"რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა, სადაც მერაბ სეფაშვილმა და ლექს-სენმა იმღერეს" - ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება
ambebi.ge - ის "ფეისბუქგვერდზე" მოგვწერეს, თითქმის ყველა ფეხბურთელზე დაწერეთ სტატია, ლაშა დვალზე რატომ არაფერს წერთ, ვისზე ნაკლებად იშრომა მოედანზე ან ნაკლები პენალტი გაიტანაო. ჩვენი მკითხველი მართალია, ლაშა მართლაც გამორჩეული იყო და დაცვაში მისი საუკეთესო თამაშის წყალობით მიაღწია ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ასეთ წარმატებას.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ Whoscored.com-ის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა დვალი გახდა.
"შეხვედრა კარგად წამივიდა და, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობდი და მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, პენალტი დამერტყა და, ღმერთის წყალობით, ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
პენალტისტების ხუთეული წინასწარ თუ იყო ცნობილი? პირველი სამი მხოლოდ - ქოჩორაშვილი სულ არტყამდა. ხვიჩა და "ჩაკვე" უკვე გასულები იყვნენ, თორემ აუცილებლად შეასრულებდნენ, რადგან წინასწარაც ვარჯიშობდნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ მოედანზე ისინი დავრჩით, ვინც პენალტებს ნაკლებად ვარტყამდით.
ბიჭებმა მაგრად დაარტყეს. მიქაუტაძემაც კარგად შეასრულა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება და ააცილა. საბოლოოდ, ფეხბურთში ყველაფერი გოლებით ითვლება და ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ლაშამ მატჩის შესახებ პირველ არხის გადაცემა "ტაიმაუტში“.
ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო და წარმატებული სპორტული კარიერა აქვს.
ლაშა დვალი 1995 წლის 14 მაისს თბილისში დაიბადა. თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ამჟამად არის კვიპროსის პირველი დივიზიონის კლუბ APOEL-ის ფეხბურთელი.
6 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან "იბერია 2010"-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის მეტალურგის დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან 3.5 წელი დაჰყო.
ამბობს, რომ ბავშვობიდან "ბარსელონას" ფანია.
საკლუბო კარიერა2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური "რიდინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის "სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის "ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.