კატასტროფის წამზომი ანუ ჩასივ იარის დილემა - რა ხდება ქალაქთან, რომლის დაცემაც უკრაინელებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს?
ბახმუტისა და ავდეევკის დაკარგვა, მიუხედავად რამდენიმეთვიანი შეუპოვარი დაცვისა, უკრაინის არმიისთვის მძიმედ აისახა, თუმცა კიდევ უფრო კატასტროფული შედეგები შეიძლება მოიტანოს, თუკი უკრაინის დამცველებმა ვერ შეინარჩუნეს ჩასივ იარიც...
ჩასივ იარი უკრაინის დონბასის ერთი პატარა ქალაქია, რომელშიც ომამდე 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ეხლა ათასიც აღარ დარჩა, რადგან ფრონტის ხაზი მას რამდენიმე ასეულ მეტრში მიუახლოვდა და უახლოეს დღეებში შეიძლება თავად ქალაქში ქუჩის ბრძოლები დაიწყოს, როგორც ეს ბახმუტსა და ავდეევკაში იყო...
ჩასივ იარი ბახმუტიდან ათიოდე კმ-ითაა დაშორებული და მისი დაკარგვა ბახმუტის დაცემაზე ბევრად უფრო წამგებიანი გამოდგება უკრაინის გენშტაბისთვის, რადგან ჩასივ იარი შემაღლებულ ადგილზეა განთავსებული, წარმოადგენს სტრატეგიულ სიმაღლეს ადგილობრივი მასშტაბებით და უპირატესობას იძლევა დაზვერვისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირების თვალსაზრისით.
მაგრამ არის მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც - ჩასივ იარის დაცემა პუტინის ოკუპანტ არმიას გზას გაუხსნის ამ ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კონსტანტინოვკისკენ, იქიდან კი - კრამატორსკისკენ და სლოვიანსკისკენ ანუ იმ უკრაინული ქალაქების დასაპყრობად, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩებიან და მათი დაცემის შემთხვევაში, კრემლი აისრულებს დიდი ხნის ჩანაფიქრს -დონეცკის ოლქის მთლიანად ოკუპაციას...
თავად უკრაინელი სამხედროების ნაწილი არ ერიდება თავისივე ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ღია კრიტიკას - როდესაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში და ჩანდა, რომ მას ვეღარ შევინარჩუნებდით, უკრაინის გენშტაბს ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ბახმუტიდან ათიოდე კმ-ში მდებარე ჩასივ იარის მისადგომებთან დაეწყო თავდაცვითი ზღუდეების გამზადება, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ეხლა გვიწევს იქ სანგრების გათხრა, მაგრამ უკვე რუსი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშო...
რუსეთის საოკუპაციო ძალები მთელი ფრონტის ხაზზე ფლობენ საბრძოლო ინიციატივას და შეტევებსაც 4-5 მიმართულებით მუდმივად აგრძელებენ, მაგრამ ჩასივ იარი უახლოეს დღეებში რუსი ოკუპანტების შეტევის უმთავრეს მიმართულებად იქცევა, სადაც ის გამოიყენებს უკვე კარგად აპრობირებულ საბრძოლო ტაქტიკას, კერძოდ კი - პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასობრივად ჩამოყრას სამიზნეებიდან 50-70 კმ-ის დაშორებით, რომ თავიანთი ბომბდამშენები არ მოახვედრონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში, ხოლო პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულით აღჭურვის შემდეგ ეს „დაჭკვიანებული“ საავიაციო ბომბები მეტ-ნაკლები სიზუსტით „მიაგნებენ“ სამიზნეს...
500, 1 500 და მით უმეტეს - 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბის ოციოდე მეტრშიც დაცემასა და აფეთქებას დიდი დამანგრეველი ეფექტი ექნება თავდაცვითი სანგრებისა და მათში თავშეფარებული მებრძოლებისთვის, რაც შეუძლებელს გახდის ფრონტის ხაზის „დაჭერას“ გაშლილ მინდორში ან სულაც - ქარსაცავ ტყის ზოლში.
შესაბამისად, თავდაცვის ხაზი ნელ-ნელა „ჩაიჩოჩებს“ თავად ჩასივ იარის ქუჩებსა და საცხოვრებელ უბნებში, რის შემდეგადაც, მორიგი უკრაინული პატარა ქალაქი ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება ანუ მიწასთან გასწორდება...
ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი საბრძოლო საშუალება იმისთვის, რომ 50-70 კმ-ის სიშორიდან ჩამოყრილი მართვადი საავიაციო ბომბების თავდასხმა უკრაინელებმა მოიგერიონ, არის უკრაინის არმიისთვის სასწრაფოდ დამატებითი შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემების - ამერიკული Patriot-ისა და ევროპული SAMP/T-ების, იგივე Mamba-ების გადაცემა, რომელთა საზენიტო რაკეტებს შესაბამისად 160 და 120 კმ-ის სიშორეზე შეეძლებათ რუსული ბომბდამშენების ჩამოგდება, რაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს აიძულებს, თავისი Су-34 ტიპის ბომბდამშენები 150 კმ-ზე ახლოს აღარ მიუახლოვოს ფრონტის ხაზს. შესაბამისად, 50-70 კმ-ზე პლანირებადი რუსული საავიაციო ბომბებიც ვეღარ მისწვდებიან უკრაინის დამცველების პოზიციებს...
მაგრამ დასავლეთი, რომელიც სიტყვით დღედაღამ უკრაინას უჭერს მხარს, ფრონტის ხაზზე შექმნილ ასეთ კრიტიკულ მომენტში რატომღაც არ აწვდის უკრაინელ მეზენიტეებს ყველაზე საჭირო შორსმოქმედ საზენიტო საშუალებებს...