საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა.

„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობა მოთხოვნაში კეტეგორიულია.

„თუ რაიმე შეიძლება, აღვივებდეს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიც არის მოსამართლეების დასანქცირება, ამიტომ კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების საშუალება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ -მა ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წელს დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"