რატომ მოკლა ცოლმა ქმარი: ოჯახის ახლობელი ჩხუბის შემზარავ დეტალებზე - " დიახ, ყველაფერს მოგიყვებით, რომ საწყალ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდეს" - კვირის პალიტრა

რატომ მოკლა ცოლმა ქმარი: ოჯახის ახლობელი ჩხუბის შემზარავ დეტალებზე - " დიახ, ყველაფერს მოგიყვებით, რომ საწყალ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდეს"

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა - ცოლმა ქმარი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.გ-ს 1995 წელს დაბადებულმა ნ.ხ-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქალმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთდროულად გამოიძახა და დანაშაული აღიარა. ამჟამად ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, მამაკაცი კი ნათესავებმა ქალაქ ფოთში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11-ე პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ჩვენ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.მისი თქმით, კონფლიქტის შესახებ საქმის კურსში იყო სამტრედიის სოციალური სამსახური, სადაც ოჯახიდან წაყვანილი ბავშვები ამ დრომდე იმყოფებიან.

ნ. გ.: - ამ ოჯახის მთელმა ისტორიამ ჩემს თვალწინ გაიარა. ქალი ჩემი ახლობელია, ვცადე უბედურება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისღა დამრჩენია, სიმართლე გავახმაურო, რათა სინდისის წინაშეც მართალი ვიყო და იქნებ დამნაშავესაც შევუმსუბუქო სასჯელი.

- კერძოდ?

- ქალმა დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისაგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. გოგონა კი პირველი ქმრისაგან ჰყავდა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. არ მჯერა რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს და დამნაშავეს სასჯელს არ შეუმსუბუქებს..

- მეუღლეები ახალი დაქორინებულები იყვნენ?

- 8 წლის წინ დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან დაბადებული გოგონა 5 წლის ჰყავდა, როდესაც ჩემი ნათესავი მეორედ გათხოვდა. პირველ ქმართან ის გაშორებული იყო. პირველად დაახლოებით 15 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, ამჯერად მაინც გაუმართლებდა, ააწყობდა ცხოვრებას, მით უფრო, რომ მეორე ქმართან ბიჭიც შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. მუხლჩაუხრელადაც მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. ამ დროს ბავშვი მამინაცვალს ბიძასთან გაექცა(დედის ძმა) და ყველაფერი მას მოუყვა. გამწარებულმა ბიძამ სიძე ჯერ სცემა, მერე კი ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ ნაძირალა ციხეში გადაიყვანა, თუმცა მხოლოდ 6 თვით, მერე კი გამოუშვეს. ამ დროს ნათესავებს შეგვეშინდა, რაიმე უბედურება არ მომხდარიყო და ამიტომ სოციალურ სამსახურს შევატყობინეთ. მათ ბავშვი ორი წლის მანძილზე მინდობით აღზრდაში ჰყავდათ. თუმცა, როგორც კი გოგონა შინ დაბრუნდა, მაშინვე ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა, ბავშვმა თავი დაიცვა და ამჯერად დედას მოუყვა ყველაფერი,

-მინდობით აღზრდიდან რატომ დაბრუნდა ბავშვი, ვინ დააბრუნა?

- დედამ. ამბობდა, შვილის გარეშე არ შემიძლიაო. თანაც, ქმარმა დაარწმუნა, რომ გარყვნილებას აღარ ჩაიდენდა. დედამაც იბრძოლა და შვილი სახლში დააბრუნა... ქმარმა იმის სადემონსტრაციოდ,რომ გამოსწორდა, ალკოჰოლის საწინააღმდეგო კაფსულაც კი ჩაიდგა. თუმცა როდესაც ცოლი სამსახურში გაიგულა... ბავშვმა მაგიდა გადააყირავა, ამასობაში დედა ბაზრიდან დაბრუნდა და ეს სურათი რომ ნახა, შვილს ყველაფერი მოაყოლა. მერე ჩხუბიც ატყდა - როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ჩხუბი რაღაც პერიოდის შემდეგ მინელდა, წივილ-კივილი აღარ ისმოდაო. თუმცა შუაღამით ისევ გაგრძელდა. ამ დროს ბავშვებს უკვე მეორე სართულზე ეძინათ, ცოლ-ქმარი პირველ სართულზე იყო. როგორც ჩანს, საცოდავმა ქალმა იფიქრა, სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა. თანაც ქმარი დანით ისე გამატებით დაჩეხა, რომ კაცი იქვე გარდაიცვალა. შემდეგ პოლიცია გამოიძახა და ჩაბარდა. ველით, რომ სასამართლო ყველა გარემოებას გაითვალისწინებს და სასჯელს შეამსუბუქებს.

(სპეციალურად საიტისთვის)