ვის რამდენი ბირთვული  მუხტი აქვს არსენალში... - რატომ დავიწყეთ ბირთვული ქობინების დათვლა? - კვირის პალიტრა

ვის რამდენი ბირთვული  მუხტი აქვს არსენალში... - რატომ დავიწყეთ ბირთვული ქობინების დათვლა?

მსოფლიოს პრობლემების შემსწავლელმა სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) გამოაქვეყნა 2023 წლის შემაჯამებელი ახალი მოხსენება, რომლის თანახმადაც, დღეს ცხრა ქვეყნის შეიარაღებაში ირიცხება არანაკლებ 12 512 ბირთვული ქობინი.

ბირთვული შეიარაღების ლომის წილი რუსეთის ფედერაციასა (5 889 ბირთვული მუხტი) და აშშ-ზე (5 244) მოდის, დანარჩენი კი ასეა განაწილებული - საფრანგეთს 290 ბირთვული ქობინი აქვს, ჩინეთს - 410-მდე, დიდ ბრიტანეთს - 225, პაკისტანს - 170, ინდოეთს - 164, ისრაელს - 90, ხოლო ჩრდილო-კორეას - 30.

1-bir-1711962940.png
საქართველოში 1989 წლამდე 320 ერთეული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტი ინახებოდა, მათ შორის, ალექსანდრე ნადირაძის ამ, Темп-С ტიპის მობილური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო დანადგარებისთვისაც...

ცხადია, შვედი ექსპერტების ეს მონაცემები აბსოლუტურ რეალობას არ ასახავს, რადგან ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნები ასაიდუმლოებენ მათ რაოდენობას. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილო-კორეას, ისრაელს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩინეთს, ყველაზე დაუფარავად კი ამ ინფორმაციას ამერიკული და რუსული ოფიციალური წყაროები აქვეყნებენ, იმიტომ, რომ ამას ორმხრივი ხელშეკრულება ავალდებულებთ. თუმცა ეს მონაცემები ეხება მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების გადამტანებზე (ბალისტიკური რაკეტები, ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავები) დამონტაჟებულ ბირთვულ შეიარაღებას. ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები და რაკეტები, ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური და საზენიტო რაკეტების ქობინები, ბირთვული საარტილერიო ჭურვები და საინჟინრო ნაღმები ამ სიაში არ ხვდება, თუმცა ეს გასათვალისწინებელი ძალაა. მაგალითად, რუსეთის არმიის განკარგულებაში შეიძლება იყოს 2-ათასამდე ტაქტიკური ბირთვული ქობინი.

რატომ დავიწყეთ ბირთვული ქობინების დათვლა?

თუ სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემები რეალობასთან ახლოსაა, გამოდის, რომ თავის დროზე საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი ბირთვული ქობინი ინახებოდა, ვიდრე დღეს არის საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჩინეთსა თუ ისრაელში! ვგულისხმობთ 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ადგილი იყო და საქართველოს ტერიტორიიდან გაშვებულ ბირთვულქობინიან ბალისტიკურ რაკეტებსა და აეროდრომებიდან აფრენილ ბირთვულბომბებიან ბომბდამშენებს ნატოს წევრი თურქეთის თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტის სრული განადგურება შეეძლო, "ცოტა მონდომების" შემთხვევაში კი, არც ისრაელს დაინდობდნენ...

ამის შესაძლებლობას იძლეოდა საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე შენახული 320 ერთეულამდე ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი, რომელთა ნაწილის გამოყენება გამიზნული იყო "თავდაცვითი მიზნებისთვის" (ბირთვული საინჟინრო ნაღმებით ხეობების "ჩაკეტვა", მოწინააღმდეგის შეტევის შესაჩერებლად, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, საქართველოსთვის ეს რამხელა ტრაგედიად იქცეოდა), უმრავლესობა კი - ბირთვულქობინიანი რაკეტები და საავიაციო ბომბები - შეტევითი შეიარაღება იყო.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მე-12 მთავარი სამმართველოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1989 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ინახებოდა 320 ტაქტიკური ბირთვული მუხტი (შედარებისთვის: სომხეთში იყო - 200, აზერბაიჯანში კი - 75).

2-bir-1711962992.png
300 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის საბჭოთა ბირთვული ქობინი...

მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბირთვული მუხტების შესანახად სულ არსებობდა 200-ზე მეტი სპეცობიექტი, აქედან რამდენიმე საქართველოში, კერძოდ - ვაზიანში და, ალბათ, კოპიტნარის, დიდი შირაქისა თუ სენაკის აეროდრომებზეც იყო განთავსებული.

ეს ბირთვული მუხტები სასწრაფოდ და უსაფრთხოდ გადაჰქონდათ სპეციალურ მოძრავ სარემონტო-ტექნიკურ ბაზებს (ვაზიანში დისლოცირებული იყო ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული 555 ПРТБ -მოძრავი სარემონტო-ტექნიკური ბაზა, რომლის საბრძოლო ამოცანაში შედიოდა გომბორის სარაკეტო ბრიგადის შეირაღებაში არსებული ალექსანდრე ნადირაძის ბალისტიკური რაკეტების „მომარაგება“ 300 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინებით) და რაკეტებზეც ამონტაჟებდნენ. ბირთვული მუხტები საქართველოდან, ისევე, როგორც საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობიდან, მოსკოვმა, საბედნიეროდ, 1989 წლის ბოლომდე გაიტანა, რაც ალბათ, 9 აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებმაც დააჩქარა.

დღეს მსოფლიოში ახალი "ცივი ომია" დაწყებული (რომლის ინიციატორი რუსეთი გახდა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრით) და ერთხანს მივიწყებულმა ბირთვული ომის საფრთხემ თავი ისევ წამოყო, მით უმეტეს, რომ კრემლს კარგად გამოსდის „ბირთვული შანტაჟი“ ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ…