონში, სამლოცველოში შეიკრიბნენ და უფალს მადლობა სწირავდნენ, რომ მან რუსებს ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ გამარჯვებისაკენ სწრაფვა ჩაუნერგა. მოგვიანებით ლოცვის მონაწილეებმა ისევ მოიყარეს თავი ბოსტონის ბირჟის საყავეში, რომელსაც ტრანსპარანტი ამშვენებდა, სამხედროფორმიანი იმპერატორის - ალექსანდრე პირველის გამოსახულებით. დარბაზში რუსეთის იმპერიის ჰიმნი ჟღერდა და იმპერატორის სადიდებელი შეძახილები გაისმოდა - „დიდი ადამიანი“, „ევროპის გამათავისუფლებელი“... ერთი შეხედვით, ამგვარი განდიდება უაზრო და უადგილო იყო - საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ ბრძოლაში ხომ რუსეთის მოკავშირე დიდი ბრიტანეთი იყო, რომელიც იმ დროს ამერიკასთან ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა! მაგრამ შეკრებილი ადამიანების ასეთი სიხარული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით აიხსნებოდა, რომელიც ამ ღონისძიებების ინიციატორის, მდიდარი ბოსტონელი ვაჭრის -ჰარისონ გრეი ოტისის მოქმედებაში გამოიხატებოდა: მან გამოაცხადა, რომ რუსეთის მეფის გამარჯვებამ შეერთებული შტატები „უდიდესი ხიფათისაგან“ გადაარჩინა - საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის ბატონობისაგან.

„ამერიკელ ბონაპარტისტთა საშინელი შეთქმულება“

რასაკვირველია, ბოსტონელი ვაჭრის მტკიცება საოცარიც და უცნაურიც იყო, რადგან რუსებთან ერთად, ფრანგების წინააღმდეგ მებრძოლ ინგლისელებს იმ დროს აშშ-ის ტერიტორიები ჰქონდათ ოკუპირებული, მაგრამ ლოგიკურიც იყო, თუ იმ ცრუ კონსპიროლოგიური თეორიის გავრცელებას გავითვალისწინებთ, რომელმაც ფედერალისტების ბანაკში ფესვები გაიდგა წინა ორი ათეული წლის განმავლობაში.

საქმე ისაა, რომ ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი და მისი წინამორბედი, ექსპრეზიდენტი თომას ჯეფერსონი, რომლებიც დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის ლიდერები იყვნენ, ახალ ინგლისში არ მოსწონდათ - ისინი პოპულარობით არ სარგებლობდნენ. ფედერალისტებს (შტატების თვითმმართველობის მომხრეებს) ეჭვი ჰქონდათ, რომ სინამდვილეში ორივე ნაპოლეონ ბონაპარტის საიდუმლო აგენტები იყვნენ ამერიკაში. ახალ ინგლისში გამომავალი იმდროინდელი გაზეთები სავსე იყო პოლიტიკური პამფლეტებით და ქადაგებებით, რომლებიც ავრცელებდნენ ისტორიას, თითქოსდა, ამ ორმა არაკეთილსინდისიერმა ვირჯინიელმა პოლიტიკოსმა ბონაპარტს ამერიკის დამოუკიდებლობა მიჰყიდა. გარდა ამისა, ამტკიცებდნენ, რომ ჯეფერსონისა და მედისონის მიზანს ერთპიროვნული მმართველობა წარმოადგენდა, არჩევნების გარეშე, ანუ ნაპოლეონის სტილით, რაც, ბუნებრივია, ახალი ინგლისის ინტერესებში არ შედიოდა.

ეს იყო სრულიად ცრუ თეორია, მაგრამ ის ძალიან დამარწმუნებელი აღმოჩნდა. ახალი ინგლისის მცხოვრებლები, რომლებიც ევროპელ პურიტანთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარი თავი დამოუკიდებლობისათვის ომის ავანგარდად მიაჩნდათ, თვლიდნენ, რომ სწორედ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და მათ უნდა წაეყვანათ ამერიკელი ხალხი განვითარების გზაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის პოლიტიკაში ბატონობა ვირჯინიელებმა მოიპოვეს და ისეთ კურსს ატარებდნენ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ახალი ინგლისის ინტერესებს და ტრადიციებს.

