"საქმეში სპეცსამსახურები ჩაერთვნენ და "აკუსტიკური იარაღით" ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათი საიდუმლო ოპერაციების მეთოდად იქცა. მოსკოვში მდებარე აშშ–ის საელჩო კა-გე-ბე/გე-ერ-უს ფარული ოპერაციების ობიექტი გახლდათ" - კვირის პალიტრა

"საქმეში სპეცსამსახურები ჩაერთვნენ და "აკუსტიკური იარაღით" ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათი საიდუმლო ოპერაციების მეთოდად იქცა. მოსკოვში მდებარე აშშ–ის საელჩო კა-გე-ბე/გე-ერ-უს ფარული ოპერაციების ობიექტი გახლდათ"

ერთ–ერთი ბიბლიური სასწაული ეგვიპტიდან დაბრუნებული ებრაელების მიერ იერიქონის დაპყრობაა. ბიბლიის თანახმად, ებრაელთა სამხედრო ტექნიკა უძლური აღმოჩნდა იერიქონის კედლების დასანგრევად და მათ მხოლოდ ღვთისაგან ბოძებული წმინდა საყვირების გამაყრუებელი ხმით შეძლეს ქალაქის დამორჩილება. ბიბლიაში აღწერილია, რომ საყვირების ხმაურმა ჰაერის ისეთი რხევა გამოიწვია, რომ სულ ერთიანად დაანგრია ქალაქის გალავანიო. ეს იყო ალბათ „აკუსტიკური იარაღის“ გამოყენების პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში.

besiki-1712133610.jpg

XX საუკუნეში დაწყებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელ ბევრ ახალ აღმოჩენას მისცა სტარტი. მათმა უმრავლესობამ ერთნაირი გზა გაიარა: სამეცნიერო აღმოჩენები ჯერ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი და ადამიანების ცხოვრების პირობები უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა შემდეგ ხელისუფლება ამ აღმოჩენებს სამხედრო მიზნებისთვის და ადამიანთა საზიანოდ იყენებდა. ანალოგიური ბედი ეწია იმ აღმოჩენებსა და გამოგონებებს ფიზიკაში, რომლებიც ინფრა და ულტრა ბგერებთან, რეზონანსულ რხევებთან და, ზოგადად, აკუსტიკურ კვლევებთან იყო დაკავშირებული. ამ მიმართულებით სამეცნიერო მიღწევები იმდენად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო, რომ სწრაფადვე ჰპოვა გამოყენება სამხედრო-საჰაერო და საზღვაო შეიარაღებაში. შემდეგ კი საქმეში სპეცსამსახურები ჩაერთვნენ და "აკუსტიკური იარაღით" ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათი საიდუმლო ოპერაციების ერთ-ერთი მეთოდი გახდა. ადამიანის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე დისტანციურად ზემოქმედების მოხდენის მიზნით შესაბამისი იარაღის შექმნაზე სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ათწლეულებია რაც მუშაობენ. დღეისათვის ცნობილია ამ სახის იარაღის ორი სახეობა: ტელეპათია (პარაფსიქოლოგია) და “აკუსტიკური იარაღი”. საბჭოთა კავშირში ამ მიმართულებით საიდუმლო კვლევები მოსკოვის მახლობლად, ქალაქ პუშჩინოში მდებარე ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში მიმდინარეობდა. „ცივი ომის“ წლებში“ სპეცსამსახურების ერთ–ერთი მთავარ „ლეგიტიმურ“ სამიზნეს მოწინააღმდეგე ქვეყნის საელჩო წარმოადგენდა. ასე იყო საბჭოთა იმპერიაშიც. მოსკოვში მდებარე აშშ–ის საელჩო კა–გე–ბე/გე–ერ–უს ფარული ოპერაციების ობიექტი იყო. ამერიკელები ეჭვობდნენ, რომ საელჩოს მოპირდაპირე შენობებიდან ხდებოდა მათზე სისტემატური ზემოქმედება მიკროტალღური დასხივებით.

