"თურმე, მარი 17 წლით უფროსი რეჟისორისგან დაორსულდა, ნინუცა კი ავარიაში მოყვა და 3 თვის მერე გამოვიდა კრიზისიდან" - რას ჰყვება ქალი ნაშვილებ და ბიოლოგიურ შვილებზე - კვირის პალიტრა

"თურმე, მარი 17 წლით უფროსი რეჟისორისგან დაორსულდა, ნინუცა კი ავარიაში მოყვა და 3 თვის მერე გამოვიდა კრიზისიდან" - რას ჰყვება ქალი ნაშვილებ და ბიოლოგიურ შვილებზე

ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, თავისი სიხარულით და დარდით მრავალ წელს ითვლის, ხოლო მისი მთავარი გმირი, ქალბატონი ელენე, 8 წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. მსგავსი ამბები ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ როგორც ყოველი წიგნი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მოგვითხრობს, თან რომ ჰგავს და არც ჰგავს ერთმანეთს, ისეა ამ ქალის ამბავიც.

ელენემ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო სკოლაში მუშაობა. იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, მათემატიკოსი თამაზი. დაქორწინების შემდეგ თამაზმა სკოლას მალევე დაანება თავი და უმაღლეს სასწავლებელში გადაინაცვლა, ელენეს ძალიან უყვარდა ბავშვები და ამბობდა, მაღალი ხელფასი რომც შემომთავაზონ, სკოლას ვერ ვუღალატებო. მოსწავლეების სიყვარული მას შემდეგ უფრო გაუძლიერდა, რაც შეუღლებიდან დიდი დრო გავიდა, წყვილს კი შვილი არ უჩნდებოდა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ყოველი ცდა ფუჭი იყო. ცხრაწლიანი მოლოდინის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი აეყვანათ.

მარტო გაჩენა ხომ არაა, მთავარი ბავშვის გაზრდა, მასზე ზრუნვა და სიყვარულის გაცემააო, ამბობდა ელენე. მათი ნათესავი ქალი მუშაობდა ერთ-ერთ სამშობიაროში, მალევე გამოჩნდა დედისგან უარყოფილი ჩვილი და უცებ მოუგვარა დანატრებულ მშობლებს ყველანაირი საბუთი. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ელენეს და თამაზის ბედნიერება. თითქოს მანამდე არც უცხოვრიათ, ნინუცას გამოჩენით მათი ბინის კუთხე-კუნჭულიც კი განათდა.

მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,­ როცა ნინუცას გამოჩენიდან ხუთ წელიწადში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ელენე დედა გახდა - ოჯახს მეორე გოგონა,­ მარი შეემატა. ელენემ სკოლას თავი დაანება, სანამ მარტო ნინუცა ჰყავდა, თავს ართმევდა სამსახურს და საოჯახო საქმეებს, დედაც ეხმარებოდა ნინუცას გაზრდაში, ორ შვილს კი უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდებოდა. თამაზს კარგი სამსახური ჰქონდა, ასე რომ, მისი შემოსავალი ოჯახს ჰყოფნიდა.

