ფილმი, რომელმაც პუტინის ცხოვრება შეცვალა და ის "კა-გე-ბეშნიკად" აქცია - "მკვდარი სეზონიდან" ლეგენდალური მზვერავის საიდუმლო მკვლელობამდე - კვირის პალიტრა

ფილმი, რომელმაც პუტინის ცხოვრება შეცვალა და ის "კა-გე-ბეშნიკად" აქცია - "მკვდარი სეზონიდან" ლეგენდალური მზვერავის საიდუმლო მკვლელობამდე

ვაგრძელებთ ჩავარდნილ–გაშიფრული და საბჭოთა კავშირში იძულებით დაბრუნებული საბჭოთა მზვერავ–აგენტების მძიმე ხვედრის შესახებ თხრობას: ისინი უკეთეს შემთხვევაში საზოგადოებისგან იზოლირებულ და ჩაკეტილ „სამუზეუმო ექსპონატებად“ ჰყავდათ, უარეს შემთხვევაში კი „უბედური შემთხვევის“ შედეგად იღუპებოდნენ.

შეიძლება ბევრს არ სმენია კონონ ტროფიმის ძე მოლოდის (1922–1970) შესახებ, რომელიც დღესაც რუსი “ჩეკისტების” ერთ-ერთი კერპია და მას, რუსეთის საგარეო დაზვერვის შტაბ-ბინაში, მოსკოვთან ახლოს იასენევოში, დიდი სტენდი ეძღვნება. ის ცნობილი საბჭოთა ფილმის “მკვდარი სეზონის” მთავარი გმირის პროტოტიპი იყო და მის “სუპერჯაშუშობაზე” ლეგენდებს თხზავდნენ. ამავე დროს 48 წლის ასაკში მისი სრულიად მოულოდნელი გარდაცვალება ინსულტით, დღესაც ამოუხსნელი საიდუმლოებაა.

picture1-1712039477.jpg

კონონ მოლოდი 1955-1961 წლებში საბჭოთა არალეგალური დაზვერვის თანამშრომელი და შემდეგ რეზიდენტი, ინგლისში ბიზნესმენ „გორდონ ლონსდეილის“ გვარითა და ლეგენდით ცხოვრობდა. მან საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია ბიზნესში და გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს ის უკვე მილიონერი იყო. თუმცა მოულოდნელად 1961 წელს „ლონსდეილ“–მოლოდი ბრიტანეთის მი–5 (კონტრდაზვერვა) დააპატიმრა და სასამართლომ მას, როგორც საბჭოთა ჯაშუშს, 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ყველაფერი საბჭოთა მზვერავის სასიკეთოდ განვითარდა: 1964 წელს მოლოდი, ბრიტანეთის დაზვერვის აგენტ, გრევილ ვინზე ( რომელიც ასევე ბრიტანელი აგენტის, პარალელურად საბჭოთა სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკის, ოლეგ პენკოვსკის მეკავშირე იყო) გაცვლის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ის ყველა საიდუმლო ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ჩამოცილებულ “სამუზეუმო ექსპონატად”. კონონ მოლოდისთვის ერთგვარი შვება იყო საბჭოთა საკულტო–პროპაგანდისტული ფილმის, „მკვდარი სეზონის“ გადაღება, რომლის პრემიერაც 1968 წლის 6 დეკემბერს შედგა . ფილმში კონან მოლოდის პროტოტიპის , ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არალეგალურად მოქმედი საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის როლს მაშინ შედარებით უცნობი ლიტველი მსახიობი, დონატას ბანიონისი (1924–2014) ასრულებდა, რომელიც ფილმის გამოსვლის შემდეგ ერთ–ერთ ყველაზე დაფასებულ საბჭოთა მსახიობად იქცა. დ. ბანიონისს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 1974 წელს ლიტვის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატადაც (ანუ პარლამენტის წევრად) იყო არჩეული.

picture2-1712044236.jpg

დონატას ბანიონისი და კონონ მოლოდი ფილმის გადაღებისას

თუმცა: „ დრონი მეფობენ და არა მეფენი“, ორმოცდაათი წლის შემდეგ, 2018 წლის იანვარში, ლიეტუვაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი მასმედიის მტკიცებით ლიტვის (ამჟამად ლიეტუვა) და ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მსახიობი დონატას ბანიონისი (აგენტურული ფსევდონიმი “ბრიუნისი”) კა-გე-ბეს აგენტი-ინფორმატორი იყო. ხელოვანს საბჭოთა სპეცსამსახური აშშ-ში მცხოვრები ლიტველი ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის იყენებდა.

