უკრაინელებმა რუსებს შიგ თათარსტანში დაარტყეს - "შაჰიდების" ქარხანა ფერფლად იქცა: გასაოცარი რეიდის დეტალები - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსებს შიგ თათარსტანში დაარტყეს - "შაჰიდების" ქარხანა ფერფლად იქცა: გასაოცარი რეიდის დეტალები

თათარსტანის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ალაბუგა პირდაპირი ხაზით არანაკლებ 1 200 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან, რაც გადამწყვეტად იქცა კრემლისთვის, როდესაც ირანული კამიკაძე-დრონების „შაჰიდების“ ლიცენზიით ასაწყობი ქარხანა სწორედ ალაბუგაში გახსნა-მოსკოვში იმედოვნებდნენ, რომ უკრაინელები ამხელა მანძილზე ვერანაირად ვერ მისწვდებოდნენ „შაჰიდების“ „სამშობიაროს“, მაგრამ მწარედ შეცდნენ...

2 აპრილს გავრცელდა თვითმხილველების მიერ თათარსტანის ალაბუგაში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც მოჩანს, თუ როგორ მიფრინავს დაბალ სიმაღლეზე პატარა თვითმფრინავი, შემდეგ პიკირებს, ეცემა შენობას, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვება, ხოლო შეშინებული თვითმხილველები გინებით გარბიან თავის საშველად...

2-tat-1712064549.jpg
უკრაინული კამიკაძე იმ შენობას ეცემა, სადაც მის მოწინააღმდეგე „შაჰიდ/გერანებს“ აწყობენ...

ეს პირველი საჰაერო დარტყმა გახლდათ,შესრულებული უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ 1 200 კმ-ზე მეტ მანძილზე და თანაც ისეთი სიზუსტით, რომ „შაჰიდების/გერანების“ ასაწყობ საამქროს „ესტუმრა“, თუმცა ამავე დღეს, კიდევ ერთმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა განახორციელა საჰაერო შეტევა რუსეთის თათარსტანის ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ის დროებით მწყობრიდან გამოიყვანა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში აღბეჭდილი უკრაინული კამიკაძე-დრონი თავის გაბარიტებითა და ფორმით ძალიან წააგავს ამერიკული წარმოების ლეგენდარულ ოთხკაციან სამგზავრო თვითმფრინავს Cessna 172-ს და ის თუ მართლაც ამ ძალზე გავრცელებული თვითმფრინავის ბაზაზე გადაკეთდა კამიკაძე-დრონად, მაშინ მართლაც შეძლებდა 1 300 კმ-მდე მაძილის დაფარვას 222 კმ/სთ კრეისერული სიჩქარით და 500 კგ-მდე ტვირთით.

3-tat-1712064549.jpg
უკრაინული კამიკაძე დრონის საჰაერო დარტყმისას წარმოქმნილი აფეთქება...

უბრალოდ,გასოცარია, რომ ასე ნაქებ რუსულ ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას ცენტრალური რუსეთის თავზე თვითმფრინავი „ეპარება“ და არ შეუძლია არათუ მისი ჩამოგდება, არამედ აღმოჩენაც კი...

ასეთი Cessna 172-ით 1987 წლის 28 მაისს გერმანელი 18 წლის ბიჭი მათიას რუსტი მოსკოვში,წითელ მოედანზე დაეშვა, რითაც მსოფლიო მასშტაბით თავი მოჭრა მანამდე „ყოვლისშემძლედ“ მიჩნეულ საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, რადგან ათას კმ-ზე მეტი გაიფრინა საბჭოთა ცაში, სანამ გორბაჩოვის კრემლთან დასვამდა ამ პატარა თვითმფრინავს...

4-tat-1712064549.jpg
მათიას რუსტი მოსკოვში წითელ მოედანზე თავის „სესნათი“ დაჯდომის შემდეგ, სანამ „კა-გე-ბე“ დააკავებდა...

და აი, 37 წლის შემდეგ თითქმის იგივე განმეორდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთის ობიექტური და საჯარისო საჰაერო თავდაცვის ძალების უდიდესი ნაწილი სწორედ უკრაინის ფრონტზეა გადასროლი, ნაწილიც მოსკოვის მისადგომებს დარაჯობს, შესაბამისად, რუსეთის სიღრმეში საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი კი გაუკონტროლებელი რჩება, რითაც უკრაინელები ეტყობა კიდევ არაერთხელ ისარგებლებენ...

P.S. სხვათა შორის,მათიას რუსტს მალევე მიბაძა თანამემამულე ჰანს ულრიჰ შნაიდერმა, რომელმაც ასეთივე „სესნა“ 1990 წლის 9 ივნისს დასვა...ბათუმის აეროპორტში ნებართვის გარეშე და ერთ წუთში უკან თურქეთისკენ გაფრინდა ისე, რომ საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო...სამაგიეროდ, გერმანელმა შნაიდერმა ბათუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საბჭოთა კავშირის პირველ და როგორც შემდეგ გაირკვა უკანასკნელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ყვავილების თაიგული და წერილი დაუტოვა...