"ყველაფერი მარტივია და იყიდება...დამკვეთებამდე მივაღწევთ" - ვის ემუქრება პუტინი? - კვირის პალიტრა

"ყველაფერი მარტივია და იყიდება...დამკვეთებამდე მივაღწევთ" - ვის ემუქრება პუტინი?

რუსეთის ძალოვანი უწყებები იპოვიან ყველას, ვინც კროკუსზე ტერორისტული თავდასხმის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ [ტერორისტულ] წრეში არ არსებობენ სანდო აგენტები. ისინი იქ ყველაფერს აკეთებენ ფულის გამო: ხელმძღვანელობენ მხოლოდ ფინანსური მიზნით და არა რელიგიური ან პოლიტიკური მოსაზრებებით. ასევე, ყველაფერი მარტივია და იყიდება: ნებისმიერი ინფორმაციის ყიდვაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დამკვეთებამდე”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ტერორისტებს და მათ დამკვეთებს საზოგადოებაში პანიკისა და სიძულვილის დათესვა და მრავალეროვნული რუსეთის შიგნიდან გაყოფა სურდათ.

„არ შეიძლება, მათ ამის უფლება მივცეთ”, - დასძინა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"