"ყველა პარტიას თავმჯდომარე ჰყავს მამაკაცი - სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარია, ხაბეიშვილი, ხაზარაძე და აირჩიონ ქალები, თუ მიაჩნიათ, რომ ეს არის გამოსავალი" - კვირის პალიტრა

"ყველა პარტიას თავმჯდომარე ჰყავს მამაკაცი - სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარია, ხაბეიშვილი, ხაზარაძე და აირჩიონ ქალები, თუ მიაჩნიათ, რომ ეს არის გამოსავალი"

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი კოლეგა დეპუტატს მიმართავს, მხარი დაუჭირონ „გირჩის“კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ ამოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„მინდა, მოვუწოდო პარტიებს, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან - ყველა მათგანს თავმჯდომარედ ჰყავს მამაკაცი. სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარია, ხაბეიშვილი, ხაზარაძე. აირჩიონ ქალები, თუ მიაჩნიათ, რომ ეს არის გამოსავალი. შემდეგ ისინი სიაში ჩაწერენ ქალებს და მარტივად გადაწყდება საქმე. რად უნდა ამას კანონი და კვოტირება.

ამასთან, ჩემს კოლეგებს მივმართავ - ერთი საინტერესო და მგონი, ძალიან სწორი ინიციატივა აქვს ასევე „გირჩს“. ეს ეხება აბსოლუტურად ხელოვნური და მავნებლური ტერმინის გაუქმებას და კანონმდებლობიდან ამოღებას. ეს არის სიტყვა გენდერი და მგონი, ამაშიც მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ყველა ასეთ ტერმინში ჩადებულია სამომავლო მავნებლობები“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში, პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის "გენდერი" ამოღების ინიციატივით გამოვიდა და პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართა, რომლის მიხედვით, ყველა იმ კანონში, სადაც ნახსენებია "გენდერი", ცვლილება უნდა შევიდეს.

"გირჩის" პროექტის გათვალისწინებთ, "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონს "საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონი დაერქმევა.

რაც შეეხება „გირჩის“ კანონპროექტს, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს მიმდინარეობს, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს.

IPN