შესაძლოა სწორედ „მკვდარი სეზონის“ გადაღების პროცესში გამოვლინდა მისი “აგენტურული ნიჭი”. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბანიონისის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია და ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მისი გადაბირების შესახებ საბჭოთა კა-გე-ბეს უმაღლეს, თვით მისი შეფის, იური ანდროპოვის, დონეზე იქნებოდა სანქცირებული. რამდენიმე წლის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობის დაწყება სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტაო. გამოჩენილი მსახიობის კა-გე-ბესთან თანამშრომლობის სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა “ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის ცენტრმა”, რომელიც უკვე ათეული წლებია საბჭოთა ლიტვაში მოქმედი კა-გე-ბეს აგენტურის ლუსტრაციის პროცესს აწარმოებს. ამ “ცენტრის” ინფორმაციით დ. ბანიონისის გადაბირება კა-გე-ბეს 1970 წელს მოუხდენია აშშ-ში ვიზიტის წინ. “ბრიუნისი” ამერიკაში ლიტველი ემიგრანტების მიუწვევიათ და კა-გე-ბეც ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა. ლიტვის სსრ კა-გე-ბეს საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აგენტ “ბრიუნისმა” წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას, დაამყარა კონტაქტი ლიტველ ემიგრანტებთან და წარმოადგინა მათი ლიდერების პიროვნულ-ფსიქოლოგიური პორტრეტებიო. ეს კი კა-გე-ბეს, ლიტველი ანტისაბჭოთა განწყობის ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის სჭირდებოდა. განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბანიონისი აგენტურულ სიაში 1974 წლამდე ირიცხებოდა. “ბრიუნისის” დეპუტატად არჩევის შემდეგ, კა-გე-ბეს ინსტრუქციით, მისი აგენტურული საქმიანობა უნდა შეჩერებულიყო. თუმცა ჩემი ვარაუდით შემდგომ წლებშიც გამოჩენილი ლიტველი მსახიობი საბჭოთა “ჩეკისტების” რაიმე “მეგობრული თხოვნის” შესრულებაზე უარს ვერ იტყოდა.

დავუბრუნდეთ გაშიფრულ საბჭოთა მზვერავ კონონ მოლოდის, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ კა–გე–ბეს მუდმივი თვალთვალისა და მოსმენის ობიექტად იქცა. კონონის ვაჟი ტროფიმი შემდეგ იხსენებდა, რომ სახლში

picture3-1712039477.jpg

საბჭოთა დაზვერვის ორი „კერპი“–„სამუზეუმო ექსპონატი“ : ვილიამ ფიშერი და კონონ მოლოდი

რემონტის დროს მათ შემთხვევით აღმოაჩინეს მოსასმენი “ჟუჩოკები”. მაშინ მოლოდი სასტიკად გაბრაზდა და დიდი სკანდალი ატეხა, თუმცა კა-გე-ბეს წინააღმდეგ რას გააწყობდა? ის უკმაყოფილო იყო საბჭოთა რეალობითაც: ცხოვრების დაბალი დონე, რიგები ყველგან, ჩაკეტილი ქვეყანა და კიდევ ბევრი გარემოება მას საბჭოთა სისტემის კრიტიკისკენ განაწყობდა.

1970 წლის 11 ოქტომბერს კონონ მოლოდი მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა (მათ შორის საბჭოთა მზვერავი და თან გაზეთ “იზვესტიას” ჟურნალისტი ლეონიდ კოლოსოვიც იყო) საბჭოთა ჯაშუშის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ნათქვამი სიტყვები: “კა-გე-ბეს სამედიცინო სამმართველოს რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე, გადამეკიდნენ გამოკვლევები უნდა დაგინიშნოთო. მე კი აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. ისინი კი რაღაც ნემსებს მიკეთებენ და სწორედ ამის შემდეგ დამეწყო თავის ტკივილებიო”. ეტყობა გული ცუდს უგრძნობდა ყოფილ საბჭოთა ჯაშუშს, მაგრამ თუ “კოლეგები” სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

(მეორე ნაწილის დასასრული)