გავიდა წლები. გოგონები გაიზარდნენ. ნინუცამ იურისტობა გადაწყვიტა, მარის კი პატარაობიდანვე მსახიობობა უნდოდა. მშობლები მათი განათლებისთვის არაფერს იშურებდნენ, მართალია, მარის გადაწყვეტილება არ ხიბლავდათ, მაგრამ რადგან პატარაობიდანვე განებივრებული ჰყავდათ და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ, ამჯერადაც არ დაუშალეს. საოცარი ის იყო, რომ გარეგნობითაც და ხასიათითაც ნინუცა უფრო ჰგავდა დედ-მამას, ვიდრე ბიოლოგიური შვილი. ელენე და თამაზი ბუნებით წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები იყვნენ, მათი მარი კი ქარბორბალასავით გოგო იყო, ცოტა თავქარიანი, ცოტა კაპასი და თავხედი. მშობლებმა, იმის შიშით, ვინმე გულბოროტმა არ ჩააწვეთოს, რომ ნაშვილები გვყავს ნინუცაო, გადაწყვიტეს, თავად ეთქვათ სიმართლე გოგონასთვის. ნინუცა პირველ კურსზე იყო, როცა გაუმხილეს: იმედი აღარ გვქონდა, რომ ბავშვი გაგვიჩნდებოდა და გიშვილეთო. ნინუცამ მშვიდად მიიღო ეს ამბავი,­ უფრო დაუტკბა მშობლებს, უფრო მეტად დააფასა ისინი. მარი გაკვირვებას ვერ მალავდა, მშობლებსაც და დასაც ეუბნებოდა, მე რთულად გადავხარშავდი ამ ამბავს, მით უმეტეს, ასე გვიან გამხელილს, თან აუცილებლად მოვძებნიდი ბიოლოგიურ მშობლებს (უფრო დედას!) და თვალებში ჩავხედავდი, მოვთხოვდი ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემასო. ნინუცამ დას კატეგორიულად უთხრა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, რომ მას ჰყავდა გადასარევი მშობლები და არანაირი სურვილი არ ჰქონდა ბიოლოგიური დედა მოეძებნა...

გავიდა ხანი და ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრების მერე ოჯახის თავზე შავი ღრუბელი შეიყარა. უნივერსიტეტში ლექციაზე ყოფნისას თამაზი მოულოდნელად ცუდად შეიქნა და სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, გარდაიცვალა - თრომბმა უცებ შეიწირა მისი სიცოცხლე.

ელენე: "თამაზი რომ გარდაიცვალა, მაშინ ნინუცა მაგისტრატურის გაგრძელებას აპირებდა, მარი კი თეატრალურზე სწავლობდა. ორმოცი დღე გასულიც არ იყო, მარიმ გამომიცხადა, ორსულად ვარო. აღმოჩნდა, რომ ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთ რეჟისორს, მასზე 17 წლით უფროსს და მისგან ელოდებოდა ბავშვს. ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ რა მექნა? ისინი შეუღლდნენ, ბავშვიც გაჩნდა, მაგრამ თითქოს ბავშვის დაბადებას ელოდებოდნენ, 3 თვეში გაშორდნენ. სამწუხაროდ, ასე ხდება ცხოვრებაში, მარადიული არაფერია, ბედნიერებას უბედურება ცვლის და თუკი ბედნიერი პერიოდი მოკლე გვეჩვენება, უბედურებას დასასრული არ უჩანს ხოლმე. ნინუცამ მაგისტრატურაზე ჩააბარა და რამდენიმე დღის შემდეგ ავტოავარიაში მოყვა. მანქანაში ოთხნი ისხდნენ. საჭესთან მყოფი და მის უკან მჯდომი დაიღუპნენ, ჩემი შვილი და მისი მეგობარი გოგონა კი გადარჩნენ. ნინუცა რეანიმაციაში­ დიდხანს ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამი თვის მერე გამოვიდა კრიზისიდან და ამის შემდგომ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო. სჭირდებოდა მასაჟები, ძვირად ღირებული წამლები. ჩემი მწირი ხელფასით ვერაფერს გავწვდებოდი. მარის შემოსავალი არ ჰქონდა, არც ქმარყოფილი ეხმარებოდა. მას იქით სჭირდებოდა ჩემი თანადგომა. იძულებული გავხდი, ჩვენი სამოთახიანი ბინა უფრო მცირე ფართობზე გადამეცვალა და მორჩენილი თანხით შვილებს დავხმარებოდი".

რეაბილიტაციამ და მკურნალობამ ნაყოფი გამოიღო, ნინუცა ფეხზე დადგა, მარიმ კი ამ ხნის განმავლობაში მეორედ გათხოვება მოასწრო. გააგრძელეთ კითხვა