ჯიმი მაისურაძეს მტერი "შავ პოლკოვნიკად" მოიხსენიებდა და ძალიან უფრთხოდა - მისი "მფრინავი ნიანგის" ჩამოგდების ადგილას, 32 წლის შემდეგ, სეპარატისტების ანალოგიური შვეულმფრენი დაენარცხა მიწას... - კვირის პალიტრა

ჯიმი მაისურაძეს მტერი "შავ პოლკოვნიკად" მოიხსენიებდა და ძალიან უფრთხოდა - მისი "მფრინავი ნიანგის" ჩამოგდების ადგილას, 32 წლის შემდეგ, სეპარატისტების ანალოგიური შვეულმფრენი დაენარცხა მიწას...

2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ კაციკიტთან ავარიული, უხეში დაჯდომა განახორციელა აფხაზი სეპარატისტების კუთვნილმა Ми-24-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენმა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა და განადგურდა, თუმცა შვეულმფრენის ეკიპაჟის სამივე წევრმა მოასწრო ავარიაგანცდილი შვეულმფრენის დატოვება, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს...

ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ყურადსაღები გახლდათ, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი სეპარატისტული ძალების განკარგულებაში მხოლოდ ორი ერთეული Ми-24-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი იყო დარჩენილი და მათგან ერთ-ერთის განადგურება, გასათვალისწინებელი გახლდათ...

1-p-1712138079.png
აფხაზი სეპარტისტების განკარგულებაში არსებული ორი Ми-24-ის ტიპის შვეულმფრენიდან ერთ-ერთი... შეიძლება სწორედ ამ ბორტმაც განიცადა ავარია ვლადიმიროვკასთან და დაიწვა...

მაგრამ ცოტა უცნაურად მოჩანდა საავიაციო ავარიის ადგილი - გულრიფშის რაიონის სოფელი კაციკიტი - ასეთი გეოგრაფიული დასახელება არც მახსენდებოდა და არც რუკებზე იყო აღნიშნული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აფხაზებს ასე გადაურქმევიათ სახელი სოფელ ვლადიმიროვკისთვის, რომელიც ბაბუშარას აეროპორტიდან პირდაპირი ხაზით 8 კმ-ითაა დაშორებული.

ვლადიმიროვკასთან სეპარატისტების Ми-24-ის, „მფრინავი ნიანგის“ ჩამოვარდნამ ძალაუნებურად აღძრა 32 წლის წინანდელი მოგონება, რომელიც სწორედ ამ ვლადიმიროვკასა და, ასევე, Ми-24-ს უკავშირდება...

1992 წლის 26 დეკემბერს, სწორედ გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკასთან ჩამოაგდეს ქართული ეროვნული გვარდიის ავიაციის მეთაურის - პოლკოვნიკ ჯიმი მაისურაძის Ми-24-ის ტიპის შვეულმფრენი, რომელშიც მფრინავ-ოპერატორის რანგში იმყოფებოდა მფრინავი მერაბ გელაშვილიც... ეკიპაჟის ორივე წევრი, სამწუხაროდ, დაიღუპა...

2-p-1712138037.png
ოკუპირებილი აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელი ვლადიმიროვკა, სადაც 32 წლის ინტერვალით, ორი „მფრინავი ნიანგი“ ჩამოვარდა...

ჯიმი მაისურაძეს მტერი „შავ პოლკოვნიკად“ მოიხსენიებდა და ძალიან უფრთხოდა, რადგან მან არა ერთი წარმატებული და გაბედული საჰაერო დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე.

ჩემი პირადი მოგონებიდან - 1992 წლის 22 დეკემბერს ბაბუშარას აეროპორტში, შვეულმფრენების სადგომისკენ მივდიოდი (მხარზე გადადებული სატანკო ტყვიამფრქვევით, რომელიც გუმისთაზე აფეთქებული ჩვენი ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან იყო მოხსნილი და გარემონტებას საჭირობდა), იმის იმედით, რომ როგორმე შვეულმფრენით გამოვფრენილიყავი თბილისში და ძმისშვილის დაბადებისთვის ჩამომესწრო, როდესაც საშუალო ტანის მფრინავს გამოველაპარაკე, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ჯიმი მაისურაძე იყო და დღემდე გული მწყდება, რომ ვერ ვიცანი და არ გავიცანი...

ჯიმი მაისურაძის უკან კიდევ ერთი მფრინავი მოაბიჯებდა, ერთმანეთს შევხედეთ, ვიცანით... სამი წლით ადრე მერაბ გელაშვილთან ერთად რუსეთში, სიზრანის მფრინავთა უმაღლეს საავიაციო სასწავლებლის პუგაჩოვის ნაწილში, ერთ ყაზარმაში ვმსახურობდი - ის ამ სასწავლებლის ბოლო, მეოთხე კურსის კურსანტად, მე - სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცად და შვეულმფრენის საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტად...

aladaaa-1712137960.jpg
ჯიმი მაისურაძე და მერაბ გელაშვილი

ერთმანეთს გადავეხვიეთ, ძალიან გაგვიხარდა შეხვედრა, შევთანხმდით, რომ თბილისიდან უკან, სოხუმში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად შევხვდებოდით, ჩავუსხდებოდით, გავიხსენებდით პუგაჩოვის ყაზარმული ცხოვრების თავგადასავლებს...

იმ ღამით თბილისამდე დიდი წვალებით ჩამოვაღწიე, ძმისშვილის დაბადებასაც ჩამოვუსწარი და ომის პირველი ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდი, როდესც 26 დეკემბერს საშინელი ინფორმაცია გავრცელდა - აფხაზეთში, ვლადიმიროვკასთან, ჯიმი მაისურაძის შვეულმფრენი ჩამოაგდეს და ეკიპაჟში მასთან ერთად მერაბ გელაშვილიც იყოო...

32 წლის შემდეგ ვლადიმიროვკასთან უკვე სეპარატისტების „მფრინავი ნიანგი“ ვარდება... ისტორიამ გახსენება იცის...