besiki-2-1712133647.jpg

აშშ–ის საელჩო, მოსკოვი ჩაიკოვსკის ქუჩა

1975 წელს აშშ–ის ელჩმა საბჭოთა კავშირში უოლტერ სტესელმა მიკროტალღური დასხივების შედეგად თავი ცუდად იგრძნო: მას ჯერ სისხლჩაქცევები დაეწყო თვალში, შემდეგ კი ლეიკიმიით დაავადდა. მალევე სტესელი მოსკოვიდან დასავლეთ გერმანიაში გადაიყვანეს ელჩად, ხოლო საელჩოს შენობაში, თანამშრომლების დასაცავად, სპეციალური ლითონის ფირფიტებისგან დამზადებული ეკრანები დაამონტაჟეს. ამ დროს სსრკ-აშშ-ის შორის შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ამერიკელებმა ელჩის დაავადების ფაქტი არ გაასაჯაროვეს. მხოლოდ „დიპლომატიური არხებით“ გააფრთხილეს მოსკოვი: აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ამერიკაში საბჭოთა ელჩს ანატოლი დობრინინს სატელეფონო საუბარში პირდაპირ განუცხადა, რომ სტესელის ავადმყოფობის მიზეზი საელჩოს მიკროტალღური დასხივება არისო. თუმცა „შეაყარე კედელს ცერცვი“: საელჩოზე შეტევა კიდევ მრავალი წელი გრძელდებოდა. თავად უილიამ სტესელი კი ლეიკემიით 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

besiki-3-1712133846.jpg

უოლტერ სტესელი (1920–1986)

"აკუსტიკური იარაღის" მთავარი მიზანი, როგორც წესი, ზემოქმედების ობიექტის განეიტრალებაა. ეს გარკვეული სიხშირის ბგერითი და ულტრაბგერითი ტალღების გამოსხივებით ხორციელდება. შორ მანძილზე მოქმედი აკუსტიკური მოწყობილობები (ე.წ. ფსიქოგენერატორები) მრავალ ქვეყანაში დღესაც გამოიყენება, პოლიციის მიერ არასანქცირებული დემონსტრაციებისა და მიტინგების დაშლის მიზნით. ამერიკელებმა „ჰავანას სინდრომი“ უწოდეს იმ მძიმე ავადმყოფობის (თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევა, გულისრევა და ა.შ. ) შემთხვევებს, რომლებიც პირველად დაფიქსირდა აშშ-ის საელჩოში კუბის დედაქალაქ ჰავანაში და ისინი ვერ აიხსნა ბუნებრივი მიზეზებით. ასე, რომ ამერიკელი დიპლომატების და დიპლომატის სტატუსს შეფარებული მზვერავების "საოცარი თავგადასავალი" ჯერ კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაიწყო, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გაგრძელდა. აშშ-კუბის ურთიერთობებში ისტორიული გარდატეხა მოხდა, როდესაც ბარაკ ობამას "დათბობის პოლიტიკის" შედეგად, 2015 წლის 14 აგვისტოს (1961 წლის 3 იანვრის შემდეგ) კვლავ გაიხსნა ამერიკის საელჩო კუბაზე. თუმცა მალევე უცნაური მოვლენები განვითარდა: 2016-2017 წლებში ჰავანაში მდებარე აშშ-ის საელჩოს 40-ზე

besiki-4-1712133872.jpg

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხსნის საელჩოს ჰავანაში

მეტმა თანამშრომელმა და მათი ოჯახის წევრმა მიმართა ექიმებს თაბრუსხვევის, უძილობის, თავის ტკივილისა და სმენის დაქვეითების ჩივილებით. ეს ყველაფერი ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ეს ფაქტები ერთეული შემთხვევა რომ ყოფილიყო, შეიძლება გვეფიქრა, რომ ამერიკელებს 4 ივლისის აღნიშვნის შემდეგ "დაუსრულებელი დღესასწაულები" აქვთ და ისევ ნაბახუსევზე არიანო... თუმცა თვეობით გაგრძელებული ბახუსი თვით ამერიკელებისთვისაც კი ნამეტანია. ჰავანაში უკანასკნელი შეტევა 2017 წლის 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც 21 ამერიკელი დიპლომატი დაზარალდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ აგვისტოს ბოლოს აღიარა ეს სერიოზული პრობლემა. უცნობი მიზეზებით დაზარალებულ ამერიკელ დიპლომატებს ამერიკელმა ექიმებმა "თავის ტვინის მსუბუქი დაზიანების" და "ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების" დიაგნოზი დაუდგინეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ისიც აღიარა, რომ დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირებულა. დადგენილია, რომ ეს ზემოქმედება-შეტევა ამერიკელ დიპლომატებზე საელჩოსა და სასტუმროს შენობების გარედან, დისტანციურად ხორციელდებოდა. დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს ღამღამობით მწერების ზუზუნის მაგვარი უცნაური ხმა აღვიძებდათ, რაც შემდეგ მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს იწვევდა. თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ დიპლომატების წინააღმდეგ "აკუსტიკურ იარაღს" იყენებდნენ. ეფ-ბე-აის ვერსიით, ეს მასობრივი ზემოქმედება-შეტევა საელჩოებისა და სასტუმროს შენობების გარედან, დისტანციურად ხორციელდებოდა. ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ მათი დიპლომატების წინააღმდეგ ჰავანაში "აკუსტიკურ იარაღს", ადამიანის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე დისტანციურად ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ და ვინ შეიძლება იდგეს ამ ინციდენტების უკან?