შეთქმულების ამგვარი თეორია ჯერ კიდევ მანამდე გავრცელდა, სანამ თომას ჯეფერსონი პრეზიდენტი გახდებოდა. 1790-იან წლებში ჯეფერსონმა, მედისონმა და მათმა მოკავშირე თანაპარტიელებმა მიზნად დაისახეს ამერიკული კულტურის გარდაქმნა და ცხოვრებაში ატარებდნენ საფრანგეთის რევოლუციის დემოკრატიულ იდეალებს, მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ არისტოკრატიისაგან თავი შორს დაეჭირათ. ასეთი თვალსაჩინო გადახრა ფრანგული რადიკალიზმისაკენ ძირს უთხრიდა ახალი ინგლისის იერარქიულ საზოგადოებას და ფედერალისტებს არწმუნებდა იმაში, რომ ჯეფერსონი და მედისონი რევოლუციური საფრანგეთის ამერიკაში მოქმედ ბოროტ აგენტებს წარმოადგენდნენ.

რუსები და ამერიკელები ნაპოლეონს ანტიქრისტედ თვლიდნენ

ფედერალისტებს მიაჩნდათ, რომ ვირჯინიელი დემოკრატ-რესპუბლიკელების სიმპათიები საფრანგეთის მიმართ აზიანებდა ახალი ინგლისის საზოგადოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფუძველს - ქრისტიანობას. იმიტომ, რომ საფრანგეთის რევოლუციის მამოძრავებელ ძალას სწორედ ათეიზმი წარმოადგენდა, ნაპოლეონი კი მთელ ევროპაში ზიზღით უყურებდა ეკლესიებს და რელიგიურ რწმენას. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ ბოსტონელ ფედერალისტებს. ხოლო ნაპოლეონის სწრაფვა მსოფლიო ბატონობისაკენ, რასაც თან ახლდა რადიკალური ფრანგული იდეალების გავრცელება, დაარწმუნა ახალი ინგლისის სამღვდელოება იმაში, რომ საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ პირველი ანტიქრისტეს განსახიერებას წარმოადგენდა. როცა ჯერ ჯეფერსონი, შემდეგ კი მედისონი პრეზიდენტები გახდნენ, ახალი ინგლისის მცხოვრებლები შეშფოთდნენ, რომ საფრანგეთის ეს ორი აგენტი ისარგებლებდნენ ხელისუფლებით და ნაპოლეონის ბრძანებებს შეასრულებდნენ.

ემბარგო უდროო დროს

1807 წელს პრეზიდენტი თომას ჯეფერსონმა გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთის დასჯა ამერიკელი მეზღვაურების ძალადობრივი რეკრუტირების გამო და ლონდონს სავაჭრო ემბარგო გამოაცხადა, რითაც ახალი ინგლისი ძალიან დაზარალდა. პრეზიდენტის ასეთმა ნაბიჯმა კონსპიროლოგიური თეორიის მომხრეები დაარწმუნა, რომ ჯეფერსონი მხარს უჭერს ნაპოლეონს დიდი ბრიტანეთის განადგურებაში. თვლიდნენ რა ვირჯინიელებს მარიონეტებად, ახალი ინგლისის მცხოვრებლებმა საკუთარი თავი დააჯერეს, რომ 1812 წელს ომი სწორედ ფრანგმა იმპერატორმა გააჩაღა.

შეთქმულების რადიკალურმა თეორიებმა ისე ღრმად შეაღწიეს ახალი ინგლისის მმართველ პოლიტიკოსთა გონებაში, რომ ომის დროს აშშ-საგან ჩამოშორება გადაწყვიტეს. მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი ნაბიჯი ერთადერთი გამოსავალი იყო „ვირჯინიელი ბონაპარტისტების“ უღლისაგან გასათავისუფლებლად.

სეპარატისტების გეგმა ჩაიშალა

რა თქმა უნდა, იყვნენ ზომიერი ფედერალისტებიც, რომლებიც აშშ-ისაგან გამოყოფის წინააღმდეგ წავიდნენ და ჰარტფორდში ჩატარებულ კონფერენციაზე დაადგინეს, რომ ახალი ინგლისი აშშ-ის შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაგრამ რადიკალი ფედერალისტების შიში ნაპოლეონ ბონაპარტისა და „პროფრანგული“ დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიმართ იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი ძველებურად აგრძელებდნენ საფრანგეთის იმპერატორის მძლეველი რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე პირველის განდიდებას ყველგან და ყოველთვის - ეკლესიებში ქადაგების დროს თუ 4 ივლისის (დამოუკიდებლობის დღის) აღნიშვნისას. მათი აზრით, რუსეთის მეფე ფრანგული ათეიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და ქრისტიანული სარწმუნოების დამცველი იყო.

