ომის შემზარავი პროგნოზი: "პუტინი რამდენიმე კვირაში უკრაინის ფრონტის გარღვევას აპირებს - დასავლეთს სძინავს?! - კვირის პალიტრა

ომის შემზარავი პროგნოზი: "პუტინი რამდენიმე კვირაში უკრაინის ფრონტის გარღვევას აპირებს - დასავლეთს სძინავს?!

ბრიტანული გაზეთი „სტანდარდი“ (The Standard) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკვე რამდენიმე კვირაში უკრაინის ფრონტის გარღვევას აპირებს, დასავლეთს კი სძინავს“ (ავტორი - რობერტ ფოქსი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაა გადმოცემული: კრემლის აგრესიულობა იზრდება, დასავლეთი ყველაფერს ხედავს, მაგრამ სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის იზრდება იმის გაცნობიერება, რომ კიევი მოსკოვთან სახმელეთო ომს აგებს და ზაფხულისათვის შეიძლება უკრაინის მარცხის კონტურები მკაფიოდ გამოიკვეთოს.

დღეისათვის რუსეთის არმიის არტილერია, რაკეტები და დრონები ფრონტის ხაზის ზონაში ხუთჯერ და მეტად უფრო აქტიურობს, ვიდრე უკრაინის არმიის ქვედანაყოფები. ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარებს აკლიათ შეიარაღება, საბრძოლო მასალები, იგრძნობა ცოცხალი ძალის დეფიციტი. შეიძლება ითქვას, რომ ძალთა თანაფარდობა ამჟამად ისეთია, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წელს, სომაზე იყო, ან მეორე მსოფლიო ომში, 1944 წელს, ნორმანდიაში. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის არმია ბევრად ჭარბობს უკრაინის არმიის შესაძლებლობებს.

დასავლეთის რეაქცია რუსეთის ჯარების პერსპექტიული გარღვევის მიმართ უახლოეს კვირეებში არაერთგვაროვანია. საარტილერიო ჭურვების მარაგი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის არსენალებში საკუთარი არმიებისთვისაც კი შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მათი შევსება გაძნელდება. გერმანიამ სამხედრო ხარჯები გაზარდა, მაგრამ უარს აცხადებს უკრაინისათვის ისეთი იარაღის - მაგალითად, რაკეტა „ტაურუსის“ - მიწოდებაზე, რომელსაც ომის მსვლელობის შეცვლა შეუძლია.

ნატოელ და ევროკავშირელ მოკავშირეებს სჭირდებათ კოორდინირებული სტრატეგია, რათა თავიდან აიცილონ ის კატასტროფა, რომელიც ამჟამად უკრაინას ემუქრება. თუ ვოლოდიმირ ზელენსკი დამარცხდება, ხოლო კიევი და ოდესა ნანგრევებად იქცევა, დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ სულ უფრო მეტი საპასუხო მოქმედების განხორციელება. ვლადიმერ პუტინმა „კროკუს-სიტ-ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ მკაფიოდ მიანიშნა, რომ იგი ახლა იბრძვის არამარტო „ნაცისტური უკრაინის“ წინააღმდეგ, არამედ „ნეონაცისტური დასავლეთის“ წინააღმდეგაც. ამ შემთხვევაში უკრაინა უკვე „გლობალური ნაციზმის“ მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

დასავლური ალიანსი, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართ კონგრესმენთა დავაში „გაიჭედა“ და მათი მძევალი აღმოჩნდა, ევროპელი პარტნიორები კი - ისეთები, როგორიც გერმანია, იტალია და ესპანეთია - იაფი გაზის ნაკლებობას განიცდიან და ღიად თუ საიდუმლოდ, კვლავ რუსეთისაკენ იყურებიან მომგებიანი გარიგების დასადებად.

ბალტიის ქვეყნებმა და სკანდინავიელმა მოკავშირეებმა კასანდრის როლის შესრულება იკისრეს, რომლებიც მომავალს გრძნობენ და საფრთხეს წინასწარმეტყველებენ: მათი განცხადებით, არსებობს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სამხედრო რეჟიმი მხოლოდ უკრაინის საზღვრებით არ შემოიფარგლება და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მიწვდება. რუსი ლიდერი, მაკბეტის მსგავსად, სისხლით უკვე იმდენად არის გასვრილი, რომ უკან აღარ დაიხევს.

კრემლმა ორი წლის განმავლობაში უკვე დაკარგა 400 ათასზე მეტი ჯარისკაცი, მაგრამ კიდევ შეუძლია ჯარში მიმდინარე წელს 1,3 მილიონი ადამიანი გაიწვიოს, ხოლო 2027 წლისათვის - დამატებით 1,5 მილიონი. უკრაინამ ომში დაახლოებით 385 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა და მას ცოცხალი ძალის რეზერვები, რუსეთის მსგავსად, არ აქვს.

დიდი ბრიტანეთისათვის დადგა დრო, რომ დაუნინგსთრითმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ჩვენი მთავრობა იკვეხნის, რომ თავდაცვისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1%-ს ვხარჯავთო, მაგრამ ამ ციფრში სამხედრო პენსიები და სოციალური გადახდებიც შედის, ანუ არმიის გაძლიერებული მომზადებისა და მეტი შეიარაღებისთვის თანხები საკმარისი მაინც არ რჩება. მთავრობამ აუცილებლად უნდა განახორციელოს თავდაცვის სფეროს რეორგანიზება და მაქსიმალური მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა.

სამწუხაროდ, უკრაინის მოვლენები მოწმობს, რომ შესაძლოა უკვე ძალიან დაგვიანებულიც კი არის. ჩვენ ვერ შევძელით იმის ბოლომდე გაცნობიერება, რომ უკრაინის ბედი დასავლური სამყაროს უსაფრთხოების პერსპექტივასაც განსაზღვრავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო