"მმართველ კლასში ბევრია ოლიგარქი. სოფლებში გამეფებულია უკიდურესი გაჭირვება. ხელისუფლებები ყოველთვის "განტევების ვაცს" ეძებენ" - რას წერს საქართველოზე ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მმართველ კლასში ბევრია ოლიგარქი. სოფლებში გამეფებულია უკიდურესი გაჭირვება. ხელისუფლებები ყოველთვის "განტევების ვაცს" ეძებენ" - რას წერს საქართველოზე ბრიტანული გამოცემა?

საერთაშორისო ჟურნალის „ნიუ ინთერნეიშენელისტის" (New Internationalist - გამოდის დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში) აპრილის ნომერში, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ქვეყნის პროფილი - საქართველო“ (ავტორი - ემილი ქოუთმენი). პუბლიკაციაში განხილულია და კომენტირებულია მონაცემები საქართველოს შესახებ - როგორც გეოგრაფიული, ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ასევე - დემოგრაფიული და რელიგიური კუთხით, ნაჩვენებია პოზიტიური და ნეგატიური მომენტები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტები ცდილობდნენ, მიეზიდათ ქვეყნისთვის აუცილებელი უცხოური დახმარება და ინვესტიციები, მეტ-ნაკლები ენთუზიაზმით მხარს უჭერდნენ ნეოლიბერალური რეფორმების გატარებას.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას დაბალი ხელფასი აქვს, ფასები კი - მაღალია. ასევე, არადამაკმაყოფილებელია დასაქმების დონე. მოსახლეობა ბევრად არის დამოკიდებული უცხოეთში მომუშავე ნათესავების მიერ გამოგზავნილ ფულზე. სოფლებში გამეფებულია უკიდურესი გაჭირვება. მმართველ კლასში ბევრია ოლიგარქი.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში, პრაქტიკულად, ლიკვიდირებული იყო უცოდინარობა და გაუნათლებლობა. ამჟამადაც განათლებისა და ცოდნის დონე მაღალია - 99,56%, თუმცა სოფლებში შეინიშნება სიძნელეები სასკოლო განათლების მიღებაში...

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია - 71,69 წელი, თუმცა 1990-იან ქაოსურ და არასტაბილურ წლებში ეს მონაცემი უფრო უარესი იყო. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია (76.68), ვიდრე - მამაკაცებისა (66,80). ბოლო წლებში ქალთა მდგომარეობა საზოგადოებაში საკმაოდ გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს ქალი, თუმცა ქართულ პატრიარქალურ და ტრადიციონალისტურ საზოგადოებაში ქალის ცხოვრება მაინც გარკვეულწილად მძიმე რჩება. დღეისათვის ბევრი ქალი საზღვარგარეთ არის წასული და უცხოეთიდან არჩენენ ოჯახებს. ფემიციდის დონე მაღალია.

საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პოლიტიკური ელიტის მიერ კონტროლდება. მასმედია დაყოფილია ოპოზიციურად და პროსამთავრობოდ. სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ეყრდნობა უცხოეთიდან არაკონტროლირებულად მიღებულ თანხებს.

ქართულ პოლიტიკაში დომინირებს ცენტრისტული და სინკრეტული (მემარჯვენე-მემარცხენე ასპექტების მქონე) პარტიები, რომლებსაც აქვთ როგორც პროდასავლური, ასევე - პრორუსული მიმართულება. Transparency International-ის რეიტინგში, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის დონის მიხედვით 41-ე ადგილი უკავია, 180 ქვეყანას შორის.

2022 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები წლიურად 5620 დოლარს შეადგენდა (შედარებისათვის: რუსეთში - 12830 დოლარი, დიდ ბრიტანეთში - 48890 დოლარი). საბჭოთა კავშირის დაშლის მერე საქართველოს ეკონომიკამ უდიდესი ინფლაცია გადაიტანა, შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდა. საქართველოში საშუალო კლასი მცირერიცხოვანია და, ძირითადად, არასამთავრობო სექტორით და სამოქალაქო საზოგადოებითაა წარმოდგენილი, დამოკიდებულია უცხოურ დაფინანსებაზე.

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა 5 წლის ასაკამდე: 9,5 სიკვდილი 1000 ახალდაბადებულზე (რუსეთში - 4,8; დიდ ბრიტანეთში - 4,2); მშობიარე ქალთა სიკვდილიანობა: ყოველი 1000 ქალიდან იღუპება 28 (2020 წლის მონაცემების მიხედვით). შედარებისათვის: რუსეთში - 14; დიდ ბრიტანეთში - 12. 2012 წლიდან საქართველო ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევაზე გადავიდა.

საქართველომ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში უამრავი მტრის შემოსევა განიცადა, მაგრამ ისტორიის ქარ-ტეხილებში თავი მაინც გადაირჩინა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. 1918-1921 წლებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის დროს, ქვეყანა მცირე ხანს დამოუკიდებელი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთმა მისი ანექსია განახორციელა.

საბჭოთა კავშირის ყველაზე უარყოფითი ლიდერი - იოსებ სტალინი - ქართველი იყო. საქართველოს სსრ-ის კულტურა საბჭოთა პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა, მათ შორის - კინოხელოვნება.

საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოში კონფლიქტები და სამოქალაქო ომი გამოიწვია, სეპარატისტული რეგიონები ცენტრის დაქვემდებარებიდან გავიდნენ: აფხაზეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“, რუსეთის დახმარებით, „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადეს. 1990-იან წლებში საქართველოში ორგანიზებული დანაშაული ფართოდ იყო გავრცელებული.

იცვლებოდა საქართველოს ხელმძღვანელობა, პრეზიდენტები და მთავრობები, რომელთაგან ყველა თავისებურად მართავდა ქვეყანას. ისინი ცდილობდნენ უცხოური დახმარების მიღებას და ინვესტიციების მიზიდვას. ზოგი პრეზიდენტი სატრანზიტო ნავთობსადენების მშენებლობით იყო დაკავებული, ზოგიც -;ნეოლიბერალური რეფორმების გატარებით. განვითარდა ტურიზმის ინდუსტრია - ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრისა და სილამაზიდან გამომდინარე.

ამჟამად, საქართველოს ხელისუფლებას ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს აღებული, სურს ევროკავშირში და ნატოში გაწევრება, თუმცა ცდილობს რუსეთთან არსებული რთული ურთიერთობის დარეგულირებასაც. უკრაინის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო იძულებულია, ფხიზლად იყოს რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელზე მეტი დრო გავიდა, მაგრამ ქვეყანამ ჯერაც ვერ მიაღწია პოლიტიკოსთა დაპირებულ აყვავებას. ხელისუფლება ყოველთვის - ადრეც და ახლაც - „განტევების ვაცს“ ეძებს... განსაკუთრებით აკრიტიკებენ საქართველოს საბჭოთა პერიოდს, რომელსაც მთლიანად ნეგატიურად წარმოსახავენ. ანგრევენ საბჭოთა პერიოდის შენობებს და მათ ნაცვლად მდიდრულ სასტუმროებს აშენებენ. გააუმჯობესებენ თუ არა ცათამბჯენები ქართველების ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