besiki-5-1712133899.jpg

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და კუბის ლიდერი რაულ კასტრო. 2016 წლის 20 მარტი

კუბის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ რაიმე სპეცოპერაციების ჩატარებას. ამის დასამტკიცებლად 2017 წლის სექტემბერში კუბის მაშინდელი ლიდერი, რაულ კასტრო აშშ-ის ელჩს, ჯეფრი დე ლაურენტის შეხვდა და აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა. უფრო ადრე კი, 2017 წლის გაზაფხულზე, კუბის ხელისუფლებამ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აის) სპეციალისტებს ნება დართო, ჰავანაში ჩასულიყვნენ და დიპლომატების სამუშაო კაბინეტები და სასტუმროს ოთახები შეემოწმებინათ. თუმცა მათ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით შემოწმების შედეგად შენობების შიგნით საეჭვო ვერაფერი იპოვეს და გარედან ზემოქმედების წყაროც ვერ დაადგინეს. საკამათო არაა, რომ ჰავანაში ამერიკელ დიპლომატებზე ზემოქმედების მიზანი, არა მათი ლიკვიდაცია, არამედ აშშ-კუბის ურთიერთობების გამწვავება და "დათბობის" პოლიტიკის ჩაშლა იყო. ვის ინტერესებში იყო ეს? - უპირველესად, კუბის ხელისუფლების იმ კონსერვატორულ ნაწილს, რომელიც "ფიდელის იდეების" ერთგული რჩება და "საზიზღარი იანკები" მათთვის კვლავ #1 მტრები არიან. არ უნდა გამოვრიცხოთ გარე ძალებიც, რომელთაც ეს "დათბობა" გულზე არ ეხატებათ. ამ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკის "მოწითალო" ქვეყნების (ვენესუელა, ბოლივია, ნიკარაგუა და სხვ.) პრეზიდენტ-დიქტატორები მყავს მხედველობაში. თუმცა აქვთ კი მათ იმდენი ტექნიკური შესაძლებლობა (თუნდაც “აკუსტიკური იარაღი”), რომ ამერიკელების წინააღმდეგ გამოიყენეონ? რჩება ერთი აგრესორი იმპერია, რომელსაც “აკუსტიკური იარაღიც” აქვს, სათანადო გამოცდილებაც გააჩნია და ყველაფერზე წავიდოდა, რომ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულიყო. მართლაც მალევე ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ "აკუსტიკური იარაღის" გამოყენებას აშშ-ის ახალი ხელისუფლების კონკრეტული მკაცრი სანქციები მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა კუბასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა, თითქოს საბაბს ელოდაო, 60% ით შეამცირა საელჩოს თანამშრომელთა რიცხოვნობა და ხელი მოაწერა ახალ სანქციებს კუბის მიმართ. ეს ცვლილებები ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა და მთელი რიგი ახალი შეზღუდვები დააწესა კუბასთან ექსპორტ-იმპორტის, საფინანსო და ტურისტულ სფეროებში. თავის მხრივ კუბის ხელისუფლებამ უმალ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მივიღეთ ის, რაც "აკუსტიკური შეტევების" ორგანიზატორებს სურდათ: აშშ-კუბის ურთიერთობები კი არ გაუმჯობესდა, არამედ უკან ორმოცდაათწლიან "გამყინვარების ეპოქას" დაუბრუნდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)