როცა 1814 წლის ზაფხულში ამერიკამდე ჩააღწია ნაპოლეონის დატყვევებისა და კუნძულ ელბაზე მისი გადასახლების ამბავმა, კონსერვატიული ბოსტონელები ისევ შეიკრიბნენ, რომ ევროპისა და ამერიკის გადამრჩენელების მიმართ ქება-დიდება და ლოცვა აღევლინათ. განსაკუთრებით მადლობას სწირავდნენ და პატივისცემას გამოხატავდნენ ალექსანდრე პირველისადმი და მას „ქრისტიანობის დამცველ-გადამრჩენელი კონფედერაციის დიდ წინამძღოლს“ უწოდებდნენ. რადიკალი ფედერალისტები შეცდომით ვარაუდობდნენ, რომ ნაპოლეონის გადასახლებით გამომჟღავნდებოდა მისი გეგმები ამერიკაზე გაბატონების შესახებ და დადასტურდებოდა პრეზიდენტ ჯეიმს მედისონის ბონაპარტისტობა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდებოდა, დიდ ბრიტანეთთან საზავო ხელშეკრულება დაედო.

აი, ასეთმა კონსპიროლოგიურმა თეორიებმა მიიყვანეს რთული პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები პრიმიტიულ გაგებამდე - ყველაფერი წარმოჩინდა, როგორც სიკეთის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. დამახინჯდა ჯეფერსონისა და მედისონის იდეალები და ისინი ბონაპარტის მსგავს ტირანებად გადააქცია. გარდა ამისა, ამერიკელი ფედერალისტები პატივისცემით განიმსჭვალნენ დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მიმართ, რომლებიც, თითქოსდა, ანტიქრისტეს ცდუნებას ეწინააღმდეგებოდნენ.

„თაყვანისცემა რუსი ავტოკრატისადმი“

დღევანდელი, 2024 წლის ამერიკელი რადიკალი რესპუბლიკელების თაყვანისცემაში ვლადიმერ პუტინის წინაშე და 1810-იანი წლების ამერიკელი ფედერალისტების სიყვარულში ალექსანდრე I რომანოვისადმი ბევრი მსგავსებაა. ისევე, როგორც მაშინდელ კონსპიროლოგიურ თეორიებში ნაპოლეონის შესახებ, ახლაც რესპუბლიკელი ულტრამემარჯვენეები სრულიად მკაფიო სურათს ხატავენ, სიკეთის ბრძოლისა ბოროტების წინააღმდეგ. მასში კარგად ჩანს დესპოტი ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა. ისინი არ თვლიან კრემლის პოლიტიკას რეპრესიულად და ამერიკული დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულად. მათ მიაჩნიათ, რომ პუტინი სიკეთის მხარესაა ბოროტებასთან ბრძოლაში. მათი აზრით, ვლადიმერ პუტინი ის რაინდი ჯვაროსანია, რომელიც დასავლეთში ფეხმოკიდებულ უზნეობასა და უღმერთობას ებრძვის. ასეთი ინტერპრეტაციით გასაგები ხდება, თუ რატომ იწინასწარმეტყველა ერთ-ერთმა ამერიკელმა პასტორმა, რომ, თურმე, ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას მანკიერ გეგმებს ამხელს, 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ალექსანდრე პირველის მსგავსად, ვლადიმერ პუტინი ცრუ სიმბოლო გახდა კრემლის პოლიტიკით აღტაცებული ამერიკელი რადიკალი კონსერვატორებისათვის. ისინი ვერ ერკვევიან დემოკრატიული პარტიის გენდერულ თეორიებში და სიმშვიდეს შეთქმულების უგუნურ თეორიებში პოვებენ. ის აღტაცება, რასაც ვლადიმერ პუტინი იწვევს ამერიკელ ქრისტიან-მემარჯვენეებში - ეს ჩვენთვის, ყველასათვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა პოლიტიკაში ქრისტიანული მიდგომით სარგებლობა, სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